ბართოლინიტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ბართოლინიტი

ბართოლინიტი
სასქესო ბაგეზე რამდენიმე თვეა გამიჩნდა მცირე ზომის სიმაგრე. ვიფიქრე, თავისით გამივლის-მეთქი, მაგრამ არა და არ ქრება.

 

არც გაზრდილა, არც მოძრაობს, კანქვეშაა. ნეტავ რა უნდა იყოს? რომელიმე მალამოს წასმა თუ შეიძლება? რას მირჩევთ?



ბართოლინიტი საშოს შესავალთან არსებული ბართოლინის ჯირკვლის ჩირქოვანი ანთებაა. მას უმეტესად გონოკოკი, სტაფილოკოკი და სხვა მიკროორგანიზმები იწვევს, მათ შორის - ნაწლავის ჩხირი, ასევე - შერეული ინფექცია. ბართოლინიტის დროს პათოგენური მიკროორგანიზმები აზიანებენ ჯირკვლის გამომტან სადინარს და საკუთრივ ჯირკვლის ქსოვილს.



ბართოლინიტი უმთავრესად ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო ვითარდება. მის მიზეზად შეიძლება იქცეს ვენერული
დაავადებაც. ზოგჯერ ის ორგანიზმის დასუსტების შემთხვევაშიც აღმოცენდება (ავიტამინოზის, სტრესის, იმუნიტეტის დაქვეითების დროს და სხვა). გართულებად გვევლინება ქირურგიული ოპერაციებისა და აბორტების შემდეგ. ბართოლინის ჯირკვლების ძირითადი ფუნქცია ლორწოს შემცველი სეკრეტის გამომუშავებაა. ეს სეკრეტი ატენიანებს საშოს ლორწოვან გარსს და მას სიმშრალისაგან იცავს. ბართოლინის ჯირკვლების ფუნქციობა დამოკიდებულია ქალის ორგანიზმში
მიმდინარე ჰორმონულ ძვრებზე. მაგალითად, მენსტრუაციის წინა პერიოდში ლორწოვანი გამონადენის გამოყოფა იმატებს, საკუთრივ მენსტრუაციის დღეებში იკლებს, კლიმაქსისა და გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომ პერიოდში (მაგალითად, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ამოკვეთის შემთხვევაში) კი პრაქტიკულად წყდება. ამ უკანასკნელის გამო საშოს ლორწოვანი გარსი შრება, რაც ხშირად ნახეთქების წარმოქმნასა და  ქავილს იწვევს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ:

 

  • მწვავე ბართოლინიტს;
  • ქრონიკულ ბართოლინიტს;
  • ცრუ აბსცესს (ის შეიძლება იყოს როგორც პირველადი - ჩირქოვანი კანალიკულიტის ანუ სადინარის ანთების დროს, ისე მეორეული - ადრე ჩამოყალიბებული კისტის დაჩირქების გამო განვითარებული);
  • ჭეშმარიტ აბსცესს (აბსცესი კაფსულით შემოფარგლული ჩირქგროვაა).


ბართოლინიტის სიმპტომები
თავდაპირველად ვითარდება ბართოლინის ჯირკვლის გამომტანი სადინარის ანთება (კანალიკულიტი), რომელსაც გამომტანი სადინარის სანათურის შეწითლება ახასიათებს (ეს უკანასკნელი საშოს შესავალთან, მცირე სასქესო ბაგეზე მდებარეობს). ჩნდება უმნიშვნელო ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი. კანი მცირე სასქესო ბაგეზე გამომტანი სადინარის სანათურის არეში უმნიშვნელოდ რბილდება. ამასთან, შესაძლოა გადიდებული სადინარი ხელით ისინჯებოდეს. ბართოლინის ჯირკვლის ანთება, წესისამებრ, ცალმხრივია ანუ ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ცალ მხარეს ვლინდება. გარკვეული ხნის შემდეგ ბართოლინის ჯირკვლის სეკრეტი (გამონაყოფი) სქელდება და გამომტან სადინარს ახშობს. ვითარდება ბართოლინიტი. ანთებითი პროცესი ჯირკვლის ქსოვილზეც ვრცელდება. ჯირკვლის ანთება შესივებით (ინფილტრაციით) იწყება. საყურადღებოა, რომ ამ სტადიაზე ბართოლინიტი შესაძლოა დასრულდეს - ანთებითი პროცესი თავისთავად ჩაცხრეს და ინფილტრატი გაიწოვოს. თუ თვითგანკურნება არ მოხდა, მაშინ ბართოლინის ჯირკვლის სადინარი დაიცობა, რაც დასაბამს მისცემს კისტის ან აბსცესის განვითარებას. ბართოლინიტის დროს ანთებადი ჯირკვალი ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) მტკივნეულია. ქალს წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება აწუხებს, დისკომფორტს შეიგრძნობს სიარულის, სქესობრივი აქტის დროს. თუ ანთებითი პროცესი ჯირკვალსა და მიმდებარე ქსოვილებზე გავრცელდა, ყალიბდება ჭეშმარიტი (პირველადი) აბსცესი. ცრუ აბსცესის ჩამოყალიბება, ჩვეულებრივ, მეორეულად ხდება. მას ადრე არსებული კისტის დაჩირქება უდევს საფუძვლად. ჯირკვალი საგრძნობლად დიდდება. მისმა დიამეტრმა შესაძლოა 5 სანტიმეტრსაც კი მიაღწიოს. მწვავე ბართოლინიტს თან ახლავს ცხელება. ტემპერატურა ზოგჯერ 40 გრადუსამდეც კი იმატებს. ამასთან ერთად შეინიშნება ზოგადი სისუსტე, ლოკალურად - სიწითლე. მძიმე მიმდინარეობისას რეგიონული ლიმფური კვანძები დიდდება. ვლინდება ფლუქტუაციის სიმპტომი: ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) ჯირკვლის შიგნით შეიგრძნობა თხევადი შიგთავსის - ჩირქის გადაადგილება. ყველაზე ხშირად ხდება აბსცესის თვითგახსნა, ჩირქი გარეთ გამოდის და პაციენტის მდგომარეობაც უმჯობესდება, ტემპერატურა იკლებს და სასქესო ბაგის მტკივნეულობა ქრება. მწვავე ბართოლინიტი ზოგჯერ ქრონიკულში გადაიზრდება. როგორც სხვა ქრონიკულ პათოლოგიებს, ქრონიკულ ბართოლინიტსაც ახასიათებს გამწვავებისა და რემისიის პერიოდების მონაცვლეობა. გამწვავებას იწვევს მენსტრუაცია, გაციება, ორგანიზმის დასუსტება და სხვა ინფექციების გააქტიურება. რემისიის პერიოდში დაავადებას თან არ ახლავს ნეგატიური სიმპტომები, ხოლო გამწვავების პერიოდში ქალი უჩივის უმნიშვნელო ტკივილს დაზიანებული ჯირკვლის არეში, უსიამოვნო შეგრძნებებს სქესობრივი კონტაქტისა და სიარულის დროს.

