ნუ იტანჯებით ჩუმად - როგორ ვმართოთ პრემენსტრუალური სინდრომი?
მაგრამ როდესაც სიმპტომები იმდენად მძაფრი ხდება, რომ ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმე გვაქვს პრემენსტრუალურ დისფორიულ აშლილობასთან (PMDD). ამ დროს ემოციური ცვლილებები, შფოთვა და გაღიზიანება თვეში დაახლოებით ორ კვირას გრძელდება.
როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ საკუთარ თავს? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს გაგვცემს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე ჭანტურია, რომელიც PMDD-ის მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე გვესაუბრება.
იგი ამ თემით წარდგა ადამიანის რეპროდუქტოლოგიის მსოფლიო კონგრესზე, რომელიც სექტემბერში საქართველოში ჩატარდა.
- ქალების უმეტესობას სმენია PMS-ის შესახებ, მაგრამ რა არის პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა - PMDD და რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი პრემენსტრუალური სიმპტომებისგან?
- PMS (პრემენსტრუალური სინდრომი) ფიზიკური ცვლილებების ერთობლიობაა, რომელსაც ქალების უმრავლესობა განიცდის მენსტრუაციამდე. PMDD-ის დროს წამყვანია მძაფრი ემოციური სიმპტომები: უკონტროლო გაღიზიანება, ბრაზი, შფოთვა, დეპრესია და გუნება-განწყობის უეცარი ცვალებადობა. ეს სიმპტომები იმდენად მძიმეა, რომ სერიოზულად აზიანებს ქალის ურთიერთობებს, სამუშაოსა თუ საერთო ცხოვრების ხარისხს. ისინი ყოველთვის მენსტრუაციამდე იწყება და მენსტრუაციის დაწყებისთანავე ქრება.
- რა არის პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის - PMDD-ის მიზეზი?
- PMDD პირდაპირ კავშირშია ჰორმონების - ესტროგენისა და პროგესტერონის - დონის ცვლილებასთან მენსტრუალური ციკლის მეორე, ლუთეინურ ფაზაში (ოვულაციიდან მენსტრუაციამდე პერიოდი). თუმცა, საქმე არ არის უბრალოდ ჰორმონების სიჭარბე ან ნაკლებობა. PMDD-ის მქონე ქალები გაცილებით მგრძნობიარენი არიან ამ ნორმალური ჰორმონული რყევების მიმართ, რაც გავლენას ახდენს თავის ტვინში არსებულ ნეირომედიატორებზე, კერძოდ კი სეროტონინზე, რომელიც ჩვენი გუნება-განწყობის რეგულირებაზეა პასუხისმგებელი.
- თქვენი კვლევის მიხედვით, რომელი მედიკამენტები ითვლება PMDD-ის სამკურნალო პირველი რიგის საშუალებად?
- ჩვენი კვლევა, რომელიც ეყრდნობა რანდომიზებულ კონტროლირებულ ცდებს და მეტა-ანალიზებს, ადასტურებს, რომ სელექციური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs) არის PMDD-ის ემოციური სიმპტომების სამართავად ყველაზე ეფექტური და კარგად შესწავლილი პირველი რიგის მკურნალობა.
- შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რა არის სელექციური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი და როგორ მუშაობს ის?
- სელექციური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი (SSRIs) არის მედიკამენტების კლასი, რომელიც ხშირად გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ. ისინი ზრდიან სეროტონინის დონეს ტვინში. სეროტონინი არის ქიმიური "შუამავალი" (ნეირომედიატორი), რომელიც ხელს უწყობს გუნება-განწყობის, ძილისა და მადის რეგულირებას. SSRI-ები ბლოკავს სეროტონინის „უკუმიტაცებას“ (ხელახლა შეწოვას), რის შედეგადაც მეტი სეროტონინი რჩება აქტიური ნერვულ უჯრედებს შორის. ეს სწრაფად ახდენს გუნება-განწყობის, შფოთვისა და გაღიზიანებადობის სტაბილიზაციას, რაც პრემენსტრუალური აშლილობის მთავარი პრობლემაა. ჩვენს კვლევაში ყველაზე ეფექტურად დასახელდა ფლუოქსეტინი, სერტრალინი და პაროქსეტინი.
- სელექციური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები მუდმივად უნდა მივიღოთ თუ მხოლოდ სიმპტომების გაჩენის პერიოდში?
- კვლევებმა აჩვენა, რომ მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია მიღების რეჟიმზე. ჩვენ გავაანალიზეთ ორი ძირითადი სქემა:
-
უწყვეტი დოზირება: პრეპარატი მიიღება ყოველდღიურად, მთელი ციკლის განმავლობაში.
-
ლუთეინურ-ფაზაში დოზირება: პრეპარატი მიიღება მხოლოდ მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში (დაახლოებით 14 დღე), სიმპტომების მოსალოდნელი დაწყების პერიოდში.
შედეგი ასეთია: უწყვეტმა დოზირებამ აჩვენა სიმპტომების უფრო მეტი და უკეთესი კონტროლი ლუთეინურ ფაზაში მიღებასთან შედარებით. თუმცა, ლუთეინურ ფაზაში დოზირება არის კარგი ალტერნატივა მათთვის, ვისაც გვერდითი ეფექტების შემცირება სურს და ის მაინც ეფექტურია.
- აქვს თუ არა SSRI-ებს გვერდითი ეფექტები და რამდენად უსაფრთხოა მათი გამოყენება პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის დაბალი დოზებით სამკურნალოდ?
- ზოგადად, PMDD-ის სამკურნალოდ SSRI-ები გამოიყენება შედარებით დაბალი დოზებით ვიდრე დეპრესიის დროს. ჩვენი შედეგების მიხედვით, ამ დაბალი დოზებით ისინი კარგად გადაიტანება, მინიმალური გვერდითი ეფექტებით. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მედიკამენტს შეიძლება ახლდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მსუბუქი გულისრევა ან თავის ტკივილი, მაგრამ ისინი ხშირად გარდამავალია. მნიშვნელოვანია, რომ დოზირება ყოველთვის ექიმმა დანიშნოს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.
- გარდა მედიკამენტებისა, რა როლი აქვს კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის მკურნალობაში?
- კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ძალიან მნიშვნელოვანი არა-ფარმაკოლოგიური მიდგომაა. ის პაციენტს ეხმარება სიმპტომებთან გამკლავების მექანიზმების შემუშავებაში და აუმჯობესებს მის ფუნქციონირებას. თუმცა, ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ CBT-ს უფრო ნელი ეფექტი აქვს სიმპტომების შემსუბუქების თვალსაზრისით, ვიდრე სელექციური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებს. ოპტიმალური მკურნალობის სტრატეგია ხშირად არის კომბინირებული მიდგომა: SSRI-ები სწრაფი სიმპტომური კონტროლისთვის და კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია - გრძელვადიანი ფუნქციური სარგებლისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
- რა არის თქვენი მთავარი მესიჯი ქალებისთვის, რომლებიც ეჭვობენ, რომ PMDD აქვთ?
- მთავარი მესიჯი არის: ნუ იტანჯებით ჩუმად. თუ მენსტრუაციამდე პერიოდში თქვენი ემოციური მდგომარეობა მკვეთრად უარესდება და ხელს უშლის თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, ეს არ არის უბრალოდ "ცუდი ხასიათი". ეს არის სამედიცინო მდგომარეობა - PMDD, რომლის დიაგნოსტიკა და ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია. დროული დიაგნოზი და პერსონალიზებული მკურნალობის სტრატეგია, რომელიც ხშირად სელექციური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებს მოიცავს, აუცილებელია თქვენი ცხოვრების ხარისხისა და ემოციური სტაბილურობის აღსადგენად. მიმართეთ გინეკოლოგს ან ენდოკრინოლოგს, რათა სწორად შეირჩეს თქვენთვის საუკეთესო გზა.