ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის აქტუალური საკითხები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის აქტუალური საკითხები

ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის აქტუალური საკითხები
ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდის ნორმალური მიმდინარეობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის სწორად ჩამოყალიბებას. რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევათა უმრავლესობა დასაბამს სწორედ ამ პერიოდში იღებს. დღევანდელ რუბრიკას ვუთმობთ ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის აქტუალურ საკითხებს, გაგაცნობთ გოგონებისა და ვაჟების სქესობრივი მომწიფების პერიოდის თავისებურებებს, განვიხილავთ იმ დარღვევებს, რაც ყველაზე ხშირია ამ პერიოდში. რუბრიკას უძღვება ლალი ფხალაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი – რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი. რუბრიკის სტუმრები არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები, არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა და
მოზარდთა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგები: მედიცინის დოქტორი ნანა ჩოფიკაშვილი და ნანა მინდელი.

- ქალბატონო ლალი, სად და როდის ჩამოყალიბდა ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის სამსახური საქართველოში და რა გამოცდილება არსებობს ქვეყანაში ამ მიმართულებით?

- ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის სამსახური საქართველოში ჩამოყალიბდა იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო
კვლევით ინსტუტუტში. განყოფილება შეიქმნა 1972 წელს, პროფესორ ჯემალ ციციშვილის მიერ, ბრაც იყო პირველი და ერთადერთი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში. ჩვენს ინსტიტუტს პაციენტები მომართავდნენ არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან და რუსეთიდანაც კი. ამდენად, ამ მიმართულებით უნიკალური გამოცდილება დაგროვდა. ამ პროფილის ექიმები დღესაც ძალიან ცოტაა. ქალბატონები - ნანა ჩოფიკაშვილი და ნანა მინდელი არიან საქართველოში ამ დარგის წამყვანი სპეციალისტები უდიდესი გამოცდილებით.

- ქალბატონო ნანა (ნანა ჩოფიკაშვილი), რეპროდუქციული სისტემის ჩამოყალიბების რა სახის დარღვევები შეიძლება აღინიშნოს ბავშვთა და მოზარდთა ასაკში და ყველაზე ხშირად რა პრობლემებით მოგმართავენ ამ ასაკის პაციენტები?

- ჟორდანიას ინსტიტუტის თანამშრომლები რეგულარულად ვატარებდით პროფილაქტიკურ გასინჯვებს არა მარტო თბილისის სკოლებში, არამედ რეგიონებშიც. აღმოჩნდა, რომ ყოველ მე-7 გოგონას აქვს რეპროდუქციული სისტემის ესა თუ ის დარღვევა, რაც ამ ასაკობრივი ჯგუფის დაახლოებით 16%-ს შეადგენს. ვაჟებთან ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. დარღვევების მაღალი სიხშირის მიუხედავად, ეს კონტინგენტი ჩვენ არცთუ ისე ხშირად მოგვმართავს. ერთ-ერთი მიზეზი მშობლების ნაკლები ინფორმირებაა.

მომართვის ყველაზე ხშირი მიზეზებია: ჩვილ გოგონათა სასირცხო ბაგეების შეხორცება, სისხლიანი ჩამონაშალი; შემდგომ პერიოდში შეიძლება იყოს გამონადენი საშოდან, ქავილი და წვა სასქესო ორგანოების არეში, უცხო სხეულის არსებობა საშოში; შედარებით იშვიათია გარეთა სასქესო ორგანოების არასწორი განვითარება; საკმაოდ ხშირად მოგვმართავენ მოზარდები მენსტრუაციული ციკლის სხვადასხვა სახის დარღვევით, მტკივნეული მენსტრუაციით, ჭარბთმიანობის, აკნეს, სიმსუქნის, ვარდისფერი სტრიების არსებობის გამო და ა.შ. ვაჟების შემთხვევაში ვიზიტის ძირითადი მიზეზი სქესობრივი განვითარების შეფერხებაა.

- ქალბატონო ნანა (ნანა მინდელი), როგორ მიმდინარეობს გოგონებსა და ვაჟების სქესობრივი მომწიფება, მათი რეპროდუქციული სისტემის ჩამოყალიბება და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ეს პროცესები?

