დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი
ეს პროცესი, როგორც წესი, პირველი სქესობრივი აქტის დროს ხდება. რატომ ვითარდება ცისტიტი დეფლორაციის შემდეგ? რა არის უხშირესად მისი ხელშემწყობი და განმაპირობებელი? როგორ შეიძლება ამ პრობლემის არიდება? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის – ბაქტერიოფაგის გინეკოლოგი და სამშობიარო კლინიკა „ემბრიოს“ ექიმი, მეან-გინეკოლოგი ნინო ოდიშელიძე:
– ქალბატონო ნინო, რა არის დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი და რატომ ვითარდება ის?
– პირველი სქესობრივი კონტაქტი ქალის ცხოვრებაში მხოლოდ ახალი ცხოვრების ეტაპის დასაწყისი არ არის. ზოგჯერ, სწორედ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ ჩნდება სიმპტომები, რომლებიც ხშირად უხერხულობის, შიშის ან ინფორმაციის ნაკლებობის გამო უყურადღებოდ რჩება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი – დაავადება, რომლის დროული ამოცნობა და სწორი მართვა ქალის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი (Post-defloration cystitis) შარდის ბუშტის მწვავე ბაქტერიული ანთებაა, რომელიც ვითარდება პირველი სქესობრივი აქტის შემდეგ ან სქესობრივი ცხოვრების დაწყების საწყის პერიოდში. სამედიცინო ლიტერატურაში მას ხშირად „თაფლობის თვის ცისტიტსაც“ (Honeymoon cystitis) უწოდებენ, თუმცა, აღნიშნული ტერმინი არ გულისხმობს მხოლოდ ახალდაქორწინებულ წყვილებს. ის აღწერს მდგომარეობას, რომელიც უკავშირდება სქესობრივი აქტივობის დაწყებას ან მისი სიხშირის მნიშვნელოვან მატებას. მნიშვნელოვანია, რომ დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი არ არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. უმეტეს შემთხვევაში ის ვითარდება იმ ბაქტერიების გამო, რომლებიც ქალის ნაწლავის ან პერინეალური (შორისის) მიკროფლორის ნორმალური წარმომადგენლები არიან, თუმცა, გარკვეულ პირობებში, შარდსადენში მოხვედრისას ინფექციურ პროცესს იწვევენ.
– რა განაპირობებს დეფლორაციის შემდგომი ცისტიტის განვითარებას?
– ქალის ორგანიზმის ანატომიური თავისებურებები ამ მდგომარეობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ქალის ურეთრა (შარდსადენი მილი) საშუალოდ მხოლოდ 3-4 სანტიმეტრია და მისი გარეთა ხვრელი საშოსა და ანუსთან (ყითასთან) ძალიან ახლოს მდებარეობს. სწორედ ამიტომ ბაქტერიებს შარდის ბუშტამდე მისასვლელად გაცილებით მოკლე გზა აქვთ, ვიდრე მამაკაცების შემთხვევაში. პირველი სქესობრივი აქტის დროს ხდება საქალწულე აპკის დაზიანება, ვითარდება ლორწოვანი გარსის მიკროტრავმები, იზრდება ურეთრაზე მექანიკური ზეწოლა, ბაქტერიები ადვილად გადაადგილდებიან შარდსადენის მიმართულებით. თუ ორგანიზმის დამცავი მექანიზმები ამ პროცესს ვერ უმკლავდება, იწყება ბაქტერიების სწრაფი გამრავლება და ვითარდება შარდის ბუშტის ანთება.
– რომელია მთავარი გამომწვევი ბაქტერიები?
– დეფლორაციის შემდგომი ცისტიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია Escherichia coli, რომელიც დაახლოებით 80-90%-ის შემთხვევაში გვხვდება. უფრო იშვიათად მიზეზი შეიძლება გახდეს: Klebsiella spp., Proteus mirabilis, Enterococcus faecalis, Staphylococcus saprophyticus. ინფექციის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის:
- საშოს მიკრობიოტის დისბალანსი;
- ხშირი ვაგინალური ინფექციები;
- ჰიგიენის წესების დარღვევა;
- სითხის არასაკმარისი მიღება;
- შარდის შეკავების ჩვევა;
- იმუნიტეტის დაქვეითება.
– როგორ ვითარდება დაავადება?
– ინფექციის განვითარება რამდენიმე თანმიმდევრულ ეტაპად მიმდინარეობს. თავდაპირველად მექანიკური ტრავმა აზიანებს ურეთრის ლორწოვანს. შემდეგ პერინეუმზე არსებული ბაქტერიები აღწევენ შარდსადენში და ადვილად მიდიან შარდის ბუშტამდე. ბაქტერიები ეწებებიან (ადჰეზირდებიან) უროთელიუმს (შარდსადინარის შიგნითა სპეციალიზებულ ქსოვილს, გარდამავლ ეპითელიუმს) სპეციალური ფიმბრიების საშუალებით, მრავლდებიან და იწყებენ ანთებითი რეაქციის პროვოცირებას. შედეგად ვითარდება ლორწოვანი გარსის შეშუპება, ჰიპერემია და შარდის ბუშტის მომატებული მგრძნობელობა, რაც იწვევს დამახასიათებელ კლინიკურ სიმპტომებს.
მკურნალობის გარეშე ინფექცია შარდსაწვეთით შესაძლოა გავრცელდეს თირკმელამდე და გართულდეს მწვავე პიელონეფრიტით.
– რა კლინიკური ნიშნებით ხასიათდება დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი?
– სიმპტომები, ჩვეულებრივ, ჩნდება სქესობრივი აქტიდან რამდენიმე საათში ან მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში.
ყველაზე ხშირია:
- ხშირი და გადაუდებელი შარდვა;
- შარდვისას წვა და ტკივილი;
- მცირე ულუფებით შარდვა;
- ბოქვენის არეში სიმძიმე ან ტკივილი;
- შარდის შემღვრევა;
- სისხლის მინარევი შარდში (ჰემატურია);
- ზოგადი დისკომფორტი.
ტემპერატურის მატება და წელის ტკივილი უკვე უფრო მაღალი დონის ინფექციაზე უნდა გვაფიქრებდეს.
– როგორ ახდენთ დიაგნოსტიკას?
– სწორი დიაგნოზის დასმა ეფუძნება: დეტალურ ანამნეზს, ფიზიკურ და გინეკოლოგიურ გამოკვლევას, შარდის საერთო ანალიზს, შარდის ბაქტერიოლოგიურ კვლევას, საჭიროების შემთხვევაში – ულტრაბგერით კვლევას. რეციდივების შემთხვევაში მიზანშეწონილია ფაგოთერაპიით მკურნალობა.
– რას მოიცავს მკურნალობა?
– მკურნალობა უნდა იყოს ინდივიდუალური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული. ის მოიცავს, პირველ რიგში, ფაგოთერაპიას, მკურნალობას ფაგებით მგრძნობელობის მიხედვით, თუ საქმე გვაქვს მწვავე შემთხვევასთან – ვრთავთ ანტიბიოტიკოთერაპიას (ანტიბიოტიკის მგრძნობელობის პასუხის მიხედვით), როდესაც ეს შესაძლებელია; მნიშვნელოვანია ადეკვატური ჰიდრატაცია; ტკივილისა და დიზურიის (შარდვის დარღვევის) სიმპტომური მკურნალობა; სქესობრივი ცხოვრებისგან დროებით თავშეკავება; საშოს ნორმალური მიკრობიოტის აღდგენა საჭიროების შემთხვევაში. ანტიბიოტიკების თვითნებურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიმიკრობული რეზისტენტობა და დაავადების ქრონიკული ფორმის ჩამოყალიბება.
– როგორ ავირიდოთ დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი?
– პრევენცია ხშირად უფრო ეფექტურია, ვიდრე მკურნალობა. რეკომენდებულია:
- შარდის ბუშტის დაცლა სქესობრივი აქტის დასრულებისთანავე;
- საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება;
- ინტიმური ჰიგიენის დაცვა;
- ლუბრიკაციის (ლორწოვანი სითხის ბუნებრივად გამომუშავება-გამოყოფა საშოდან) უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში;
- შარდის ხანგრძლივად არ შეკავება;
- ვაგინალური ინფექციების დროული მკურნალობა;
- განმეორებითი ეპიზოდების დროს გინეკოლოგისა და უროლოგის მიერ ერთობლივი მართვა.
– რას ურჩევთ ქალებს პრევენციისა და ჯანმრთელობის განმტკიცების კუთხით?
– ქალის ჯანმრთელობა იწყება ცოდნით. დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი არ არის „აუცილებელი თანმხლები მოვლენა“ და არც ის ტკივილია, რომელიც ქალმა უბრალოდ უნდა აიტანოს. თანამედროვე მედიცინას აქვს შესაძლებლობა, დროულად და ეფექტურად მართოს ეს მდგომარეობა, თუმცა, ამის საფუძველი ყოველთვის ინფორმირებულობა და ექიმთან დროული მიმართვაა.
პირველი ინტიმური გამოცდილება ქალისთვის უნდა ასოცირდებოდეს ნდობასთან, უსაფრთხოებასა და სასიამოვნო ემოციებთან და არა – ტკივილთან, წვასთან ან ინფექციასთან. სწორედ ამიტომ, თითოეულ ქალს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასეთი სიმპტომები არ არის ნორმა და საჭიროებს პროფესიონალურ შეფასებას.
ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით – პრობლემის დროული ამოცნობით. სწორედ ინფორმირებული ქალი იღებს სწორ გადაწყვეტილებას, სწორი გადაწყვეტილება კი ჯანმრთელი მომავლის საფუძველია!