ქალთა უნაყოფობა
ქალის ორგანიზმმა არა მხოლოდ კვერცხუჯრედი უნდა გამოიმუშაოს, არამედ ჩასახვისა და ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის საჭირო პირობები შექმნას. ქალის რეპროდუქციულ სისტემაში ნებისმიერმა, თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებამ შესაძლოა ჩასახვა პრობლემური გახადოს. ჩასახვისთვის ხელისშემშლელ მიზეზებსა და მათი გამოსწორების მეთოდებზე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრ „ანტროპოსის“ გინეკოლოგ - ენდოკრინოლოგი მაია ღონღაძე გვესაუბრება:
- პირველ ყოვლისა, საინტერესოა, რა შემთხვევაში საუბრობენ სპეციალისტები წყვილთა უნაყოფობაზე?
- უნაყოფობის დიაგნოზს სვამენ იმ შემთხვევაში, როდესაც რეგულარული, დაუცველი, სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1 წლის მანძილზე არ ხდება ჩასახვა, არ დგება ორსულობა. დიდი ბრიტანეთის ნაციონალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, უშვილობის დიაგნოზი დასაშვებია დაესვათ 35-36 წლის ქალებს 6-თვიანი რეგულარული - 2-4-ჯერ კვირაში დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ.
პირველად უნაყოფობაზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც ქალი არასდროს ყოფილა ორსულად. უნაყოფობა მეორეულია, როდესაც ქალი წარსულში ორსულად იყო, მნიშვნელობა არ აქვს ეს საშვილოსნოს ღრუში მიმდინარეობდა თუ მის გარეთ - საშვილოსნოს ერთ-ერთ მილში, მაგრამ შემდგომში ნაყოფის ჩასახვა აღარ განმეორებულა.
- როგორია როგორც პირველადი, ისე მეორეული უშვილობის მიზეზები?
- თანამედროვე მედიცინაში კონტრაცეპტივების ძალიან დიდი სპექტრია, რომელთა შერჩევაც შესაძლებელია ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისთვის არასასურველი ორსულობის ასარიდებლად. მიუხედავად ამისა, მაინც ხშირია აბორტები, რომლებიც მეორეული უშვილობის ყველაზე ხშირი მიზეზია.
სამწუხაროდ, ჩვენი პაციენტების უმეტესობისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ არ ორსულდება რამდენჯერმე შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ.
აბორტის შედეგად ხშირად ზიანდება საშვილოსნოს კედელი და ვითარდება ენდომეტრიტი, ანთებითი პროცესი, რომელიც ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებას. გარდა ამისა, ნაადრევად შეწყვეტილი ორსულობის შედეგად საკმაოდ ხშირად ვითარდება ჰორმონული დისბალანსი, რომლის აღდგენაც საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია.
1. 25-40%-ის უნაყოფობის მიზეზი ენდოკრინული პრობლემებია, კერძოდ, ნაყოფის ჩასახვისთვის აუცილებელია ორგანიზმში გამართულად მუშაობდეს საკმაოდ რთული აგებულების სისტემა: ცნს - ჰიპოთალამუსი - ჰიპოფიზი - საკვერცხეები - ფარისებრი ჯირკვალი - თირკმელზედა ჯირკვალი, როდესაც ამ სისტემის რომელიმე ერთი რგოლი მწყობრიდან გამოდის, ვითარდება ოვულაციასთან (მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოსვლა გამსკდარი ფოლიკულიდან) დაკავშირებული პრობლემები:
- ანოვულაციური ციკლი - ამ დროს ფოლიკული მწიფდება, მაგრამ ოვულაცია არ ხდება და ყვითელი სხეული არ წარმოიქმნება. ეს დამახასიათებელია პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომისთვის.
- ჰიპერპროლაქტინემია - სისხლში ჰორმონ პროლაქტინის მომატება, რაც ხელს უშლის ოვულაციას.
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები: ჰიპერ- და ჰიპოთირეოზი.
- ჰიპერანდროგენია (მამაკაცის ჰორმონების ჭარბი გამომუშავება ქალის ორგანიზმში) - პირსუტიზმი (ჭარბთმიანობა), აკნე და ა.შ.
- ჰორმონ პროჟესტერონის მცირე რაოდენობით გამომუშავება, რის შედეგადაც ციკლი ოვულატორულია, მაგრამ ყვითელი სხეულის განვითარება არ ხდება.
