განაყოფიერება და ორსულობა - რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მედიცინის აკადემიური დოქტორი ლალი ფხალაძე გვესაუბრება
როგორ დგება ორსულობა და რა ფაქტორები ახდენენ გავლენას განაყოფიერების პროცესზე, როგორ შევუწყოთ ხელი ორსულობის მიღებას, რა არის მართებული და მცდარი განაყოფიერების პროცესებთან დაკავშირებით, შევეხებით შვილოსნობისა და ბევრ სხვა საინტერესო საკითხს. რუბრიკას უძღვება ლალი ფხალაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, „იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი – ხელმძღვანელი პროფ. არჩილ ხომასურიძე“ კლინიკური დირექტორი.
ვაგრძელებთ რუბრიკას „რეპროდუქციული ჯანმრთელობა“. რუბრიკის ფარგლებში ჩვენ უკვე გავეცანით ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, რეგულაციის საკითხებს, მასში მიმდინარე ძირითად პროცესებს, განვიხილეთ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე, შევეხეთ შვილოსნობასთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო საკითხს – როგორ დგება ორსულობა, როგორ შეიძლება ამ პროცესის ხელის შეწყობა და ა.შ.
დღევანდელი რუბრიკის თემაა „უნაყოფობა“. თემის მოცულობის გამო ინტერვიუს გავყოფთ ორ ნაწილად. დღეს განვიხილავთ უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს და დიაგნოსტიკის მეთოდებს, შემდეგ ნომერში კი გავაშუქებთ მკურნალობის პრინციპებს. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდს.
პირველად განვმარტოთ ტერმინები – „უშვილობა“ და „უნაყოფობა“?
ეს ორი ტერმინი პრაქტიკულად იდენტურია. საზოგადოებაში მეტად გავრცელებულია ტერმინი – „უშვილობა“. უშვილობის პრობლემაზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც წყვილს ერთი წლის განმავლობაში აქვს რეგულარული და დაუცველი სქესობრივი კავშირი და ორსულობა არ დგება. დაუცველი კონტაქტი არის კოიტუსი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშე.
წყვილს, რომელსაც ნორმალური რეპროდუქციული ფუნქცია აქვს, ფერტილურს უწოდებენ, უნაყოფო წყვილს კი – ინფერტილურსა და სტერილურს.
უნაყოფო – ინფერტილურ პაციენტს სამედიცინო დახმარების გარეშე არ შეუძლია ჰყავდეს შვილი. პაციენტებს ძირითადად დაქვეითებული აქვთ შვილოსნობის ფუნქცია, ანუ სუბფერტილურნი არიან.
უნაყოფობა პირველადია, როდესაც ქალს არც ერთი ორსულობა არ ჰქონია, ხოლო თუ ჰქონდა ერთი ორსულობა მაინც, რომელიც შეწყდა ან დამთავრდა მშობიარობით, ამის შემდეგ კი ერთი და მეტი წლის განმავლობაში აღარ დგება განმეორებითი ორსულობა, მაშინ ვსაუბრობთ მეორეულ უშვილობაზე.
– როგორია უშვილობის სიხშირე საქართველოში?
– უშვილობის მაჩვენებელი საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, სტაბილურად მაღალია და საშუალოდ – 10-15%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მე-5 და მე-6 წყვილი დგას ამ პრობლემის წინაშე. აღნიშნავენ ამ მაჩვენებლის მატების ტენდენციას, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ეკოლოგიასთან, თანამედროვე ცხოვრების რიტმთან, კვების თავისებურებებთან, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიხშირის მატებასთან, გვიან ქორწინებასთან და ა.შ.
უშვილობა ერთნაირად ეხება ქალსა და მამაკაცს და ამდენად, ის წყვილის პრობლემაა.
უშვილობა, თავისი მასშტაბებიდან და შედეგებიდან გამომდინარე, არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაცაა.
– რა არის უშვილობის ძირითადი მიზეზი?
– უშვილობის მიზეზები მრავალრიცხოვანია. ის შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ფაქტორით ან ერთდროულად წყვილის პრობლემით. უნაყოფო ქორწინების დაახლოებით 30-40% მხოლოდ მამაკაცის ფაქტორითაა განპირობებული, 30-40% – მხოლოდ ქალის ფაქტორით, დანარჩენ შემთხვევაში კი ხდება ორივე მიზეზის შერწყმა.
– განვმარტოთ, რას ნიშნავს მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უშვილობა...
– მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უშვილობის დროს აღინიშნება სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება – ოლიგოსპერმია, მათი მოძრაობის უნარის დაქვეითება – ასთენოზოოსპერმია, პათოლოგიური და მკვდარი ფორმების სიჭარბე – ტერატო- და ნეკროსპერმია, ან საერთოდ სპერმატოზოიდების არარსებობა, აზოოსპერმია. სპერმოგრამაში პათოლოგიური ცვლილებები, თავის მხრივ, სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული. ესენია თანდაყოლილი პათოლოგიები, ინფექციები, ანთებითი პროცესები, ჰორმონული და მეტაბოლური დარღვევები.
– რას მიზეზები იწვევს ქალის უშვილობას?
– ქალთა უნაყოფობის გამომწვევ ძირითად მიზეზებს მიეკუთვნება ე.წ. ტუბო-პერიტონეალური და ენდოკრინული ფაქტორები. ტუბო-პერიტონეალური ფაქტორი გულისხმობს საშვილოსნოს მილების გაუვალობას ან ფუნქციის დაქვეითებას, მცირე მენჯის ღრუში შეხორცებების არსებობას. ენდოკრინული ფაქტორი კი მოიცავს ოვულაციის პროცესის დარღვევას – არარსებობას, იშვიათ და არასრულფასოვან ოვულაციას. ანოვულაცია, თავის მხრივ, განპირობებულია სხვადსხვა ჰორმონული დარღვევით. არცთუ იშვიათად უშვილობის მიზეზი არის ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს პათოლოგიები – ფიბროიდები (მიომა), ტიხარი საშვილოსნოს ღრუში, პოლიპები და ა.შ.
– უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს წყვილს შორის შეუთავსებლობა.
– უნაყოფობა აგრეთვე შეიძლება დაკავშირებული იყოს სექსოლოგიურ პრობლემებთან.
შესაძლებელია დაისვას აუხსნელი გენეზის უშვილობის დიაგნოზიც, როდესაც მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.
ეს შეიძლება იყოს ლიბიდოსა და პოტენციის დაქვეითება, რის გამოც წყვილს სქესობრივი კონტაქტი იშვიათად აქვს. აღსანიშნავია ვაგინიზმის პრობლემა. ამ დროს ქალს აქვს სქესობრივი კონტაქტის შიში, ეწყება საშოს კუნთების უნებლიე სპაზმი, ეს იწვევს ძლიერ ტკივილს, რის გამოც სქესობრივი კავშირი საერთოდ შეუძლებელი ხდება.
– როდის და ვის უნდა მიმართოს ქალმა უშვილობის გამო?
– უშვილობის დროს საჭიროა წყვილმა ერთდროულად მიმართოს ექიმ-რეპროდუქტოლოგს, რამდენადაც ეს პრობლემა თანაბრად ეხება ქალსაც და მამაკაცსაც.
რეპროდუქტოლოგი – ეს არის სპეციალისტი, რომელიც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის პათოლოგიებს მართავს.
როდესაც წყვილს აქვს კონკრეტული ჩივილი ან ისეთ შემთხვევებში, როდესაც ისინი ეჭვობენ, რომ არსებობს გარკვეული პრობლემა, ცხადია, მაშინვე უნდა ჩატარდეს რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია.
ასე მაგალითად, როდესაც ქალს არ აქვს რეგულარული მენსტრუაციული ციკლი, ეს შეიძლება მიუთითებდეს ანოვულაციაზე. მტკივნეული და გახანგრძლივებული მენსტრუაცია, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მტკივნეული სქესობრივი აქტი და ა.შ. ეჭვს ბადებს ენდომეტრიოზსა და ანთებით დაავადებებზე.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ასაკი. კონკრეტული ჩივილების არარსებობის შემთხვევაში უშვილობის გამო ექიმთან მისვლა ერთი წლის შემდეგ არის საჭირო. უფროსი ასაკის წყვილმა კი უფრო ადრე – 6 თვის შემდეგ უნდა დაიჭიროს თადარიგი.
– რა გამოკვლევები ტარდება უნაყოფობის მიზეზების დასადგენად?
– მამაკაცის გამოკვლევა შედარებით მარტივია და დიდ დროს არ მოითხოვს. პირველ რიგში კეთდება სპერმის ანალიზი. ექიმი აფასებს სპერმოგრამის პარამეტრებს – სპერმატოზოიდების რაოდენობას, მოძრაობას, მორფოლოგიას და ა.შ. პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს შემდგომი კვლევა – ჰორმონული, ინფექციური და იმუნური ფაქტორების.
ქალებს საჭიროა დაუდგინდეთ ოვულაციის არსებობა. ყველაზე მარტივი ტესტი არის ე.წ. „ბაზალური თერმომეტრია“. ამისათვის ქალმა ყოველდღე, დილაობით, ერთსა და იმავე დროს, საწოლიდან ადგომამდე უკანა ტანში, უნდა გაიზომოს ტემპერატურა. ოვულაციაზე მიუთითებს ე.წ. ორფაზიანი რექტალური ტემპერატურა.
„ბაზალური თერმომეტრია“ ყოველთვის არ გვაძლევს საშუალებას ზუსტად შევაფასოთ ოვულაცია, ამიტომ ტარდება ოვულაციის ულტრაბგერითი მონიტორინგი. ვაკვირდებით ფოლიკულის მომწიფებას – მისი ზომის ზრდის დინამიკას, საშვილოსნოს შიგა გარსის – ენდომეტრიუმის სისქეს, ვაფიქსირებთ ოვულაციის შემდგომ სითხეს და ყვითელი სხეულის არსებობას. ყვითელი სხეულის ფუნქციაზე, ბაზალურ ტემპერატურასთან ერთად, შეიძლება ვიმსჯელოთ სისხლში პროგესტერონის კონცენტრაციით.
მენსტრუაციული ციკლის დარღვევებისა და ანოვულაციის არსებობისას საჭიროა ჩატარდეს ჰორმონული კვლევა, რასაც რეპროდუქტოლოგი განსაზღვრავს ინდივიდუალურად – ჩივილების, ანამნეზისა და ობიექტური გასინჯვის მონაცემების საფუძველზე.
ტარდება ზოგადი ულტრაბგერითი კვლევა, მათ შორის 4D ექოსკოპია, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ საშვილოსნოსა და საკვერცხეების მდგომარეობა, მათი ზომა, სტრუქტურა, მოვახდინოთ ფიბროიდების (მიომა), ცისტების, პოლიპებისა და ა.შ. დიაგნოსტიკა.
აუცილებლად უნდა შეფასდეს საშვილოსნოს მილების გამავლობა. ამ მიზნით ყველაზე ინფორმაციულია ჰისტეროსალპინგოგრაფია – საშვილოსნოსა და მილების რენტგენული კვლევა. ამ დროს ვადგენთ არა მხოლოდ ფალოპის მილების გამავლობას, არამედ საშვილოსნოს ღრუს ფორმას, ღრუში ტიხრის, კვანძის, პოლიპის არსებობას, მცირე მენჯის შეხორცებით პროცესს. ამ მიზნით შეიძლება ჩატარდეს აგრეთვე ექოჰისტეროსალპინგოგრაფია.
საშვილოსნოს მილების გამავლობის შეფერხების ან გაუვალობის შემთხვევაში საჭიროა გამოვიკვლიოთ გამომწვევი მიზეზები. ეს შეიძლება იყოს ინფექციური ფაქტორები, რისთვისაც ტარდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების – ქლამიდიის, ურეაპლაზმის, მიკოპლაზმის კვლევა. პათოლოგიური ცვლილებების მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე ენდომეტრიოზი, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს ადგილობრივი ანთება.
– რას ნიშნავს წყვილის შეუთავსებლობა და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?
– წყვილს შორის შეუთავსებლობის დროს ქალის ორგანიზმში გამომუშავდება მამაკაცის სასქესო უჯრედების – სპერმატოზოიდების საწინააღმდეგო ანტისხეულები, რის გამოც საშვილოსნოს ყელის ლორწოში ხდება მათი დაღუპვა და განაყოფიერება არ ხდება.
თუ ქალს აქვს ნორმალური ოვულაცია, გამავალი საშვილოსნოს მილები, ხოლო მამაკაცს – ნორმული სპერმა და ორსულობა მაინც არ დგება, მაშინ ტარდება ტესტი შეთავსებაზე – ე.წ. პოსტკოიტალური ტესტი. ოვულაციამდე 1-2 დღით, ადრე კოიტუსიდან 6-12 საათის შემდეგ, ქალის საშვილოსნოს ყელიდან იღებენ ლორწოს, სადაც ფასდება სპერმატოზოიდების რაოდენობა და მოძრაობა. შესაძლებელია აგრეთვე სისხლსა და სპერმაში განისაზღვროს ანტისპერმული ანტისხეულების დონე.
– როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც ქალსაც და მამაკაცსაც ყველა მაჩვენებელი ნორმალური აქვს და ორსულობა მაინც არ დგება?
– უშვილობის დიაგნოსტიკაში ოქროს სტანდარტად არის აღიარებული ლაპაროსკოპია. ეს არის ქირურგიული პროცედურა, რომელსაც გაჭრის გარეშე ოპერაციასაც უწოდებენ. რეალურად ამ დროს მუცლის წინა კედელზე კეთდება ორი ან სამი 1სმ განაკვეთი. მენჯის ღრუში ხდება სპეციალური მინიხელსაწყოების – ვიდეოკამერის და მანიპულატორების შეტანა, რაც საშუალებას გვაძლევს ზუსტად შევაფასოთ საშვილოსნოს და მილების, საკვერცხეების მდგომარეობა, მოვახდინოდ ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა და სხვა. ლაპაროსკოპიასთან ერთად ტარდება ჰისტეროსკოპია – საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება მინი-ვიდეოკამერის მეშვეობით.
ლაპაროსკოპია და ჰისტეროსკოპია უშვილობის დიაგნოსტიკის საბოლოო ეტაპია. ეს კვლევა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს ყველა ქალს, როდესაც უშვილობის მიზეზი ვერ დგინდება. სადიაგნოსტიკო ლაპაროსკოპია და ჰისტეროსკოპია ტარდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ორწლიანი მკურნალობის მიუხედავად ვერ ვიღებთ ორსულობას.