გინეკოლოგთან გეგმური ვიზიტი თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გინეკოლოგთან გეგმური ვიზიტი თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია

იყო ექიმი - დიდ პასუხისმგებლობას, შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. მე ძალიან გამიმართლა, რადგან მშობლები მუდმივი და მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას მაძლევდნენ. რატომ მეან-გინეკოლოგია? წვლილი შეიტანო ახალი სიცოცხლის ამქვეყნად მოვლინებაში - ბედნიერებაა.

განათლება საქართველოში მივიღე. წარჩინებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. რეზიდენტურა გავიარე `მეანობის აკვნად~ წოდებულ ექსპერიმენტულ სამშობიარო სახლში, სადაც მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მეან-გინეკოლოგები: პროფესორი რ. ღოღობერიძე, ა. ბაქრაძე, კ. ჩაჩავა, ი. ჟორდანია. ბედნიერი ვარ, რომ მათი ტრადიციების გამგრძელებლის, პროფ. დინა ჯინჭარაძის, მოსწავლე ვარ. ქ-ნი დინასგან მივიღე პროფესიონალიზმის, საქმისადმი თავდადების და პაციენტისადმი ემპათიის დიდი მაგალითი.

 

mkurnali.ge

 

2015 წლიდან 2020 წლამდე ვმუშაობდი მეან-გინეკოლოგად ჩაჩავას კლინიკაში. 2020 წლიდან დღემდე ვმუშაობ ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკაში, რომელსაც ხელმძღვანელობს ჩემი მეგობარი, თავისი საქმის პროფესიონალი, არაჩვეულებრივი პიროვნება და ყველასათვის საყვარელი მეან-გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი.

- ქალბატონო ხათუნა, უკანასკნელ პერიოდში ახალგაზრდა ქალებში აღინიშნება გინეკოლოგიური პრობლემების ზრდა. რასთან არის დაკავშირებული ამგვარი დინამიკა და რამდენადაა შესაძლებელი გინეკოლოგიური პათოლოგიების განვითარების პრევენცია?

 

- დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ქართველი ქალბატონები ყოველთვის ვერ ახერხებენ სათანადო რეაგირებას თავიანთი ჯანმრთელობის პრობლემებზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გინეკოლოგიას ეხება. როგორც ახალგაზრდა გოგონები, ისე ზრდასრული ქალები ხშირად არ არიან საკმარისად ინფორმირებულნი პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ინფორმაციის ნაკლებობამ და არადროულმა ჩარევამ შესაძლოა ქალს დაუზიანოს ჯანმრთელობა, მიიყვანოს უშვილობამდე და ფატალურ შედეგამდეც კი. მაგალითად, ასობით ათასი ქალი ხდება ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოს მსხვერპლი, თუმცა დროული ვაქცინაციისა და სკრინინგის მეშვეობით სავსებით შესაძლებელია კიბოს თავიდან აცილება. მნიშვნელოვანია, ქალებს გეგმური ვიზიტებისა და დროული პრევენციული ღონისძიებების საჭიროება გავაგებინოთ, რათა გინეკოლოგს არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკური მიზნითაც მიმართონ.

- რა ასაკში და რა პერიოდულობით უნდა მიმართოს ქალმა გინეკოლოგს?

 

- ყველა ქალმა წელიწადში ერთხელ რუტინულად უნდა ჩაიტაროს გინეკოლოგიური გამოკვლევა. მოზარდმა გოგონებმა, სასურველია, გინეკოლოგისგან მიიღონ ინფორმაცია მენსტრუალური ციკლის, სქესობრივი ცხოვრების, არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის და სქესობრივად გადამდები დაავადებების შესახებ. განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება მენოპაუზაში მყოფ ქალბატონებზე. უმეტესწილად ქალები არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას მენოპაუზის გართულებებზე, არ იციან, როდის მიმართონ ექიმს, როგორ აიცილონ თავიდან ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი პრობლემები და იცხოვრონ კომფორტულად.

- რა რჩევებს მისცემდით მენოპაუზაში მყოფ ქალებს?

 

- მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა: თამბაქოსგან თავის შეკავება, კოფეინის შემცველი პროდუქტების, ცხარე საკვებისა და ტკბილეულის მიღების შემცირება ან სრულიად შეწყვეტა, ფიზიკური აქტივობა, სრულფასოვანი ძილი და მოსვენება, სასურველია კალციუმითა და D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება, რაც ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებას. მსუბუქად გამოხატული სიმპტომების დროს მედიკამენტური ჩარევა საჭირო არ არის. ძლიერ გამოხატული სიმპტომების დროს, რომლებიც ქალის სიცოცხლის ხარისხს აქვეითებს, საჭირო ხდება ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია და გინეკოლოგის ჩართულობა.

mkurnali.ge- რა პათოლოგიის მანიშნებელი შეიძლება იყოს არარეგულარული მენსტრუალური ციკლი?

- ნორმალური მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა ყველა ქალში ინდივიდუალურია და მერყეობს 21-დან 35 დღემდე, სისხლოვანი გამონადენი კი საშუალოდ - 3-დან 7 დღემდე. პირველი მენსტრუაციიდან 2 წელი ციკლი შეიძლება იყოს არარეგულარული, რაც ნორმად მიიჩნევა და გინეკოლოგის ჩარევას არ საჭიროებს. თუ ამ პერიოდის შემდეგ ციკლი კვლავ არარეგულარული რჩება, ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს. არარეგულარული მენსტრუალური ციკლის მიზეზი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. მაგ.: სტრესი, კვებითი დარღვევები, გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა, პოლიცისტოზური საკვერცხეების სინდრომი, საკვერცხეების ნაადრევი გამოფიტვის სინდრომი, მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოს კვანძები და სხვა.

- როგორც ვიცით, ექიმთან მომართვის ხშირი მიზეზი სოკოვანი ინფექციაა. რა პრობლემაა კანდიდოზი და როგორ ხდება მისი მართვა?

- ვულვო-ვაგინალური კანდიდოზი საშოდან პათოლოგიური გამონადენის და ძლიერი ქავილის ყველაზე ხშირი მიზეზია. დადგენილია, რომ 4 ქალიდან 3-ს ერთხელ მაინც ემართება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. დიაგნოზის დასმა ხდება სიმპტომების გათვალისწინებით და საშოს მიკროფლორის შესწავლით. მხოლოდ სოკოს აღმოჩენა ნაცხში სიმპტომების გარეშე არ მიგვანიშნებს დაავადებაზე, რადგან კანდიდას დაახლოებით 25 სახეობა საშოს ნორმალური მიკროფლორის შემადგენელი ნაწილია. სოკოს გადაჭარბებული ზრდა და დაავადების განვითარება შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკების მიღებამ, გაუკონტროლებელმა დიაბეტმა, იმუნური სისტემის დაქვეითებამ, ესტროგენების დოზის მომატებამ და ა.შ. ვულვოვაგინალური კანდიდოზი არ განიხილება როგორც სქესობრივი გზით გადამდები დაავადება და სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა რეკომენდებული არ არის, თუმცა გასათვალისწინებელია იმ ქალებში, რომელთაც მორეციდივე ინფექცია აღენიშნებათ. მკურნალობა გულისხმობს სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას და ცხოვრების წესის მოდიფიცირებას.

- კვებისა და ცხოვრების როგორი რეჟიმის დაცვას ურჩევდით ორსულებს?

- ჯანმრთელი კვება საუკეთესოა, რაც შეიძლება ქალმა გააკეთოს მომავალი ახალშობილისთვის. საკვებზე, რომელსაც ორსული ქალი იღებს, დამოკიდებულია ნაყოფის ნორმალური განვითარება. სასურველია, ორსულმა მიიღოს: რძის ნაწარმი, საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი, თევზეული, ლობიო, ბარდა, მარცვლეული საკვები, ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები შეიცავენ დიდი რაოდენობით ცილებს, რკინას, კალციუმს, ვიტამინებს, მინერალებსა და ბოჭკოვანას. ცილები აუცილებელია ნაყოფის განვითარებისათვის, განსაკუთრებით II და III ტრიმესტრებში. მნიშვნელოვანია, ხილი და ბოსტნეული იყოს კარგად გარეცხილი.

 

დღის განმავლობაში რეკომენდებულია 1.5-2 ლიტრი წყლის მიღება. ის გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ შეკრულობა, ბუასილის განვითარება, შეშუპება და საშარდე გზების ინფექციები. ორსულობის დროს მიზანშეწონილი არ არის თამბაქო, ალკოჰოლი, გაზიანი და ტკბილი სასმელები, ჭარბი რაოდენობით კოფეინი. დღეში მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავაა ნებადართული. სასურველია მცენარეული ნაყენების მიღებისგან თავის შეკავება, რადგან მათი ზემოქმედება ნაყოფზე შესწავლილი არ არის. ორსულმა არ უნდა მიიღოს კონსერვირებული და უმი თევზი, უმი კვერცხი, უმი და ნახევრად უმი ხორცი, სასურველია თავი აარიდოს ღებვასა და საღებავის სუნს.

 

აბაზანის მიღებისას წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 38 გრადუსს. რაც მთავარია, ექიმის რჩევის გარეშე ორსულმა არ უნდა მიიღოს მედიკამენტები. ორსულობის დროს ნორმალური სხეულის მასის მქონე ქალებისთვის ნორმად ითვლება 12-16 კგ-ის მომატება. ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს სქესობრივი კონტაქტი არ იკრძალება.

 

- მეანობა-გინეკოლოგია მედიცინის ის დარგია, სადაც დიდია ზრდის, თვითგანვითარების, მოწინავე ტექნოლოგიების დაუფლების საშუალება. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჩემი მთავარი მიზანია, გავიზარდო პროფესიულად. ვგეგმავ საერთაშორისო გამოცდილების მიღებას და მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხის მოპოვებას. ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, ყოველდღიურად ვეცნობი ახალ ლიტერატურულ ნაშრომებსა და კვლევებს, რაც მეხმარება, სწორად ვმართო რთული და იშვიათი შემთხვევები. ვთვლი, რომ მოძრაობა და განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია. შრომითა და საქმისადმი თავდადებით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. მოუტანო ადამიანებს სარგებელი შენი არსებობით და აკეთო შენთვის საყვარელი საქმე - ბედნიერებაა.