- საზოგადოდ, ადამიანის ფიზიკური და სქესობრივი განვითარება განისაზღვრება გენეტიკური თავისებურებებით. ზრდისა და სასქესო ჰორმონები არეგულირებენ ფიზიკურ და სქესობრივ განვითარებას და გარემო ფაქტორები (გარემოს დაბინძურება, სტრესი, კვების დარღვევა), ბავშვთა ინფექციები და ა.შ. გავლენას ახდენენ ამ პროცესებზე.

ბავშვობას მოსდევს სქესობრივი მომწიფების პერიოდი, რასაც პუბერტატი ეწოდება - ჩნდება ე.წ. მეორეული სასქესო ნიშნები, რაც გოგონას განასხვავებს ვაჟისაგან. გოგონების სქესობრივი მომწიფება დაახლოებით 8-დან 13 წლამდე ასაკში იწყება, ვაჟების ეს პერიოდი 1-1.5 წლით გვიან დგება, საშუალოდ ეს არის 12-13 წელი.

გოგონების სქესობრივი მომწიფების პირველი გარეგანი გამოვლინება არის სარძევე ჯირკვლების ზრდა - არეოლების ქვეშ ჯირკვლოვანი ქსოვილი მკვრივდება, დვრილის გარშემო შეფერილობა იცვლება. შესაძლებელია იყოს ასიმეტრია, რაც ზოგჯერ მთელი ცხოვრება რჩება. დაახლოებით 3-6 თვის შემდეგ იწყება გათმიანება. ერთეული თმები ჩნდება სასირცხო ბაგეებზე, შემდეგ ბოქვენზე. მოგვიანებით გათმიანება ჩნდება იღლიაში. შესაძლებელია, სარძევე ჯირკვლებისა და სასქესო თმიანობის განვითარება დაიწყოს ერთდორულად. ეს ყოველივე წინ უსწრებს პირველ მენსტრუაციას - მენარქეს. ამ პროცესებს წარმართავენ სასქესო ჰორმონები, ძირითადად, ესტროგენები და ანდროგენები. როცა ესტროგენების დონე პიკს აღწევს, ზრდის ზონები იხურება და გოგონას სიმაღლეში ზრდა სრულდება. ეს პროცესი დამოკიდებულია სქესობრივი მომწიფების ტემპზე.

პარალელურად იცვლება სხეულის აღნაგობა. ცხიმოვანი ქსოვილი გროვდება დუნდულოებისა და ბარძაყის მიდამოში. იმატებს საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია. მოზარდებს ამ ასაკში დამახასიათებელი სუნი აქვთ. კანი ხდება ცხიმიანი და ჩნდება აკნე, რაც ამ პერიოდისათვის ნორმალური მოვლენაა.

ვაჟთა სქესობრივი მომწიფების დაწყების პირველი ნიშანი არის სათესლე ჯირკვლის ზომების ზრდა, რასაც თან ახლავს სათესლე პარკის ცვლილებები, დანაოჭება, გამუქება. სათესლეების მოცულობის ზრდასთან ერთად იზრდება სასქესო ასოც. თავდაპირველად თმიანობა ჩნდება ბოქვენზე, 1-1.5 წლის შემდეგ - იღლიაში, ყველაზე გვიან - სახეზე. ანდროგენების გავლენით იცვლება აღნაგობა, იზრდება კუნთოვანი მასა, მატულობს კანის ცხიმიანობა, იწყება ხმის დაბოხება. შეიძლება განვითარდეს სარძევე ჯირკვლების ზომიერი გადიდება - გინეკომასტია და მტკივნეულობა. თუ გინეკომასტია ძალიან არ არის გამოხატული, ისპათოლოგიად არ განიხილება.

პუბერტატის ბოლოს სქესობრივი მომწიფება მეტ-ნაკლებად დასრულებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გოგონა ან ვაჟი ამ პერიოდში მზადაა რეპროდუქციული ფუნქციის განსახორციელებლად.

რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებას აკონტროლებენ თავის ტვინის უმაღლესი ცენტრები - ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზი, სადაც გამომუშავდება მარეგულირებელი ჰორმონები. ისინი საკვერცხეებსა და სათესლეებში ასტიმულირებენ სასქესო სტეროიდების - ესტროგენებისა და ანდროგენების სეკრეციას. პუბერტატის პერიოდში რეპროდუქციული სისტემა მოუმწიფებელია - ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, ამიტომ შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა გადახრა.

- ქალბატონო ნანა (ნანა ჩოფიკაშვილი), როგორ ვლინდება ვაჟებისა და გოგონების სქესობრივი განვითარების დარღვევა და ყველაზე ხშირად რა იწვევს მას?

- სქესობრივი მომწიფების დარღვევის გამოვლინება შეიძლება იყოს მეორეული სასქესო ნიშნების განვითარების ვადებისა და თანმიმდევრობის დარღვევა, სასქესო ორგანოების არასაწორად ჩამოყალიბება. ეს უკავშირდება ჰორმონულ და გენეტიკურ პათოლოგიას, სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს.

- ქალბატონო ნანა (ნანა ჩოფიკაშვილი), რას ნიშნავს ნაადრევი სქესობრივი მომწიფება და სქესობრივი მომწიფების დაგვიანება, რა მიზეზებით შეიძლება იყოს ეს განპირობებული?

- თუ მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება გოგონებს 8 წლამდე, ვაჟებს კი 9 წლამდე ეწყებათ, ეს ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას მიუთითებს, რაც შეიძლება განაპირობოს სხვადასხვა პათოლოგიამ - ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებებმა, სიმსივნეებმა, თანდაყოლილმა დაავადებებმა, საკვერცხეების ცისტებმა.

თუ 14 წლის ვაჟს სათესლე ჯირკვლების მოცულობა 4 მლ-ზე ნაკლები აქვს (ან 2,5 სმ-ზე ნაკლები), ეს შეიძლება ჩაითვალოს სქესობრივი მომწიფების შეფერხებად.

გოგონების შემთხვევაში დაგვიანებულ სქესობრივ მომწიფებად განიხილება 13 წლამდე სარძევე ჯირკვლების განუვითარებლობა და 16 წლამდე მენსტრუაციის არარსებობა.

სქესობრივი მომწიფების შეფერხება მნიშვნელოვან ფსიქოსოციალურ პრობლემებს უქმნის მოზარდს. იმის გამო, რომ ისინი განსხვავდებიან თავიანთი თანატოლებისაგან, აქვთ დაბალი თვითშეფასება, შფოთვა, დეპრესია და ზოგჯერ აგრესიაც სხვათა მიმართ.

ხშირად სქესობრივი განვითარების შეფერხება გამოწვეულია თანდაყოლილი გენეტიკური პათოლოგიებით. უკვე მუცლადყოფნის პერიოდში ხდება სასქესო ჯირკვლების არასწორი ჩამოყალიბება. დაბადებისას, ზოგჯერ, სქესის დადგენაც კი გაძნელებულია. ეს დარღვევები შესამჩნევი ხდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და ვლინდება ფიზიკური და სქესობრივი განვითარების შეფერხებით.

სქესობრივი მომწიფების შეფერხება შეიძლება იყოს დაკავშირებული არასაკმარის კვებასთან, კონსტიტუციურ ფაქტორებთან, ინფექციებთან, ტრავმებთან, ნერვული სისტემის დაზიანებასთან.

მნიშვნელოვანია, რომ მშობელს ჰქონდეს ინფორმაცია და აკვირდებოდეს, რამდენად სწორად მიდის მისი შვილის ფიზიკური და სქესობრივი განვითარება. გადახრების არსებობისას კი აუცილებლად მიმართოს ბავშვთა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს.

- ქალბატონო ლალი, როგორ აისახება სქესობრივი განვითარებისა და რეპროდუქციული სისტემის ჩამოყალიბების დარღვევები მოზრდილებთან და რამდენად მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი?

- რადგან სქესობრივი განვითარებისა და რეპროდუქციული სისტემის ჩამოყალიბების დარღვევები თითქმის ყოველთვის უკავშირდება სხვადასხვა პათოლოგიურ მდგომარეობას, ცხადია, ასეთ მოზარდებს შემდგომში აქვთ გარკვეული პრობლემები რეპროდუქციული ფუნქციის მოშლის კუთხით. მათი დროული აღმოჩენა და მკურნალობა მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევების პრევენციისათვის. იმ გოგონებს, რომლებიც მოზარდობის პერიოდში იწყებენ მკურნალობას, მოზრდილობაში პრობლემები ნაკლებად აქვთ, ადვილად ორსულდებიან. ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ან განვითარების შეფერხების დროული მკურნალობა ხელს უწყობს ფიზიკური მონაცემების (სიმაღლე, სხეულის სწორად ფორმირება) კორექციასაც და დადებითად აისახება მოზარდის ფსიქიკაზე.

რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვის დაწყება ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდიდანვეა საჭირო.

- ქალბატონო ნანა (ნანა მინდელი), რას უკავშირდება ახალშობილთა სასირცხო ბაგეების შეხორცება და როგორ გვარდება ეს პრობლემა?

- გოგონების სიცოცხლის პირველ წლებში ხშირია სასირცხო ბაგეების არეში ნაზი შეხორცებების, ე.წ. სინექიების ან უხეში შეხორცებების განვითარება. ამის მიზეზია ჰიპოესტროგენული მდგომარეობა და გარეთა სასქესო ორგანოების არასწორი ჰიგიენა. ასეთი შეხორცებები ზოგჯერ შარდვის პროცესსაც უშლის ხელს. ამ დროს ტარდება ადგილობრივი მკურნალობა ესტროგენის შემცველი პრეპარატებით და პრობლემა სწრაფად გვარდება, პრაქტიკულად არაა საჭირო შეხორცებების ქირურგიული გათიშვა. მნიშვნელოვანია ახალშობილის სწორი ჰიგიენა, რაც მოიცავს დაბანას წინიდან უკან, რომ ბაქტერიების საშოში არ მოხვდეს. არ არის რეკომენდებული ხშირი დაბანა საპნით და სხვა საშუალებებით, რაც გამოიწვევს კანისა და ლორწოვანის გამოშრობას.

- ქალბატონო ნანა (ნანა ჩოფიკაშვილი), რასთან არის დაკავშირებული გამონადენი სასქესო ორგანოებიდან და რატომ შეიძლება ჰქონდეს გენიტალიების ქავილი გოგონას?

- ახალშობილებს ზოგჯერ აქვთ სისხლიანი ჩამონაშალი, ასევე თეთრი ფერის გამონადენი, რაც ცხადია მშობლების შეშფოთებას იწვევს. ეს დედის ჰორმონების გავლენაა და საშიში არ არის. საყურადღებოა მოყვითალო, მომწვანო გამონადენის არსებობა, რაც დაკავშირებულია ინფექციასთან. მიზეზი შეიძლება იყოს დედის ინფექცია, რაც ხშირად გადადის გოგონებთან მშობიარობის დროს, ჰიგიენური ნორმების დაუცველობით, საერთო თეთრეულის გამოყენებით და ა.შ.

გენიტალიების ქავილი, ინფექციების გარდა, შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰელმინთებით ინვაზიასთან - ჭიების არსებობასთან.

საშოდან გამონადენი შეიძლება გამოწვეული იყოს უცხო სხეულის არსებობით, რაც ბავშვებს თვითონ შეაქვთ საშოში და ეს არცთუ იშვიათია.

აღნიშნულ შემთხვევებში მნიშვნელოვანია დრო­ული გამოკვლევა და სათანადო მკურნალობა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენური წესების დაცვას.

- ქალბატონო ლალი, ჭარბთმიანობა, კანის ცხიმიანობა და გამონაყარი - არის თუ არა საფუძველი, რომ მოზარდი გინეკოლოგიური და ენდოკრინოლოგიური პრობლემების წინაშე დგას? არსებობს თუ არა სხვა რაიმე კლინიკური ნიშნები, რაც შესაძლო ჰორმონულ დარღვევებზე მიუთითებდეს?

- ჭარბთმიანობა, გამონაყარი, კანის ცხიმიანობა არის მნიშვნელოვანი პრობლემა მოზარდი გოგონებისთვის და საკმაოდ ხშირია. ეს ყველაფერი არის მამაკაცის სასქესო ჰორმონების სიჭარბის შედეგი. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების გამოვლინება, რაც იწვევს უშვილობას, მეტაბოლურ დარღვევებს, შაქრიანი დიაბეტის განვითარებას და ა.შ. მხოლოდ კოსმეტიკური პროცედურები პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამ დროს აუცილებელია ჰორმონული გამოკვლევების ჩატარება, რომ დაისვას ზუსტი დიაგნოზი და ჩატარდეს სწორი მკურნალობა.

მოზარდ გოგონებს წონაში მატებისას ზოგჯერ სხეულზე უჩნდებათ ვარდისფერი სტრიები, რაც აღინიშნება არა მხოლოდ ჭარბი წონისა და სიმსუქნის დროს, არამედ ნორმალური წონის შემთხვევებშიც. ეს დაკავშირებულია თავის ტვინის უმაღლეს ცენტრებში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დისბალანსთან და ჰორმონულ დისფუნქციასთან.

ჭარბი წონისა და სიმსუქნის შემთხვევებში ხშირია ბარძაყების შიგა ზედაპირზე კანის გამუქება, ე.წ. შავი აკანტოზი, რაც ინსულინის სეკრეციის მატებასა და ინსულინრეზისტენტობაზე მიუთითებს.

ამდენად, კანზე აღნიშნული ნიშნების განვითარება ჰორმონული დარღვევების გამოვლინებაა და გარკვეულ გინეკოლოგიურ-ენდოკრინოლოგიური დარღვევების არსებობაზე მიანიშნებს.

- ქალბატონო ნანა (ნანა ჩოფიკაშვილი), მენსტრუაციული ციკლის დარღვევა - რამდენად ხშირია დღეს ეს პრობლემა გოგონებთან და როგორ ექვემდებარება მკურნალობას?

- მენსტრუაციული ციკლის დარღვევა გამოიხატება მენსტრუაციის რეგულარული რიტმის არარსებობით. ნორმალურ შემთხვევაში მენსტრუაციათა შორის ინტერვალები 21 დღიდან 35 დღემდე მერყეობს. სისხლიანი გამონადენის ხანგრძლივობა 3-დან 7 დღის ფარგლებშია, სისხლის დანაკარგი 80 მლ-ს არ უნდა აღემატებოდეს. მენარქედან პირველი 2 წლის განმავლობაში მენსტრუაციის რიტმი შეიძლება არ იყოს რეგულარული და ეს პათოლოგიად არ განიხილება.

მენსტრუაციული ციკლის დარღვევა შეიძლება გამოიხატებოდეს დაგვიანებაში, როდესაც გოგონას მენსტრუაცია რამდენიმე თვე არ აქვს. ასეთი სახის დარღვევები დაკავშირებულია ჰორმონულ პათოლოგიასთან, მაგალითად, საკვერცხეების პოლიკისტოზთან, რამაც შემდგომში უშვილობა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სისხლდენების სახით მენსტრუაციული ციკლის დარღვევას, რაც გვხვდება შემთხვევების 30%-ში. ამ დროს შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო. მოზარდ გოგონებს, ნებისმიერი სახის საშვილოსნოსმიერი სისხლდენის დროს, აუცილებლად ესაჭიროებათ მოზარდთა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგის დაუყოვნებლივი ჩარევა.

არის შემთხვევები, როდესაც გოგონას აქვს ყოველთვიური ძლიერი მოვლითი ტკივილები და მენსტრუაციული ციკლი არ ეწყება. მიზეზი არის დახურული საქალწულე აპკი, რომლის დროსაც მენსტრუაციული სისხლი გარეთ ვერ გამოდის და ყალიბდება ე.წ. ჰემატოკოლპოსი (სისხლის დაგროვება საშოში). ასეთ დროს საჭირო ხდება ქირურგიულად საქალწულე აპკის გაკვეთა.

- ქალბატონო ნანა (ნანა ჩოფიკაშვილი), როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც გოგონას საკვერცხის ცისტა აღენიშნება?

- ხშირია მოზარდ გოგონათა საკვერცხის რეტენციული ცისტები. მიზეზი არის ის, რომ რეპროდუქციული სისტემა ბოლომდე არ არის მომწიფებული. საკვერცხეში კვერცხუჯრედი არ მწიფდება, ფოლიკული არ სკდება და ცისტად გარდაიქმნება. ასეთი წარმონაქმნები მკურნალობის გარეშე თავისთავად ქრება მომდევნო მენსტრუაციის შემდეგ და მით უმეტეს, ქირუგიულ ოპერაციას არ საჭიროებს. შეიძლება დაინიშნოს ჰორმონული მკურნალობა.

ცისტების საშიში გართულებაა შემოგრეხა ან გასკდომა. დიდი ზომის ცისტების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, ექოსკოპიური დაკვირვება, სათანადო მკურნალობა, რათა თავიდან ავიცილოთ ქირურგიული ჩარევა. აუცილებელია დამზოგველი რეჟიმი - მოზარდი უნდა მოერიდოს ფიზიკურ აქტივობას. სწორი მართვის პირობებში იშვიათადაა საჭირო ქირურგიული ოპერაცია. საზოგადოდ, უპირატესობა ენიჭება ლაპაროსკოპიას.

იშვიათია ჰორმონაქტიური ცისტები, პაპილარული ცისტადენომები. ამ დროს საჭიროა ქირურგიული მკურნალობა. დერმოიდული და ენდომეტრიული ცისტების შემთხვევაში, თუ მათი ზომა დიდი არ არის, ხდება დაკვირვება.

- ქალბატონო ნანა (ნანა მინდელი), ნორმალურია თუ არა მტკივნეული მენსტრუაცია მოზარდისთვის?

- მტკივნეული მენსტრუაცია, როგორც წესი, მიუთითებს დარღვევებზე. მოზარდ გოგონათა მენსტრუაციული ციკლის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ეს დაკავშირებულია ჰორმონულ უკმარისობასთან.უნდა გვახსოვდეს, რომ მტკივნეული მენსტრუაცია შეიძლება იყოს, მაგალითად, ენდომეტრიოზის სიმპტომი, რაც არის საკმაოდ რთული დაავადება. თუ მტკივნეულ მენსტრუაციას არ მივაქცევთ ყურადღებას, შეიძლება შემდგომ განვითარდეს ისეთი გართულებები, რაც გამოიწვევს უშვილობას, ცხოვრების ხარისხის გაუარესებას.

- ქალბატონო ნანა (ნანა ჩოფიკაშვილი), ჭარბი წონა და სიმსუქნე - რაც არის თანამედროვე მსოფლიოს და მათ შორის ჩვენი პრობლემაც, როგორ აისახება მოზარდების სქესობრივ განვითარებაზე, რა რისკებთან არის დაკავშირებული და როგორ უნდა დავძლიოთ პროფესიონალების დახმარებით ეს პრობლემა?

- ბავშვებსა და მოზარდებში სხეულის წონა, ისევე როგორც სიმაღლე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სიმსუქნე მიეკუთვნება ენდოკრინულ-მეტაბოლურ დარღვევას. სიმსუქნის დროს ცხიმოვანი ქსოვილი ჭარბად გროვდება ორგანიზმში, ის გამოწვეულია ენერგეტიკული დისბალანსით, როდესაც მიღებული კალორიები აღემატება დახარჯულს. სიმსუქნის შესაფასებლად გამოიყენება მასის ინდექსი - სხეულის წონა სანტიმეტრებში გაყოფილი სიმაღლის კვადრატზე.

ჭარბწონიან და სიმსუქნის მქონე ბავშვებს უფრო ადრე ეწყებათ სქესობრივი მომწიფება ნორმალური წონის თანატოლებთან შედარებით და პირიქით. იმისათვის, რომ გოგონას დაეწყოს მენსტრუაცია, მას უნდა ჰქონდეს სხეულის გარკვეული მასა.

ბავშვები და მოზარდები ჭარბი წონით და სიმსუქნით მაღალი რისკის ქვეშ არიან საკვერცხეების პოლიკისტოზის და მეტაბოლური სინდრომის განვითარების თვალსაზრისით.

სიმსუქნე შეიძლება იყოს სხვადასხვა ენდოკრ­ინული დაავადების თანმხლები მდგომარეობა, რომელიც აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს.

ამ პრობლემის დაძლევაში მნიშვნელოვანი როლი აქვს მშობელს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს შვილს სწორ კვებაში, მხარი დაუჭიროს მის ჩართვას ფიზიკურ აქტივობებში. მოზარდმა უნდა გააცნობიეროს პრობლემის სერიოზულობა და სიმსუქნის პოტენციური ზიანი რეპროდუქციულ ფუნქციასა და ჯანმრთელობაზე.

სიმსუქნეს ხშირად თან ახლავს სხვა ჰორმონული და მეტაბოლური დარღვევები - ჰიპოთალამური სინდრომი, ჰიპერპროლაქტინემია, ჰიპერინსულინემია, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია და სხვა. ამ დროს სათანადოდ უნდა შეფასდეს ჰორმონული ფონი და დაინიშნოს მკურნალობა.

- ქალბატონო ნანა (ნანა მინდელი), ძალიან ხშირად მოზარდები სპეციალისტის ჩარევის გარეშე მიმართავენ დიეტას. რა დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს თვითნებურმა დიეტებმა?

- კვებითი ქცევის დარღვევამ შეიძლება მიგვიყვანოს მძიმე შედეგებამდე, როგორიცაა, მაგალითად - ანორექსია, საკვების მიუღებლობით გამოწვეული ძლიერი სიგამხდრე. ეს უფრო მეტად დამახასიათებელია 13-16 წლის გოგონებისთვის, რომლებიც სხეულის სასურველი წონის მისაღწევად მიმართავენ სხვადსხვა დიეტას, ძირითადად შიმშილობენ და საკვების მიღების შემდეგ გულსაც ირევენ. საკვების უკმარისობის პირველი სიმპტომი არის მენსტრუაციის დაკარგვა. ამ დარღვევის სიმძიმე დამოკიდებულია არა მხოლოდ მასის დეფიციტზე, არამედ შიმშილის ხანგრძლივობაზე. ზოგჯერ დროული მკურნალობის დაწყების შემდეგაც კი ძალიან ძნელია მენსტრუაციის აღდგენა. ხშირად საჭირო ხდება ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ჩართვაც.

- ქალბატონო ნანა (ნანა ჩოფიკაშვილი), რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება შვილთან დაკავშირებით და როდის უნდა დაიწყოს ზრუნვა შვილის ჯანმრთელობასა და ჯანსაღ მომავალზე?

- შვილის რეპროდუქციულ ჯანმთელობაზე ზრუნვა ახალშობილობიდან უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს მთელი ბავშვობა და მოზარდობის პერიოდი. ეს მოიცავს ჰიგიენას, გენიტალიების სწორად დაბანას, მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებაზე დაკვირვებას, კვების ნორმალური რეჟიმის უზრუნველყოფას. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს კანზე ვარდისფერი სტრიების გაჩენას, გოგონათა ჭარბთმიანობას, სახეზე აკნეს გამონაყარს, მენსტრუაციული ციკლის რეგულარობას, გადაცდენებს, ხშირ და ჭარბ მენსტრუაციას, ტკივილს მენსტრუაციის დროს, სხეულის ზედმეტ წონას ან ძალიან სიგამხდრეს, თავის ტკივილს. გადახრების არსებობისას აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი და მოზარდის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

მოზარდების ეტაპობრივი პროფილაქტიკური გასინჯვა სქესობრივი მომწიფების ფიზიოლოგიური მიმდინარეობის დროსაც კი აუცილებელია.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ინტიმური ჯანმთელობის ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი პირობაა დაბანა ყოველ დილა-საღამოს და სქესობრივი სიახლოვის შემდეგ
კოლპოსკოპია საშვილოსნოს ყელის ვიზუალიზაციის მეთოდია პროცედურის ჩატარების მიზანია:
აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელ,
ენდომეტრიუმის სისქე დამოკიდებულია მენსტრუალური ციკლის დღეზე:
თანამედროვე მსოფლიოში აქტუალური რჩება ხელოვნური აბორტების პრობლემა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად,
კლიმაქსი ქალისათვის გარკვეული მოულოდნელობაა, რადგან ის არ არის ფსიქოლოგიურად მზად ცვლილებებისათვის. კლიმაქსის დაწყება სიბერის დაწყებასთან ასოცირდება და შიშს იწვევს. მნიშვნელოვანი პრობლება ამ დროს ინფორმაციის დეფიციტია.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად