აბორტის შესახებ გავრცელებული 5 მითი და სინამდვილე
რაც პროცედურასთან დაკავშირებით ცალსახა უარყოფითი დამოკიდებულებით არის გამოწვეული.
ქალები სტერეოტიპულ და მასტიგმატიზებელ დამოკიდებულებას აწყდებიან არა მხოლოდ გარშემომყოფების მხრიდან, არამედ სამედიცინო დაწესებულებებშიც, სადაც მოთხოვნილი სერვისი მათ პირად გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებისა და განსჯის გარეშე უნდა მიეწოდებოდეთ.
პაციენტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მეან-გინეკოლოგი ცდილობდა, გადაეფიქრებინა აბორტის ჩატარება, მაშინ, როცა სამედიცინო ეთიკის თანახმად ის უბრალოდ ვალდებულია, საჭირო პროცედურა მიაწოდოს ქალს.
რაც შეეხება კანონმდებლობას, რომელიც დამატებით შემზღუდველ ფაქტორად იქცა, უკვე ერთ წელზე მეტია, სავალდებულო გახდა აბორტისწინა კონსულტაცია სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგთან, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი; ასევე ქალი ვალდებულია, ჩაიტაროს მეორე ულტრაბგერითი კვლევა პირველის ჩატარებიდან 5 დღის შემდეგ; გარდა ამისა, 10 კვირამდე ვადაზე მედიკამენტური აბორტის ჩატარება შესაძლებელი გახდა სტაციონარებში ან მათთან არსებულ ამბულატორიებში. ხოლო იმ ამბულატორიებში, რომელიც სტაციონარებთან არ არის დაკავშირებული - ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა 7 კვირამდეა დაშვებული.
აღნიშნულმა ცვლილებებმა ქალებს შეუქმნა ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს აბორტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.
ჩამოთვლილ შემაფერხებელ ფაქტორებს ემატება საზოგადოებაში ფესვგადგმული მითები, რომელიც არავითარ სამედიცინო კვლევებს არ ეფუძნება:
მითი #1: აბორტის შემდეგ ქალს უჭირს დაორსულება ან შეიძლება, შვილი საერთოდ აღარ გაუჩნდეს
აღნიშნული მითი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. რთული სათქმელია, საიდან იღებს ის სათავეს, თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არცერთ სანდო სამედიცინო კვლევას არ ეფუძნება.
მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეჯის თანახმად, აბორტი არ არის კავშირში უშვილობის ან დაორსულებასთან დაკავშირებული გართულებების მაღალ რისკებთან. ქალებს აბორტის შემდეგ მალევე შეუძლიათ დაორსულება, ამიტომაც კონტრაცეპტივის გამოყენება კვლავ მნიშვნელოვანია.
მითი #2: აბორტი შეიძლება მკერდის კიბოს მაპროვოცირებელი გახდეს
მითი, რომ აბორტი მკერდის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, კვლევებით არის გაქარწყლებული. ამერიკის მედიცინის ასოციაციამ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და სხვა ავტორიტეტულმა ინსტიტუტებმა განმარტეს, რომ მკერდის კიბოსა და აბორტს შორის კავშირი დადგენილი არ არის.
მითი #3: აბორტის პროცედურა მტკივნეულია და აუცილებლად გართულებებს იწვევს
არსებობს აბორტის ორი ფორმა, მედიკამენტური და ქირურგიული, რომელიც განსხვავებულ ვადებზე კეთდება. ორივე შემთხვევაში, პროცედურა მხოლოდ ექიმის ჩართულობით უნდა ჩატარდეს.
უმეტეს შემთხვევაში, მედიკამენტური აბორტი შეიძლება გაკეთდეს როგორც დისტანციური კონსულტაციით (რისი შესაძლებლობაც კანონში შესული ცვლილებების შემდეგ აღარ არსებობს), ისე ერთხელ ვიზიტით სამედიცინო დაწესებულებაში.
რაც შეეხება ქირურგიულ აბორტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, ის ტარდება ვაკუუმ-ასპირაციის მეთოდით, რომელიც არ არის ტრავმული და არ აზიანებს ლორწოვანს. სწორად ჩატარებული პროცედურის შემთხვევაში კი გართულებების რისკი მინიმალურია.
მითი #4: აბორტის შემდეგ ქალების უმეტესობას დეპრესია და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ
რეპროდუქციული უფლებების ცენტრის თანახმად, აბორტის ჩატარებიდან 5 წლის შემდეგ გამოკითხული ქალების 95% აღნიშნავს, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას კვლავ სწორად მიიჩნევენ.
ქალისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავის ჯანმრთელობასა და სხეულთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღოს თავად, გარშემომყოფების ზეწოლისა და ზეგავლენის გარეშე. ამასთან არსებობს სანდო კვლევა, რომელიც დაადასტურებს, რომ ქალების უმეტესობას პროცედურის შემდეგ დეპრესია აქვს.
მითი #5: გადაუდებელი კონტრაცეფცია და მედიკამენტური აბორტი ერთი და იგივეა
გადაუდებელ კონტრაცეპტივს ქალები იღებენ დაუცველი სექსუალური კავშირიდან 72 საათის განმავლობაში, რათა ორსულობა თავიდან აირიდონ. მედიკამენტური აბორტს კი უკვე დამდგარი ორსულობის შეწყვეტის მიზნით მიმართავენ. აქედან გამომდინარე, გადაუდებელი კონტრაცეფცია თავდაცვის მიზნით გამოიყენება და აბორტთან კავშირში არ არის.
ამ და სხვა მითების გასაქარწყლებლად ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მომუშავე ექსპერტები და ორგანიზაციები დიდი ხანია საუბრობენ საზოგადოების ინფორმირების საჭიროებასა და კანონმდებლობის ცვლილებაზე, რაც მათ შორის ბოლო პერიოდში ამოქმედებული ცვლილებების გადახედვას გულისხმობს.