უშვილობა - მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- როდის ჩაითვლება ქალი უნაყოფოდ? სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან რამდენი ხნის შემდეგ უნდა მიმართოს მან ექიმს უშვილობის გამო?
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადგენილების თანახმად, თუ ქალი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების ერთი წლის განმავლობაში არ დაორსულდა, ის უშვილოდ ითვლება. 20 წლის წინ ლოდინის პერიოდი 3 წელს შეადგენდა, მერე 2 წელზე ჩამოვიდა, დღეს კი უკვე 1 წლით განისაზღვრება.
- ხომ არ მოახდინა ჩვენს ჯანმრთელობაზე გავლენა მძიმე ეკოლოგიურმა და ეკონომიკურმა პირობებმა, ამის გამოც ხომ არ იმატა უშვილო წყვილთა რაოდენობამ?
- ცხოვრების პირობების გაუარესებამ და ეკოლოგიურმა ცვლილებებმა ყველაფერზე მოახდინა გავლენა. იმანაც, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები კი არ იკლებს, პირიქით, იმატებს, თეორიულად შეიძლება გამოიწვიოს უშვილო წყვილთა მატება, მაგრამ სტატისტიკა ასეთ მატებას ჯერჯერობით არ ადასტურებს - უშვილო წყვილების რაოდენობა, ისევე როგორც ადრე, საერთო პოპულაციის 10%-ს არ აღემატება. ასეთია ოფიციალური მონაცემები მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც, თუმცა სინამდვილეში უშვილობის შემთხვევა უფრო მეტია.
- იმას გულისხმობთ, რომ ყველა უშვილო წყვილი არ არის აღრიცხული?
- საქმე ის არის, რომ უნაყოფოებად არ განიხილავენ განსაკუთრებულ კონტინგენტს, რომელშიც ქალების 2 ტიპი შედის. I ტიპს მიეკუთვნებიან ქალები (ქალთა საერთო რაოდენობის 2,5%), რომელთაც შეუძლიათ დაორსულება, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა ორსულობის ბოლომდე მიყვანასა და მშობიარობაში ხელს უშლით. მაგალითად, თუ ქალს აქვს გულის, ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადება, ორსულობა და მშობიარობა მისი სიცოცხლისთვის საშიშია. II ტიპს კი მიაკუთვნებენ ქალებს (მათი ხვედრითი წილიც 2,5%-ია), რომელთაც შეუძლიათ დაორსულებაც, ორსულობის ბოლომდე მიყვანაც და მშობიარობაც, მაგრამ ეს არც ბავშვისთვის, არც დედისთვის და არც ქვეყნისთვის იქნება კარგი. ეს ის ქალები არიან, რომელთაც აქვთ მძიმე მემკვიდრეობითი დაავადება, მაგალითად, შიზოფრენია, ანდა შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა (როდესაც იგივე დაავადება აქვს მის მეუღლესაც) და სხვა. ქალების ეს ტიპიც პირობითად უშვილოდ უნდა ჩაითვალოს, თუმცა მათ შვილის ყოლას არავინ უკრძალავს. ამრიგად, უშვილობის რეალური მაჩვენებელი 15%-მდე აღწევს და ასეა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
- როგორია უშვილო მამაკაცებისა და უშვილო ქალების რიცხობრივი შეფარდება?
- მთელ მსოფლიოში და მით უმეტეს საქართველოში უშვილობის მიზეზად რატომღაც უფრო მეტად ქალები მიაჩნიათ, სტატისტიკურად კი უშვილობა ათიდან მხოლოდ 4 შემთხვევაშია ქალის ბრალი. 40%-ში მამაკაცია უნაყოფო, 20%-ში კი ორივე.
- გარდა ენდოკრინული დარღვევებისა, რა შეიძლება იქცეს ქალის უნაყოფობის მიზეზად?
- ქალებში უნაყოფობის მიზეზი უფრო მრავალმხრივია, ვიდრე მამაკაცებში - ქალის ორგანიზმმა ხომ სრულფასოვანი კვერცხუჯრედიც უნდა წარმოქმნას და ჩასახვისა და ორსულობის წარმართვისთვის შესაფერისი პირობებიც შექმნას. სხვათა შორის, ენდოკრინული გენეზის უშვილობა მეორე ადგილზეა, უნაყოფობის მიზეზებს შორის პირველი ადგილი უჭირავს სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებს, რომლებიც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (ე.წ. ვენერული დაავადებები) შედეგია.
- რატომ იწვევს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები უშვილობას?
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომელთა რიცხვიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ მცირდება, იწვევს სასქესო ორგანოების ანთებით პროცესს, რომელიც ხშირად ფარულად მიმდინარეობს. პაციენტი ვერ ამჩნევს, რომ ავადაა, რადგან ვენერული სნეულებისთვის დამახასიათებელი კლასიკური სიმპტომები - გამონადენი, სიცხე, წვა შარდვის დროს, ტკივილი და სხვა - არ აწუხებს. აქედან გამომდინარე, არც მკურნალობს. პროცესი კი გრძელდება და დროთა განმავლობაში საშვილოსნოს მილების ობტურაციას (დახშობას) იწვევს. როდესაც პაციენტი უშვილობის გამო ჩვენთან მოდის გამოსაკვლევად, ხშირად აღმოვაჩენთ ხოლმე უკვე გადატანილი ვენერული დაავადებით გამოწვეული ანთების შედეგს - საშვილოსნოს მლების გადაკეტვას.
- ნუთუ ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი არ არსებობს?
- გამოსავალია ანთებითი პროცესების პროფილაქტიკა, ანუ რეგულარული გინეკოლოგიური და ანდროლოგიური პროფილაქტიკური შემოწმება.
- რამდენად მნიშვნელოვანია განაყოფიერებისთვის საშვილოსნოს მილების გამავლობა?
- წესისამებრ, კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება საშვილოსნოს ღრუში, ფალოპის მილებთან ახლოს, ან თავად მილებში, მერე კი ადგილს იცვლის (მედიცინაში ამას კვერცხუჯრედის მიგრაციას უწოდებენ) და საშვილოსნოს რომელიმე ნაწილს მიემაგრება. თუ მილი დახშულია, ბუნებრივია, კვერცხუჯრედისა და სპერმის შეხვედრა ვერ მოხერხდება.
- უბრალო გაციებამ თუ შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ორგანოების ანთება და, აქედან გამომდინარე, უშვილობაც?
- უბრალო გაციება უშვილობას ვერ გამოიწვევს. გაციებამ შეიძლება გაამწვაოს უკვე არსებული სქესობრივი გზით დადამდები ინფექცია (გონორეა და სხვა). მაგრამ თუ სასქესო ორგანოებში მოხვდა, მაგალითად, ჰეპატიტის ვირუსი ან რომელიმე სხვა ინფექცია, თუნდაც ქლამიდია, ის აუცილებლად გამოიწვევს სასქესო ორგანოების ანთებას და დიდია ალბათობა, საქმე უშვილობამდეც მივიდეს (შეგახსენებთ - ჰეპატიტის ვირუსი, ისევე როგორც ქლამიდია - ეს უკანასკნელი ნახევრად ვირუსია და ნახევრად ბაქტერია - სქესობრივი გზით გადაედება). ამავე მექანიზმით უშვილობა შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა ვირუსმა, მათ შორის - მენინგოკოკმა და გრიპის ვირუსმაც კი, თუ თეორიულად დავუშვებთ სასქესო ორგანოებში მათ მოხვედრას.
- როგორ ხდება ასეთი წარმოშობის უშვილობის დიაგნოსტირება?
- უშვილობის დიაგნოსტიკის ელემენტარული მეთოდია საშვილოსნოს მილების რენტგენოგრაფია (ჰისტეროსალპინოგრაფია). ამ დროს საშვილოსნოს ყელში შეგვყავს საკონტრასტო ნივთიერება და რენტგენის მეშვეობით ვნახულობთ, რამდენად გამავალია მილები. არსებობს უფრო რთული სადიაგნოზო მეთოდებიც, მაგალითად, ლაპაროსკოპია - მუცლის ღრუს ვჩხვლეტთ, შეგვაქვს სპეციალური ოპტიკური სისტემა და ტელეეკრანზე ვხედავთ, რა ვითარებაა საშვილოსნოსა თუ მის მილებში. ეს უფრო ინფორმაციული და თანამედროვე მეთოდია, მაგრამ მთლიანად მაინც ვერ ცვლის ძველ, ტრადიციულ რენტგენოგრაფიულ კვლევას.
- რამდენად ინფორმაციულია ექოსკოპია?
- საკონტრასტო ნივთიერების გარეშე მილების გამავლობის დიაგნოსტიკაში ექოსკოპიის მნიშვნელობა მინიმალურია.
- შესაძლებელია თუ არა საშვილოსნის მილების გამავლობის აღდგენა?
- შესაძლებელია. საამისოდ არსებობს ორი მეთოდი: კონსერვატიული და ქირურგიული. მილების მსუბუქი გაუვალობის დროს, მაგალითად, მაშინ, როცა მილი მცირე მანძილზეა გადაკეტილი, ანდა შეხორცებები შეინიშნება, მივმართავთ მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდს - საშვილოსნოს მილებში შეგვყავს სპეციალური მედიკამენტები, რაც გამავლობის გაუმჯობესებას იწვევს.
- პარალელურად მილების დახშობის გამომწვევ დაავადებასაც ხომ არ მკურნალობთ?
- საქმე ის არის, რომ როდესაც პაციენტი ჩვენამდე მოდის, ძირითადი დაავადება (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები) უკვე აღარ აქვს, ჩვენ მხოლოდ მის შედეგს - გაუვალ მილებს ვხედავთ. რასაკვირველია, უნდა ვეძებოთ მიზეზი და თუ აღმოვაჩინეთ, პირველ რიგში მას ვუმკურნალოთ.
- რას გვეტყვით საშვილოსნოს მილების გამავლობის აღდგენის ქირურგიული მეთოდის შესახებ?
- არსებობს საშვილოსნოს მილების გამავლობის აღდგენის კლასიკური - ლაპაროტომიული მეთოდი. საქართველოში ის დიდი ხანია დანერგილია, მაგრამ ამჟამად იშვიათად იყენებენ, რადგან მისი ეფექტიანობა არ აღემატება 30%-ს. საშვილოსნოს მილი ფუნქციურად აქტიური ორგანოა, ანუ უბრალო მილს კი არ წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ ამა თუ იმ სხეულის გასატარებლადაა საჭირო, არამედ იკუმშება, აქვს თავისი ფუნქცია; გაკვეთის შედეგად ეს ფუნქცია ირღვევა და მისი აღდგენა ძალიან ძნელია, ამიტომ მილის დახშობის მძიმე ფორმების დროს დაისმის საკითხი, რა უფრო რენტაბელურია - გაკეთდეს ოპერაცია თუ განაყოფიერება პირდაპირ სინჯარაში ჩავატაროთ.
- საშვილოსნოს მილების გამავლობის აღსადგენად ადრე ჩაბერვას მიმართავდნენ...
- ჩაბერვა, ანუ ჰიდროტუბაცია, ამჟამად უკვე მოძველებულ მეთოდად მიიჩნევა. არსებითად, ის არავითარ შედეგს არ იძლევა, მხოლოდ ტრავმას აყენებს და აუარესებს ქალის მდგომარეობას.
- რა როლს ასრულებს აბორტი უშვილობის განვითარებაში?
- აბორტი ორსულობის უხეში ლიკვიდაციაა. გამოფხეკისას შესაძლოა დაზიანდეს საშვილოსნოს კედელი და განვითარდეს ენდომეტრიტი, რაც შემდგომ ხელს შეუშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებას. გამოფხეკისას ასევე შეიძლება დაზიანდეს საშვილოსნოს მილები და განვითარდეს მათი ანთება, შედეგად კი გაუვალობა ჩამოყალიბდეს. აბორტის დროს რეპროდუქციულ ორგანოებში ხშირად ინფექცია იჭრება და ასეპტიკური ანთება ვითარდება. გარდა ამისა აბორტი იწვევს ენდოკრინულ ცვლილებებსაც. ყოველივე ამას კი უშვილობამდე მივყავართ.
- შესაძლოა თუ არა, უშვილობის მიზეზი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრების სირთულე იყოს?
- არის ასეთი შემთხვევებიც - განაყოფიერება ხდება, მაგრამ კვერცხუჯრედი საშვილოსნოს კედელზე ვერ მაგრდება. ეს უმეტესად ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიგნითა გარსის) ანთების ბრალია. კვერცხუჯრედის მიმაგრებას, როგორც ექიმები ვამბობთ - იმპლანტაციას, რთული მექანიზმი აქვს: საშვილოსნოს კედელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბიოქიმიური შემადგენლობა, შესატყვისი რეცეპტორული აპარატი და სხვა. ენდომეტრიუმის ანთება კი სწორედ ამ მექანიზმის მოშლას იწვევს.
- როგორ ადგენენ, განაყოფიერება არ ხდება თუ მიმაგრება?
- თუ პაციენტი ანამნეზის შედგენისას აღნიშნავს გადატანილ ენდომეტრიტს, ხშირ აბორტს, მაშინ ვეჭვობთ, რომ მას კვერცხუჯრედის მიმაგრების პათოლოგია აქვს. განაყოფიერდა თუ არა კვერცხუჯრედი, ამის განსაზღვრა შესაძლებელია რექტალური ტემპერატურით - განაყოფიერებისას იგი იმატებს. არსებობს სპეციალური ტესტები ქორიოგონინებზეც. საქმე ის არის, რომ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს საშვილოსნოს კედელზე ქორიონის ბუსუსები იმაგრებს. ისინი გამოყოფენ ქორიოგონინს, რომლის ოდენობის განსაზღვრაც შესაძლებელია. როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს კედელზე ქორიონის ბუსუსებით არის მიმაგრებული, ქორიოგონინის კონცენტრაცია იმატებს. სადღეისოდ იმდენად მგრძნობიარე ტესტებიც არსებობს, რომ მენსტრუაციის შეკავებამდეც შესაძლებელია იმის განსაზღვრა, განაყოფიერება მოხდა თუ არა.
- როცა საშვილოსნოს კედელზე მიმაგრების მექანიზმია დარღვეული, ალბათ მკურნალობაც სხვაგვარად უნდა წარიმართოს...
- ამ დროს პირველ რიგში საშვილოსნოს ლორწოვანის ქრონიკულ ანთებას - ენდომეტრიტს - ვმკურნალობთ.
- რა იწვევს ენდომეტრიტს და რას უჩივის ამ დროს ქალი?
- ენდომეტრიტის გამომწვევია ინფექცია. ამ დროს ქალს აწუხებს ტკივილი და გამონადენი.
- ციტომეგალოვირუსი და ტოქსოპლაზმაც ხომ შეიძლება უნაყოფობის მიზეზად იქცეს?
- ციტომეგალოვირუსი და ტოქსოპლაზმა უნაყოფობას კი არა, ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას იწვევს. ორივე ტოქსიკური ვირუსია და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განავითარების პროცესზე ახდენს გავლენას.
- რას ნიშნავს პირველადი და მეორეული უშვილობა?
- პირველადს უწოდებენ უნაყოფობას, როცა ქალი სქესობრივი ცხოვრების განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა ორსულად; მეორეულია უშვილობა, როცა წინამორბედი ერთი ან რამდენიმე ორსულობის შემდეგ (განურჩევლად იმისა, როგორ დასრულდა ისინი - მშობიარობით თუ აბორტით, საშვილოსნოსშიდა იყო თუ საშვილოსნოსგარე) ქალი აღარ დაორსულებულა. ასევე, განასხვავებენ ქალის აბსოლუტურ და შედარებით უნაყოფობას. აბსოლუტური უნაყოფობა თან ახლავს განვითარების მანკებს, მაგალითად, საკვერცხეების ან საშვილოსნოს უქონლობას - ამ შემთხვევაში ორსულობა გამორიცხულია.
- თანამედროვე მედიცინას დიდი მიღწევები აქვს ორგანოების გადანერგვის დარგში. საშვილოსნოს ან საკვერცხეების იმპლანტაცია არ ხორციელდება?
- საშვილოსნოს გადანერგვა ჯერ არავის ჩაუტარებია, საკვერცხეების გადანერგვის ექსპერიმენტები კი ტარდებოდა, მაგრამ უშედეგოდ.