მკურნალობა
ადრეულ სტადიაში ბართოლინიტის მკურნალობა ანთებითი პროცესის კუპირებას ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებისა და სიცივის გამოყენებას, მოსვენების რეჟიმის დაცვას. პროცესის პროგრესირებისა და აბსცესის ჩამოყალიბების შემთხვევაში ამ უკანასკნელის გახსნასა და დრენირებას მიმართავენ. დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას (გამწვავების გარეშე)  რეკომენდებულია 38-39 გრადუსი ტემპერატურის გვირილის ნაყენის 20-წუთიანი მჯდომარე აბაზანები, აგრეთვე - ფიზიოთერაპიული  სეანსები (მაგალითად, მაღალსიხშირული მაგნიტოთერაპია ან მოკლეტალღური ულტრათერაპია). კისტის განვითარების შემთხვევაში დაზიანებულ ჯირკვალს ხშირად ამოკვეთენ. ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას ათასგვარი მალამოთი თუ სხვა მედიკამენტებით! აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ გინეკოლოგს, რომელიც დაადგენს დაავადების ფორმას, გაარკვევს მისი მიმდინარეობის თავისებურებებს და სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ.

 

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 21-12-2019
ნინი
თუ პირიქით ჭარბად გამოიყოფა სეკრეტი ურთიერთობის დროს ესეც დარღვევაა რაიმე თუ რითაა გამოწვეული
თარიღი : 26-10-2019
სალომე
მე დავიტანჯე უკვე, 2ჯერდავიდრენირე და ამწუთას მესამეჯერ გამიმეორდა, ერთადერთი გამოსავალი ამოკვეთაა სხვა შემთხვევაში რეციდივები ახასიათებს
თარიღი : 23-05-2019
ლალი
რამდენიმე წელია რაც მაწუხებს ეს ბართოლინიტი.პირველად როცა დამემართა გინეკოლოგმა დამაწყნარა და მითხრა საშიში არაფერი არისო ანტიბიოტიკები და რაღაც მაზი გამომიწერა და გამიშვა .მის მერე სეზონურად მიმეორებს ..ოპერაციაზე მითხრა რომ არაა საჭირო.მაზებს ვხმარობ და ცოტათი მშველის მაგრამ უკვე დავნერვოზდი მაინტერესებს ოპერაცია თუ კეთდება და არის თუ არა შანსი რომ ოპერაციის მერე ისევ გაჩნდეს?
თარიღი : 23-12-2018
თამილა
მე ამ ბართოლინიტით უკვე დავიტანჯე..6ჯელ გამიმეორა.ერთხელ გამიჭრენ და ძალიან ცუდად ვიყავი..დანარჩენ შემთხვევაში მკურნალობა მშველოდა.ეხლაც ამწუთასაც ვწევარ 37 სიცხით..ისევ ბართოლინიტი.უკვე ვხვდები რომ ოპერაცია მჭირდება მაგრამ ისიც ვიციი ვერ გავიკეთებ..ძალიან მეშინია ნარკოზის..ვიკეთებ ანტიბიოტიკს ორი დღეა თუმცა ისევ სიცხე მაქვს და შეშუპებული ჯირყვალი..იქნებ ვინმემ მირჩიოთ ოპერაციის გარეშე გამოსავალი
თარიღი : 12-06-2018
ანა
საშოს შესავალთან არ მაქვს , ბოქვენზე მარცხენა მხარეს ბიკინის ზოლთან მაქვს გამაგრებული ბურთივით რასაც ხელით მოსინჯვისას მგრძნობ. იგივეა თუ სხვა რამეა ?
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
საშვილოსნოს მიომა და საკვერცხის კისტა რეპროდუქციული ასაკის ქალების ხშირი პრობლემაა.
დღევანდელი რუბრიკის თემაა ენდომეტრიოზი.
კისტა ტომრისმაგვარი წარმონაქმნია, აქვს კედელი და შიგთავსი, შესაძლოა წარმოიქმნას სხვადასხვა ქსოვილსა და ორგანოში.
დღევანდელი რუბრიკის ფარგლებში განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას გინეკოლოგიურ-ენდოკრინოლოგიაში.
გინეკოლოგიური დაავადებები ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად