ორსულობა და ალერგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა და ალერგია

- ალერგიისა და ორსულობის თანხვედრა, ცხადია, არ არის სასიამოვნო, მაგრამ ალერგია ორსულობის უკუჩვენებად არ მიიჩნევა. ორსულობისას ალერგიის მიმდინარეობა სხვადასხვანაირად შეიძლება წარიმართოს: შემსუბუქდეს, გამწვავდეს ან უცვლელი დარჩეს. დადგენილია, რომ ორსულის ორგანიზმში იმატებს ჰორმონ კორტიზოლის დონე, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. ამიტომაა, რომ ორსულებს ალერგია იშვიათად აღენიშნებათ, ან მსუბუქი ფორმით უვლინდებათ. ისეთმა სერიოზულმა დაავადებებმაც კი, როგორებიცაა ბრონქული ასთმა და ჭინჭრის ციება, ორსულობის დროს შესაძლოა საერთოდ არ იჩინოს თავი. მშობიარობის შემდეგ კორტიზოლის რაოდენობა თანდათან პირვანდელ დონეს უბრუნდება და ალერგიაც ჩვეულ სახეს იღებს. თუ პირველი ორსულობისას ალერგიამ თავი საერთოდ არ შეგახსენათ, შესაძლოა, მომდევნო ორსულობებმაც მშვიდად ჩაიაროს. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ორსულობისას ალერგია ადრინდელზე მძაფრად გამოვლინდეს. ეს გამოწვეულია ქალის იმუნურ სისტემაში მიმდინარე ფიზიოლოგიური ძვრებით და, ამის კვალობაზე, უკვე ცნობილ ან ახალ, ორგანიზმისთვის უცნობ ალერგენებზე უფრო აქტიური რეაქციით.

- რომელი ალერგიული დაავადებები ვლინდება ორსულობისას ყველაზე ხშირად?

- ალერგიული დაავადებებიდან ორსულებში განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება. გარდა ამისა, არსებობს კანის ალერგიული მდგომარეობა (ჭინჭრის ციების განსაკუთრებული სახეობა), რომელიც, ჩვეულებრივ, სწორედ პირველი ორსულობის დროს იჩენს თავს.

- ორსულები ხშირად უჩივიან ცხვირით სუნთქვის გაძნელებას და სურდოს. ესეც ალერგიის ბრალია?

- ორსულობის მეთორმეტე კვირიდან ცხვირის გაჭედვასა და სურდოს თითქმის ყოველი მეორე ორსული უჩივის. თუ გაირკვა, რომ ამას წინ უძღოდა უშუალო კონტაქტი ალერგენთან (მცენარეების ყვავილობა, სახლში ცხოველის მიყვანა, კვების რეჟიმის დარღვევა და სხვა), ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს ალერგიული რინიტის გამწვავებასთან.

- როგორ უნდა მოიქცეს ალერგიული ქალი, თუ შვილის გაჩენა მოისურვა?

- სასურველია, დაორსულებამდე ალერგოლოგთან გაიაროს კონსულტაცია. კომპლექსური ალერგოლოგიური და იმუნოლოგიური გამოკვლევებისა და ალერგოლოგიური სინჯების მეშვეობით დაადგენენ ალერგიული რეაქციების არსებობას ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ. ეს ქალს საშუალებას მისცემს, ორსულობის დროს მათთან კონტაქტს თავი არიდოს.

- გადაეცემა თუ არა ალერგია დედისგან ბავშვს?

- თუ მომავალი დედა ალერგიულია, სავსებით შესაძლებელია (თუმცა არა გარდაუვალი), ალერგია ბავშვსაც აღმოაჩნდეს. მუცლად მყოფი ბავშვი ალერგენებს თავიდანვე ხვდება, მაგრამ ზემგრძნობელობის ჩამოყალიბება (ანუ ნაყოფის ორგანიზმში იმ ანტისხეულების წარმოქმნა, რომლებიც ალერგენის მომდევნო შეჭრისას ალერგიული რეაქციის პროვოცირებას ახდენს) ხდება მაშინ, როდესაც ნაყოფის იმუნური სისტემა სიმწიფის განსაზღვრულ საფეხურს აღწევს - ორსულობის დაახლოებით 22-ე კვირას. ამ ეტაპზე ყალიბდება განსაზღვრული ალერგენისადმი მომატებული მგრძნობელობა, დაბადების შემდეგ კი, ალერგენთან ხელახალი შეხვედრისას, ალერგიული რეაქცია იწყება.


