ენდომეტრიოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ენდომეტრიოზი

ენდომეტრიუმი საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსია, რომელიც ყოველთვიურად ჩამოიფცქვნება მენსტრუაციის დროს. ენდომეტრიოზის დროს ენდომეტრიუმის უჯრედები უჩვეულო ადგილას გადაინაცვლებს, წარმოქმნის კუნძულოვან ჩანართებს და ფუნქციობს თითქმის ისევე, როგორც ენდომეტრიუმი. ამ დროს ენდომეტრიუმის უჯრედები მრავლდება ატიპურ ადგილებში: საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს კედელში, პერიტონეუმზე, შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავში და კიდევ უფრო დაშორებულ უბნებზეც. უჯრედთა ამ გროვებს ენდომეტრიოზის კერებს უწოდებენ. ისინი ფუნქციობენ ციკლურად, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მსგავსად, ანუ მენსტრუირებენ. ენდომეტრიოზის დროს სასქესო ორგანოებთან ერთად შეიძლება დაზიანდეს ნებისმიერი სხვა ორგანო და სისტემაც, ამიტომ მას პოლისისტემურ დაავადებათა რიცხვს მიაკუთვნებენ. გინეკოლოგიური დაავადებების ნუსხაში ენდომეტრიოზი სიხშირით მესამე ადგილზე დგას მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითი დაავადებებისა და საშვილოსნოს მიომის შემდეგ. ენდომეტრიოზზე მოქმედი ფაქტორები ორ დიდ ჯგუფად იყოფა: ფაქტორებად, რომლებიც ზრდის და ფაქტორებად, რომლებიც აქვეითებს დაავადების რისკს. დაავადების რისკს ზრდის:

  • მემკვიდრეობითი განწყობა;
  • ესტროგენების სიჭარბე;
  • 35 წელზე უფროსი ასაკი;
  • მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობის შემცირება;
  • მენსტრუალური გამონადენის მოცულობის შეცვლა;
  • ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა სიმსუქნის ვისცერული ტიპით;
  • ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება.

ბოლო დროს გამოითქვა აზრი, რომ დიოქსინებით გარემოს დაბინძურება გავლენას ახდენს ენდომეტრიოზით ავადობის მაჩვენებელზე.

- რა შეიძლება მივიჩნიოთ ენდომეტრიოზის უშუალო მიზეზად?

- ენდომეტრიოზის მიზეზებია:

  • ენდოკრინული დარღვევები - ენდომეტრიოზის განვითარება უკავშირდება ქალის ორგანიზმში ქალური ჰორმონების დონისა და თანაფარდობის ცვლას. ამას ამტკიცებს მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ენდომეტრიოზის კერებში მომხდარი ცვლილებები და დაავადების უკუგანვითარება ორსულობისა და მენოპაუზის დროს. ენდომეტრიოზის პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემაში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები.
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითი დაავადებები. ამ დროს მუცლის სეროზული გარსის, პერიტონიუმის, სითხეში არსებული აქტივირებული უჯრედები, მაკროფაგები, ხელს უწყობენ “უკანონო” გზით შეჭრილი ენდომეტრიუმის ნაფლეთების შეზრდას.
  • საშვილოსნოს დაზიანებები - ენდომეტრიოზის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს სასქესო ორგანოთა მექანიკური ტრავმა. აბორტი, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა, ტრავმული მშობიარობა, მენსტრუალური სისხლის შეტყორცნა მილებში საშვილოსნოს სპაზმური შეკუმშვის დროს, საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია, საკეისრო კვეთა - ამ დროს გამოთავისუფლებული ენდომეტრიუმის ჩამოფცქვნილი ნაწილაკები ხვდება საკვერცხეებში, საშვილოსნოს მილებში, პერიტონეუმზე და დაავადებას იწვევს. ენდომეტრიოზის კერები მუცლის ღრუს გარეთაც (შარდის ბუშტში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში) გვხვდება. არსებობს მოსაზრება, რომ ასეთ ადგილებში ენდომეტრიუმის ნაწილაკები ლიმფასა და სისხლს გადააქვს.
  • არის სპონტანური (თავისთავადი) განვითარების შემთხვევებიც.

