ენდომეტრიოზი - „რეპროდუქციული ჯანმრთელობა“ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ენდომეტრიოზი - „რეპროდუქციული ჯანმრთელობა“

ენდომეტრიოზი - „რეპროდუქციული ჯანმრთელობა“
დღევანდელი რუბრიკის თემაა ენდომეტრიოზი. ის არის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება გინეკოლოგიურ პრაქტიკაში და იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს ქალის ორგანიზმში. რუბრიკის ფარგლებში მოგაწვდით ინფორმაციას დაავადების სიხშირეზე, კლინიკურ ნიშნებზე, გართულებებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე. ვუპასუხებთ ენდომეტრიოზთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო და აქტუალურ შეკითხვას. რუბრიკას უძღვება „ჟორდანიას რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი-ხელმძღვანელი პროფ. არჩილ ხომასურიძე“ – კლინიკური დირექტორი ლალი ფხალაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი.

– რა დავადებაა „ენდომეტრიოზი“?

– ენდომეტრიოზი არის ქალთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება. ამ დროს საშვილოსნოს შიგნითა გარსის – ენდომეტრიუმის ქსოვილის ნაწილები მცირე ზომის „კუნძულების“ სახით
გვხვდება საშვილოსნოს გარეთ, მისთვის უჩვეულო ადგილებში – საკვერცხეზე, საშვილოსნოს ყელზე, მენჯის ღრუში და ისეთივე ცვლილებებს განიცდის, როგორც ენდომეტრიუმი მენსტრუაციული ციკლის ფაზების შესაბამისად. დაავადების ამ ფორმას გენიტალური ენდომეტრიოზი ჰქვია, ხოლო ამ უბნებს ენდომეტრიულ ჰეტეროტოპიებს უწოდებენ.

ენდომეტრიოზის უბნები შეიძლება შეგვხვდეს სხვა ორგანოებშიც – შარდის ბუშტში, ნაწლავში, ფილტვში,
ცხვირის ლორწოვანში, თვალში. დაავადების ამ ფორმას ექსტრაგენიტალური ენდომეტრიოზი ჰქვია.

ამგვარად, გვაქვს ენდომეტრიოზის ორი ძირითადი ფორმა: გენიტალური და ექსტრაგენიტალური. გენიტალურ ენდომეტრიოზს მიეკუთვნება აგრეთვე ადენომიოზი და საკვერცხის ენდომეტრიომა.

– რას ნიშნავს „ადენომიოზი“ და რა არის „ენდომეტრიომა“?

– ადენომიოზი არის გენიტალური ენდომეტრიოზის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც საშვილოსნოს

შიგნითა გარსის – ენდომეტრიუმის უბნები პათოლოგიურადაა ჩაზრდილი საშვილოსნოს კედლის სიღრმეში – მის კუნთოვან შრეში.

ენდომეტრიომას უწოდებენ საკვერცხის ენდომეტრიულ ცისტას. ამ დროს საკვერცხეში არის ცისტური წარმონაქმნი, რომლის კედლის შიგნითა გარსი ამოფენილია ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილით, ხოლო შიგთავსი არის სისხლნარევი, ბლანტი, შოკოლადისებრი სითხე. ამიტომ, მათ შოკოლადისებრ ცისტებსაც უწოდებენ.

– რამდენად ხშირია ენდომეტრიოზი?

– ენდომეტრიოზით მსოფლიოში დაახლოებით 3 მილიონი ქალია დაავადებული, აღენიშნება რეპროდუქციული ასაკის ქალების 5-10%-ს. ენდომეტრიოზის სიხშირე ძალიან დიდია მტკივნეული მენსტრუაციის – 40-60%, მენჯის ქრონიკული ტკივილის – 75% და უშვილობის დროს – 35-50%.

– რა იწვევს ენდომეტრიოზს?

– დაავადების განვითარების შესახებ ერთიანი თეორია არ არსებობს. შესაძლებელია ის უკავშირდებოდეს გენეტიკურ ფაქტორებს და მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე იყოს განსაზღვრული. არსებობს რეტროგრადული მენსტრუაციის თეორია, რომლის მიხედვითაც საშვილოსნოდან მენსტრუაციული სისხლი საშვილოსნოს მილების გავლით ხვდება მენჯის ღრუში და „ენდომეტრიული კუნძულების“ სახით მიემაგრება სხვა ორგანოებს. ენდომეტრიოზის უბნები სისხლისა და ლიმფის ნაკადით შეიძლება გავრცელდეს მთელ ორგანიზმში. არსებობს სხვა თეორიებიც.

– რა ნიშნები ახასიათებს ენდომეტრიოზს? როდის შეიძლება მივიტანოთ ეჭვი ამ დაავადების არსებობაზე?

– ენდომეტრიოზისთვის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი არის ტკივილი მენსტრუაციის დროს, ყავისფერი ჩამონაშალი მენსტრუაციის წინ და შემდეგ, ქრონიკული ტკივილი მენჯის ღრუში – მუცლის ქვედა ნაწილში, ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს, გახანგრძლივებული და ჭარბი მენსტრუაცია. ნაწლავისა და შარდის ბუშტის ენდომეტრიოზზე შეიძლება მიუთითებდეს ტკივილი კუჭის მოქმედების და შარდვის დროს.

ენდომეტრიოზის გამოვლინება შეიძლება იყოს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.

– როდის შეიძლება გამოვლინდეს დაავადების პირველი ნიშნები?

– დაავადების პირველი ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს მოზარდებთან მენსტრუაციის დაწყებისთანავე,

მტკივნეული მენსტრუაციის სახით. ამ ფაქტს ყოველთვის არ ექცევა სათანადო ყურადღება, რადგან მტკივნეული მენსტრუაცია მიიჩნევა ჩვეულებრივ მოვლენად.

ზოგჯერ ახალშობილ გოგონებს დაბადების შემდეგ აქვთ სისხლიანი ჩამონაშალი, რაც დაკავშირებულია დედის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ცვლილებებთან. არსებობს მოსაზრება, რომ ე.წ. ახალშობილთა მენსტრუაცია შეიძლება იყოს ენდომეტრიოზის პირველი გამოვლინება.

– მტკივნეული მენსტრუაცია ყოველთვის მიუთითებს თუ არა ენდომეტრიოზზე?

– მტკივნეული მენსტრუაცია ყოველთვის არ მიუთითებს ენდომეტრიოზზე. მენსტრუაციული ტკივილი შეიძლება იყოს ფუნქციური ხასიათის, დაკავშირებული ემოციურ ფონთან, ჰორმონულ ცვლილებებსა და ანთებით პროცესებთან.

– შეიძლება თუ არა ქალს ჰქონდეს ენდომეტრიოზი, მაგრამ არაფერი აწუხებდეს?

– დიახ, ენდომეტრიოზი შეიძლება მიმდინარეობდეს ყოველგვარი კლინიკური ნიშნების გარეშე. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალს სხვა მიზეზით უტარდება ოპერაცია და შემთხვევით აღმოაჩენენ ენდომეტრიოზს.

– რა ცვლილებებს იწვევს ენდომეტრიოზი ქალის ორგანიზმში?

– ენდომეტრიოზის უბნების ირგვლივ ყოველთვის აღინიშნება ადგილობრივი ანთება, რაც იწვევს შეხორცებების განვითარებას. ენდომეტრიოზს თან ახლავს აგრეთვე ჰორმონული დისბალანსი. დაავადება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალის ფსიქიკასა და ხასიათზე.

– რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ენდომეტრიოზმა?

– ენდომეტრიოზი არის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის გარეშე ის ხანგრძლივად მიმდინარეობს და თანდათან მძიმდება.

ენდომეტრიოზის გართულებად შეიძლება ჩავთვალოთ უშვილობა, მძიმე შეხორცებების განვითარება, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი და შრომის უნარის დაქვეითება. ამის გამო ენდომეტრიოზს ქალის ინვალიდობის მიზეზად ასახელებენ.

– ენდომეტრიოზი ყოველთვის იწვევს თუ არა უშვილობას და რა მექანიზმით?

– ენდომეტრიოზი განიხილება უნაყოფობის ერთ-ერთ მიზეზად, განსაკუთრებით მისი ზოგიერთი ფორმა – ღრმა ენდომეტრიოზი, ადენომიოზი.

ენდომეტრიოზს თან ახლავს ჰორმონული დარღვევები და შესაბამისად – ოვულაციის დარღვევა. ენდომეტრიული ცისტები აზიანებენ საკვერცხის ქსოვილს და კვერცხუჯრედებს. თანმხლები ანთება ენდომეტრიოზის უბნების გარშემო ხელს უწყობს შეხორცებების განვითარებას და შეიძლება დააზიანოს საშვილოსნოს მილები, გამოიწვიოს მათი გაუვალობა. ადენომიოზის დროს საშვილოსნოში გაძნელებულია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება და ორსულობის შენარჩუნება.

– ენდომეტრიოზი არის თუ არა განაჩენი, რომ ქალს შვილი არ ეყოლება?

– ეს ასე არ არის. ცნობილია, რომ ქალების დაახლოებით 40%-ს, ვისაც აქვს ნორმალური რეპროდუქციული ფუნქცია და ჰყავს შვილები, ამავდროულად აქვს ენდომეტრიოზი.

ამასთან, დღეს ენდომეტრიოზით გამოწვეული უშვილობის პრობლემა თითქმის გადაჭრილია. მაღალეფექტური მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ეხმარება ქალს ორსულობის მიღწევაში.

– როგორ შეიძლება დავადგინოთ ენდომეტრიოზის არსებობა? რა მეთოდებით ხდება დიაგნოზის დასმა?

– ენდომეტრიოზის დიაგნოზი შეიძლება დავსვათ კლინიკური ნიშნების საფუძველზე. ინფორმაციულია ექოსკოპიური გამოკვლევა, ის საკვერცხეების ენდომეტრიული ცისტების დიაგნოსტიკის საშუალებას გვაძლევს. ღრმა და ექსტრაგენიტალური ენდომეტრიოზის აღმოსაჩენად ტარდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

რეპროდუქციულ პრაქტიკაში ოქროს სტანდარტია სადიაგნოსტიკო ლაპაროსკოპია. ამ დროს მუცლის ღრუში ერთი სანტიმეტრის განაკვეთის საშუალებით შეაქვთ ლაპაროსკოპი, რომელზეც მინივიდეოკამერაა დამაგრებული და ხდება ენდომეტრიოზის უბნების უშუალო დათვალიერება. შესაძლებელია ამ უბნების ამოკვეთა და ჰისტომორფოლოგიური შესწავლა.

– როგორ მკურნალობენ ენდომეტრიოზს და რამდენ ხანს გრძელდება ეს პროცესი?

– ენდომეტრიოზს მკურნალობენ მედიკამენტური და ქირურგიული მეთოდებით. მკურნალობა ყოველთვის უნდა დაიწყოს მედიკამენტებით. არსებობს ე.წ. სიმპტომური თერაპია, როდესაც ვცდილობთ დაავადების სიმპტომების შემსუბუქებას და ე.წ. პათოგენეზური თერაპია, როდესაც ზემოქმედებას ვახდენთ დაავადების განვითარების მექანიზმებზე, რაც, საბოლოოდ, დაავადების უკუგანვითარებით სრულდება. ამ მიზნით გამოიყენება სხვადასხვა ჰორმონული მედიკამენტი. მკურნალობა ხანგრძლივია, შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვე, რაც განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის ჩივილებსა და დაავადების სიმძიმეზე.

– ენდომეტრიოზის დროს რა გართულებები აქვს ჰორმონულ თერაპიას?

– ჰორმონული თერაპიის დანიშვნისას წინასწარ აფასებენ პაციენტისათვის რისკსა და სარგებელს. როგორც წესი, ეს მკურნალობა უსაფრთხოა და სერიოზულ რისკებს არ უკავშირდება. მკურნალობის თანმხლები მოვლენა შეიძლება იყოს მენსტრუაციის დროებითი შეწყვეტა, რაც მკურნალობის დასრულების შემდეგ უბრუნდება ჩვეულებრივ რეჟიმს.

– როდის და რა სახის ქირურგიული მკურნალობა ტარდება ენდომეტრიოზის დროს?

– ენდომეტრიოზის დროს ქირურგიული მკურნალობა რეკომენდებულია ძლიერი ტკივილებისას, საკვერცხის დიდი ზომის ენდომეტრიული ცისტების შემთხვევაში, უშვილობის დროს, როცა მედიკამენტური მკურნალობით შედეგს ვერ ვიღებთ.

მკურნალობა ტარდება ლაპაროსკოპიული მეთოდით. ენდომეტრიოზის მცირე ზომის უბნების შემთხვევაში ხდება მათი კოაგულაცია – მოწვა, ღრმა ენდომეტრიოზის დროს – მათი მოკვეთა, ენდომეტრიული ცისტებისას ცისტების შიგთავსის ასპირაცია და კაფსულის ამოღება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს არ დაზიანდეს ფოლიკულური აპარატი, მაქსიმალურად შენარჩუნდეს საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილი.

– აუცილებელია თუ არა საკვერცხის ენდომეტრიული ცისტების ამოკვეთა?

– ფოლიკულური ცისტებისაგან განსხვავებით, ენდომეტრიული ცისტა თავისით არ ქრება. ოპერაციული მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს ცისტის ზომისა და პაციენტის ჩივილების მიხედვით. როდესაც საკვერცხის ენდომეტრიული ცისტა მცირე ზომისაა (არ აღემატება 3 სმ-ს), ხელს არ უშლის ოვულაციას და არ იწვევს ტკივილს, ოპერაციისგან თავს იკავებენ, რადგან ცისტის ამოკვეთას თან ახლავს საკვერცხეში კვერცხუჯრედების მარაგის შემცირებაც. ეს განსაკუთრებით აქტუალურია უფროსი ასაკის ქალებთან, რომლებსაც შვილის ყოლა სურთ.

ამგვარად, მცირე ზომის ენდომეტრიომებს აკვირდებიან დინამიკაში, დიდი ზომის ცისტებს კი, განსაკუთრებით – თანმხლები ჩივილებით, კვეთენ საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილის მაქსიმალური შენარჩუნებით.

– ენდომეტრიოზის გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება, ქალი დაორსულდეს?

– ეს დამოკიდებულია ენდომეტრიოზის ფორმაზე, სიმძიმეზე. მცირე ფორმების დროს, როდესაც ტარდება ენდომეტრიოზის უბნების კოაგულაცია, ქალს შეიძლება მაშინვე მივცეთ დაორსულების უფლება. ღრმა ენდომეტრიოზის დროს, ოპერაციის შემდეგ რეკომენდებულია მედიკამენტური მკურნალობა, საშუალოდ 3-6 თვე, რაც განისაზღვრება ინდივიდუალურად.

– ენდომეტრიოზისა და უშვილობის დროს ხელოვნური განაყოფიერება აუცილებელია?

ენდომეტრიოზი არაა ჩვენება ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის. ეს პროცედურა ტარდება იმ შემთხვევაში, როცა ჩვეულებრივი მეთოდებით მკურნალობა არ გვაძლევს შედეგს. ამ დროს აუცილებელია პაციენტის სათანადო მომზადება. წინასწარ ჩატარებული მედიკამენტური მკურნალობა ზრდის ორსულობის შანსებს. კვერცხუჯრედების სტიმულაციისთვის იყენებენ სპეციალურ პროტოკოლებს.

ცნობილი ფაქტია, რომ ენდომეტრიოზის დროს კვერცხუჯრედების ხარისხი შეიძლება დაქვეითდეს, რასაც, თავის მხრივ, უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.

– ენდომეტრიოზი თუ გადადის დედიდან შვილზე და რა საშიშროება არსებობს ორსულობის დროს?

– ენდომეტრიოზის დროს გვხვდება ოჯახური შემთხვევები – თუ დედას ჰქონდა ენდომეტრიოზი, არსებობს რისკი, რომ მის შვილსაც ექნება ეს დაავადება.

რაც შეეხება ორსულობას, ადენომიოზის შემთხევაში არსებობს ორსულობის შეწყვეტის საშიშროება და სხვა გართულებების რისკი, მით უმეტეს, თუ ქალს ჰქონდა დაორსულების პრობლემა. ამიტომ, ასეთ პაციენტებს სჭირდებათ სათანადო მომზადება ორსულობისათვის.

– რას ურჩევდით ენდომეტრიოზის მქონე ქალებს?

– ქალებს, რომელთაც აქვთ ენდომეტრიოზის დადასტურებული დიაგნოზი ან ეჭვია მის არსებობაზე, დროულ მკურნალობას ვურჩევ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მოზარდი გოგონებისთვის. ამას ყურადღება უნდა მიაქციონ დედებმა, რათა შემდგომში მათ შვილებს არ შეექმნათ შვილოსნობის პრობლემები.

არანაკლებ საყურადღებო ფაქტია, რომ ენდომეტრიოზი წლების განმავლობაში პროგრესირებს, ტკივილი ძლიერდება და იწვევს შრომის უნარის დაქვეითებას, დეპრესიას. შესაბამისად, ქვეითდება ქალის ცხოვრების ხარისხი.

ამიტომ, არ გადადოთ ვიზიტი ექიმთან!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
საშვილოსნოს მიომა და საკვერცხის კისტა რეპროდუქციული ასაკის ქალების ხშირი პრობლემაა.
კისტა ტომრისმაგვარი წარმონაქმნია, აქვს კედელი და შიგთავსი, შესაძლოა წარმოიქმნას სხვადასხვა ქსოვილსა და ორგანოში.
დღევანდელი რუბრიკის ფარგლებში განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას გინეკოლოგიურ-ენდოკრინოლოგიაში.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად