ორსულთა და მელოგინეთა დღის რეჟიმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულთა და მელოგინეთა დღის რეჟიმი

ძილი

ქალების უმრავლესობას ორსულობის დასაწყისიდანვე სჭირდება ხანგრძლივი მშვიდი ძილი. ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა და აიხსნება იმით, რომ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში კარდინალური ცვლილებები მიმდინარეობს, ამიტომ პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ის არის, რომ იძინოთ კომფორტულად, დღე-ღამეში არანაკლებ 8-9 საათისა. გამოუძინებლობა ორსულობის დროს გაღიზიანებადობას ზრდის. თუ ქალს ღამის ძილი არ ჰყოფნის, 1,5-2 საათი დღისითაც უნდა იძინოს. ძილის წინ ოთახი აუცილებლად უნდა განიავდეს. ძილი ორსულობის დასაწყისიდანვე მარჯვენა გვერდზე ჯობს, საწოლი კი რბილი და მოხერხებული უნდა იყოს.

სეირნობა

ძალზე სასურველია დღეში 2-3 საათის განმავლობაში სეირნობა. სუფთა ჰაერი სასარგებლოა ორსულისთვის, ის ორგანიზმს ჟანგბადით ამდიდრებს. მაღაზიებში სიარული და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სუფთა ჰაერზე ყოფნას ვერ შეცვლის. განსაკუთრებით სასარგებლოა სეირნობა ძილის წინ, ამიტომ ორსულმა, უპირველეს ყოვლისა, ისე უნდა დაგეგმოს დღის რეჟიმი, რომ სადილის შემდეგ და საღამოს, ძილის წინ, საათ-ნახევარი ისეირნოს. აირჩეთ ისეთი ადგილი, სადაც დაღლილობის შემთხვევაში ჩამოჯდომას შეძლებთ. ნუ ივლით სწრაფად. ისუნთქეთ ღრმად, ცხვირით.

აბაზანები

ჰაერის აბაზანები ყველა ორსულს უხდება. ეს ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს და ხელს უწყობს მშობიარობამდე ორგანიზმის გაკაჟებას. ჰაერის აბაზანები შეიძლება მიიღოთ კარგად განიავებულ შენობაში. ზაფხულში ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, ზამთარში კი დაიწყეთ 8-10 წუთიდან და თანდათან 20 წუთამდე ადით. თუ ორსულობა პათოლოგიის გარეშე მიმდინარებს, დილა-საღამოს მზის აბაზანების მიღებაც შეიძლება.

წყალი

წყლის პროცედურები აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აკაჟებს ორგანიზმს. სპეციალისტები გვირჩევენ, ზაფხულობით წყლის პროცედურები ზღვაზე ან მდინარეში ჩავიტაროთ, მაგრამ მკურნალი ექიმის თანხმობით, წლის დანარჩენ დროს კი ნაჩვენებია ყოვლდღიური დაზელა ან ტანზე წყლის რეგულარული გადავლება. ამ დროს წყლის ტემპერატურა თანდათანობით უნდა შეამციროთ და 29-28 გრადუსამდე დაიყვანოთ. წყლის პროცედურა არანაკლებ 5-6 წუთს უნდა გაგრძელდეს - მხოლოდ მაშინ ექნება მას სათანადო ეფექტი. ცხელი აბაზანები ორსულობისას სასურველი არ არის.

სხეულის ჰიგიენა

ორსულმა აუცილებლად უნდა იზრუნოს სხეულის სისუფთავეზე, კანის მდგომარეობაზე. ამაზე ხშირად დამოკიდებულია ორგანიზმის ტონუსი და მისი ჯანმრთელობა. თუ სხეულიდან რეგულარულად არ ჩამოიბანთ ოფლს, კანის დამცავი ფუნქცია დაირღვევა და შესაძლოა, განვითარდეს ანთება, ინფექცია. ყურადღება უნდა მიაქციოთ გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენასაც, რათა დაიცვათ ისინი მავნე ბაქტერიებისგან, რომლებიც შესაძლოა იქცნენ მშობიარობის შემდგომი დაავადებების წყაროდ. ორსულმა დღეში ორჯერ თბილი საპნიანი წყლით უნდა დაიბანოს სარძევე ჯირკვლები და გარეთა სასქესო ორგანოები. ჩაბანა სასურველია ანადუღარი წყლითა და საბავშვო საპნით. ჩაბანის დროს წყლის ნაკადი უნდა მიმართოთ ბოქვენიდან უკანა ტანისკენ. დახეთქვის თავიდან ასაცილებლად სარძევე ჯირკვლები უნდა დაზილოთ ხაოიანი, უხეში პირსახოცით. თუ ძუძუსთავები ბრტყელია და შეწეული, სასურველია, გაიკეთოთ მათი მასაჟიც. ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მისი სანაცია. გარდა ზოგადი ჰიგიენური ღონისძიებებისა, სასარგებლოა სპეციალური ვარჯიშებიც, რომლებიც მუცლის პრესის განსამტკიცებლად, სუნთქვის გასაღრმავებლად და ორგანიზმში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად არის განკუთვნილი.


- რა უნდა ჩაიცვას ორსულმა?

- ორსულობის დროს ძლიერდება სეკრეცია - იმატებს ოფლიანობა, ცხიმიანობა, ამიტომ უპირატესობა ენიჭება ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელს. თეთრეული აუცილებლად ბამბისა უნდა იყოს. ქსოვილები, რომლებშიც დამატებულია სინთეზური მასალა, ზრდის რძიანას განვითარების რისკს. ვინაიდან ორსულობისას მკერდი იზრდება და მძიმდება, აუცილებელია მოხერხებული ბიუსტჰალტერის ტარება შემდგომში მკერდის ჩამოკიდების თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, სარძევე ჯირკვლები ძუძუთი კვებისთვის ემზადება, ამიტომ მათი “გავარჯიშებაც” აუცილებელია. ორსულობისას შეშუპების, წონის მომატებისა და სახსრების დასუსტების გამო ჰორმონ რელაქსინის ზემოქმედებით ფეხი შესაძლოა ერთი ზომითაც კი გაიზარდოს, ამიტომ სასურველია, ორსულებმა მოიმარაგონ ტყავის ან ქსოვილის დაბალქუსლიანი, შედარებით თავისუფალი ფეხსაცმელი, რომელიც არ ისრიალებს.

- შეიძლება თუ არა სქესობრივი ცხოვრება ორსულობის დროს?

- კლინიკური პრაქტიკა აჩვენებს, რომ სქესობრივი კონტაქტის შედეგად აბორტისა და ნაადრევი მშობიარობის საფრთხე განსაკუთრებით დიდია ორსულობის პირველი სამი და ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უფრო - იმ ქალებთან, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ აბორტებისა და ნაადრევი მშობიარობის მიმართ. ორსულობის მიწურულს სქესობრივმა აქტმა შესაძლოა სამშობიარო ტკივილებიც კი გამოიწვიოს. მაგრამ იმ შემთხვევაში:

  • თუ ქალი ჯანმრთელია;
  • წინა ორსულობა არ დასრულებულა თვითნებითი აბორტით ან ნაადრევი მშობიარობით;
  • სქესობრივი აქტი მიმდინარეობს ფრთხილად და სწორ პოზიციაში;
  • პარტნიორები გაურბიან სასქესო ორგანოების ნებისმიერ უსარგებლო გაღიზიანებას;
  • იცავენ ჰიგიენის ელემენტარულ წესებს, - სქესობრივი კავშირით გამოწვეული საფრთხე ჯანმრთელი ორსულისთვის უმნიშვნელოა.
- როგორ უნდა იკვებებოდეს ორსული?

- მუცლად მყოფი ბავშვის კვება მთლიანად დედაზეა დამოკიდებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალმა ადრინდელზე ორჯერ მეტი საკვები მიიღოს. ეს პრინციპი უფრო საკვების ხარისხს ეხება: დედაც და ბავშვიც საკმაო რაოდენობით უნდა იღებდნენ ყველა საჭირო საკვებ ინგრედიენტს - ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს. აუცილებელია კვება მცირე ულუფებით, ხშირად - დღეში 4-5-ჯერ - და რეგულარულად. კვებათა შორის ინტერვალი 4-5 საათი უნდა იყოს. მოერიდეთ დიდი რაოდენობის საკვების ერთბაშად მიღებას, მეტადრე - გვიან საღამოს და ღამით. ორსულებისთვის სასარგებლოა:

  • მარცვლეული - ხორბალი, წიწიბურა, ქერი, შვრია, სიმინდი, ჭვავი;
  • ყოველგვარი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები - სოია, ლობიო, ბარდა;
  • ხორცი, თევზი, კვერცხი;
  • ნაკლებცხიმიანი რძის ნაწარმი - რძე, მაწონი (იოგურტი, კეფირი), ყველი, ხაჭო.

ერიდეთ:

  • კოფეინის შემცველ სასმელებს - ყავას, მაგარ ჩაის, პეპსი-კოლას და კოკა-კოლას;
  • ალკოჰოლს - დედის მიერ მიღებული 1 ჭიქა ალკოჰოლიანი სასმელიც კი ბევრია ნაყოფისთვის. ის შეუფერხებლად გადის პლაცენტურ ბარიერს და შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს;
  • შაქარს და ტკბილეულს: კანფეტებს, ნამცხვრებს;
  • მლაშე პროდუქტებს: მარინადებს, მწნილებს, საწებლებს (ზომიერი მიღება არ იკრძალება, მეტისმეტად კი ნუ მიეძალებით);
  • დიდი რაოდენობით ცხოველურ ცხიმს: კარაქს, არაჟანს, ხორცის ნახარშს;
  • კონსერვებს, რომლებიც შესაძლოა ისეთი საშიში ინფექციის წყაროდ იქცეს, როგორიც არის ბოტულიზმი;
  • არაპასტერიზებულ, აუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძის ნაწარმს;
  • ნახევრად შემწვარ და მოხარშულ ხორცსა და თევზს;
  • თოხლო და უმ კვერცხს;
  • საქონლის გულ-ღვიძლს.


ორსულობის პირველ ნახევარში კვების რეჟიმი პრაქტიკულად არ განსხვავდება ჩვეულებრივისგან. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და შეიცავდეს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მინერალური ნივთიერებების აუცილებელ ოდენობას. სადღეღამისო რაციონის ენერგეტიკული ღირებულება 2400-2700 კკალ-ს უნდა შეადგენდეს. ორსულობის მეორე ნახევარში ნაყოფი სწრაფად იზრდება, იმატებს დატვირთვა დედის ორგანოებზე, ამიტომ ორსულის სადღეღამისო რაციონის ენერგეტიკული ღირებულება 2800-3000 კკალ-მდე უნდა გაიზარდოს. მარილის მოხმარება ამ პერიოდში 8 გრამამდე იზღუდება, ხოლო ბოლო 1-2 თვის განმავლობაში - 5 გ-მდე. საკვები ნაკლებმარილიანი მზადდება. იზღუდება სითხეც (წყალი, ჩაი, კომპოტი, წვენები, რძე, წვნიანი კერძები) - 1-1,2 ლიტრამდე, ბოლო 1-2 თვეს კი 0,8 ლიტრამდე. მიზანშეწონილია განტვირთვის დღეების მოწყობა ხაჭოთი, ვაშლით. გვიანი ტოქსიკოზის დროს რაციონი უნდა შეიცავდეს ორსულისთვის აუცილებელი რაოდენობის ცილას, უპირველეს ყოვლისა, რძის ნაწარმის, განსაკუთრებით კი ხაჭოს ხარჯზე. ცხიმი 60 გრამამდე იზღუდება, ჭარბი წონის დროს - 40 გრამამდე. სასურველია რძის, ხილისა და ბოსტნეულის დიეტა. შაქარი უმჯობესია თაფლით შეიცვალოს.

- რას გვეტყვით მეძუძური დედის კვებასა და დღის რეჟიმზე?

- მეძუძური ქალი არ უნდა იცავდეს მკაცრ დიეტას. საკმარისია, რაციონიდან გამორიცხოს ცხიმიანი საკვები, ტკბილეული, გაზიანი სასმელები, მზესუმზირა. შემწვარს ერიდეთ. დანარჩენი ნებადართულია: მჭლე ხორცისა და თევზის წვნიანი, ყველი, ბოსტნეული, ხილი, ფაფები. სასურველია, დღის რეჟიმი მივუსადაგოთ ბავშვის კვების რეჟიმს და მივირთვათ ყოველი ძუძუთი კვების წინ (დღეში 5-6-ჯერ). ეს ხელს შეუწყობს რძის სეკრეციას. ლაქტაციის გასაუმჯობესებად ჭამის წინ შეიძლება დავლიოთ ერთი ჭიქა რძე ან წვენი.

დღიური რაციონი

მეძუძურმა დედამ უნდა მიიღოს დღეში ჩვეულებრივზე 700-1000 კკალ-ით მეტი. დღიური რაციონი უნდა შეიცავდეს 120-130 გრამ ცილას (მისი 60% ცხოველური წარმოშობისა უნდა იყოს), დაახლოებით 500 გ ნახშირწყალს, 100-120 გ ცხიმს (ზეთის წილად უნდა მოდიოდეს 20%). სამაგალითო რაციონი ასეთია: 200 გ ხორცი, ფრინველი ან თევზი, 1 ლიტრი რძე (ნებისმიერი სახით), 100-150 გ ხაჭო, 20-30 გ ყველი, 1 კვერცხი, 500-600 გ ბოსტნეული (აქედან კარტოფილი - 200 გრამზე ნაკლები), 200-300 გ ხილი. სითხის ოპტიმალური სადღეღამისო ოდენობაა დაახლოებით 2 ლიტრი. ამაში შედის წვნიანი კერძები, ჩაი, წვენები, რძე, კეფირი, მაწონი... კატეგორიულად იკრძალება ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი, ლუდიც კი. ალკოჰოლი სწრაფად გადადის რძეში და ვნებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას, იწვევს დარღვევებს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ - მომატებულ აღგზნებადობას, ნევროზებს, მძიმე შემთხვევებში - განვითარებაში ჩამორჩენას.

ჰიგიენა მშობიარობის შემდეგ

ახალშობილის ძუძუთი კვების შემდეგ ქალმა ძუძუსთავებზე, დახეთქვის თავიდან ასაცილებლად, უნდა წაისვას ლანოლინის შემცველი კრემი. სასარგებლოა ჰაერის აბაზანები; აუცილებელია ყოველდღიური შხაპი. ბიუსჰალტერში უნდა ჩაიდოს რბილი საფენები, რომლებიც იწოვს გამოჟონილ რძეს. ლანოლინიანი კრემის წასმა ნახეთქებზეც შეიძლება, მძიმე შემთხვევებში კი ბავშვი შეიძლება ვკვებოთ სპეციალური დვრილებზე ჩამოსაცმელი საწოვარათი. თუ ძუძუსთავები ბრტყელი ან შეწეულია, გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები, რომლებიც დვრილის ფორმირებას უწყობს ხელს და ბიუსტჰალტერში, უშუალოდ დვრილებზე იდება.