საკვერცხის კისტა მოზარდ გოგონებში: საოპერაციო „განაჩენი“ თუ უვნებელი მდგომარეობა?
ამ პერიოდში მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევისას ხშირად ვხვდებით დიაგნოზს - „საკვერცხის კისტა“. რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა, რა დროს არის საჭირო ქირურგიული ჩარევა და როგორ უნდა მართონ პროცესი მშობლებმა?
ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი სალომე საბულუა გვპასუხობს.
- მოგესალმებით. პირველ რიგში, განვმარტოთ, რა არის საკვერცხის კისტა და რატომ იჩენს ის თავს მაინცდამაინც მოზარდობის (პუბერტატულ) პერიოდში?
- მოგესალმებით. მარტივად რომ ვთქვათ, საკვერცხის კისტა არის სითხით სავსე თხელკედლიანი პარკი, რომელიც საკვერცხის შიგნით ყალიბდება. მოზარდობის ასაკში მისი განვითარების მთავარი მიზეზი ჰორმონალური დისბალანსია.
ამ პერიოდში რეპროდუქციული სისტემა იწყებს გამართულ მუშაობას, მენსტრუალური ციკლი კი ხშირად ანოვულატორულია (ოვულაციის გარეშე მიმდინარეობს). შედეგად, დომინანტური ფოლიკული, რომელიც უნდა გასკდეს და კვერცხუჯრედი გამოათავისუფლოს, ზოგჯერ აგრძელებს ზრდას და გარდაიქმნება კისტად. ამას ჩვენ ფუნქციონალურ კისტას ვუწოდებთ.
- დიაგნოზის გაგებისას მშობლების პირველი რეაქცია თითქმის ყოველთვის შიში და საოპერაციო მაგიდაზე ფიქრია. არის თუ არა კისტა ყოველთვის „საოპერაციო განაჩენი“?
- კატეგორიულად არა. მოზარდებში აღმოჩენილი კისტების აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 80-90%) სწორედ ფუნქციონალური ხასიათისაა. ეს არის უვნებელი, დროებითი მდგომარეობა. ასეთი კისტები არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და ხშირად არც მედიკამენტურ მკურნალობას.
ჩვენ ვირჩევთ ე.წ. მოლოდინისა და დაკვირვების ტაქტიკას. პაციენტს ვუტოვებთ რეკომენდაციებს და 2-3 მენსტრუალური ციკლის შემდეგ ვნიშნავთ განმეორებით ექოსკოპიას. როგორც წესი, ამ დროში კისტა თავისით, ყოველგვარი კვალის გარეშე გაიწოვება ხოლმე.

- მაშ როდის ხდება მდგომარეობა საყურადღებო? რა კრიტერიუმებით წყდება ოპერაციის აუცილებლობა?
- ქირურგიული ჩარევის საკითხი დღის წესრიგში დგება მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს არა ფუნქციონალურ, არამედ ორგანულ კისტებთან. ეს არის წარმონაქმნები, რომლებიც თავისით არასოდეს ქრებიან. მოზარდებში ყველაზე ხშირად გვხვდება ნაყოფის განვითარების პერიოდიდან ჩასახული დერმოიდული კისტები (რომლებიც შეიძლება შეიცავდნენ თმას, ცხიმოვან ქსოვილს და ა.შ.) და ენდომეტრიომები.
საოპერაციო კრიტერიუმები ასე გამოიყურება:
-
კისტის დიდი ზომა (როგორც წესი, 5-6 სანტიმეტრზე მეტი), რაც ზრდის საკვერცხის შემოგრეხის რისკს.
-
კისტის სტრუქტურა - თუ ის მკვრივია, აქვს ტიხრები ან მყარი კომპონენტები.
-
დინამიკაში ზრდის ტენდენცია 3-6-თვიანი დაკვირვებისას.
- რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, რომ არ გამოეპაროს მწვავე მდგომარეობა?
- ფუნქციონალური კისტები ხშირად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მათ შემთხვევით, გეგმიურ კვლევაზე აღმოაჩენენ ხოლმე. თუმცა, მშობელი ყურადღებით უნდა იყოს, თუ გოგონას აღენიშნება:
-
მწვავე, უეცარი ტკივილი მუცლის ქვედა არეში (რაც შეიძლება კისტის გასკდომაზე ან საკვერცხის შემოგრეხვაზე მიანიშნებდეს).
-
ყრუ, მუდმივი ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება მცირე მენჯის არეში.
-
მენსტრუალური ციკლის მკვეთრი დარღვევა.
-
ტკივილი, რომელსაც თან ახლავს გულისრევა, პირღებინება ან ტემპერატურის მატება.
ნებისმიერი ამ სიმპტომის არსებობისას კლინიკას დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ.
- როგორია თანამედროვე მიდგომა, თუ ოპერაცია მაინც გარდაუვალია? საფრთხეს უქმნის თუ არა ეს გოგონას მომავალ დედობას?
- ეს მშობლების ყველაზე დიდი შიშია, თუმცა მინდა დავამშვიდო ისინი: თანამედროვე მედიცინა მაქსიმალურად დამზოგავია. დღეს ოპერაციები ტარდება ლაპარასკოპიული მეთოდით - განაკვეთის გარეშე.
ჩვენი მთავარი ოქროს სტანდარტია ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია (ცისტექტომია). ეს ნიშნავს, რომ ხდება მხოლოდ კისტის მოკვეთა და საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილი მაქსიმალურად ნარჩუნდება. შესაბამისად, გოგონას რეპროდუქციულ ფუნქციას და მის მომავალ დედობას საფრთხე არ ემუქრება.
- და ბოლოს, რას ურჩევდით მშობლებს, როგორ აარიდონ თავი ზედმეტ სტრესს?
- მთავარი რეკომენდაციაა - ნუ ჩაატარებთ თვითმკურნალობას და ნუ დაიწყებთ დიაგნოზების ძებნას ინტერნეტში, რადგან ეს მხოლოდ პანიკას იწვევს.
პრევენციის საუკეთესო გზა არის მენსტრუალური ციკლის დაწყების შემდეგ (მენარხე), წელიწადში ერთხელ, გოგონას პროფილაქტიკური ვიზიტი ბავშვთა გინეკოლოგთან და მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა. ეს მარტივი ნაბიჯი დაგეხმარებათ, ნებისმიერი ფიზიოლოგიური პროცესი კონტროლზე გყავდეთ და ზედმეტი ნერვიულობა თავიდან აიცილოთ.