ძაფებით ვაგინოპლასტიკა
პროცედურის ჩვენებებსა და მასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება შპს გაგუას კლინიკის მეან-გინეკოლოგი, პლასტიკური გინეკოლოგი, აფტოსის სერტიფიცირებული სპეციალისტი, მარიამ ჯანელიძე.
ქალბატონი მარიამი ამავდროულად ქალაქ ქუთაისის შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრ „ჰერას“ მეან-გინეკოლოგი და საქართველოს ახალგაზრდა მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრია.
– ქალბატონო მარიამ, საზოგადოდ, რა განაპირობებს ვაგინოპლასტიკის აუცილებლობას?
– ქალის ინტიმური ზონა დროთა განმავლობაში ბუნებრივად იცვლება – მშობიარობის, ჰორმონული ცვლილებებისა და ასაკის გავლენით. უფრო კონკრეტულად, ასაკობრივი პროცესები, ჰორმონული ფონის მერყეობა, ორსულობა და მშობიარობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ არეალის სტრუქტურასა და ფუნქციაზე. აღნიშნული ცვლილებები ხშირად იწვევს დისკომფორტს და სექსუალური შეგრძნებების დაქვეითებას.
ესტროგენების დონის შემცირების შედეგად ლორწოვანი გარსი თხელდება, მცირდება კოლაგენისა და ელასტინის რაოდენობა, ქვეითდება ქსოვილების ელასტიკურობა და ტენიანობა. შედეგად, ინტიმური ზონა უფრო მგრძნობიარე ხდება გარე ზემოქმედებების მიმართ.
დროთა განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს საშოს (ვაგინალური) კედლების მოდუნება, ტონუსის დაქვეითება და მიკროცირკულაციის შემცირება, რაც ხშირად იწვევს სიმშრალეს, წვას, გაღიზიანებასა და დისკომფორტს სქესობრივი კონტაქტის დროს.
აღნიშნული ცვლილებები არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოემოციურ დისკომფორტსაც იწვევს – ქალს შეიძლება შეუქმნას არასრულფასოვნების განცდა და შეამციროს მისი ცხოვრების ხარისხი.
თანამედროვე გინეკოლოგია ქალს სთავაზობს უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდებს ინტიმური ზონის ფუნქციური და ესთეტიკური ბალანსის აღსადგენად.
ძაფებით ვაგინოპლასტიკა არის თანამედროვე, არაქირურგიული მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს ვაგინალური კედლების ტონუსის გაუმჯობესებასა და ქსოვილების გააქტიურებას.
– რა ასაკიდან არის ნაჩვენები ვაგინოპლასტიკის პროცედურა?
– ვაგინოპლასტიკა არ არის ასაკზე მკაცრად მიბმული. მისი ჩატარება განისაზღვრება კლინიკური ჩვენებებით და არა მხოლოდ პაციენტის წლოვანებით.
პროცედურა შესაძლოა ნაჩვენები იყოს რეპროდუქციული ასაკიდანვე, როდესაც ქალს აღენიშნება ვაგინალური ტონუსის დაქვეითება, დისკომფორტი სქესობრივი ცხოვრების დროს ან მშობიარობის შემდგომ განვითარებული ანატომიური ცვლილებები.
ვაგინოპლასტიკას ხშირად მიმართავენ:
- ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ;
- საშოს კუნთების მოდუნების დროს;
- სექსუალური მგრძნობელობის შემცირების შემთხვევაში;
- პერინეუმის სტრუქტურული ცვლილებების ფონზე (პერინეუმი – არის სივრცე საშოსა და ანუსს, იგივე ყითას შორის).
მთავარია, გადაწყვეტილება მიიღებოდეს ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, გინეკოლოგიური გამოკვლევის შემდეგ, პაციენტის ჩივილებისა და ანატომიურ-ფუნქციური მდგომარეობის გათვალისწინებით.
– რას გულისხმობს პროცედურა და რა უპირატესობა აქვს მას ქირურგიულ ვაგინოპლასტიკასთან შედარებით?
– პროცედურის დროს გამოიყენება სპეციალური ბიორეზორბირებადი ძაფები, რომლებიც აქტიურად ასტიმულირებს კოლაგენის წარმოქმნას და უზრუნველყოფს ბუნებრივ შედეგს.
პროცედურის მთავარი უპირატესობებია:
- ვაგინალური ტონუსის გაუმჯობესება;
- კოლაგენის ბუნებრივი სტიმულაცია;
- შეგრძნებების გაძლიერება ინტიმური ცხოვრების დროს;
- სწრაფი პროცედურა და მინიმალური რეაბილიტაცია;
- ქირურგიული ჩარევის გარეშე.
– რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა?
– პროცედურა ინიშნება ინდივიდუალური კონსულტაციის შემდეგ, გრძელდება დაახლოებით 30-40 წუთს, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, პაციენტი იმავე დღეს უბრუნდება ყოველდღიურ ცხოვრებას.
შედეგი – მეტი კომფორტი და საკუთარი სხეულის მიმართ თავდაჯერებულობა.
– თუ აქვს ძაფებით ვაგინოპლასტიკას უკუჩვენებები, ანუ რა შემთხვევაში არ შეიძლება მისი ჩატარება?
– ვაგინოპლასტიკა უსაფრთხო და ეფექტურია სწორად შერჩეულ პაციენტებთან, თუმცა, როგორც ყველა სამედიცინო ჩარევას, მასაც გააჩნია გარკვეული უკუჩვენებები.
პროცედურის ჩატარება არ არის რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში:
- საშვილოსნოს ყელის აქტიური ანთებითი პროცესების დროს;
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების აქტიურ ფაზაში;
- მწვავე გინეკოლოგიური ინფექციებისას;
- ორსულობისა და ადრეული ლაქტაციის პერიოდში;
- ავთვისებიან გინეკოლოგიურ დაავადებებზე ეჭვისას ან მათი არსებობისას;
- სისხლის შედედების სისტემის დარღვევების დროს;
- დეკომპენსირებული ქრონიკული დაავადებების არსებობისას.
ასევე, პროცედურა დროებით გადაიდება მენსტრუაციის პერიოდში.
ვაგინოპლასტიკის ჩატარებამდე აუცილებელია პაციენტის სრულფასოვანი გინეკოლოგიური შეფასება, ლაბორატორიული კვლევები და ინდივიდუალური რისკების განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს როგორც პროცედურის უსაფრთხოებას, ასევე მის ეფექტურ შედეგს.
– ახლავს თუ არა აღნიშნულ პროცედურას გართულებები? თუ ახლავს რა სახის?
– ვაგინოპლასტიკა თანამედროვე გინეკოლოგიაში ითვლება მინიმალურად ინვაზიურ და უსაფრთხო ჩარევად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ტარდება შესაბამისი ჩვენებების, სტერილური პირობებისა და სწორად შერჩეული პაციენტის შემთხვევაში. თუმცა, როგორც ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას, მასაც შესაძლოა ახლდეს გარკვეული დროებითი და იშვიათი გართულებები.
პროცედურის შემდეგ, პირველ დღეებში, ყველაზე ხშირად აღინიშნება:
- მსუბუქი შეშუპება და სიწითლე პროცედურის არეში;
- ზომიერი ტკივილი ან დისკომფორტი;
- დაჭიმულობის შეგრძნება;
- მცირე ჰემატომა ან ლოკალური მგრძნობელობა.
ეს სიმპტომები, როგორც წესი, მოიხსნება რამდენიმე დღიდან 1-2 კვირის განმავლობაში და არ საჭიროებს დამატებით ჩარევას.
იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს:
- ინფექციური გართულება;
- ქსოვილთა გადაჭარბებული ფიბროზი;
- ინდივიდუალური ქსოვილოვანი რეაქცია.
აღნიშნული რისკების შემცირება შესაძლებელია პაციენტის წინასწარი სრულფასოვანი შეფასებით, ექიმის რეკომენდაციების დაცვითა და პროცედურის შემდგომი რეჟიმის სწორად შესრულებით.
სწორი მიდგომის შემთხვევაში ვაგინოპლასტიკა ხასიათდება უსაფრთხოებითა და პროგნოზირებადი შედეგით.
შესაბამისი ჩვენებებისას ვაგინოპლასტიკა მნიშვნელოვანი პროცედურაა ქალის კეთილდღეობის, თავდაჯერებულობისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.