ბავშვი ჯანმრთელი რომ დაიბადოს
- ქალბატონო ეკატერინე, როგორ მოვამზადოთ ორსული მშობიარობისთვის?
- ორსულობა ნებისმიერი ქალისთვის ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდია, რომელიც უნდა დამთავრდეს შვილის დაბადებით. ამდენად, ორსულს განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა სჭირდება. აუცილებელია, ქალი მთელი ორსულობის განმავლობაში იმყოფებოდეს ექიმ გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა რისკფაქტორები არ გამოგვეპაროს. ყველა ორსულს უნდა განემარტოს, რომ ორსულობა არ არის დაავადება - ფიზიოლოგიური მოვლენაა. მნიშვნელოვანია მშობიარობისთვის ფსიქოლოგიური მომზადებაც. ქალთა კონსულტაციებში არის "დედათა სკოლები", სადაც ქალები მთელი ორსულობის განმავლობაში იღებენ კვალიფიციურ ინფორმაციას მშობიარობის მიმდინარეობის შესახებ, იძენენ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ ბავშვის გაჩენაში დაეხმარება. ეს პროგრამა განსაკუთრებით უადვილებს მშობიარობას პირველმშობიარეებს, რომელთაც მშობიარობისა ეშინიათ და ეჭვი ეპარებათ მის სასურველ დასასრულში.
- როგორი მშობიარობა ითვლება ფიზიოლოგიურად?
- ფიზიოლოგიურად ითვლება ერთნაყოფიანი მშობიარობა ნაყოფის თავით წინ მდებარეობით, რომელიც სპონტანურად იწყება ორსულობის 37-იდან 42-ე კვირამდე. ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ დედისა და ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა კალენდარული ვადისა, არსებობს ნიშნები, რომლებიც მშობიარობის მოახლოებაზე მიგვითითებს:
- ცრუ ჭინთვები, როდესაც საშვილოსნო პერიოდულად მაგრდება და კვლავ ეშვება. ამგვარად ის მშობიარობისთვის ემზადება, თუმცა მისი ყელი ამ დროს არ იხსნება. ასე რომ, მშობიარობის დაწყებამდე დრო კიდევ არის. ამ პერიოდს პრელიმინარულს უწოდებენ.
- ლორწოვანი საცობის მოცლა. ლორწოვანი საცობი საშვილოსნოს ყელის არხში დაგროვილი ლორწოა, რომელსაც ჯირკვლები მშობიარობამდე ერთი-ორი კვირით ადრე გამოიმუშავებს. ლორწოს გამოყოფას ლორწოვანი საცობის მოცილება ეწოდება. მშობიარობის წინ ეს ფიზიოლოგიურ მოვლენად ითვლება.
- მუცლის დაწევა. ეს არის ნიშანი, რომელსაც ორსულთა უმრავლესობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.
- მშობიარობის დაწყების უმთავრესი ნიშანი კი რეგულარული სამშობიარო მოქმედების დაწყებაა. საშვილოსნო რეგულარულად იკუმშება და დუნდება, რასაც თან სდევს საშვილოსნოს ყელის გახსნა.
- ცნობილია, რომ პირველი მშობიარობა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე მომდევნოები. რისი ბრალია ეს?
- საქმე ის არის, რომ პირველი მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელი ჯერ მოკლდება, შემდეგ გადასწორდება და ბოლოს იხსნება, ხოლო განმეორებით მშობიარეებში საშვილოსნოს ყელის გადასწორება-გახსნა ერთდროულად მიმდინარეობს.
- როდის ითვლება მშობიარობა პათოლოგიურად?
- პათოლოგიურია მშობიარობა, რომელიც ამა თუ იმ გართულებით მიმდინარეობს.
- რა იწვევს ამ გართულებებს?
- გართულებას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის:
- ორსულის ესა თუ ის დაავადება, წესისამებრ, ქრონიკული - გულის მანკი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება, ფილტვების, შარდსასქესო ორგანოთა ქრონიკული სნეულებები, ლეიკოზი, ტუბერკულოზი და სხვა;
- ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადება;
- პრეეკლამფსია;
- ეკლამფსია;
- ნაყოფის არასწორი მდებარეობა;
- ვიწრო მენჯი.
მეან-გინეკოლოგმა უნდა გაითვალისწინოს ყველა ეს ფაქტორი და წინასწარ დასახოს სამშობიარო ტაქტიკა.
ზოგჯერ გართულება მოულოდნელად იჩენს თავს. ასეთი გართულებებია:
- ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლით გამოწვეული სისხლდენა;
- ჭიპლარის გამოვარდნა.
ასეთ დროს ნაყოფის გადასარჩენად საჭიროა სასწრაფო საკეისრო კვეთა.
- რა არის საკეისრო კვეთა და როდის ტარდება?
- საკეისრო კვეთა - ეს არის ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ნაყოფი და მომყოლი საშვილოსნოდან ოპერაციული გზით, მის წინა კედელზე ხელოვნურად გაკეთებული ჭრილობიდან გამოძევდება. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ოპერაცია, საკეისრო კვეთაც ჩვენებისამებრ უნდა ტარდებოდეს. ის უნდა იყოს გამოსავალი პათოლოგიური მდგომარეობის დროს და არა არჩევითი მეთოდი. განასხვავებენ საკეისრო კვეთის აბსოლუტურ და შედარებით ჩვენებებს. აბსოლუტური ჩვენება მიუთითებს, რომ ბუნებრივი გზით მშობიარობა შეუძლებელია, ნაყოფისა და დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ასეთ ჩვენებათა რიცხვს ეკუთვნის:
- პლაცენტის სრული წინამდებარეობა;
- ნაყოფის არასწორი მდებარეობა;
- ნაყოფისა და სამშობიარო გზების ზომათა შეუსაბამობა;
- ჭიპლარის გამოვარდნა;
- საშვილოსნოს მოსალოდნელი ან დაწყებითი გახევა;
- დიდი და გადამწიფებული ნაყოფი;
- ნაყოფის ღრმა დღენაკლულობა;
- ნაყოფის დისტრესსინდრომი და სხვა.
ერთი აბსოლუტური ჩვენება საკმარისია, რომ საკეისრო კვეთა ჩატარდეს.
- თუ მშობიარობა საკეისრო კვეთით დასრულდა, მომდევნო მშობიარობაც ასევე უნდა წარიმართოს?
- ყველა არა, მაგრამ მომდევნო ორსულობათა 80% კვლავ საკეისრო კვეთით სრულდება. ეს კანონზომიერია - თუ კვეთის ჩვენება არ გამქრალა, ბუნებრივია, საკეისროს ვერც მომდევნო ორსულობისას ავარიდებთ თავს. თუ ჩვენება აღარ არსებობს, უნდა გავითვალისწინოთ კვეთის შემდეგ დარჩენილი ნაწიბურის მდგომარეობა. მისი ექოსკოპიური კონტროლი მთელი ორსულობის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
- საკეისროდან რა ხნის შემდეგ შეიძლება ხელახლა დაორსულება?
- სასურველია, საკეისრო კვეთის შემდეგ ხელახლა დაორსულებამდე ორი წელი მაინც გავიდეს. თუ ორსულობა მიმდინარეობს ფიზიოლოგიურად, ნაწიბური სრულფასოვანია და უმტკივნეულო, შეიძლება ქალს დაერთოს ფიზიოლოგიური მშობიარობის ნება პროცესის დინამიკის მკაცრი კონტროლით.
- როდის მიმართავენ გაუტკივარებას?
- გაუტკივარებას მიმართავენ როგორც საკეისრო კვეთის დროს, ასევე ფიზიოლოგიური მშობიარობისას. მისი მიზანია არა მხოლოდ მშობიარისთვის კომფორტული პირობების შექმნა, არამედ მშობიარობით გამოწვეული სტრესის მოხსნაც. დღეს უპირატესობა ენიჭება რეგიონულ (ეპიდურალური და სპინალური ანესთეზია) გაუტკივარებას როგორც დედისა და ნაყოფისთვის ყველაზე დამზოგველ მეთოდს.
- რა უპირატესობა აქვს ამ ტიპის გაუტკივარებას?
- რეგიონული ანესთეზიის დროს პაციენტს ცნობიერება არ ეთიშება, იგი კონტაქტურია და, აქედან გამომდინარე, მართვადი. რეგიონული ანესთეზიის დროს მგრძნობელობა სხეულის მხოლოდ განსაზღვრულ ნაწილში ითიშება. ამ დროს ზურგის ტვინში შეჰყავთ ხანგრძლივმოქმედი საანესთეზიო საშუალება, რაც აქრობს ტკივილის შეგრძნებას ინექციის ადგილის ქვევით. სპინალური გაუტკივარება ეფექტური მეთოდია, რომელიც თითქმის სრულიად აქრობს ტკივილს. მას მთელ მსოფლიოში ფართოდ იყენებენ.
- აქვს თუ არა სპინალურ ანესთეზიას უკუჩვენებები?
- აქვს. ესენია:
- ხერხემლის პათოლოგია (მაღალი ხარისხის სკოლიოზი, ლორდოზი), რომელმაც შესაძლოა ტექნიკური სირთულეები წარმოშვას;
- ზურგის კანის მიდამოს პუნქციის შემდეგ განვითარებული ჩირქოვანი დაზიანება;
- სისხლის შემდედებელი სისტემის მძიმე დაავადება;
- გულის რიტმის სერიოზული დარღვევა და სხვა.
- დაბოლოს, რას ურჩევდით ორსულებს?
- ორსულობამ მშვიდობიანად რომ ჩაიაროს და სასურველი შედეგით დასრულდეს, აუცილებელია:
- ორსულობა მიმდინარეობდეს ექიმის მეთვალყურეობით და კონტროლით;
- პაციენტი ზედმიწევნით იყოს გამოკვლეული;
- ზუსტად განისაზღვროს ორსულობისა და მშობიარობის რისკფაქტორები, რომლებზეც დამოკიდებულია მშობიარობის შემდგომი ტაქტიკა.
ორსულს სჭირდება განსაკუთრებული გარემო, სრულფასოვანი კვება და წონის კონტროლი, სიმშვიდე და ქალთა კონსულტაციის ექიმთან რეგულარული კონტაქტი. ქალი ყურადღებით უნდა მოეკიდოს თავის ჯანმრთელობას და ორსულობის მიმდინარეობას, საეჭვო შემთხვევაში დროულად მიმართოს ექიმს და სათანადო რჩევა-დარიგება მიიღოს.