- მოსალოდნელია თუ არა ორსულობისას ასთმის გამწვავება?

- ბრონქული ასთმა ორსულთა 2-3%-ს აქვს. იმ ქალებს შორის, რომლებიც ასთმას დაორსულებამდეც უჩიოდნენ, სურათი ასეთია: დაახლოებით 25% იმავე მდგომარეობას ინარჩუნებს, რაც ორსულობამდე ჰქონდა, 15% უკეთესობისკენ მიდის, ხოლო 60%-ს მდგომარეობა უმძიმდება. თუ ასთმა ორსულობამდეც გქონდათ, მის გამწვავებას ორსულობის 24-დან 36-ე კვირამდე უნდა ელოდოთ. ასთმიანი ორსულის იმუნურ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც დაავადების, ისე ორსულობის მიმდინარეობაზე. ორსულობის დასაწყისში გამოვლენილი ასთმა შესაძლოა ორსულობის პირველსავე ნახევარში, ადრეული ტოქსიკოზის მსგავსად, ალაგდეს. ამ დროს პროგნოზი დედისა და ნაყოფისთვის კეთილსაიმედოა. ორსულობის ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის ყველა ქალი უკეთესობას გრძნობს, მშობიარობის შემდეგ კი სურათი ასეთია: 25% (წესისამებრ, მსუბუქი ფორმის მქონე ავადმყოფები) უკეთ ხდება, 50%-ს მდგომარეობა არ ეცვლება, 25%-ს კი უმძიმდება. გახსოვდეთ: დღეს ბრონქული ასთმა ორსულობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად არ მიიჩნევა. მთავარია მოხერხდეს გამწვავების დროული გამოვლენა და მისი ადეკვატური კონტროლი. თუ ორსულობის დროს დაავადება არ ექვემდებარება მკურნალობას: ორსულს აქვს ხშირი შეტევები, რომლებიც გადადის ასთმურ სტატუსში, - მას ათავსებენ სტაციონარში და დგება ორსულობის ვადამდე (37-38-ე კვირამდე) შეწყვეტის საკითხი.

- რა საფრთხეს უქადის ბრონქული ასთმა დედას და მის პაწიას?

- გაუკონტროლებელი ბრონქული ასთმის შეტევის დროს ქალის ორგანიზმი საკმარისი ოდენობით ჟანგბადს ვერ იღებს. ამ დროს ჟანგბადის ნაკლებობა ანუ ჰიპოქსია შესაძლოა ნაყოფსაც განუვითარდეს. თუ ბრონქული ასთმის შეტევები ხშირი ან ხანგრძლივია, ჰიპოქსიამ შესაძლოა ნაყოფის ტვინი დააზიანოს. გარდა ამისა, ადეკვატური კონტროლის არარსებობა ხშირად იწვევს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხებას, თვით ორსულებში კი გაუკონტროლებელმა ასთმამ შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის ისეთი მძიმე გართულება, როგორიცაა პრეეკლამფსია.

- დღეს სააფთიაქო ქსელში ალერგიის საწინააღმდეგო უამრავი მედიკამენტია. რომელი მათგანია უვნებელი ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის?

- ორსულობისას ყოველგვარი მედიკამენტის მიღებისას სიფრთხილე გვმართებს. არც ალერგიის საწინააღმდეგო წამლებია გამონაკლისი. ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სამმართველოს მონაცემების თანახმად, ორსულობის დროს არც ერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი არ არის სრულიად უვნებელი. ორსულობის პერიოდში მედიკამენტის დანიშვნამდე ექიმი ყოველთვის აფასებს რისკს, რომელიც ახლავს კონკრეტული მედიკამენტის გამოყენებას. მას უფრო მეტი სარგებლობა უნდა მოჰქონდეს, ვიდრე ზიანი.

- იქნებ ამ მედიკამენტებზე უფრო ვრცლად გვესაუბროთ...

- ორსულებისთვის დიმედროლის გამოყენება ნებადართულია, მაგრამ 50 მგ-ზე მეტი დოზით გამოყენებისას ის B კატეგორიაში ხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევის დროს საფრთხე არ გამოვლენილა, მაგრამ ადამიანის ნაყოფზე მისი ზემოქმედება სათანადოდ არ არის შესწავლილი, შესაბამისად, არ არსებობს უსაფრთხოების გარანტია. ამის გათვალისწინებით, ანტიჰისტამინური პრეპარატი ორსულობისას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ. დიმედროლის დიდმა დოზამ, მით უმეტეს, დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა საშვილოსნოს ნაადრევი შეკუმშვა გამოიწვიოს. სიფრთხილეა საჭირო ორსულობის ბოლო კვირებში პრეპარატის მიღებისას - შესაძლოა, ახალშობილს გამოუვლინდეს აღგზნება, გაღიზიანება, გულყრა. დიმედროლი (და სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები) დედის რძეში მაშინაც კი გადადის, როცა ძალზე მცირე დოზით ვიღებთ. ეს ოდენობა სავსებით საკმარისია ბავშვებში არასასურველი ეფექტების გამოსავლენად. ფენკაროლის მიღება ნებადართულია ორსულობის მე-12 კვირიდან. შედარებით უსაფრთხოა დიაზოლინი - მისი ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი ნაყოფზე აშკარა უარყოფითი ზემოქმედება არ შეინიშნება, თუმცა დიაზოლინის მიღებაც სასურველია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მცირე ხნით, მცირე დოზებით და აუცილებლად ექიმთან შეთანხმებით. სუპრასტინს ორსულებს უნიშნავენ მწვავე ალერგიული რეაქციების დროს. ტავეგილის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ალერგიული რეაქცია ორსულის სიცოცხლეს საფრთხეს უქადის, სხვა პრეპარატის გამოყენება კი შეუძლებელია. ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევების მონაცემებით, ტავეგილი ახალშობილებში გულის მანკებსა და თათების დეფექტებს იწვევს. ალერტეკის გამოყენება ორსულობისას მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით შეიძლება, რადგან ნაყოფზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს. ორსულობისას (ისევე როგორც ძუძუთი კვების დროს) არც პიპოლფენის მიღებაა რეკომენდებული. მეორე თაობის ანტიჰისტამინები ცეტირიზინი (ზირტეკი, ზოდაკი, პარლაზინი და სხვა) და ლორატადინი (ეროლინი, კლარიტინი, ლომილანი) უფრო ეფექტურია, ნაკლებ გვერდით მოვლენას იწვევს და გაცილებით უვნებელიც არის ორსულისა და ნაყოფისთვის. თუმცა კლარიტინის მიღება ორსულობისას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც თერაპიის მოსალოდნელი ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს, ანუ მაშინ, როდესაც დედის ალერგიული მდგომარეობა ნაყოფს უფრო მეტ საფრთხეს უქადის, ვიდრე პრეპარატის მიღება. რისკს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი აფასებს. რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს, წამლის აქტიური ნივთიერება გადადის რძეში, ამიტომ მისი მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ტერფენადინის მიღების შემდეგ ახალშობილებში შეინიშნება წონის დაქვეითება. ასტემიზოლი ნაყოფზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს. III თაობის H2 ჰისტამინბლოკერები წინამორბედებზე უსაფრთხოა.  ფექსოფენადინის (ტელფასტი, ფექსადინი) დანიშვნა ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა თერაპიის მოსალოდნელი ეფექტი აღემატება პოტენციურ საფრთხეს. ძუძუთი კვება პრეპარატის მიღებისას უნდა შეწყდეს.


- რას გვეტყვით ინტალისა და ჰორმონული პრეპარატების შესახებ, შეიძლება თუ არა მათი გამოყენება ორსულთათვის?

- ინტალის მიღება ალერგიული ბრონქული ასთმის პროფილაქტიკისთვის ორსულობის მე-12 კვირიდან არის ნებადართული. ჰორმონულ პრეპარატებს მხოლოდ მძიმე ფორმის ასთმის დროს უნიშნავენ. ორსულობისას გლუკოკორტიკოიდების თანმხლები ეფექტი ნაკლებად საშიშია, ვიდრე ჰიპოქსემიის შედეგები. მაგრამ პრედნიზოლონით მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს. ბრონქული ასთმის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის განსაკუთრებით ეფექტური პრეპარატებია საინჰალაციო გლუკოკორტიკოიდები, რომლებიც სასუნთქ გზებზე ადგილობრივად მოქმედებს (ბეკლომეტაზონი, ბეკოტიდი).

- როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

- მუცლად მყოფი ბავშვისთვის ალერგიული დაავადებების პროფილაქტიკას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს. პროფილაქტიკა გულისხმობს ორსულის რაციონში ძლიერ ალერგიული პროდუქტების შეზღუდვას, ხოლო მძიმე შემთხვევებში მათ რაციონიდან გამორიცხვას - კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ხომ ალერგენებისთვის მთავარი კარიბჭეა. ჯანმრთელი ორსულებისთვის ასეთი მძიმე შეზღუდვა, რასაკვირველია, აუცილებელი არ არის. საკმარისია, არ მიირთვან ალერგიული პროდუქტები ყოველდღიურად და ერთდროულად - ხანგამოშვებით რაციონში მათი ჩართვა შეიძლება. სარისკო პროდუქტებზე უარი უნდა თქვან იმ ქალბატონებმაც, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონიათ ასეთ პროდუქტებზე ამა თუ იმ ტიპის ალერგია, ხოლო თუ ქალს აქვს ალერგიული დაავადება: ბრონქული ასთმა, ალერგიული დერმატიტი, ალერგიული რინიტი და სხვა, - მოუწევს, რაციონიდან პროდუქტების მთელი ჯგუფები ამოიღოს.

საკვები პროდუქტები ალერგიულობის ხარისხის მიხედვით ამგვარად ნაწილდება:   

  • მაღალი ხარისხი - ძროხის რძე, თევზი, ზღვის პროდუქტები, ხიზილალა, კვერცხი, ციტრუსები, კაკალი, თაფლი, სოკო, ქათმის ხორცი, მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, ანანასი, ნესვი, ხურმა, შავი მოცხარი, შოკოლადი, ყავა, კაკაო, მდოგვი, პომიდორი;
  • საშუალო ხარისხი - ღორის ხორცი, წითელი მოცხარი, კარტოფილი, ინდაურის ხორცი, კურდღელი, ფორთოხალი, გარგარი, მწვანე წიწაკა, სიმინდი, შტოში, კომბოსტო;
  • დაბალი ხარისხი - ყაბაყი, პატისონი, თალგამი, გოგრა, ვაშლი, თეთრი მოცხარი, ხურტკმელი, ქლიავი, ცხვრის ხორცი, თეთრი ბალი, კიტრი.

- რას ურჩევდით მომავალ  დედებს?

- ორსულისა და მელოგინისთვის არამც და არამც არ შეიძლება სიგარეტის მოწევა. მწეველთა შვილებს ალერგიული დერმატიტისა და ბრონქული ასთმის განვითარების უფრო მაღალი ალბათობა აქვთ. საშიშია პასიური მოწევაც.

  • რაც შეიძლება მეტი ხანი გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
  • ბუმბულის ბალიშები და საბნები სინთეტიკურით შეცვალეთ.
  • ბინა ხშირად გაანიავეთ და ყოველდღე დაალაგეთ სველი წესით, კვირაში ერთხელ კი მტვერსასრუტით დაასუფთავეთ ხალიჩები და რბილი ავეჯი, გაბერტყეთ და გაამზეურეთ ბალიშები.
  • ორსულობის დროს თავი არიდეთ ხალიჩებს, სურათებს, შტორებს - ისინი მტვრის ნამდვილი ბუდეა.
  • ყოველგვარი მედიკამენტი მიიღეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მისი დანიშნულებისამებრ.
  • აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები.
  • პირველ თვეებში ჩვილისთვის განსაკუთრებით სასარგებლო საკვებია დედის რძე. მასთან ერთად პატარას ალერგენების გამანეიტრალებელი ნივთიერებებიც მიეწოდება. ოთხ თვემდე ძუძუთი კვების შეწყვეტა მომავალში ალერგიული რეაქციების სიხშირეს რამდენჯერმე ზრდის.