ჩვენი დაკვირვებით, ათიდან ხუთ შემთხვევაში ენდომეტრიოზი ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, განსაკუთრებით - აუტოიმუნური თირეოიდიტის, ანდა ჰიპოფიზის ჰორმონების გამომუშავების დარღვევის ფონზე, ამიტომ მისი მკურნალობისას საჭიროა ერთსა და იმავე დროს ენდოკრინული სისტემის, იმუნიტეტისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა დარღვევების აღდგენა.


- სად შეიძლება ლოკალიზდეს პათოლოგიური პროცესი?

- ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ ენდომეტრიუმის ორ ფორმას - გენიტალურს და ექსტრაგენიტალურს. გენიტალური ფორმა შემთხვევათა 90-95%-ში გვხვდება. ის, თავის მხრივ, იყოფა შინაგან და გარეგან ფორმებად, რაც ასევე ლოკალიზაციით განისაზღვრება. შინაგანი ენდომეტრიოზების რიცხვს მიეკუთვნება საშვილოსნოს კუნთოვანი გარსის ენდომეტრიოზები - ადენომიოზი და მილის ფორმა. ადენომიოზი ენდომეტრიოზის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. გამოყოფენ საშვილოსნოს სხეულისა და საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზებს. საშვილოსნოს სხეულის ენდომეტრიოზს თან ახლავს გახანგრძლივებული, ჭარბი და ძალიან მტკივნეული მენსტრუაცია (ალგოდისმენორეა). მეტრორაგიების (საშვილოსნოდან სისხლდენების) დროს ვითარდება ანემია, რომელიც ვლინდება სისუსტით, ადვილად დაღლით, თავბრუხვევით, შრომის უნარის დაქვეითებით. საშვილოსნოს ენდომეტრიოზი ხშირად გვხვდება საშვილოსნოს მიომასთან, იშვიათად - საკვერცხეების სიმსივნესთან, საშვილოსნოს დანამატების ანთებასთან ერთად. საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზი ხშირად აღირიცხება ქალებთან, რომლებსაც ფსევდოეროზიის სამკურნალოდ დიათერმოკოაგულაცია აქვთ ჩატარებული. გარეგანი ენდომეტრიოზის დროს პათოლოგიური პროცესი ლოკალიზდება საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივ ნაწილში, საშვილოსნოს მრგვალ იოგებში, გარეთა სასქესო ორგანოებში (საშო, შორისი), საკვერცხეებში, რეტროცერვიკალურ მიდამოში და ა.შ. შინაგანი ენდომეტრიოზი ხშირად შერწყმულია რეტროცერვიკალურ, საკვერცხის და გარეგანი ენდომეტრიოზის სხვა ფორმებთან. საკვერცხის ენდომეტრიოზი გენიტალური ენდომეტრიოზის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. ქალები უმეტესად უჩივიან ტკივილს, რომელიც მენსტრუაციის დროს ძლიერდება. პაციენტთა ნახევარზე მეტს აღენიშნება პროგრესირებადი ალგოდისმენორეა (მტკივნეული მენსტრუაცია). ჩნდება პერიტონიუმის გაღიზიანების ნიშნები, რაც ენდომეტრიოიდული კისტების მიკროპერფორაციით და მათი შიგთავსის (სისხლის) მუცლის ღრუში მოხვედრით აიხსნება. შედეგად ვითარდება შეხორცებითი პროცესები მცირე მენჯში. საკვერცხეების ენდომეტრიოზის მქონე პაციენტთა უმრავლესობა დიდხანს უშედეგოდ მკურნალობს “ანთებითი პროცესების” გამო. როდესაც ენდომეტრიოზის კერა კვერცხსავალ მილში ლოკალიზდება, ვითარდება შეხორცება. ხშირია მილების სრული დახშობა, შედეგად კი უშვილობა. ცნობილია, რომ უშვილო ქალების დაახლოებით 50%-ს ენდომეტრიოზი აქვს. დაავადებულთა 90%-ს აღენიშნება შეხორცებითი პროცესები, რომლებიც ხელს უშლის განაყოფიერებას. ირღვევა ჰორმონული ფონიც: ქალის ორგანიზმში ჭარბად გამომუშავდება ესტროგენები. ამასთან, ენდომეტრიოზის დროს მუცლის ღრუს სითხეში წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც ზღუდავს სპერმატოზოიდის მოძრაობას და კვერცხუჯრედამდე არ უშვებს მას.

