კლიმაქსური პერიოდის პათოლოგიური ცვლილებები ქალის ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კლიმაქსური პერიოდის პათოლოგიური ცვლილებები ქალის ორგანიზმში

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ დღევანდელ რუბრიკაში განვიხილოთ ქალებისათვის ამ განსაკუთრებულად სათუთ თემასთან დაკავშირებული საკითხები. გაგაცნობთ თანამედროვე ტერმინოლოგიას, კლიმაქსური სინდრომის არსს, განვითარების მიზეზებს, სიმპტომებს, გართულებებს, ვისაუბრებთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდზე. რუბრიკას უძღვება ლალი ფხალაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი.

– უპირველესად, განმარტეთ, რას ნიშნავს ტერმინები – „კლიმაქსი“ და „მენოპაუზა“.

– „კლიმაქსი“ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და საფეხურს ნიშნავს. კლიმაქსი ცხოვრების გარდამავალი ეტაპია ახალგაზრდობიდან სიბერემდე. უფრო ზუსტად, კლიმაქსი აღნიშნავს გარდამავალ პერიოდს რეპროდუქციული ფაზიდან იმ მდგომარეობამდე, როდესაც ქალს ბუნებრივი გზით აღარ შეუძლია შვილის ყოლა.

„მენოპაუზა“ მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტას ნიშნავს. ქალის ცხოვრებაში უკანასკნელ მენსტრუაციას მენოპაუზა ეწოდება, ის კლიმაქსური პერიოდის გარდამტეხი მოვლენაა. უკანასკნელი მენსტრუაციიდან თუ გასულია 12 თვე და მეტი, შეიძლება ითქვას, რომ ქალი მენოპაუზურ პერიოდშია.

მენოპაუზა შეიძლება იყოს ბუნებრივი და ხელოვნური. ბუნებრივი მენოპაუზა გამოწვეულია საკვერცხის ფოლიკულური აქტივობის სრული შეწყვეტით. ხელოვნური მენოპაუზა დგება ორივე საკვერცხის ქირურგიული გზით ამოკვეთის შემდეგ, ან მავნე ფაქტორების – რადიოთერაპია, ქიმიოთერაპია, ზემოქმედებით, როდესაც საკვერცხეში ზიანდება ფოლიკულური აპარატი.

კლიმაქსურ პერიოდს მენოპაუზური პერიოდი ეწოდება. მენსტრუაციის შეწყვეტამდე – პრემენოპაუზური, მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ კი – პოსტმენოპაუზური პერიოდია.

– რა სხვაობაა კლიმაქსსა და კლიმაქსურ სინდრომს შორის?

– ადამიანები ხშირად ხმარობენ ფრაზებს: „კლიმაქსი დამეწყო“, „კლიმაქსი მაქვს“. ამ დროს შეიძლება იგულისხმებოდეს ცხოვრების აღნიშნული ეტაპის დაწყება, და/ან ამ ეტაპის პათოლოგიური სიმპტომების არსებობა.

კლიმაქსი ცხოვრების პერიოდია, ხოლო კლიმაქსური სინდრომი არის იმ პათოლოგიური ცვლილებებისა და სიმპტომების ერთობლიობა, რომლებიც კლიმაქსურ პერიოდში ჰორმონული ცვლილებების გამო ვითარდება.

– რამდენად ხშირია კლიმაქსური სინდრომი?

– თანამედროვე ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ევროპის ქვეყნებში ქალები საშუალოდ 80 და მეტი წელი ცხოვრობენ, მათ შორის, საქართველოშიც. ესე იგი, დღეს ქალები სიცოცხლის ერთ მესამედს კლიმაქსურ პერიოდში ატარებენ.

კლიმაქსი ქალის ცხოვრების ფიზიოლოგიური ეტაპია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პერიოდი ყველა ქალის ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება, მაგრამ კლიმაქსური სინდრომი შეიძლება არ გამოვლინდეს ყველა შემთხვევაში. კლიმაქსურ პერიოდში ქალების ნაწილს ჩივილები საერთოდ არ აქვს.

