ადნექსიტი - საშვილოსნოს დანამატების ანთება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ადნექსიტი - საშვილოსნოს დანამატების ანთება

ადნექსიტი - საშვილოსნოს დანამატების ანთება
ადნექსიტი - საშვილოსნოს დანამატების - ფალოპის მილებისა და საკვერცხეების ანთებაა. მას სხვაგვარად სალპინგოოფორიტსაც უწოდებენ. დაავადება საშიშია ე.წ. კვერცხსავალ მილებში შეხორცებების განვითარების გამო, რადგან ამ უკანასკნელი მიზეზით ხშირია საშვილოსნოსგარე ორსულობა და უნაყოფობა.

ადნექსიტი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული, ცალმხრივი ან ორმხრივი, სეროზული ან ჩირქოვანი, უპირატესად მილების დაზიანებით მიმდინარე (სალპინგიტი) ან საკვერცხეების ანთებით დამძიმებული (ოოფორიტი). ცალკე გამოყოფენ პიოსალპინქსს - ფალოპის მილების ჩირქოვან განლევას. გამომწვევი აგენტების მიხედვით განასხვავებენ არასპეციფიკურ (კოკური ფლორით, მაგალითად, სტაფილოკოკით, სტრეპტოკოკით, გონოკოკით გამოწვეულ) და სპეციფიკურ (ტუბერკულოზურ, ქლამიდიოზურ, დიფტერიულ და სხვა ეტიოლოგიის)
ადნექსიტს.

ადნექსიტის მაპროვოცირებელი ფაქტორებიდან აღსანიშნავია:

  • სქესობრივი კონტაქტი მენსტრუაციის დროს;
  • აბორტი (ადნექსიტის ძირითადი მიზეზია, ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს არა მხოლოდ აბორტის დროს, არამედ მის შემდეგაც, თუ ქალი ოპერაციული ჩარევიდან 2-3 კვირის მანძილზე არ შეიკავებს თავს სქეოსობრივი კავშირისგან);
  • გადაცივება;
  • სასქესო ორგანოების არანამკურნალები დაავადებები (ვაგინიტი, ვულვიტი);
  • გადატანილი ინფექციები (გრიპი, პნევმონია, ტუბერკულოზი);
  • ვენერული დაავადებები;
  • საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანა;
  • ქრონიკული სტრესი, გადაღლა, ნერვული დაძაბულობა და ყველა ის ფაქტორი, რომელიც აქვეითებს იმუნიტეტს.


მწვავე ადნექსიტი

საშვილოსნოს დანამატების მწვავე ანთება, ჩვეულებრივ, ოგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესის ფონზე ვითარდება. ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტების გამო ინფექციის გამომწვევები ცალკეული კერებიდან საშვილოსნოს დანამატებსაც აღწევენ და მათ დაზიანებას იწვევენ (მაგალითად, ანგინის, ჰაიმორიტის დროს და სხვა). ინფექცია ვრცელდება როგორც ლიმფურ-ჰემატოგენური, ისე აღმავალი გზით.

დასნებოვნება შესაძლებელია ოპერაციული ჩარევის შემდეგ, აბორტის შედეგად, სქესობრივი კონტაქტისას, მენსტრუაციის დროს და სხვა. დამახასიათებელი სიმპტომია ტემპერატურის მომატება, თავისა და კუნთების ტკივილი, ზოგჯერ შარდვის გამოყოფის დარღვევა, წელისა და მუცლის ტკივილი, საშვილოსნოს დანამატების გადიდება, ანთებით პროცესში საშვილოსნოს ჩართვის შემთხვევაში გამონადენი. მწვავე ადნექსიტს ზოგჯერ მუცლის შებერილობა, გულისრევა და ღებინებაც ახლავს.


ქრონიკული ადნექსიტი

სალპინგოოფორიტი ქრონიკული ხდება მწვავე დაავადების არასათანადოდ მკურნალობის გამო. მისი გამწვავებისას ვითარდება სქესობრივი დისფუნქცია, თვითშეგრძნების გაუარესება, ტემპერატურული რეაქცია, ზოგჯერ შარდის გამოყოფისა და საჭმლის მონელების დარღვევა. ქრონიკული ადნექსიტისათვის დამახასიათებელია მუცლის არეში ყრუ ტკივილი, რომელიც ძლიერდება მენსტრუაციისა და სქესობრივი კონტაქტის დროს, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და სხვა, ხანმოკლე და მწირი მენსტრუაცია ან პირიქით - ინტენსიური სისხლდენა მენსტრუაციის პერიოდში. სწორედ ქრონიკული სალპინგოოფორიტი იწვევს საშვილოსნოს მილების გაუვალობას (შეხორცებითი პროცესების განვითარების შედეგად), რაც უნაყოფობის მიზეზი ხდება.


ჩირქოვანი ადნექსიტი


დაავადების ეს ფორმა უხშირესად გონორეის გართულებაა ხოლმე. ის შეიძლება იყოს სპეციფიკური ან პოლიმიკრობული ეტიოლოგიის. ჩირქოვანი ადნექსიტის მიზეზი შესაძლოა გახდეს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, სტრესი, მშობიარობა, საშვილოსნოსშიდა ოპერაციები, ინტიმური კავშირი მენსტრუაციის დროს და სხვა. დაავადების სიმპტომებიდან აღსანიშნავია მუცლის ტკივილი, მჭრელი ტკივილის შეტევა შარდვისას, ცხელება, გამონადენი. დაავადებას თან ახლავს მაჯისცემის გახშირება, პირის სიმშრალე, ზოგადი სისუსტე, თავბრუხვევა, სწორი ნაწლავისა და მუცლის ქვედა არის ტკივილი.


მკურნალობა


საშვილოსნოს დანამატების ანთების მკურნალობისას ძირითადი ყურადღება ეთმობა ინფექციის დათრგუნვა-აღმოფხვრას, გართულებათა პრევენციას და ქალის რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნება-აღდგენას.

მთავარია შესაბამისი თერაპიის დროულად დაწყება, კომპლექსური მკურნალობის ეტაპობრივად ჩატარება. ქრონიკული ადნექსიტი შედარებით ძნელად იკურნება, რადგანაც პათოლოგიური პროცესის გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში უცნობია. რთულ შემთხვევებში ადნექსიტის მკურნალობა სტაციონარულად ტარდება.

პაციენტის ჰოსპიტალიზაცია საჭირო ხდება შემდეგ შემთხვევებში:

  • პაციენტი 20 წლამდე ასაკისაა;
  • ადნექსიტი განვითარდა საშვილოსნოსშიდა ჩარევის შემდეგ;
  • იმუნოდეფიციტის პირობებში;
  • ჩირქოვან გართულებაზე ეჭვისას;
  • როდესაც ხანგრძლივი ამბულატორიული მკურნალობა შედეგს არ იძლევა;
  • ორსულობის პერიოდში განვითარებული ადნექსიტის დროს (რადგან იზრდება ნაყოფის დაინფიცირების, მშობიარობის გართულებათა და სხვა რისკები).

ადნექსიტის მკურნალობის დროს მედიკამენტური თერაპიის (ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომამოდულირებელი პრეპარატები) გარდა ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა (განსაკუთრებით - ჩირქოვანი გართულებებისას).

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს არანამკურნალებ ადნექსიტს:

  • ჩამოყალიბებული ჩირქგროვის გასკდომა სწორ ნაწლავში, მუცლის ღრუში ან შარდის ბუშტში;
  • საკვერცხეების წვრილკისტოზური გადაგვარება;
  • საშვილოსნოსგარე ორსულობა;
  • ენდოცერვიციტი და ცერვიციტი (ინფექციის გავრცელება სასქესო ორგანოებზე);
  • უნაყოფობა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
გონებრივი აქტიურობის შესარჩუნებლად-30აბი
ფასი: 34.9
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-60აბი
ფასი: 51.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის - 30აბი
ფასი: 42.9
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
კატეგორიის სხვა სტატიები
ზოგჯერ მენსტრუალური ციკლის დასაწყისი ემთხვევა რამე მნიშვნელოვან მოვლენას, მაგალითად შვებულებას ან ქორწილს.
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
კვერცხუჯრედები საკვერცხეების ფოლიკულებში წარმოიქმნება და ფორმირების პროცესს გოგონებთან
2018 წელს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (აბორტის) რეგისტრირებული რაოდენობა გასულ წელთან შედარებით
საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი წარმოადგენს ჰორმონული დისბალანსისა და ნივთიერებათა
ენდომეტრიოზი XXI საუკუნის ერთ-ერთი გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად