განა ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, იყოს რაიმე დარგში მსოფლიო პიონერი?! - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

განა ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, იყოს რაიმე დარგში მსოფლიო პიონერი?!

განა ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, იყოს რაიმე დარგში მსოფლიო პიონერი?!
პროფესორი არჩილ ხომასურიძე, რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგია-მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე.

– ბატონო არჩილ, თქვენ ბრძანდებით რეპროდუქტოლოგიის დამაარსებელი ჩვენს ქვეყანაში. რა ხდება ამჟამად ამ მიმართულებით?

– დაგეთანხმებით, რომ ეს მართლაც ასეა. მაგრამ რეპროდუქტოლოგიის მთავარი იდეოლოგი ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოშიც იყო პროფ. იოსებ ჟორდანია, რომელმაც 1858 წელს დააარსა უშვილობის პირველი საავადმყოფო და ხსენებული ფაქტით გაუსწრო თავის ეპოქას დაახლოებით 30 წლით. სამწუხაროდ, იოსებ ჟორდანიამ ვერ მიიყვანა ბოლომდე მის მიერ ჩაფიქრებული საქმე, ვინაიდან, მოგეხსენებათ, დაიღუპა
ავიაკატასტროფაში. შემდგომ კი მის საქმეს მივხედე მე და გამომივიდა ის, რაც გამომივიდა: დღეს საქართველო გახლავთ მსოფლიო პიონერი დამოუკიდებელი რეპროდუქტოლოგიის თვალსაზრისით. რატომაც არა?! განა ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, იყოს რაიმე დარგში მსოფლიო პიონერი?! თავის დროზე, როდესაც ი. ჟორდანიამ დააარსა ისტორიაში პირველი რეპროდუქტოლოგიური საავადმყოფო, რომელიც იყო 21
წლის განმავლობაში ერთადერთი მსოფლიოში და ამით დღესაც ამაყობს ჩვენი მედიცინა, ცუდია ეს?! ასევე ის ფაქტი, რომ რეპროდუქტოლოგია საქართველოში გახდა დე ფაქტო დამოუკიდებელი 1997 წელს, დე იურე კი – 2020 წელს. ეს მოხდა აგრეთვე პირველად მსოფლიოში. რა არის ამაში უარყოფითი?!

რეპროდუქტოლოგიის დამოუკიდებლობის უშუალო პრაქტიკული მიზეზები გახლდათ შემდეგი ფაქტორები:

1. რეპროდუქტოლოგიის ტურბულენტური განვითარება ჩვენს ქვეყანაში – დაწყებული 1985 წლიდან;

2. რეპროდუქტოლოგიის, როგორც სამედიცინო დისციპლინის, ის თავისებურება, რომ იგი მოიცავს არა მარტო ქალებს, არამედ მამაკაცებსაც (ანდროლოგია), რომლებიც ვერანაირად ვერ დარჩებოდნენ მეანობა-გინეკოლოგიის ობიექტებად;

3. ჩვენი ქვეყნის რეპროდუქტოლოგიური სამსახურის მსოფლიო აღიარება ბოლო წლების განმავლობაში.

დეტალებზე არ შევჩერდები, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდნენ რეტროგრადები, რომლებიც ებრძვიან ყველაფერ პროგრესულს, ამ შემთხვევაში რეპროდუქტოლოგიას. ისინი დამარცხდნენ, მაგრამ არიან ჩასაფრებულები. ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ.

– ბატონო არჩილ, რა აზრის ბრძანდებით ჩვენი დღევანდელი მედიცინის მდგომარეობაზე?

– პირდაპირ გეტყვით: ცუდის! საქართველოს დღევანდელი მედიცინა ორგანიზაციულად ერთ-ერთი ყველაზე „მძიმე ავადმყოფია“ მსოფლიოში. არავისთვის არის საიდუმლო ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ძალიან უჭირს ღირსეული სამედიცინო მომსახურების მიღება, რომლის ძირითადი გამოვლინებაა ნორმალური კვალიფიკაციის მქონე ექიმთა დეფიციტი, გაძნელებული მომსახურება და წამლების სიძვირე. ხსენებულ სირთულეებს მრავალი მიზეზი გააჩნია. მათ შორის ეგზალტაციით გამოირჩევა თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყანა იმ სრული აბსურდის დონეზეა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები ფარმაცევტული ან სადაზღვევო კომპანიების საკუთრებაა, რომლებიც არეგულირებენ სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ფასს. ნორმალურ ქვეყნებში არსებობს სამი ტიპის მედიცინა: სახელმწიფო, სადაზღვევო და საკუთარი. პაციენტებს გააჩნიათ მათი არჩევის შესაძლებლობა. ჩვენთან პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო მედიცინა რეალურად არ არსებობს. დაკანონებული მონოპოლიზაციისა და მახინჯი კომერციალიზაციის ზეგავლენით კი სადაზღვევო და კერძო გაიგივებულია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მედიცინა ვერ გამოჯანმრთელდება მანამდე, სანამ თუნდაც ზემოხსენებული „ეტიოლოგიური ფაქტორები“ არ მოიხსნება.

– ბატონო არჩილ, უკაცრავად, მაგრამ პირადად თქვენ და თქვენმა კოლეგებმა რა იღონეთ იმისთვის, რომ გაუმჯობესებულიყო ჩვენი მედიცინის მდგომარეობა?

– მე და ჩემმა კოლეგებმა გავაკეთეთ ის, რაც შევძელით: ქვეყანაში დავამარცხეთ ავადსახსენებელი აბორტი, შემოვიღეთ ლაპაროსკოპია, დავაარსეთ კონტრაცეფცია, ინ ვიტრო განაყოფიერება, ქალის ჰიგიენა, შევიფარეთ ანდროლოგია და სექსოლოგია და ა.შ. არ ვლაპარაკობ ცალკეული თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე. დაიკვეხოს ნებისმიერმა, ვინც ჩვენზე მეტი გაუკეთა საქართველოს მედიცინას. კომერციალიზაციას კი უნდა მოუაროს სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე. ჩვენ კანონებს ვერ შევქმნით.

– რა არის ახალი რეპროდუქტოლოგიაში?

– რეპროდუქტოლოგიის ერთ-ერთი სპეციფიკა ის არის, რომ არის „ტურბულენტურად“ განვითარებადი სამედიცინო დისციპლინა. ყოველდღიურად სიახლე გვაქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოველდღე რომ თუნდაც რამდენიმე ახალი სიცოცხლე დაიბადება მანამდე უშვილო ოჯახში, განა სიახლე არ არის?! სწორედ ახალი სიცოცხლეების შექმნა გახლავთ რეპროდუქციული საწარმოს „პროდუქცია“. ყველანაირი მაღალი ხარისხის მედიცინა საჭიროა, მაგრამ ჩვენი „პროდუქცია“ მაინც უნიკალურია.

– მაინც რაზეა ფოკუსირებული თქვენი დღევანდელი მოღვაწეობა?

– სასწავლო ანუ საგანმანათლებლო პროცესზე. მე ვარ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგია-მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე. სტუდენტებთან მუშაობა მიმაჩნია ძალიან საინტერესო და პრიორიტეტულ საქმედ. ვარ აგრეთვე რეპროდუქტოლოგიაში დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო პროგრამის დირექტორი. რეზიდენტებთან მუშაობაც ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესო საქმეა. ჩემი ასაკის მიუხედავად, ვცდილობ, დავრჩე ნოვატორად სამეცნიერო სფეროშიც. თავის დროზე საქართველოში მე დავნერგე ანტიპროგესტინებისა და მათ შორის – მიფეპრისტონის გამოყენება. ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ ხსენებული შენაერთები თანამედროვე რეპროდუქტოლოგიისა და საერთოდ, მედიცინის ეპოქალური ნაწილია. უაღრესად აქტუალურ პრობლემად მიმაჩნია უშვილობის მკურნალობით მიღებული თაობის მენტალური და ფიზიკური შეფასება.

– როგორ გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე ჩოვიდ 19?

– ალბათ, ახდენს, მაგრამ ჯერჯერობით სერიოზული მეცნიერული დასკვნების გამოტანა ნაადრევია. უკვე არსებული მცირედი სამედიცინო გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ჩვენს სფეროში მოღვაწეობის ტაქტიკის სერიოზული შეცვლის საფუძველი არ არსებობს. ამასთან ერთად, ამ მიმართულებით აუცილებელია საზოგადოდ მიღებული პრინციპების მკაცრად დაცვა.

– ბოლო შეკითხვა: ჟურნალისტების მიმართ სკეპტიკურად ხომ არ ხართ განწყობილი?

– გიპასუხებთ ყოველგვარი ქათინაურის გარეშე, რომ სწორედ პირიქით, პრაგმატულად და ემოციურად, ჩემი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად ყოველთვის მიმაჩნდა მუშაობა პრესის წარმომადგენლებთან. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ თავის დროზე ძალიან გამიძნელდებოდა აბორტმახერებთან ბრძოლა, რომ არ მქონოდა ჟურნალისტების მხარდაჭერა. შეუძლებელია პრესის ჯანსაღი მხარდაჭერის გარეშე ისეთი სოციალური ელფერის მქონე საკითხებზე მსჯელობა, როგორებიცაა ქალის ჰიგიენა, სექსოლოგია, ოჯახის დაგეგმვა და სხვა. მაგრამ პრესის საშუალებებიც, მოგეხსენებათ, გახლავთ ნაირფეროვანი. მაგალითად, ისეც არ შეიძლება, რომ სამედიცინო საკითხებზე „იბჟუტუროს“ ყველა იმან, ვინც კი ამისთვის ფულს გადაიხდის. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირია და ისინი ელემენტარულ ზიანს აყენებენ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის საქმეს. მედიცინა ფართო გაგებით გახლავთ სრულიად განყენებული განზომილებების მქონე ფენომენი. დარწმუნებული ვარ, რომ მისი დეტალების გაშუქებას სჭირდება თავშეკავებული პროფესიული ცენზურა, რომელმაც უნდა შეზღუდოს მედიცინაზე კომერციალიზაციის უარყოფითი ზეგავლენის ზომები. ტელევიზიის, რადიოსა და გაზეთის საშუალებით სამედიცინო საკითხებზე საზოგადოებას უნდა ელაპარაკებოდეს გამოცდილი და პაციენტების მიერ აღიარებული ექიმი და არა ყველა, ვინც მოისურვებს და ამაში ფულს გადაიხდის.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
ჰისტეროსკოპია გინეკოლოგიაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია,
„რეპროდუქციული ჯანმრთელობის რუბრიკის“ ფარგლებში ჩვენ ვაგრძელებთ ინტერვიუების სერიას პროფესორ არჩილ ხომასურიძესთან,
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 190 მილიონი ქალია დაავადებული ენდომეტრიოზით.
ორსულობის პირველსავე დღეს იწყება მთელი ორგანიზმის და, პირველ რიგში, მარეგულირებელი (ნერვული და ჰორმონული) სისტემების გადაწყობა.
საშვილოსნოდან სისხლდენა ყოველთვის არ არის შეჭიდული მენსტრუალურ ფუნქციასთან, ის ზოგჯერ სხვადასხვა პათოლოგიის შედეგად ვითარდება.
მენსტრუაციული ციკლი არის პერიოდი მენსტრუაციის პირველი დღიდან შემდეგი მენსტრუაციის პირველ დღემდე.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად