„არც ერთი წვეთი არ არის ნორმა!“ – რა იწვევს შარდის უნებლიე კარგვას და რა არის „თაფლობის თვის ცისტიტი“?
რატომ ემართებათ ქალებს ცისტიტი სექსის შემდეგ და როგორ მოვაგვაროთ პრობლემა, რომელზეც ისინი ხმამაღლა არ საუბრობენ
შარდის უნებლიე კარგვა, მენჯის ფსკერის კუნთების მოდუნება და მორეციდივე ცისტიტი – ეს ის თემებია, რომლებზეც ქალები ხმამაღლა იშვიათად საუბრობენ. ხშირად, უხერხულობისა და სირცხვილის გრძნობის გამო, ისინი წლობით იტანჯებიან, უარს ამბობენ აქტიურ ცხოვრებაზე და ეგუებიან მდგომარეობას, რომლის მოგვარებაც თანამედროვე მედიცინას მარტივად შეუძლია.
არსებობს თუ არა შარდის უნებლიე დაკარგვის რაიმე „ნორმა“, რა კავშირი აქვს ამ პრობლემასთან მშობიარობას, ასაკსა და ესტროგენების კლებას, რატომ არის სახიფათო ცისტიტის დროს თვითმკურნალობა და როგორ დავიბრუნოთ სრული თავისუფლება ყოველდღიურობაში? ამ თემაზე გინეკოლოგი რუსუდან ყურუა გვესაუბრება
- ქალბატონო რუსუდან, ჩვენი ინტერვიუს თემა საკმაოდ პირდაპირია: „რამდენ შარდს უნდა კარგავდეს ქალი უნებლიედ?“ – არსებობს თუ არა რაიმე „ნორმა“, თუ ნებისმიერი წვეთიც კი უკვე სიგნალია, რომ ორგანიზმში პრობლემაა?
- არც ერთ წვეთს. მშობიარობის შემდგომ თუ განვითარდა შარდის შეუკავებლობა, ეს, მშობიარობიდან პირველივე წელს უნდა დასრულდეს; თუ გაგრძელდა, მაშინ გინეკოლოგის შესაბამისი ჩართულობაა საჭირო. მაგალითად საფრანგეთში, მშობიარობის შემდგომი სამშობიარო გზების კუნთების რეაბილიტაცია სახელმწიფო პროგრამაში შედის და ყველა ნამშობიარებ ქალს ამ პროცედურებს უტარებენ მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
- ხველება, ცემინება, სიცილი, ხტუნვა ან მძიმე ჩანთის აწევა – რატომ ხდება, რომ სწორედ ამ ფიზიკური დატვირთვის დროს ვერ იმორჩილებს ორგანიზმი შარდის ბუშტს?
- მენჯის ფსკერის კუნთების, ანუ მენჯის დიაფრაგმის როლია დაიჭიროს შარდის ბუშტი, საშო და საშვილოსნო დანამატებით, სწორი ნაწლავი და ამ ანატომიურ ნაწილებზე ზემწოლი ნაწლავები; აიტანოს ხველებით, ცემინებით, სიცილით, ხტუნვით, ჭინთვით და დახრისას გამოწვეული წნევა. როდესაც არის მენჯის ფსკერის დისფუნქცია, რასაც მრავლობითი მიზეზი აქვს: ორსულობების შეწყვეტა ანამნეზში, ლაქტაციის პერიოდის შემცირება, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, მავნე ჩვევები, ქრონიკული ხველა, ცხოვრების პასიური რეჟიმი, არარეგულარული სქესობრივი კონტაქტი, გართულებული მშობიარობა, გინეკოლოგიური ოპერაციები, ანთებითი დაავადებები, საკეისრო კვეთა და ასაკი – მაშინ ამ ფუნქციის შესრულებას სწორედ ამ დაძაბვით ანუ სტრესულ მომენტებში ვერ ახერხებს.
მშობიარობას და მშობიარობის დროს მიღებულ ტრავმებს წამყვანი როლი აქვს: საშოს კედლები მეტისმეტად გადაიწელება, ზიანდება საშოს კუნთები და ურეთრა, ასევე ვითარდება მათი დაწევა, რაც იწვევს ურეთრის სფინქტერების ფუნქციის მოშლას. ნორმაში ურეთრის ორივე სფინქტერი, ანუ შარდის შემაკავებელი კუნთოვანი რგოლი იხურება და შარდი არ იკარგება, მაგრამ, როდესაც ნაყოფი საშოში გამოივლის, აზიანებს ამ ნაწილს და სფინქტერები სრულფასოვნად აღარ იხურება; ამიტომაც, ქალმა შეიძლება შარდი დაკარგოს მუცლის ღრუში დიდი წნევის შექმნის დროს, მაგალითად, დახველების, დაცემინების, სიცილის, ხტუნვის ან დაკუზვის დროს.

ქალს თუ არასდროს არ უმშობიარია, ასაკში ეს პრობლემა მაინც შეიძლება გაუჩნდეს, ვინაიდან ქალის უმთავრესი ჰორმონი – ესტროგენი ასაკთან ერთად სულ უფრო ნაკლებია ორგანიზმში, ხოლო მენოპაუზის შემდეგ, აღარ გამომუშავდება. ესტროგენი პირდაპირ კავშირშია კოლაგენის და ელასტინის წარმოქმნასთან ორგანიზმში, ხოლო კოლაგენი და ელასტინი არის მთავარი სიმყარის, შეკავშირების და სიმჭიდროვის შემქმნელი. „კოლა“ ნიშნავს წებოს; ასაკთან ერთად იკარგება ესტროგენი, ესტროგენის კარგვა იწვევს კოლაგენის კარგვას, კოლაგენის კარგვა კი იწვევს ქსოვილების მოდუნებას და ამ ჯაჭვს მივყავართ შარდის შეუკავებლობამდე.
- ხშირად ქალებს ჰგონიათ, რომ უნებლიე შარდვა მხოლოდ ასაკიანი ქალების პრობლემაა ან მშობიარობის შემდგომი დროებითი გართულება. სინამდვილეში, რამდენად ხშირად მიმართავენ ამ ჩივილით ახალგაზრდა, ნამშობიარები ან სულაც არა ნამშობიარები ქალები?
- შარდის შეუკავებლობა ნამშობიარებ ახალგაზრდა ქალს შეიძლება ჰქონდეს 10% შემთხვევაში, თუმცა, ძირითადად, საკეისროს შემდეგ 16%, და მშობიარობის შემდეგ 21% შემთხვევაში ვითარდება; პერიმენოპაუზაში და მენოპაუზის შემდეგ 36%-ზე მეტ შემთხვევაშია. არა ნამშობიარებ ახალგაზრდა ქალს 5%, პერიმენოპაუზაში 15-25% ან მენოპაუზის შემდეგ 25-40%.
- რა როლს თამაშობს მენოპაუზა და ჰორმონალური დისბალანსი (მაგალითად, ესტროგენების კლება) ამ პრობლემის გამწვავებაში და შესაძლებელია თუ არა პრევენცია მანამ, სანამ ეს პერიოდი დადგება?
- მენოპაუზის დროს ორგანიზმში იკლებს ესტროგენების დონე. ესტროგენების რეცეპტორები შარდის ბუშტში და ურეთრაშიცაა, ანუ აქაც, რასაკვირველია, საჭიროა კოლაგენი და ელასტინი. როდესაც ესტროგენი აღარ არის ორგანიზმში, კოლაგენი ბერდება და ახალიც არ წარმოიქმნება. ურეთრის და საშოს ლორწოვანი გარსი თხელდება, მცირდება ქსოვილების ელასტიკურობა და სისხლმომარაგება, სუსტდება მენჯის ფსკერის დამჭერი სტრუქტურები. თუმცა, ყველას მენოპაუზაში ეს პრობლემა არ აქვს; ამას განსაზღვრავს გენეტიკური განწყობა, მშობიარობების რაოდენობა და მიმდინარეობა, ჭარბი წონა, ქრონიკული ხველა, ყაბზობა, ფიზიკური აქტივობა და ცხოვრების წესი. მენოპაუზისთვის მომზადება მხოლოდ ჰორმონულ ცვლილებებზე ზრუნვას არ ნიშნავს - მენჯის ფსკერის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახალგაზრდა ასაკიდანვე მნიშვნელოვნად ამცირებს მომავალში უნებლიე შარდვის განვითარების ან მისი დამძიმების რისკს.

- როდესაც პაციენტი ამ ჩივილით მოდის, მკურნალობის რა ეტაპებს გადიხართ? საიდან იწყება პრობლემის მოგვარება – კეგელის ვარჯიშებით, ცხოვრების წესის შეცვლით, თუ არის შემთხვევები, როცა ოპერაციული ჩარევა ერთადერთი გამოსავალი?
- ამ დროს პირველი რიგის რჩევებია: ცხოვრების წესის შეცვლა, წონის კლება, კოფეინის მოხმარების შემცირება (ურგენტული შარდის შეუკავებლობის დროს; სტრესული შარდის შეუკავებლობის დროს – არა), სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება, შარდის ბუშტის ტრენირება, მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიში (მათ შორის მშობიარობის შემდეგ; მიღებული და გამოყოფილი შარდის რაოდენობის კონტროლს დაბალი ხარისხის მტკიცებულებები აქვს და ასევე პრეპარატებით მკურნალობა.
მეორე რიგის მკურნალობაა (როდესაც არაეფექტურია კონსერვატიული თერაპია) ქირურგიული მკურნალობის მეთოდები. ამას გარდა კეთდება ლაზერი საშოს კედლებში (კოლაგენოსტიმულაცია, და აქ მნიშვნელოვანია რა ტიპის ლაზერს გამოვიყენებთ), INDIBA რადიოსიხშირული თერაპია, APTOS ძაფები, პლაზმოთერაპია, ჰიალურონის ინექცია, მიოსტიმულაცია.
- ბევრ ქალს უბრალოდ რცხვენია ამ თემაზე საუბარი და წლობით იტანჯება. რა ფსიქოლოგიურ და სოციალურ გავლენას ახდენს ეს პრობლემა ქალის ყოველდღიურობაზე და რას ეტყოდით მათ, ვინც ექიმთან მისვლას აყოვნებს?
– უნებლიე შარდვა არ არის ის მდგომარეობა, რომელსაც აუცილებლად უნდა შეეგუოს ქალი. პაციენტებისგან ხშირად მსმენია სიტყვები: „მაგიჟებს ეს მდგომარეობა“, ან „თავის მოკვლა მინდა“, ან „აღარსად აღარ მინდა წასვლა ამ პრობლემის გამო“. ამიტომ, სიჩუმე ამ პრობლემას არ აგვარებს, ხოლო დროული კონსულტაცია ხშირად მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. ექიმთან ერთი ვიზიტი შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ქალმა კვლავ იგრძნოს თავისუფლება, თავდაჯერებულობა და კომფორტი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

- ვისაუბროთ მეორე, არანაკლებ გავრცელებულ პრობლემაზე – ცისტიტზე. ხშირად შარდის უნებლიე კარგვასა და ცისტიტს ერთმანეთთან აიგივებენ ან ერთმანეთში ურევენ. შეიძლება თუ არა ქრონიკულმა ცისტიტმა გამოიწვიოს შარდის ბუშტის ჰიპერაქტიურობა?
- დიახ, ხშირმა შარდის ბუშტის ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიონ შარდის ბუშტის კედლების გაღიზიანება და შემდგომ – შარდის ურგენტული შეუკავებლობა.
- მწვავე ცისტიტის დროს ქალები ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას – მეზობლის რჩევით სვამენ ანტიბიოტიკს. რატომ არის ეს მიდგომა სახიფათო და რა გართულებებამდე შეიძლება მივიდეთ?
- ანტიბიოტიკი არ არის უნივერსალური საშუალება შარდვის ნებისმიერი დისკომფორტისთვის. სწორი დიაგნოზი და ექიმის მიერ შერჩეული მკურნალობა არა მხოლოდ მიმდინარე ეპიზოდის სწრაფად განკურნებას, არამედ მომავალში გართულებებისა და განმეორებითი ინფექციების თავიდან აცილებასაც უწყობს ხელს.
- არსებობს ე.წ. „თაფლობის თვის ცისტიტი“, რომელიც სქესობრივ აქტთან არის დაკავშირებული. რატომ მწვავდება პრობლემა სექსუალური ცხოვრების დროს და რა ჰიგიენური თუ სამედიცინო წესების დაცვაა საჭირო მის თავიდან ასაცილებლად?
- დიახ, პოსტკოიტალური ან სქესობრივი აქტის შემდგომი ცისტიტი ხშირია. პასუხი მარტივია: საშოსა და ურეთრას შორის 2-3 სანტიმეტრია დაშორება, საშოსა და ანუსს შორის 3-5 სანტიმეტრი; ამიტომ, სქესობრივი აქტის დროს რა მიკროორგანიზმებიცაა ანუსში, მარტივად გადმოდიან საშოში და საშოდან ურეთრაში.
- რამდენად დიდია კავშირი ქალის გინეკოლოგიურ ჯანმრთელობასა (ვაგინალური მიკროფლორა, დისბაქტერიოზი, ინფექციები) და ცისტიტის ხშირ რეციდივებს შორის? რატომ ვერ იკურნება ცისტიტი საბოლოოდ, თუ გინეკოლოგიური ფონი მოწესრიგებული არ არის?
- ცისტიტი არის გინეკოლოგიური დაავადება; ქალებში მორეციდივე ცისტიტის რისკ-ფაქტორები გინეკოლოგიურია: ანატომიური თავისებურებები, სექსუალური აქტივობა, ურეთრის გარეთა ხვრელის ექტოპია, ურეთრის ჰიპერმობილობა, ორსულობა და პოსტმენოპაუზა. ინფექციური დაავადებები ვითარდება მენჯის ფსკერის დისფუნქციებისგან. განუწყვეტელი ანტიბიოტიკოთერაპია არ არის საკმარისი მორეციდივე ცისტიტის საპროფილაქტიკოდ; მნიშვნელოვანია მოიხსნას დისბიოზის მიზეზი საშოშიც და შარდის ბუშტშიც.
- რამდენად მოქმედებს ჭარბი წონა, ყავის, გაზიანი სასმელების ან ცხარე საკვების სიყვარული როგორც ცისტიტის გაღიზიანებაზე, ისე შარდის შეუკავებლობაზე?
- ჭარბი წონა და სიმსუქნე მნიშვნელოვან როლს თამაშობს შარდის სტრესულ შეუკავებლობაში; სხეულის წონის შემცირებას ხშირად თან ახლავს სიმპტომების შესამჩნევი გაუმჯობესებაც. კოფეინი აღიზიანებს შარდის ბუშტს და შარდმდენი ეფექტიც აქვს. ცხარე საკვები, ციტრუსები და ალკოჰოლი ინდივიდუალურად მოქმედებს ყველა ადამიანზე.

- დასასრულს, რა არის ის ოქროს წესები – ერთგვარი გზამკვლევი ქალებისთვის, რაც დაეხმარებათ მენჯის ფსკერის კუნთების ტონუსის შენარჩუნებაში და საშარდე გზების ინფექციების პრევენციაში ნებისმიერ ასაკში?
– რეგულარულად ავარჯიშეთ მენჯის ფსკერის კუნთები. კეგელის ვარჯიშები და მენჯის ფსკერის ღრმა კუნთებისთვის სუნთქვითი ვარჯიშები, რომლებიც შეიძლება იოგაში ან პილატესში შეგხვდეთ, ეფექტურია როგორც შარდის შეუკავებლობის პრევენციისთვის, ისე საწყის ეტაპზე მისი მკურნალობისთვის. შეინარჩუნეთ ჯანსაღი სხეულის წონა, იყავით ფიზიკურად აქტიური, მაგრამ მოერიდეთ ისეთ დატვირთვას, რომელიც მენჯის ფსკერზე ზედმეტ ზეწოლას ახდენს, თუ ამის მიმართ უკვე გაქვთ მიდრეკილება. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი. არ შეიკავოთ შარდი დიდი ხნის განმავლობაში, დაიცავით სწორი ინტიმური ჰიგიენა, მოერიდეთ თვითნებურ ანტიბიოტიკოთერაპიას. მენოპაუზის პერიოდში ნუ უგულებელყოფთ ახალ სიმპტომებს. დროული კონსულტაცია ხშირად საშუალებას გვაძლევს, მარტივი და ეფექტური მკურნალობით თავიდან ავიცილოთ პრობლემის პროგრესირება.