კლიმაქსური სინდრომი აღენიშნება ქალების დაახლოებით 60%-ს. ამათგან 1/3-ს ჩივილები ეწყება მენსტრუაციის შეწყვეტამდე, 1/3-ში ემთხვევა მენსტრუაციის შეწყვეტას, 20%-ს სიმპტომები ეწყება მენოპაუზიდან 1-2 წლის შემდეგ, მცირე ნაწილს – დაახლოებით 2%-ს, სიმპტომები შეიძლება დაეწყოს ძალიან გვიან, მენსტრუაციის შეწყვეტიდან 5 და მეტი წლის შემდეგ.

– რა მოვლენებს უკავშირდება ქალების კლიმაქსური სინდრომის განვითარება?

– კლიმაქსური პერიოდის განვითარება უმთავრესად უკავშირდება ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზოლოგიურ პროცესებს, კერძოდ, საკვერცხის ფუნქციის დაქვეითებას. გოგონას დაბადებისას აქვს კვერცხუჯრედების გარკვეული მარაგი, რაც წინასწარ არის გენეტიკურად განსაზღვრული. სქესობრივი მომწიფების პერიოდის შემდეგ საკვერცხეში ყოველთვიურად მწიფდება კვერცხუჯრედი და გამომუშავდება სასქესო ჰორმონები, ძირითადად – ესტროგენები და პროგესტერონი. ასაკის მატებასთან ერთად, კვერცხუჯრედების მარაგი მცირდება, შესაბამისად, მცირდება საკვერცხეში ჰორმონების სეკრეციაც. როდესაც ფოლიკულების მარაგი საბოლოოდ ამოიწურება, დგება მენოპაუზა – ქალს აღარ აქვს მენსტრუაცია. საკვერცხე წყვეტს ფუნქციონირებას, აღარ გამოიმუშავებს სასქესო ჰორმონებს, ვითარდება ესტროგენების დეფიციტი, რაც კლიმაქსური ჩივილების განვითარების ძირითადი მიზეზია.

– როდის იწყება ქალების კლიმაქსური პერიოდი და რა ფაქტორები ზემოქმედებენ მასზე?

– 33 წლის შემდეგ საკვერცხის ფუნქცია თანდათან ქვეითდება, ჯერ პროგესტერონის დონე იკლებს, შემდეგ – ესტროგენების. მენოპაუზის საშუალო ასაკი 51-2 წელია. თუ ქალს მენსტრუაცია 40-დან 45 წლამდე უწყდება, ეს ითვლება ადრეულ მენოპაუზად, 55 წლის შემდეგ კი – გვიან მენოპაუზად. 40 წლამდე განვითარებულ მენოპაუზას ნაადრევ მენოპაუზას უწოდებენ.

გარემო ფაქტორებიც მოქმედებენ მენოპაუზის ასაკსა და მიმდინარეობაზე. მაგალითად, სიგარეტი, ალკოჰოლი, არაჯანსაღი კვება, მასის დეფიციტი ან სიჭარბე უარყოფითად აისახება კლიმაქსური სინდრომის გამოვლინებებზე.

მენოპაუზაში სიმპტომების გამოვლინების სიმძაფრე დამოკიდებულია ესტროგენების დონის დაქვეითების ხარისხზე.

– მენსტრუაციის ადრეული ან გვიანი შეწყვეტა რამდენად საშიშია ქალის ჯანმრთელობისათვის?

– მენსტრუაციის ადრეული ან გვიანი შეწყვეტა ჯანმრთელობის გარკვეულ რისკებს უკავშირდება, თუმცა, ეს ფაქტი რაიმე სერიოზულ საშიშროებაზე შესაძლოა არ მიუთითებდეს. ნაადრევი მენოპაუზით იზრდება ოსტეოპოროზისა და შესაბამისად, მოტეხილობების განვითარების რისკი. გვიანი მენოპაუზის დროს დიდია ესტროგენდამოკიდებული სიმსივნეების განვითარების ალბათობა.

– შეიძლება თუ არა ქალმა წინასწარ იგრძნოს კლიმაქსური პერიოდის მოახლოება, როგორ ვლინდება პირველი ნიშნები?

– კლიმაქსური პერიოდის მოახლოების პირველი ნიშანი შეიძლება იყოს ცვლილებები მენსტრუაციული ციკლის ხასიათში. ეს არის მენსტრუაციათაშორისი ინტერვალების შემოკლება. მაგალითად ქალებს, რომელთაც ჰქონდათ 30-35-დღიანი მენსტრუაციული ციკლი, მენსტრუაციათაშორისი ინტერვალები 26-21 დღემდე უმცირდებათ. საკვერცხეების პოლიკისტოზის მქონე პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებოდათ მენსტრუაციის გადაცდენა, პრემენოპაუზურ პერიოდში ციკლი რეგულარული უხდებათ.

მენსტრუაციული გამონადენის შემცირება, მენსტრუაციის დაგვიანებაც შეიძლება დაკავშირებული იყოს პრემენოპაუზური პერიოდის ჰორმონულ ცვლილებებთან. კლიმაქსურ პერიოდში საყურადღებოა ე.წ. მენოპაუზასთან ასოცირებული პათოლოგიური სისხლდენები.

კლიმაქსის მოახლოება ქალმა შეიძლება იგრძნოს სუბიექტური ჩივილებითაც. ეს არის: ხასიათის შეცვლა, უგუნებობა, ინტერესის დაკარგვა ცხოვრების მიმართ, გაღიზიანება, შფოთვა, თავის ტკივილი, უძილობა და ა.შ.

– რა სახის დარღვევები ვითარდება კლიმაქსურ პერიოდში და ყველაზე ხშირად რა ჩივილები აქვს ქალს ამ დროს?

– ესტროგენებისადმი მგრძნობიარე რეცეპტორები მთელ ორგანიზმში გვხვდება, ამიტომ მენოპაუზურ პერიოდში პათოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაში.

კლიმაქსური პერიოდის ჩივილები შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად. პირველ ეტაპზე ვითარდება ე.წ. ვეგეტო-სისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური სიმპტომები: ეს არის ალები, ცხელების შეგრძნება სახისა და თავის არეში, რაც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულში, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის ციფრების მატება ან კლება, თავის ტკივილი, გაღიზიანება, უმიზეზო ტირილი, დეპრესია, შფოთვა, უძილობა. ეს ჩივილები ქალებს ჯერ კიდევ მენსტრუაციის შეწყვეტამდე ეწყებათ და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი.

შემდეგ ჩნდება მეორე ეტაპის, ე.წ. შუა პერიოდის უროგენიტალური დარღვევები. ეს არის შარდ-სასქესო სისტემის პათოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებული სიმპტომები: შარდის შეუკავებლობა, გახშირებული შარდვა, ღამის შარდვა, საშოს სიმშრალე, რაც იწვევს ტკივილს სქესობრივი კონტაქტის დროს, ვერ მიიღწევა ორგაზმი. ხშირია ე.წ. ატროფიული კოლპიტის განვითარება, რაც გამოიხატება წვის შეგრძნებით, ქავილითა და შემაწუხებელი გამონადენით საშოდან. ამ დროს მკურნალობა ანტიბაქტერიული პრეპარატებით არაეფექტურია, რადგან პრობლემა უკავშირდება ესტროგენების დეფიციტს. საშოს კედლების ელასტიკურობის დაქვეითების გამო ვითარდება მისი დაწევა.

მენოპაუზურ პერიოდში ესტროგენების დეფიციტს უკავშირდება სახსრების ტკივილი, თვალის ლორწოვანის სიმშრალე. კოლაგენისა და ელასტინის დაკარგვის გამო კანზე ჩნდება ნაოჭები.

საყურადღებოა მესამე – ბოლო ეტაპზე განვითარებული პათოლოგიური ცვლილებები: გულ-სისხლძარღთა პათოლოგიები, მეტაბოლური დარღვევები, ოსტეოპოროზი.

კლიმაქსური პერიოდის პირველივე ეტაპზე ჩნდება მეხსიერების პრობლემები, გულმავიწყობა. გვიან პოსტმენოპაუზაში ამას შეიძლება დაემატოს სერიოზული ნევროლოგიური დარღვევები – მოხუცებულთა ჭკუასუსტობა, ალცჰაიმერის დაავადება.

– რა ითვლება მენოპაუზური პერიოდის ყველაზე საშიშ პათოლოგიად?

– კლიმაქსური პერიოდის ყველაზე საშიშ გართულებად ითვლება ბოლო ეტაპზე განვითარებული პათოლოგიური ცვლილებები, მათ შორის ოსტეოპოროზი.

ოსტეოპოროზი ჩონჩხის სისტემური დაავადებაა, რომლის დროსაც ძვლები კარგავს სიმკვრივეს, მყიფე ხდება და ადვილად ტყდება. ხერხემლის მიკრომოტეხილობების გამო ძალიან შემაწუხებელია ტკივილი ხერხემალში. ხერხემლის ოსტეოპოროზს უკავშირდება ის ფაქტი, რომ ადამიანი კლიმაქსურ პერიოდში პატარავდება სიმაღლეში. განსაკუთრებით საშიშია ბარძაყის ძვლის თავის მოტეხილობა, რადგან ის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან რისკებს მოიცავს.

– რა კავშირი აქვს ალცჰაიმერის დაავადებას კლიმაქსურ ცვლილებებთან?

– როგორც აღმოჩნდა, ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი დიდი აქვთ ქალებს, ვისაც ხშირად აქვს ალები. ალების მომენტში თავის ტვინში ვითარდება ჰიპოქსია. ჟანგბადის ხანგრძლივი უკმარისობა კი ხელს უწყობს თავის ტვინში პათოლოგიური ცვლილებების განვითარებას.

– მამაკაცებს თუ აქვთ კლიმაქსი?

– რასაკვირველია, კლიმაქსური პერიოდი და შესაბამისი ჩივილები მამაკაცებსაც აღენიშნებათ. ეს დაკავშირებულია მამაკაცის ძირითადი სასქესო ჰორმონის – ტესტოსტერონის კონცენტრაციის დაქვეითებასთან. მამაკაცების კლიმაქსურ პერიოდს ანდროპაუზას უწოდებენ. ქალების მსგავსად, ამ პერიოდში მამაკაცებსაც სჭირდებათ სათანადო მკურნალობა და მხარდაჭერა.

– კლიმაქსური სინდრომის დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა თუ არა გამოკვლევების ჩატარება, მათ შორის ჰორმონული ანალიზების?

– კლიმაქსური პერიოდის დარღვევები ტიპურია და თუ ჩივილები 50 წლის შემდეგ ჩნდება. დიაგნოზის დაზუსტებას განსაკუთრებული გამოკვლევების ჩატარება არ სჭირდება, მათ შორის, ჰორმონული ანალიზების. ამ დროს ყოველთვის მომატებულია გონადოტროპინების შემცველობა, განსაკუთრებით მაღალია ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დონე, დაბალია ესტროგენების კონცენტრაცია.

კლიმაქსური სიმპტომების ადრეულ ასაკში დაწყების შემთხვევაში, ჰორმონული კვლევა გვეხმარება დიაგნოსტიკაში.

საზოგადოდ, როდესაც ქალი კლიმაქსური ჩივილებით მიმართავს ექიმს, ყველაზე მნიშვნელოვანია კონსულტაციის ყურადღებით ჩატარება: სიმპტომების შეფასება, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის განსაზღვრა, თანმხლები დაავადებების დაზუსტება, ოჯახური ანამნეზის შესწავლა. საჭიროა ჩატარდეს გინეკოლოგიური გამოკვლევა – ქალი უნდა გაისინჯოს სავარძელზე, გაკეთდეს პაპ-ტესტი. კოლპოსკოპია და ნაცხის ბაქტერიოსკოპიული ანალიზი კეთდება საჭიროების მიხედვით. რუტინულად ტარდება მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიული კვლევა. ამ დროს აქცენტი კეთდება საშვილოსნოს შიგნითა გარსის – ენდომეტრიუმის სისქეზე. მენოპაუზაში 4 მმ-ზე მეტი ენდომეტრიუმი უკვე საყურადღებოა. ძალიან მნიშვნელოვანია სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა და მამოლოგის კონსულტაცია. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სისხლის შედედების სისტემის გამოკვლევას – კოაგულოგრამას.

ინდივიდუალურად შესაძლებელია საჭირო იყოს სხვა კვლევების ჩატარება – ჰორმონული, ბიოქიმიური ანალიზები, დენსიტომეტრია – ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა და ა.შ.

– საჭიროა თუ არა კლიმაქსური სინდრომის მკურნალობა?

– პასუხი ერთმნიშვნელოვანია – კლიმაქსური სინდრომის მკურნალობა აუცილებელია! მენოპაუზაში მკურნალობასთან დაკავშირებით ქალების სამი ტიპი იკვეთება: პირველი – ფატალისტები, რომელთაც არ სურთ მკურნალობა, მეორე – ქალები, რომლებიც რეკლამებს ადევნებენ თვალს და თვითმკურნალობას ეწევიან და მესამე კატეგორია, რომელიც მიდის ექიმთან სამკურნალოდ.

სამწუხარო რეალობაა, რომ ქალები ყურადღებას აქცევენ მხოლოდ ისეთ თვალსაჩინო სიმპტომებს, როგორებიცაა ალები და ოფლიანობა. თუ ეს სიმპტომები ძალიან შემაწუხებელი არ არის, არ მიმართავენ ექიმს.

აღნიშნული ჩივილების პარალელურად კი, ორგანიზმის ყველა სისტემაში მიმდინარეობას ესტროგენების დეფიციტთან დაკავშირებული პათოლოგიური ცვლილებები, რომლებიც მოგვიანებით იჩენენ თავს. მაგალითად, როგორც უკვე აღვნიშნე, ხშირი ალები ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს ზრდის, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქალმა „არ მოითმინოს ალები“ და იმკურნალოს.

– როგორ ხდება კლიმაქსური სინდრომის მკურნალობა?

– მკურნალობის მეთოდები მრავალგვარია. კლიმაქსური სინდრომის სამკურნალოდ ოქროს სტანდარტია ნატურალური ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპია, რასაც მენოპაუზური ჰორმონული თერაპია ეწოდება. ფარმაცევტულ ბაზარზე ამ ტიპის პრეპარატები ბევრია. ტაბლეტების გარდა გამოიყენება კანის პლასტირები, ვაგინალური სანთლები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ეფექტურია შარდ-სასქესო სისტემის პათოლოგიური ცვლილებების დროს.

არსებობს გარკვეული შეზღუდვები ჰორმონების გამოყენებისას, რაც ძირითადად უკავშირდება გენეტიკური განწყობის მქონე პაციენტთა სარძევე ჯირკვლების კიბოსა და თრომბოზების განვითარების რისკებს.

საზოგადოებაში ამის გამო არსებობს ე.წ. „ჰორმონოფობია“ – ონკოლოგიური დაავადებების გაჩენის შიში. ქალებს ძალზე აღელვებთ ასევე ჰორმონული მედიკამენტების მიღების ფონზე წონის მატების პრობლემა. ცხადია, ეს ერთმნიშვნელოვნად ასე არ არის.

მენოპაუზური ჰორმონოთერაპია არის ყველაზე ეფექტური კლიმაქსური პერიოდის გართულებებისა და სიმპტომების დროს, ამიტომაც, ის კვალიფიციურმა რეპროდუქტოლოგმა და გინეკოლოგმა უნდა დანიშნოს, რომელიც სწორად შეაფასებს რისკებსა და სარგებელს.

– რას გვეტყვით მკურნალობის არაჰორმონულ და ალტერნატიულ მეთოდებზე?

– კლიმაქსური სიმპტომების სამკურნალოდ ძალზე პოპულარულია ე.წ. ფიტოპრეპარატები. ცნობილია, რომ ბევრ მცენარეს აქვს ქალის ნატურალური ჰორმონების – ესტროგენების მსგავსი მოქმედება. ასეთია სოია, ბრინჯი, სვია, წითელი სამყურა, ციმიციფუგა. ქალის ორგანიზმში ისინი ესტროგენების რეცეპტორებს უკავშირდება და ეფექტურია მსუბუქად გამოხატული კლიმაქსური ჩივილების დროს. ცნობილია ის ფაქტი, რომ ჩინელ და იაპონელ ქალებს, რომელთა კვების რაციონი მდიდარია სოიისა და ბრინჯის პროდუქტებით, კლიმაქსური სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული.

არსებობს მონაცემები, რომ ზოგიერთ მცენარეში შემავალ იზოფლავინებს აქვთ ე.წ. მამოპროტექტორული ეფექტებიც – ხელს უშლიან სარძევე ჯირკვლების ავთვისებიანი პროცესების განვითარებას.

ქალები რეკლამის, ინტერნეტის, მეგობრების საშუალებით იღებენ ინფორმაციას ფიტოპრეპარატების შესახებ და თვითმკურნალობას მიმართავენ. მართალია, ამ პრეპარატების გამოყენებით გართულებების რისკები ნაკლებია, მაგრამ მიღებამდე სასურველია, ჩატარდეს ექიმის კონსულტაცია. ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ფიტოპრეპარატებთან ერთად, შესაძლოა საჭირო იყოს სხვა მედიკამენტების დანიშვნაც კომბინაციაში, მაგალითად, მელატონინის – ძილის მოსაწესრიგებლდ. აქტუალურია ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღება – კალციუმის, D ვიტამინის.

იყენებენ მკურნალობის ფიზიკურ მეთოდებსაც – რეფლექსოთერაპიას, აკუპუნქტურას და ა.შ.

– რა როლი აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესს კლიმაქსური სინდრომის მართვისას?

– ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დაცვა, როგორც ყოველთვის, მთავარი და მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა. ჯანსაღი კვება – კალციუმით, ცილებით, ომეგა 3-ით მდიდარი საკვების მიღება, ადვილად შეწოვადი ნახშირწყლების შეზღუდვა, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, ცურვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ძილის რეჟიმის მოწესრიგება, ახლობელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და დადებითი ემოციებით დატვირთვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კლიმაქსური პერიოდის მიმდინარეობას.

– შესაძლებელია თუ არა კლიმაქსური პერიოდის გართულებათა არიდება?

– მენოპაუზა აუცილებლად დადგება ყველა ქალის ცხოვრებაში, მაგრამ მთავარია, ეს პერიოდი განსაკუთრებული დისკომფორტისა და გართულებების გარეშე მიმდინარეობდეს. ამის მიღწევა შესაძლებელია პროფილაქტიკური ღონისძიებებით და მკურნალობის დროული დაწყებით.

– რას უსურვებთ ჩვენს ქალებს?

– ძვირფასო ქალებო, ნუ შეგაშინებთ კლიმაქსის სუსხი, ცხოვრება მშვენიერია მენოპაუზის შემდეგ. ქალი საზოგადოებისათვის ყველაზე სასურველი სწორედ 50 წლის შემდეგ არის. ჯანმრთელი და ბედნიერი ქალი სჭირდება ყველას – მშობლებს, მეუღლეს, შვილებს, შვილიშვილებს, მეგობრებს.

გისურვებთ ჯანმრთელ, ნაყოფიერ, საინტერესო, სიხარულით აღსავსე დღეგრძელ სიცოცხლეს!