2. ქალთა უშვილობის მიზეზთა შორის ასევე აღსანიშნავია ქალის სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიები და ტრავმები - განუვითარებელი, პატარა ზომის საშვილოსნო - ინფანტილიზმი, ჰიპოპლაზია, ფსევდოჰერმაფროდიტიზმი და კიდევ მრავალი. საშვილოსნოს გადახრები - რეტროვერსია, ჰიპერანტეფლექსია, რეტროდევიაცია, ე.ი. საშვილოსნოს სხეულის და მისი ყელის მკვეთრი გადახრები წინ ან უკან, როდესაც წარმოიქმნება საშვილოსნოს ნაკეცი ან კუთხე, რაც თავის მხრივ ხელს უშლის სპერმის მოხვედრას საშვილოსნოს ღრუში.
3. 40-50%-ის უშვილობა ფალოპის მილების (კვერცხსავალი მილები) დაზიანებას უკავშირდება, მათ ბლოკირებას, გაუმტარიანობას. გადატანილი ანთებითი პროცესების შედეგად, მაგალითად: სალპინგიტების (მილების ანთება), სალპინგოოფორიტების (მილებისა და საკვერცხეების ანთება), აგრეთვე მუცლის ან მენჯის ღრუში ქირურგიული ჩარევების ფონზე კვერცხსავალში ვითარდება შეხორცებები, რაც მათ ფუნქციას - გაატაროს კვერცხუჯრედი - არღვევს.
4. საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომი - ამ შემთხვევაში კვერცხუჯრედების რეზერვი საკვერცხეებში მინიმალურია.
5. საშვილოსნოს და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები - ფიბრომიომა, ენდომეტრიოზი, ადენომიოზი, პოლიპები. საშვილოსნოს ყელის შევიწროება ან არასაკმარისი სეკრეტის გამომუშავება. ეს დაავადებები, ერთი მხრივ, სპერმატოზოიდს გადაადგილებისთვის მექანიკურ წინაღობას, მეორე მხრივ კი, იმპლანტაციისათვის არახელსაყრელ პირობებს ქმნიან.
6. ექსტრაგენიტალური დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, ტუბერკულოზი, ოსტეომიელიტი, ტიფი, ქუნთრუშა, ნეფრიტი და კიდევ მრავალი სხვა.
7. წარსულში ვენერული დაავადებები ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (ვირუსები): ქლამიდიოზი, ტოქსოპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი, ციტომეგალოვირუსი, ჰონორეა. ამ ვირუსებზე გამოკვლევა ხდება გენოტიპირების მეთოდით, რამდენადაც აღნიშნულ ინფექციებს შეუძლიათ ნაყოფის და ახალშობილის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები და ხშირად ადრეულ ვადაზე ორსულობის შეწყვეტა გამოიწვიონ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად ამ ინფექციების დიაგნოსტირება და მკურნალობა საკმარისი აღმოჩნდება ხოლმე სასურველი ორსულობისთვის.
8. ჭარბწონიანობა (სიმსუქნე) ან წონის დეფიციტი - არცთუ იშვიათად უშვილობის მიზეზია.
9. იმუნოლოგიური უნაყოფობა 2-5% - ქალისა და მამაკაცის შეუთავსებლობა. ამ შემთხვევაში ქალის სისხლში წარმოიქმნება მეუღლის სპერმატოზოიდებზე ანტისპერმული ანტისხეულები და მამაკაცის სისხლში საკუთარი სპერმატოზოიდების მიმართ ანტისხეულები ვითარდება.
10. ქრონიკული ინტოქსიკაციები ორივე წყვილში - ალკოჰოლი, ნიკოტინი, ნარკოტიკები, აგრეთვე რადიაცია, ქიმიათერაპია.
11. გენეტიკური ანომალიები - ქრომოსომული დაავადებები, რომელთა არსებობაც წყვილებისთვის უცნობია. ორსულობის შეწყვეტის მიზეზი ძალიან ხშირად ქრომოსომული აბერაცია ან ქრომოსომების რიცხობრივი და სტრუქტურული ცვლილებებია. რა თქმა უნდა, ასეთი პაციენტები ერთდროულად გინეკოლოგისა და გენეტიკოსის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
12. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრეობითი თრომბოფილიების დიაგნოსტირებას. ეს არის ჰემოსტაზის (შემადედებელი სისტემის) პათოლოგია, გვხვდება 0.1-0,5%-ში, რაც გენეტიკური ფაქტორებით არის გამოწვეული. რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან ის პირები, რომელთაც 40 წლამდე ახლო ნათესავებში აღენიშნებოდათ თრომბოზები, თრომბოემბოლიები, ინსულტები, ინფარქტები, სპონტანური აბორტები, მკვდარშობადობა, ნაყოფის განვითარების შეჩერება.
13. ბოლოს, ფსიქოგენური ფაქტორები 3-5%-ში და დაუდგენელი ან გამოუკვლევი მიზეზები 5-15%-ში.
- იმ პირველ ნაბიჯებზე რას გვეტყვით, რომელთა გადადგმითაც უნდა დაიწყოს უშვილობის მკურნალობა?
- უპირველესად, ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ერთ წელზე მეტხანს ლოდინი დაუშვებელია.
ჩვენი პაციენტების უმეტესობას სასურველი მიზნის მიღწევა საკმაოდ სწრაფად სურს, ღალატობთ ნებისყოფა და 3-4-წლიანი (ზოგჯერ მეტიც) უნაყოფობის შემდეგ, 1-2 თვეში ბევრი მოთმინებას კარგავს და მკურნალობა ბოლომდე არ მიჰყავს.
უნაყოფობის გამოკვლევა და დიაგნოსტიკა, უშვილობის გამომწვევი მიზეზის დადგენა საკუთრივ მკურნალობის პროცესზე არანაკლებ რთულია.
გამოკვლევამდე აუცილებელია გამოირიცხოს მამაკაცის მხრივ პრობლემები, რაც უშვილობის 40%-ში გვხვდება. გამოკვლევა იწყება სპერმოგრამით. ნორმიდან გადახრების გამოვლენისას იწყება მკურნალობა. უშვილობისას არანაკლებ მნიშვნელოვანია ვარიკოცელეს, სათესლე ჯირკვლის გაგანიერებული ვენების ქირურგიული მკურნალობა, რის შემდეგაც დგება ორსულობა.
- როგორ იწყებთ ქალის უშვილობის დროს დიაგნოსტიკას და რა კვლევებია საჭირო მიზეზის დასადგენად?
- გამოკვლევა იწყება მცირე მენჯის ორგანოების ექოსკოპიური კვლევით. ასევე საჭიროა:
- ფოლიკულური აპარატის კვლევა;
- ქალისა და მამაკაცის ჰორმონული სტატუსის შეფასება;
- ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა:
- კვერცხუჯრედების რეზერვის დიაგნოსტიკა ანტიმიულერის ჰორმონის საშუალებით;
- სქესობრივი გზებით გადამდები ინფექციების გენოტიპირება;
- ფალოპის მილების და საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევა. მილების გამტარიანობის დიაგნოსტიკისათვის ვატარებთ ჰიდროსონოგრაფიას - ექოსკოპიის კონტროლით საშვილოსნოს ღრუში შეგვყავს ფიზიოლოგიური ხსნარის, ანტიბიოტიკებისა და ჰორმონების ნაზავი.
ლაპაროსკოპია არის როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე, ხშირ შემთხვევაში, მკურნალობის მეთოდიც, ანუ ლაპაროსკოპიის შემდეგ უმეტეს შემთხვევაში დგება ორსულობა.
ჰისტეროსკოპია - საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევა ჰისტეროსკოპით - პოლიპექტომიისა და მიომური კვანძების მოშორების საშუალებას იძლევა.
- ბუნებრივია, მიზეზის დადგენის შემდეგ იწყებთ მკურნალობას, როგორია ქალთა უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?
- მკურნალობის მეთოდს განსაზღვრავს დიაგნოსტიკური კვლევების შედეგად გამოვლენილი დარღვევები.
ეს შესაძლოა იყოს: ჰორმონული ფონის კორექცია, ოვულაციის ინდუქცია (სტიმულიაცია). ვიყენებთ ენდოსკოპიურ მეთოდებს: ლაპაროსკოპიასა და ჰისტეროსკოპიას, რომელთა ეფექტურობაც 30-40%-ს აღწევს და აუცილებლად სტაციონარში ტარდება.
წყვილების შეუთავსებლობისას ვიყენებთ ინსემინაციას. ეს არის სპერმის ხელოვნური გზით შეყვანა პირდაპირ საშვილოსნოს ღრუში. რა თქმა უნდა, მეთოდის ეფექტიანობა მატულობს არანაკლებ 2-3 ციკლის განმავლობაში ჩატარებული პროცედურის შედეგად. ინსემინაცია შესაძლოა ჩატარდეს ამბულატორიულად, ანუ პაციენტი რამდენიმე საათის შემდეგ გაიწერება ბინაზე.
არსებობს დამხმარე მეთოდებიც, რომლებიც წარმატებით გამოიყენება კომპლექსურ მკურნალობაში, ასეთებია ფიზიოთერაპია და ჰირუდოთერაპია.
ფიზიოთერაპია და ჰირუდოთერაპია კომპლექსურად, სხვა სამკურნალო დანიშნულებებთან ერთად, ხშირად იძლევა სასურველ შედეგს - „ორ წითელ ხაზს“.
- უკანასკნელ წლებში საკმაოდ აქტიური გახდა უშვილობის მკურნალობა დახმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით, თუ შეიძლება ჩვენს მკითხველს ავუხსნათ, რა არის ისინი.
- დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები - ხელოვნური ანუ ექსტრაკორპორალური განაყოფიერებაა - ეს უშვილობის მკურნალობის დასკვნითი ეტაპია, მას მივმართავთ როგორც ყველა არსებული მეთოდის ალტერნატიულ გზას.
თუ სტანდარტული მეთოდებით მკურნალობიდან 2 წლის განმავლობაში დადებითი შედეგი ვერ მივიღეთ, მიზანშეწონილია მივმართოთ ინ ვიტრო (სინჯარაში) განაყოფიერებას. ამ დროს განაყოფიერების და ემბრიონის ადრეული განვითარების ყველა ეტაპი ქალის ორგანიზმის გარეთ ხდება.
დამატებითი რეპროდუქციული ტექნოლოგიების საერთაშორისო ორგანიზაციის - ICMART-ის მონაცემებით: მსოფლიოში უკვე 5 მილიონამდე ინ ვიტრო მეთოდით დაბადებული ადამიანია.
რაც შეეხება საკუთრივ მეთოდებს:
1. ექსტრაკორპორალური განაყოფიერება და ემბრიონის გადატანა;
2. ოოციტის ციტოპლაზმაში - კვერცხუჯრედის გარსში სპერმატოზოიდის ინექცია - შეყვანა.
3. დონაცია - ე.ი. დონორის (სხვისი) კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის გამოყენება.
4. სუროგატული დედის დახმარებით სასურველი შედეგის მიღება, ე.ი. გენეტიკურად ბავშვი უნაყოფო წყვილს ეკუთვნის, ისინი წარმოადგენენ მის ბიოლოგიურ მშობლებს, მხოლოდ ნაყოფის განვითარება ხდება სხვა ქალის ორგანიზმში.
5. სპერმატოზოიდების და კვერცხუჯრედების კრიოკონსერვაცია, ანუ შენახვა გარკვეული დროის განმავლობაში, რაც მათი წლების შემდეგ გამოყენების საშუალებას იძლევა.
საქართველოში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები განვითარებულია საკმაოდ მაღალ დონეზე და ამის სათანადო სპეციალისტებიც გვყავს სპეციალიზებულ კლინიკებში.
უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების მრავალფეროვნება, აგრეთვე, ხშირად რამდენიმე მიზეზის ერთდროული არსებობა, ართულებს სამკურნალო ტაქტიკის სწორ არჩევანს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც წყვილს უნაყოფობის რამდენიმე ფაქტორის კომბინაცია აქვს, ამიტომ წარმატებული მკურნალობა დამოკიდებულია ჩატარებული გამოკვლევების სიზუსტესა და ხარისხიან მკურნალობაზე, თავად წყვილების ფსიქოემოციურ განწყობასა და შემართებაზე.
წყვილები, რომლებიც უშვილობის პრობლემას აწყდებიან, მატერიალურ პრობლემებს თუ არ ჩავთვლით, ემოციურად ძალიან იღლებიან და ხშირად უიმედობის გრძნობა ეუფლებათ. ჩემი თხოვნა იქნება: ოპტიმიზმით განეწყვეთ გამოკვლევებისა და მკურნალობის დაწყების წინ, ვინაიდან პაციენტის ფსიქიკურ მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს სასურველი შედეგის მისაღებად. შეიძლება ერთი და იმავე ანალიზის ჩაბარება, გადამოწმება გიწევთ, მაგრამ მერწმუნეთ, ამის გარეშე მკურნალობის პროცესი სრულფასოვანი ვერ იქნება.