ბავშვთა გინეკოლოგია: ჰიგიენა, გამონადენი და ნაადრევი პუბერტატი – რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გადამეტებული ჰიგიენის რისკები, ვულვის ლორწოვანის დაზიანება და მზადება პირველი მენსტრუაციისთვის - პროფესორ ელენე ასანიძის კლინიკური რეკომენდაციები დედებს

ვულვოვაგინიტის გამომწვევი მიზეზები, საყურადღებო გამონადენი და ნაადრევი პუბერტატი 8 წლამდე გოგონებში: რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა?

გოგონას რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბავშვობიდანვე იწყება, თუმცა ბავშვთა გინეკოლოგია მშობლებისთვის ხშირად მაინც უხერხულ ან შიშის მომგვრელ თემად რჩება. რა ასაკში უნდა მივიყვანოთ შვილი ექიმთან პირველად? როგორ ავიცილოთ თავიდან გავრცელებული შეცდომები ჰიგიენის დროს და რა უნდა ვიცოდეთ სინექიის, ნაადრევი პუბერტატისა თუ HPV ვაქცინაციის შესახებ?

გვესაუბრება ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი და თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი - ელენე ასანიძე

- ქალბატონო ელენე, რა ასაკშია რეკომენდებული გოგონას პირველად მიყვანა ბავშვთა გინეკოლოგთან, თუკი მანამდე მშობელს რაიმე საეჭვო სიმპტომი არ შეუმჩნევია?

- თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით, თუ გოგონას არ აღენიშნება ჩივილები ან საეჭვო სიმპტომები, ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგთან პირველი გეგმური კონსულტაცია მიზანშეწონილია მოზარდობის პერიოდში, 13–15 წლის ასაკში. ამ ვიზიტის მიზანია კლინიკური შეფასება, ინფორმირება და ექიმთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ექიმი აფასებს სქესობრივი განვითარების მიმდინარეობას, მენსტრუალურ ფუნქციას და აძლევს ასაკისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამის რეკომენდაციებს.

ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგთან მიმართვა აუცილებელია ნებისმიერ ასაკში, თუ აღინიშნება უჩვეულო გამონადენი საშოდან, ტკივილი, ქავილი, გარეთა სასქესო ორგანოების სიწითლე ან ტრავმა, სქესობრივი განვითარების ნიშნების გამოვლენა 8 წლამდე ასაკში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები ან სხვა საეჭვო სიმპტომები. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სპეციალისტის დროული და ინდივიდუალური შეფასება.

ginekologtan-viziti-1782821810.jpg

- რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც დედები უშვებენ მცირე ასაკის გოგონების გენიტალიების ჰიგიენის დროს და როგორ უნდა მოვუაროთ ბავშვს სწორად?

- ყველაზე გავრცელებული შეცდომა გადამეტებული ჰიგიენაა. მშობლები ხშირად იყენებენ სურნელოვან საპონს, სველ ხელსახოცებს, ანტისეპტიკურ ხსნარებს ან მიმართავენ ხშირ ჩაბანას, რამაც შესაძლოა დაარღვიოს კანისა და ლორწოვანი გარსების ბუნებრივი დამცავი ბარიერი და გამოიწვიოს გაღიზიანება, ქავილი ან ანთება.

მცირე ასაკის გოგონებში ყოველდღიური მოვლისთვის საკმარისია თბილი გამდინარე წყლით დაბანა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვისთვის განკუთვნილი საპნის ან ნაზი გამწმენდი საშუალების გამოყენება, თუმცა მხოლოდ გარეთა მიდამოში და მცირე რაოდენობით. ჩაბანა უნდა მოხდეს ხელით, ნაზად, ღრუბლისა და ხეხვის გარეშე, წინიდან უკან მიმართულებით, რათა ნაწლავის ბაქტერიები არ მოხვდეს სასქესო ორგანოების მიდამოში. სასურველია ბამბის საცვლისა და თავისუფალი ტანსაცმლის გამოყენებაც.

თუ ბავშვს აღენიშნება უჩვეულო გამონადენი, უსიამოვნო სუნი, ქავილი, სიწითლე ან წვა შარდვისას, თვითმკურნალობა არ არის რეკომენდებული და საჭიროა სპეციალისტის შეფასება.

- მცირე ასაკის გოგონებში ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა მცირე სასქესო ბაგეების შეზრდაა (სინექია). რა იწვევს მას, როგორ უნდა შეამჩნიოს მშობელმა და მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება დღეს?

- სასქესო ბაგეების სინექია არის მდგომარეობა, როდესაც მცირე სასქესო ბაგეები ნაწილობრივ ან სრულად ერწყმის ერთმანეთს. ის ყველაზე ხშირად ადრეული ასაკის გოგონებში გვხვდება და, როგორც წესი, დაკავშირებულია ამ ასაკისთვის დამახასიათებელ ესტროგენის დაბალ დონესთან. დამატებით ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს ადგილობრივი გაღიზიანება, ანთება ან არასათანადო ან გადამეტებული ჰიგიენა.

higiena-gogona-1782822360.jpg

ხშირად ნაწილობრივი სინექია უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ვლინდება პედიატრის ან ბავშვთა გინეკოლოგის გასინჯვისას. სიმპტომების შემთხვევაში მშობელმა შეიძლება შენიშნოს დისკომფორტი შარდვის დროს, ტირილი მოშარდვამდე ან შემდეგ, შარდის ნაკადის მიმართულების შეცვლა, შარდვის შემდეგ წვეთვა ან, იშვიათად, შარდვის გაძნელება.

მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, სინექიის ხარისხსა და სიმპტომების არსებობაზე. უსიმპტომო ან მსუბუქ შემთხვევებში ხშირად საკმარისია დაკვირვება, პუბერტატულ პერიოდში, როდესაც ორგანიზმში იმატებს ესტროგენების დონე, სინექია ხშირად თვითნებურად განიცდის უკუგანვითარებას. სიმპტომურ შემთხვევებში ექიმის დანიშნულებით შეიძლება გამოყენებული იქნას ადგილობრივი ესტროგენშემცველი ან სტეროიდული მალამო/კრემი. ქირურგიული ჩარევა ძალიან იშვიათად არის საჭირო, მხოლოდ მძიმე ან მკურნალობაზე რეზისტენტულ შემთხვევებში.

სასქესო ბაგეების ძალით დაშორება ან მექანიკური გაყოფა დაუშვებელია. ასეთი ჩარევა იწვევს ტკივილს, ქსოვილის ტრავმას, რეციდივის რისკის ზრდას და ბავშვის ფსიქოლოგიურ სტრესს.

- რამდენად ნორმალურია გამონადენი სასქესო გზებიდან პუბერტატამდელ ასაკში და რა სიმპტომების (სუნი, ქავილი) დროს უნდა მივმართოთ ექიმს?

- პრეპუბერტატულ ასაკში საშოდან გამონადენი ყოველთვის ყურადღებით უნდა შეფასდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ახლავს უსიამოვნო სუნი, ქავილი, სიწითლე ან დისკომფორტი. თუმცა პუბერტატის დაწყების პერიოდში, მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ესტროგენების ზემოქმედებით შესაძლებელია მცირე რაოდენობით გამჭვირვალე ან მოთეთრო, უსუნო გამონადენი, რაც ჰორმონულ ცვლილებებს უკავშირდება.

ექიმთან მიმართვა აუცილებელია, თუ გამონადენს აქვს უსიამოვნო სუნი, არის ყვითელი, მომწვანო ან სისხლიანი, ახლავს ქავილი, ტკივილი, წვა, შეწითლება, შარდვის გაძნელება ან სხეულის ტემპერატურის მომატება. სპეციალისტის შეფასება საჭიროა ასევე საშოში უცხო სხეულის არსებობის ეჭვის შემთხვევაში.

აღნიშნულ შემთხვევებში თვითმკურნალობა რეკომენდებული არ არის. დროული მიმართვა სპეციალისტთან უზრუნველყოფს სწორ დიაგნოზსა და შესაბამის მკურნალობას.

mensruai-1782822555.jpg

- რამდენად მოქმედებს ბავშვის კვება (მაგალითად, ტკბილეული, ციტრუსი), ტანსაცმლის ქსოვილი ან სარეცხი საშუალებები გინეკოლოგიურ ჯანმრთელობაზე და რა არის ვულვოვაგინიტი?

- ვულვოვაგინიტი ბავშვთა ასაკში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემაა და გულისხმობს გარეთა სასქესო ორგანოებისა და საშოს მიდამოს ანთებას ან გაღიზიანებას.

მის განვითარებას ხელს უწყობს არასწორი ან გადამეტებული ჰიგიენა, სინთეტიკური ან მჭიდრო ტანსაცმელი, ხანგრძლივი ტენიანობა, სურნელოვანი საპონი, სარეცხი საშუალებები და ზოგ შემთხვევაში ყაბზობა. ღამის ქავილის შემთხვევაში ასევე საჭიროა ენტერობიოზის ან სხვა ჰელმინთოზის გამორიცხვა.

ტკბილეული ან ციტრუსი ვულვოვაგინიტის განვითარების პირდაპირ მიზეზად არ განიხილება. აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი კვება, ნორმალური წონის შენარჩუნება, ბამბის საცვალი, თავისუფალი ტანსაცმელი და გამაღიზიანებელი საშუალებების თავიდან აცილება მნიშვნელოვანია ბავშვის საერთო ჯანმრთელობისთვის.

- რა ასაკი მიიჩნევა ოპტიმალურად გოგონებში პუბერტატის დასაწყისისთვის და რა ფიზიოლოგიური ცვლილებები მიანიშნებს პროცესის დაწყებაზე?

- გოგონებში პუბერტატის დაწყება ნორმად 8–13 წლის ასაკში მიიჩნევა. მისი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი, როგორც წესი, სარძევე ჯირკვლების განვითარებაა, ე.წ. ტელარხე. ამის შემდეგ შესაძლოა თანდათან გაჩნდეს თმიანობა ბოქვენისა და იღლიის მიდამოში, შეიცვალოს სხეულის პროპორციები და დაიწყოს სიმაღლეში ზრდის აჩქარება.

მენარხე, ანუ პირველი მენსტრუაცია, ჩვეულებრივ დგება სარძევე ჯირკვლების განვითარების დაწყებიდან დაახლოებით 2–3 წლის შემდეგ. მენარხედან პირველი 1- 2 წლის განმავლობაში მენსტრუალური ციკლი შესაძლოა ჯერ კიდევ არ იყოს რეგულარული, რაც უმეტეს შემთხვევაში ფიზიოლოგიურია.

გინეკოლოგის შეფასება საჭიროა, თუ პუბერტატის ნიშნები იწყება 8 წლამდე, თუ 13 წლის ასაკისთვის სარძევე ჯირკვლების განვითარება არ აღინიშნება, თუ მენსტრუაცია არ დაწყებულა 15 წლის ასაკისთვის ან ტელარქედან 3 წლის შემდეგ.

- რა ითვლება ნაადრევ პუბერტატად და რა ნიშნებზე (მაგალითად, სარძევე ჯირკვლების ნაადრევი ზრდა, თმიანობა) უნდა გაამახვილოს მშობელმა ყურადღება 7-8 წლამდე ასაკში?

- გოგონებში ნაადრევ პუბერტატად ითვლება მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება 8 წლამდე ასაკში. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს სარძევე ჯირკვლების ნაადრევ ზრდას, ბოქვენისა და იღლიის მიდამოში თმიანობის გაჩენას, სიმაღლეში სწრაფ მატებას, სხეულის სუნის მკვეთრ ცვლილებას, აკნეს, საშოდან გამონადენს ან მენსტრუაციის დაწყებას.

დიაგნოსტიკა მოიცავს ბავშვთა გინეკოლოგის კლინიკურ შეფასებას, სიმაღლეში ზრდის ტემპის შეფასებას, ძვლოვანი ასაკის განსაზღვრას, საჭიროების შემთხვევაში ჰორმონულ კვლევებს და ინდივიდუალური ჩვენებით ულტრაბგერით ან სხვა დამატებით გამოკვლევებს.

- როგორ უნდა მოამზადოს დედამ გოგონა პირველი მენსტრუაციისთვის?

- გოგონამ მენსტრუაციის შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღოს მანამდე, სანამ ის დაიწყება, სასურველია დაახლოებით 8-10 წლის ასაკიდან ან სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე.

papiloma-1782823032.webp

მნიშვნელოვანია ავუხსნათ, რომ მენსტრუაცია ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია და არა შიშის ან სირცხვილის მიზეზი. ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ გამოიყენოს ჰიგიენური საფენი და როგორ დაიცვას პირადი ჰიგიენა.

პრაქტიკული თვალსაზრისით სასურველია, გოგონას ჰქონდეს პატარა ჰიგიენური ჩანთა, რომელშიც იქნება საფენი და სათადარიგო საცვალი.

- პირველი მენსტრუაციის მოსვლიდან რა პერიოდის განმავლობაში ითვლება ციკლის არარეგულარულობა ნორმად და როდის ხდება საჭირო ჩარევა?

პირველი მენსტრუაციის შემდეგ ციკლი ხშირად არ არის სრულად რეგულარული, რადგან ჰორმონული სისტემა ჯერ კიდევ მომწიფების პროცესშია. მენარხედან პირველი 1-3 წლის განმავლობაში მენსტრუაციათაშორის ინტერვალი, როგორც წესი, შეიძლება იყოს 21-45 დღე, ხოლო მენსტრუაცია ჩვეულებრივ გრძელდება 2-7 დღე. დროთა განმავლობაში ციკლი უფრო რეგულარული ხდება და დაახლოებით 3 წლის შემდეგ უმეტესად 21-35 დღიან ინტერვალს უახლოვდება.

გინეკოლოგთან ვიზიტი საჭიროა, თუ ციკლი ხშირად 21 დღეზე ნაკლებია ან 45 დღეზე მეტია, მენსტრუაცია 90 დღეზე მეტი ხნით შეწყდა, სისხლდენა გრძელდება 7 დღეზე მეტხანს, ან იმდენად ჭარბია, რომ ჰიგიენური საფენის შეცვლა საჭიროა ყოველ 1–2 საათში. გარდა ამისა, საყურადღებოა კოლტების არსებობა მენსტრუაციის დროს, სისუსტე, თავბრუსხვევა, ანემიის ნიშნები, ძლიერი ტკივილი, რომელიც ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ან თანმხლები ნიშნები, როგორიცაა გამოხატული აკნე, ჭარბთმიანობა ან ჭარბი წონა.

- როგორ მოქმედებს გოგონას წონა (ჭარბი წონა ან, პირიქით, მკაცრი დიეტები/წონის დეფიციტი) პუბერტატის დაწყებასა და ჰორმონალური ფონის ჩამოყალიბებაზე?

- გოგონას წონა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პუბერტატსა და მენსტრუალური ფუნქციის ჩამოყალიბებაზე. ჭარბი წონა ასოცირებულია პუბერტატის უფრო ადრეულ დაწყებასთან და მომავალში შესაძლოა მენსტრუალური ციკლის დარღვევებისა და ჰორმონული დისბალანსის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყოს.

მეორე მხრივ, წონის დეფიციტი, მკაცრი დიეტები, სწრაფი წონის კლება ან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა არასაკმარისი კვების ფონზე შეიძლება გახდეს პუბერტატის დაგვიანების, ციკლის დარღვევის ან მენსტრუაციის შეწყვეტის მიზეზი.

ხშირ შემთხვევაში სრულფასოვანი კვება და წონის ინდივიდუალურად ჯანსაღ დიაპაზონში დაბრუნება ხელს უწყობს ციკლის რეგულაციას. თუმცა ციკლის შეწყვეტის ან მკვეთრი წონის ცვლილების შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის შეფასება.

- რა არის ბავშვთა გინეკოლოგის მთავარი რჩევა დედებისთვის - როგორ ვასწავლოთ გოგონებს საკუთარი სხეულის მოვლა და როგორ ავიცილოთ თავიდან სამომავლოდ რეპროდუქციული პრობლემები?

- ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება. გოგონამ პატარაობიდანვე უნდა იცოდეს, რომ სხეულზე საუბარი ბუნებრივია და ნებისმიერ კითხვაზე შეუძლია მშობელს ან ექიმს მიმართოს.

ასევე მნიშვნელოვანია ბავშვს ვასწავლოთ პირადი ჰიგიენა, საკუთარი სხეულის პატივისცემა, პირადი საზღვრების დაცვა და რეგულარული პრევენციული სამედიცინო შეფასებების მნიშვნელობა. ჯანმრთელი ჩვევები ბავშვობიდან საუკეთესო ინვესტიციაა მომავალი რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის.

- აუცილებლად გკითხავთ პაპილომა ვირუსის აცრაზე, რომელიც გოგონებს 12 წლის ასაკში უწევთ, რა რისკებისგან იცავს ეს აცრა?

- HPV-ის, ანუ ადამიანის პაპილომავირუსის, ვაქცინა თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციული ვაქცინაა. ის იცავს ვირუსის იმ ტიპებისგან, რომლებიც იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების უმრავლესობას და ასევე ამცირებს HPV-თან ასოცირებული სხვა დაავადებების (ვულვის, საშოს, ანუსისა და პირ-ხახის ზოგიერთი სიმსივნის) განვითარების რისკს.

გარდა ამისა, ვაქცინა იცავს გენიტალური მეჭეჭებისგან. მისი ეფექტურობა ყველაზე მაღალია მაშინ, როდესაც აცრა ტარდება HPV-თან შესაძლო კონტაქტამდე, ანუ სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია ვაქცინაცია მოზარდობის ასაკში, ჩვეულებრივ 9–14 წლის პერიოდში.

acra-1782822601.jpg

მრავალწლიანი დაკვირვებებით დადასტურებულია, რომ HPV-ის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, რის გამოც იგი ფართოდ რეკომენდებულია საშვილოსნოს ყელის კიბოსა და HPV-თან ასოცირებული სხვა დაავადებების პრევენციისთვის.

დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრევენციულ მიდგომას. დროული შეფასება, სწორი რეკომენდაციები და ინფორმირება ხელს უწყობს გოგონას ჯანსაღ განვითარებას, საკუთარი სხეულისადმი სწორ დამოკიდებულებას და მომავალში რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვას.