საშვილოსნოს მილების გამავლობა - მისი მნიშვნელობა განაყოფიერების პროცესში და გამავლობის აღდგენა

- რამდენად მნიშვნელოვანია განაყოფიერებისთვის საშვილოსნოს მილების გამავლობა?
- ჩვეულებრივ, კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება საშვილოსნოს ღრუში, ფალოპის მილებთან ახლოს, ან თავად მილებში. აქედან განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუში გადაინაცვლებს და მის კედელზე მაგრდება. თუ მილი დახშულია, ბუნებრივია, სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედამდე ვერ მიაღწევს.
- შესაძლებელია თუ არა ფალოპის მილების გამავლობის აღდგენა?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- გააჩნია, მათ რომელ ნაწილშია განვითარებული შეხორცებითი პროცესი. თუ ფალოპის მილი ამპულურ ნაწილშია დახშული, პროგნოზი უკეთესია: ადეკვატური მკურნალობის - მილის სარეაბილიტაციო-კონსერვატიული თერაპიის ან ლაპაროსკოპიული პლასტიკის - შედეგად ასიდან 80 ქალი იკურნება; თუ გაუვალია მილების ისთმური და ინტერსტიციული ნაწილები, გამავლობის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია და ქალს ინ ვიტრო განაყოფიერებას ვურჩევთ. სამწუხაროდ, ლაპაროსკოპიული პლასტიკის ეფექტიანობა არ აღემატება 30%-ს, ამიტომ მილის გაუვალობის მძიმე ფორმების დროს დაისმის საკითხი, რა უფრო რენტაბელურია: გავაკეთოთ ოპერაცია თუ პირდაპირ სინჯარაში განაყოფიერებას მივმართოთ.
- საშვილოსნოს ქრონიკული პათოლოგიებიდან რომელია ამ მხრივ საყურადღებო?
- უწინარეს ყოვლისა, ენდომეტრიტი - საშვილოსნოს შიგნითა გარსის ანთება. მის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს: გართულებული აბორტი, გართულებული მშობიარობა, საშვილოსნოს დიაგნოსტიკური გამოფხეკა, ჰისტერსალპინგოგრაფია (საშვილოსნოს ღრუსა და მილების რენტგენოლოგიური გამოკვლევა) და საშვილოსნოსშიდა ჩარევები. ენდომეტრიტის განვითარების ერთგვარ წინაპირობას წარმოადგენს საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივი. ეს დაავადება აზიანებს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ფუნქციურ და ბაზალურ შრეებს. ანთებითი პროცესი შეიძლება გავრცელდეს როგორც მთელ ლორწოვანზე, ასევე ჰქონდეს კეროვანი ხასიათი.
ამ დროს ქალი უჩივის:
- ტემპერატურის მომატებას;
- ტკივილს მუცლის ქვედა ნახევარში და საზარდულის არეში;
- თხიერ, ზოგჯერ - უსიამოვნო სუნის მქონე ლორწოვან-ჩირქოვან გამონადენს.
დაავადების ამოცნობა არ არის ძნელი, როცა ავადმყოფი აღნიშნავს, რომ გადაიტანა საშვილოსნოშიდა ჩარევა, მომატებულია ტემპერატურა, გასინჯვისას საშვილოსნო მტკივნეულია და ჩირქოვანი გამონადენიც შეიმჩნევა. ამ დროს სისხლის სურათი შეცვლილია და ანთებითი პროცესის არსებობაზე მიუთითებს.
უნდა ჩატარდეს საშვილოსნოს ღრუს შიგთავსის ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევები, რათა განისაზღვროს პათოგენური მიკროფლორა. მკურნალობა სწორედ ნაცხის ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების მონაცემების მიხედვით ინიშნება. წესისამებრ, ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია ანტიბიოტიკისადმი გამომწვევის მგრძნობელობის შესაბამისად.