საკვერცხის ცისტები „რეპროდუქციული ჯანმრთელობა“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვერცხის ცისტები „რეპროდუქციული ჯანმრთელობა“

პრობლემაა გინეკოლოგიასა და რეპროდუქტოლოგიაში. ამიტომ, გადავწყვიტეთ დღევანდელ რუბრიკაში განვიხილოთ საკვერცხის სხვადასხვა სახის ცისტები. ვისაუბრებთ მათ წარმოშობაზე, გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებსა და გართულებებზე. გაგაცნობთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს. ვუპასუხებთ ბევრ სინტერესო შეკითხვას.

რუბრიკას უძღვება „ჟორდანიას რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი-ხელმძღვანელი პროფ. არჩილ ხომასურიძე“ – კლინიკური დირექტორი, ლალი ფხალაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი.

– რა წარმონაქმნია საკვერცხის ცისტა?

– საკვერცხის ცისტა – ეს არის, უპირატესად, სითხის შემცველი ან ნაწილობრივ სითხური შიგთავსის მქონე მოცულობითი წარმონაქმნი, რომელიც გარედან დაფარულია გარსით. მინდა განვმარტო, რომ ტერმინები – „საკვერცხის ცისტა“ და „საკვერცხის კისტა“ იდენტურია, მათ შორის არანაირი პრაქტიკული სხვაობა არ არის.

– რა სახის ცისტები გვხვდება საკვერცხეში?

– საკვერცხეში ცისტური წარმონაქმნი სხვადასახვა სახისა შეიძლება იყოს. არსებობს ფოლიკულური, ყვითელი სხეულის, თეკა-ლუთეინური (ორსულობასთან ასოცირებული), დერმოიდული, ენდომეტრიული და ა.შ. ცისტები. ამათგან ზოგიერთი არის თანდაყოლილი.

საკვერცხის ცისტების უმრავლესობა კეთილთვისებიანია, თუმცა, ცისტა შეიძლება იყოს ავთვისებიანი და მოსაზღვრე მდგომარეობის.

– რას ნიშნავს რეტენციული ცისტა?

– საკვერცხის რეტენციული ცისტები ფუნქციური ცისტებია. ისინი თავისით განიცდის უკუგანვითარებას. მათ, ძირითადად, არ სჭირდებათ მკურნალობა. რეტენციულია ფოლიკულური და ყვითელი სხეულის ცისტები.

– რა არის ფოლიკულური და ყვითელი სხეულის ცისტები, როგორ ვითარდება ისინი?

– ფოლიკულური ცისტა არის ფოლიკულური სითხის შემცველი თხელი კაფსულის მქონე წარმონაქმნი, ყვითელი სხეულის ცისტა კი არის, შესაბამისად, ყვითელი სხეულის შემცველი ცისტური წარმონაქმნი.

ქალის ორგანიზმში სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან მენოპაუზამდე, ანუ მენსტრუაციის შეწყვეტამდე, ხდება კვერცხუჯრედების მომწიფება. კვერცხუჯრედები ფოლიკულებშია მოთავსებული. მენსტრუაციული ციკლის პირველ ნახევარში საკვერცხეში იზრდება ფოლიკული, შუა პერიოდში ხდება ოვულაცია – ფოლიკულიდან მომწიფებული კვერცხუჯრედის გადმოსვლა, მეორე ნახევარში – ოვულირებული ფოლიკულიდან ყვითელი სხეულის წარმოქმნა. მენსტრუაციის შემდეგ ხდება ყვითელი სხეულის უკუგანვითარება.

ფოლიკულური ცისტა ჩნდება იმ შემთხვევაში, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ხდება ოვულაცია. ამ დროს ფოლიკული იზრდება და ფოლიკულურ ცისტად გადაიქცევა.

ყვითელი სხეულის ცისტის განვითარება დაკავშირებულია ოვულაციის შემდეგ წარმოქმნილი ყვითელი სხეულის ზრდასა და ცისტად გარდაქმნასთან. როდესაც ყვითელი სხეული არ განიცდის უკუგანვითარებას, მენსტრუაციის დაწყების შემდეგ ის საკვერცხეში ყვითელი სხეულის ცისტის სახით რჩება.

– რამდენად ხშირია და ვის შეიძლება განუვითარდეს ფოლიკულური ცისტები?

– ფოლიკულური ცისტების განვითარება ხშირია იმ პაციენტებთან, ვისაც სხვადასხვა სახის ჰორმონული დარღვევა აქვს. საკვერცხის ფოლიკულური ცისტები შეიძლება გაჩნდეს პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს.

ფუნქციური ცისტები ძირითადად რეპროდუქციულ ასაკში ვითარდება. ხშირია შემთხვევები მოზარდ გოგონებთან, რადგან მათ სრულად არ აქვთ ჩამოყალიბებული რეპროდუქციული სისტემა. საკვერცხის ცისტები გვხვდება ბავშვებთანაც, რაც ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნების განვითარებას იწვევს.

საკვერცხის ფოლიკულური ცისტები წარმოიქმნება პრემენოპაუზურ პერიოდშიც, რადგან ამ დროს ქალს აღენიშნება პროგესტერონის უკმარისობა. თუმცა, ამ ასაკში ონკოლოგიური დაავადებების დიდი რისკის გამო, საკვერცხის ცისტების დიაგნოსტიკას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

– რა ჩივილები ახასიათებს, საზოგადოდ, საკვერცხის ცისტებს?

– ყველაზე მეტად დამახასიათებელი ჩივილებია ტკივილი, სიმძიმე და დისკომფორტი ცისტის მხარეს. საკვერცხის ფოლიკულური ცისტის არსებობისას ხშირია მენსტრუაციული ციკლის გადაცდენა. როდესაც ცისტა დიდი ზომისაა, მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის გამო შეიძლება გაჩნდეს შარდვასა და დეფეკაციასთან დაკავშირებული დისკომფორტი. საკვერცხის ენდომეტრიული ცისტებისთვის დამახასიათებელია დისპარეუნია – მტკივნეული სქესობრივი აქტი. ხშირად პაციენტს არანაირი ჩივილი არ აქვს და ცისტა შემთხვევით გამოვლინდება ექოსკოპიური გამოკვლევით.

– რა ზომისა შეიძლება იყოს საკვერცხის ცისტა და რა კავშირშია მისი ზომა დაავადების სიმძიმესთან?

– საკვერცხის ცისტური წარმონაქმნი ცისტად განიხილება, თუ მისი ზომა 3 სანტიმეტრი და მეტია. არსებობს დიდი და გიგანტური ცისტები, რომელთა ზომა 10 სმ-ზე მეტია და მთლიანად იკავებს მენჯის ღრუს.

ანოვულაციის შემთხვევაში, როდესაც ფოლიკულის ზომა იზრდება, ამ მოვლენას ფოლიკულის პერსისტენციას უწოდებენ. თუ მისი ზომა 3 სანტიმეტრზე ნაკლებია, მას პერსისტირებული ფოლიკული ჰქვია და ცისტად არ განიხილება.

საკვერცხის ცისტის ზომა ყოველთვის არ განსაზღვრავს დაავადების სიმძიმეს. დიდი ზომის ფოლიკულური ცისტებიც წარმატებით განიცდის უკუგანვითარებას მენსტრუაციის შემდეგ. მნიშვნელობა აქვს ცისტის კაფსულის სისქეს.

ამასთან, ისეთი საშიში გართულების რისკი, როგორიცაა საკვერცხის შემოგრეხა, ნაკლებია დიდი ზომის ცისტების დროს.

– როგორ უნდა მოვიქცეთ საკვერცხის ფოლიკულური ცისტების არსებობისას?

– საკვერცხის ფოლიკულური ცისტის არსებობა მიუთითებს საკვერცხის ფუნქციის მოშლაზე, ანოვულაციაზე, რაც, თავის მხრივ, ჰორმონული დარღვევებითაა განპირობებული. საკვერცხის ფოლიკულური ცისტები უფრო ხშირად მენსტრუაციული ციკლის მეორე ნახევარში ჩნდება და თავისით ქრება მენსტრუაციის შემდეგ.

როდესაც შემთხვევით ექოსკოპიით საკვერცხეში ფოლიკულური ცისტის დიაგნოსტიკა ხდება და პაციენტს ჩივილები არ აქვს, არანაირი მკურნალობა არ ტარდება. მით უმეტეს, არაა საჭირო ოპერაცია. ასეთ დროს კეთდება განმეორებითი ექოსკოპია და თუ ცისტა ისევ რჩება, ვიწყებთ მედიკამენტურ თერაპიას.

პარალელურად აუცილებელია ჩატარდეს ჰორმონული კვლევა, რომ დადგინდეს საკვერცხის ფუნქციის დარღვევის მიზეზი.

– რა სახის მკურნალობა ტარდება საკვერცხის ფოლიკულური ცისტების დროს?

– საკვერცხის ფოლიკულური ცისტების მკურნალობა ძირითადად ტარდება კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივებით, საჭიროების შემთხვევაში – რამდენიმე ციკლის განმავლობაში. თანმხლები ანთებითი დაავადებების დროს ინიშნება ანთების საწინააღმდეგო თერაპია. შეიძლება დაინიშნოს ფერმენტული გამწოვი თერაპია.

ამ დროს მნიშვნელოვანია ორგანიზმის ზოგადი ჰორმონული ფონის მოწესრიგება, რომ არ მოხდეს საკვერცხის ცისტების განმეორებითი წარმოქმნა.

– საკვერცხის რომელი ცისტაა თანდაყოლილი?

– თანდაყოლილია ე.წ. დერმოიდული ცისტები – ტერატომები. მათ ჩანასახოვან ცისტებს უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გოგონას დაბადებისას უკვე აქვს საკვერცხეში წარმონაქმნი. შიგთავსი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფრჩხილებით, ცხიმით, თმებით, კბილებით, ძვლებით, ხრტილებით. დერმოიდული ცისტა თავისით არ ქრება და არ ექვემდებარება მედიკამენტურ თერაპიას. როდესაც მისი ზომა 3 სმ-ზე მეტია, აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა – ქირურგიული გზით ამოკვეთა, რადგან არსებობს ჯანმრთელობისთვის გარკვეული რისკები.

– რას გვეტყვით ენდომეტრიულ ცისტებზე?

– საკვერცხის ენდომეტრიულ ცისტებს, იმავე ენდომეტრიომებს, შოკოლადისებრ ცისტებს უწოდებენ, რადგან მათი შიგთავსი არის მუქი, ბლანტი, შოკოლადისებრი. ენდომეტრიული ცისტები ხშირად თან ახლავს ენდომეტრიოზს.

ენდომეტრიულ ცისტებს ახასიათებთ ზრდა. მათი კაფსულა იმდენადაა ჩაზრდილი საკვერცხის ქსოვილში, რომ ზიანდება ფოლიკულური აპარატი და მნიშვნელოვნად ქვეითდება ქალის რეპროდუქციული ფუნქცია.

ულტრაბგერითი კვლევით ზოგჯერ რთულია ენდომეტრიული ცისტის გარჩევა ფოლიკულურისაგან, როდესაც ამ უკანასკნელის შიგთავსი არის ჰემორაგიული – შემღვრეულია სისხლით. დიაგნოზის დასმაში გვეხმარება განმეორებითი ექოსკოპია. თუ წარმონაქმნი იგივე რჩება მენსტრუაციული ციკლის შემდეგ, ესე იგი, ეს არის ენდომეტრიული ცისტა.

ენდომეტრიომა ოპერაციული მკურნალობის გარეშე თავისით არ ქრება. თუმცა, თუ მისი ზომა 3 სმ-ს არ აღემატება, ოპერაციას არ აკეთებენ, ხდება დაკვირვება. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს იმ პაციენტებთან, ვისაც ჯერ არ ჰყავს შვილი.

არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია საკვერცხის ენდომეტრიული ცისტების ზომის მცირედი შემცირება.

– რა გართულებებს იწვევენ საკვერცხის ცისტები?

– საკვერცხის ცისტების ყველაზე საშიში გართულებაა საკვერცხის შემოგრეხა. ამ დროს ირღვევა სისხლის მიმოქცევა, იწყება საკვერცხის ქსოვილის ნეკროზი – კვდომა და აუცილებელი ხდება მთლიანად საკვერცხის ამოკვეთა.

ერთ-ერთი გართულებაა ცისტისა და საკვერცხის გახეთქვა, რასაც თან ახლავს სისხლდენა – დიდი რაოდენობით სისხლის ჩაღვრა მუცლის ღრუში. შეიძლება განვითარდეს პერიტონიტი. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობა.

მნიშვნელოვანი გართულებაა ცისტის ზომის ზრდის გამო საკვერცხის ფოლიკულური აპარატის დაზიანება, რაც ხშირია ენდომეტრიომების შემთხვევაში. ტკივილი და შემდგომ შეხორცებების განვითარება შეიძლება გამოიწვიოს ცისტების ე.წ. მიკროპერფორაციებმა – შიგთავსის გამოჟონვამ.

– რა განსხვავებაა საკვერცხის ცისტასა და საკვერცხის პოლიკისტოზს შორის?

– საკვერცხის ცისტა – ეს არის ერთი ცისტური წარმონაქმნი საკვერცხეში, რომლის ზომა 3 სმ და მეტია. საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს კი საკვერცხეში არის მრავლობითი – 12 და მეტი მცირე ზომის ცისტური წარმონაქმნი, რომელთა ზომა საშუალოდ 4-12 მმ-ია.

საკვერცხეების პოლიკისტოზი, იგივე პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, არის გენეტიკურად განპირობებული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ანოვულაცია და ამდენად, ამ ფონზე საკვერცხეში შეიძლება გაჩნდეს ფოლიკულური ცისტაც.

– კიდევ რა სახის ცისტა შეიძლება შეგვხვდეს საკვერცხეში?

– არსებობს ე.წ. პარაოვარიული ცისტა, თხელი კაფსულის მქონე სითხის შემცველი წარმონაქმნი, რომელიც საკვერცხიდან არ ვითარდება, მაგრამ იმდენად მჭიდროდ ეხება მას, რომ ექოსკოპიით ზოგჯერ რთულია გარჩევა საკვერცხის ფოლიკულური ცისტისგან. დიდი ზომის პარაოვარიული ცისტები აწვება საშვილოსნოს მილებს და შეიძლება დააზიანონ ქალის რეპროდუქციული ფუნქცია. ასეთ დროს ტარდება ოპერციული მკურნალობა.

– რა განსხვავებაა საკვერცხის კეთილთვისებიან და ავთვისებიან ცისტებს შორის?

– ფოლიკულური, ყვითელი სხეულის, ენდომეტრიული ცისტები არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, მათი არსებობა ქალის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. მოსაზღვრეა, მაგალითად, საკვერცხის პაპილარული ცისტადენომა, მისი ამოკვეთა აუცილებელია, რადგან არსებობს ავთვისებიანად გადაგვარების რისკი. ავთვისებიან ცისტებს მიეკუთვნება მუცინოზური და სეროზული ცისტადენოკარცინომები. ამ დროს ტარდება სასწრაფო ოპერაცია.

– იწვევს თუ არა საკვერცხის ცისტა უშვილობას, შეიძლება თუ არა ქალი დაორსულდეს საკვერცხის ცისტით?

– ვინაიდან საკვერცხის ცისტები სხვადასხვა სახისაა, ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ამ კითხვაზე შეუძლებელია. საკვერცხის ცისტა იმ შემთხვევაში გამოიწვევს უშვილობას, თუ ის ხელს უშლის საკვერცხეში კვერცხუჯრედების მომწიფებას.

ქალი შეიძლება დაორსულდეს დიდი ზომის საკვერცხის ცისტების არსებობის დროსაც, თუნდაც, ენდომეტრიომების ფონზე, თუ მას იმავე ან მეორე საკვერცხეში მოუმწიფდება ფოლიკული და ექნება ოვულაცია.

– როგორ ხდება საკვერცხის ცისტების დიაგნოსტიკა?

– საკვერცხის ცისტების დიაგნოსტიკა ხდება ულტრაბგერითი კვლევის – ექოსკოპიის საფუძველზე. საკვერცხის ცისტების შეფასებისას, პირველ რიგში, ყურადღებას აქცევენ მის სტრუქტურას, ზომას, კაფსულის სისქეს. საჭიროა განმეორებითი ექოსკოპიების გაკეთება მენსტრუაციული ციკლის სხვადასხვა ფაზაში.

მნიშვნელობა არ დაუკარგავს ქალის გინეკოლოგიურ გასინჯვას სავარძელზე.

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ცისტების დიაგნოსტიკა პრემენოპაუზურ პერიოდში. საეჭვო შემთხვევაში ტარდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. სისხლში ისაზღვრება სპეციალური მარკერები. ტარდება სადიაგნოსტიკო ლაპაროსკოპია.

– რა შემთხვევაში ტარდება ოპერაციული მკურნალობა და რა სახისაა ეს მკურნალობა?

– საკვერცხის ცისტების ოპერაციული მკურნალობის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, რა სახის და რა ზომისაა ცისტა, რა ჩივილები აქვს პაციენტს და რა მიზანი. ამის მიხედვით, ოპერაციული მკურნალობა შეიძლება იყოს გეგმური, სასწრაფო ან გადაუდებელი.

ფოლიკულურ ცისტას ოპერაციული მკურნალობა არ სჭირდება, მასზე ხდება დაკვირვება. თუ ის თავისთავად არ გაქრა და შემდეგ არ დაექვემდებარა მედიკამენტურ მკურნალობას 3 ციკლის განმავლობაში, შესაძლებელია დაიგეგმოს ოპერაცია. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ცისტა დიდი ზომისაა, პაციენტს აქვს ჩივილები და/ან არსებობს გართულებების რისკი.

დერმოიდული და ენდომეტრიული ცისტების შემთხვევაშიც ინიშნება გეგმური ოპერაცია, როდესაც წარმონაქმნების ზომა დიდია და პაციენტს აქვს ჩივილები, უშვილობის პრობლემა.

სასწრაფო ოპერაცია კეთდება მოსაზღვრე და ავთვისებიანი ცისტების არსებობის დროს.

გადაუდებელი ოპერაციის ჩვენებაა ეჭვი საკვერცხის შემოგრეხაზე, ცისტის გახეთქვა, სისხლდენა საკვერცხიდან.

უპირატესობა ენიჭება ლაპაროსკოპიას – ოპერაციას „გაჭრის გრეშე“. მნიშვნელოვანია, რომ ჩარევა იყოს მინიმალური, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილი, განსაკუთრებით იმ პაციენტებთან, რომელთაც ჯერ შვილი არ ჰყავთ.

– დაბოლოს, რას ურჩევთ მკითხველს, ვისაც აქვს მსგავსი პრობლემები და როგორ შეიძლება ავირიდოთ გართულებები?

– მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ მენსტრუაციული ციკლის დარღვევებს – არარეგულარული, მტკივნეული მენსტრუაციების არსებობას, ტკივილებს და ნებისმიერი სახის დისკომფორტს მუცლის არეში. ამ შემთხვევებში უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, ექოსკოპიური კვლევა.

საკვერცხის ცისტების არსებობის დროს საჭიროა მოვერიდოთ ნებისმიერი სახის ფიზიკურ დატვირთვას, რადგან ეს შეიძლება გახდეს საკვერცხის შემოგრეხის მიზეზი.

დროული ვიზიტი ექიმთან და კვალიფიციური სპეციალისტის მიერ დაგეგმილი მკურნალობა დაგვიცავს გართულებებისგან.