- სასქესო ორგანოების გარეთ სად ლოკალიზდება ენდომეტრიოზის კერები?

- ექსტრაგენიტალური ფორმა შედარებით იშვიათია - ასიდან 5-10 შემთხვევაში გვხვდება, თუმცა ამ დროს ქალის ორგანიზმის ნებისმიერი ორგანოსა და სისტემის დაზიანებაა შესაძლებელი. ქსოვილოვანი ნაფლეთები ლოკალიზდება შარდის ბუშტში, ნაწლავებში, ფილტვებში, ტვინში, ყველაზე ხშირად - მსხვილ ნაწლავში, ოპერაციის შემდგომ ნაწიბურში, ჭიპში. ზოგჯერ ერთდროულად არსებობს ენდომეტრიოზის რამდენიმე კერა, რომლებიც მენსტრუალური ციკლის შესაბამის ციკლურ ცვლილებებს განიცდის.

- რას უჩივის პაციენტი?

- ენდომეტრიოზის სურათი საკმაოდ მრავალფეროვანია და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ის არავითარი ნიშნით არ მჟღავნდება და დიაგნოსტირება შეიძლება მოხერხდეს მხოლოდ რეგულარული სამედიცინო გასინჯვების დროს, მაგრამ უმეტესად ესა თუ ის სიმპტომი მაინც არსებობს.

ტკივილი

ყველაზე ტიპობრივი სიმპტომია ტკივილი, რომელიც სხვადასხვა ინტენსივობითა და ძალით პაციენტების 45-60%-ს აწუხებს. ტკივილი ძლიერდება მენსტრუაციამდე 1-3 დღით ადრე და პიკს აღწევს მენსტრუაციის პირველ-მესამე დღეს. იგი ლოკალიზდება მუცლის ქვედა მიდამოში, გავის არეში. არცთუ იშვიათია ტკივილის შეგრძნება წელის არეშიც. ის მუდმივი და ინტენსიურია და ზოგჯერ მწვავე მუცლის სურათს ქმნის. ენდომეტრიოიდული წარმონაქმნების შიგთავსის (სისხლის, ჯირკვლების სეკრეტის) გარემომცველ ქსოვილებში მოხვედრა იწვევს ტკივილს, ანთებით რეაქციას, ნაწიბურებს, შეხორცებებს. მენსტრუაციის დროს ტკივილი თავს იჩენს ენდომეტრიოიდულ კერასთან მეზობელი ორგანოების (ნაწლავების, შარდის ბუშტის) შეხების გამოც.

არარეგულარული და ჭარბი მენსტრუაცია

ენდომეტრიოზის კიდევ ერთი სიმპტომია მენსტრუალური ციკლის დარღვევა - დისმენორეა. დისმენორეისთვის დამახასიათებელია მტკივნეული, არარეგულარული, გახანგრძლივებული და უხვი მენსტრუაცია, რომელსაც ხშირად წინ უძღვის ყავისფერი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან.


ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს

ენდომეტრიოზის დროს ხშირია ტკივილი სქესობრივი აქტის დროს (დისპარეუნია), რაც გაუსაძლისს ხდის სქესობრივ კონტაქტს. დისპარეუნია განსაკუთრებით გამოხატულია საშოს, რექტოვაგინალური ძგიდის, საშვილოსნოს, გავა-საშვილოსნოს იოგების, სწორნაწლავ-საშვილოსნოს სივრცის დაზიანების მქონე პაციენტებთან.

ხანგრძლივი უნაყოფო პერიოდი

ენდომეტრიოზიანი ავადმყოფები ხშირად ვერ ორსულდებიან. უშვილობას რამდენიმე მიზეზი აქვს. ესენია:

  • ანოვულაციური მენსტრუალური ციკლი (ოვულაციის პროცესის დარღვევა). ამ დროს, მიუხედავად რეგულარული მენსტრუაციისა, არ ხდება ჭეშმარიტი ოვულაცია, უამისოდ კი დაორსულება შეუძლებელია. სტიმულატორებს ამ დროს მცირე ეფექტი აქვს;
  • ყვითელი სხეულის ფუნქციური უკმარისობა;
  • საშვილოსნოს მილის დაზიანება - დახშობა და გაუმტარობა;
  • ენდომეტრიუმის ფუნქციური უკმარისობა.

ენდომეტრიოზის დროს კლინიკური სურათი დამოკიდებულია ენდომეტრიული ჰეტეროტიპების უპირატეს ლოკალიზაციასა და პათოლოგიური პროცესის გავრცელების ხარისხზე.

- როგორ ისმება დიაგნოზი?

- უპირველეს ყოვლისა, ყურადღება ექცევა ანამნეზურ მონაცემებს. გარდა ამისა, ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, ლაპაროსკოპია, რენტგენოლოგიური და ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევები. ულტრაბგერის დახმარებით აღმოაჩენენ დაავადებისთვის დამახასიათებელ სითხის შემცველ სიმსივნურ წარმონაქმნს. ლაპაროსკოპიული მეთოდი დიაგნოსტიკის მაღალინფორმაციული მეთოდია. ის განსაკუთრებით ეფექტურია დაავადების ადრეულ სტადიაში. პელვიოგრაფიას (მენჯის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა) მაშინ მიმართავენ, როდესაც დიაგნოზის დასმა ჭირს.

ჰისტოლოგიური გამოკვლევა

საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია კოლპოსკოპია (საშოს ყელის დათვალიერება სპეციალური მოწყობილობით), რომელსაც ციკლის განმავლობაში რამდენჯერმე ატარებენ. საბოლოო დიაგნოზი ისმება საშვილოსნოს ყელის ბიოპტატის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.

- როგორ მკურნალობენ?

- ენდომეტრიოზის მსუბუქი ფორმის დროს მკურნალობის იდეალური ვარიანტია ორსულობა. თანამედროვე ტრადიციული მედიცინა გვთავაზობს მკურნალობის ორ მეთოდს: ჰორმონულს და ოპერაციულს. ენდომეტრიოზის მკურნალობა, პაციენტის ასაკის, პათოლოგიური პროცესის მდებარეობისა და გავრცელების ხარისხის მიხედვით, ინდივიდუალურია. პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა. იშვიათია ავთვისებიანი ენდომეტრიოზის შემთხვევები. საშვილოსნოს სხეულის ენდომეტრიოზს საწყის სტადიაში კომბინირებული ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატებით მკურნალობენ. ამის შედეგად მცირდება და წყდება ტკივილები. თუ მედიკამენტური მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, ტარდება ოპერაცია, შემდგომ კი ინიშნება ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატები. საკვერცხეების ენდომეტრიოიდული კისტის მკურნალობა ოპერაციულია. ოპერაციული მეთოდი გამართლებულია მხოლოდ გარეგანი ენდომეტრიოზის შემთხვევაში (ექსტრაგენიტალური ენდომეტრიოზი), როდესაც ნაჩვენებია სხვა ორგანოებში არსებული ენდომეტრიოიდული ქსოვილის მოწვა.

- როგორ შეიძლება დაავადების თავიდან აცილება?

- ენდომეტრიოზის პროფილაქტიკა გულისხმობს იმ მიზეზების აღმოფხვრას, რაც ამ დაავადებას იწვევს, მაგალითად, აბორტების პრევენციას, საშვილოსნოს ანომალიების დროულ მკურნალობას, საშვილოსნოსშიდა ტრავმულ ჩარევას - მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.