ჩასახვიდან პირველ ტირილამდე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩასახვიდან პირველ ტირილამდე

- საიდან იწყება ორსულობა და როგორ ვითარდებაA ნაყოფი ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე?

- ორსულობის ათვლა იწყება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან და საშუალოდ 280 დღე, ანუ 10 სამეანო თვე გრძელდება (სამეანო თვის ხანგრძლივობა 28 დღეა, 10 სამეანო თვე უტოლდება 40 კვირას). ორსულობაში გამოყოფენ სამ ტრიმესტრს:

  • I ტრიმესტრი - გრძელდება კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან და ზიგოტის წარმოქმნიდან ორსულობის მე-12 კვირამდე;
  • II ტრიმესტრი გრძელდება ორსულობის მე-13-დან 27-ე კვირამდე, გამოირჩევა ნაყოფის ზრდითა და ძირითადი სისტემების ფორმირებით;
  • III ტრიმესტრი გრძელდება ორსულობის 28-ედან მე-40 კვირამდე. ამ დროს სრულდება ნაყოფის ზრდა, მისი ორგანოებისა და სისტემების მომწიფება.

მოდი, ცალ-ცალკე მიმოვიხილოთ თითოეული პერიოდი.

I ტრიმესტრი

სამედიცინო თვალსაზრისით, I ტრიმესტრი ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია. ეს არის პერიოდი, როდესაც მომატებულია ჩანასახის, ემბრიონისა და ნაყოფის დამაზიანებელი ფაქტორებისადმი მგრძნობელობა. მივყვეთ თანამიმდევრულად: განაყოფიერებიდან 5-7 დღის შემდეგ კვერცხუჯრედი მიემაგრება საშვილოსნოს კედელს. ამას იმპლანტაცია ეწოდება. იმპლანტაციის შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუში იწყებს ზრდას არა დღეობით, არამედ საათობით და ყოველდღიურად ზომას ორჯერ იმატებს. განვითარების ამ სტადიაში ნაყოფს ემბრიონი ეწოდება. ორსულობის პირველი თვის ანუ მე-4 კვირის დასასრულს ვითარდება ორგანოები და ჩანასახოვანი გარსები. მე-5 კვირისთვის ჩანასახი შედგება სამი შრისგან. გარეთა შრისგან წარმოიქმნება ტვინი, ნერვები და კანი. შუა შრე დასაბამს აძლევს ძვლებს, კუნთებს, სისხლძარღვებს, გულსა და სასქესო ორგანოებს. შიგნითა შრისგან კი ყალიბდება კუჭი, ღვიძლი, ნაწლავები, ფილტვები და საშარდე სისტემა. ჩამოყალიბებას იწყებს თვალები და სხვა ნაკვთები. მე-5 კვირიდან მოყოლებული, ექოსკოპიურად კარგად ჩანს ემბრიონის პულსაცია - გულის შეკუმშვები, მაგრამ ეკრანზე თავად გულის გარჩევა ჯერ კიდევ შეუძლებელია. მე-7 კვირის ბოლოს ულტრასონოგრაფიულად ჩანს ფორმირებადი ხერხემალი და თავის ქალა. ემბრიონი მხნეა, ფოტოგენური, სავსეა ენერგიით. მეორე თვის ბოლოს (ორსულობის მე-8 კვირა) ბავშვის ძირითადი ორგანოებისა და სისტემების განვითარება, ტვინის, ფილტვების, ღვიძლისა და კუჭის ჩათვლით, დაწყებულია. ამ დროს წარმოიშობა ძვლის პირველი უჯრედები, ყალიბდება ქუთუთოები, შიგნითა ყური, ვითარდება ნერვული ბოჭკოები, თითები და სასქესო ორგანოები. ორსულობის მეორე თვის ბოლოს ჩანასახი უკვე ჰგავს პატარა ბავშვს. თუ ის ვაჟია, განვითარებას დაიწყებს სასქესო ასო. ამ პერიოდიდან მოყოლებული, მას უკვე ნაყოფი ეწოდება. ამ დროს მისი სიგრძე აღწევს 3-3,5 სმ-ს. ნაყოფის განვითარებისთვის ეს თვე განსაკუთრებით კრიტიკულია. მედიკამენტებით, ვირუსებით ან გარემო პირობებით განპირობებულმა ნებისმიერმა ზემოქმედებამ შეიძლება თანდაყოლილი დეფექტები გამოიწვიოს. მეორე თვეში ნაყოფი ძალიან სწრაფად იზრდება. მესამე თვის ბოლოს (მე-12 კვირა) ბავშვის ჩამოყალიბება სრულდება და ის უკვე ადამიანად აღიქმება. ამ პერიოდში მისი სიგრძე 8-9 სმ-ია, წონა კი - 48 გრამი. შეინიშნება განსხვავება გარეთა სასქესო ორგანოების აგებულებაში. პაწია ამოძრავებს კიდურებსა და თავს, აღებს და კუმავს პირს. ამ დროს კარგად ჩანს ხელისა და ფეხის თითები და ნაზი ფრჩხილებიც. მტევნები უფრო მეტად არის განვითარებული, ვიდრე ტერფები, ხოლო ზედა კიდურები უფრო გრძელია, ვიდრე ქვედა. თავი ტანთან შედარებით საკმაოდ დიდია. შეიძლება, ამოიწვეროს თმაც. ღრძილების ქვეშ ჩამოყალიბებულია კბილის ჩანასახები. ჩონჩხის ხრტილების ჩანასახში ვლინდება გაძვალების პირველი წერტილები. გული შედგება ოთხი საკნისგან და ცემს წუთში 120-160-ჯერ. თირკმელები განვითარებულია და იწყებს შარდის გამოყოფას. ამ თვის დასასრულს ჭიპლარი, რომელიც საკვებს აწვდის ბავშვს და გარეთ გამოაქვს გადამუშავებულ ნივთიერებათა ნარჩენები, სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული.


II ტრიმესტრი

მეოთხე თვის ბოლოს (ორსულობის მე-16 კვირა) ნაყოფის სიგრძე აღწევს 13,5 სმ-ს, ხოლო წონა - 120-180 გ-ს. თანდათან ვითარდება მიმიკური კუნთები, ყალიბდება სახე. ნაყოფს შეუძლია მოღუშვა, თვალების დაელმება და მიმიკის ცვლა. თვალის ბადურა გარსი სინათლისადმი მგრძნობიარე ხდება, თუმცა ბავშვი ჯერ ვერ ხედავს. წარბებსა და თავზე თმა იწყებს ამოსვლას.  ხდება თავის ქალას გაძვალება. ამავე თვის განმავლობაში ვითარდება ყური, ამიტომ მუცლადმყოფმა ნაყოფმა შესაძლოა გაიგონოს ხმაც, თუმცა სმენა მეშვიდე თვემდე არ იქნება სრულყოფილი. სრულდება კუნთოვანი სისტემის ფორმირება, კიდურების მოძრაობა უფრო აქტიურია. განვითარებას განაგრძობს ფილტვებიც და შესაძლოა ბავშვმა "ჩაისუნთქოს" სანაყოფე წყლები.  ბავშვის გულისცემის მოსმენა ჩვეულებრივი ფონენდოსკოპითაც შესაძლებელია. ნათლად ჩანს ნაყოფის სქესი. შესაძლოა, ორსულმა მუცლის ქვედა ნაწილში მსუბუქი თრთოლა იგრძნოს. ეს ნაყოფის მოძრაობის შეგრძნებაა. მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის პირველი მოძრაობის თარიღის ჩაწერა - ეს დაეხმარება მეანს, განსაზღვროს ბავშვის დაბადების თარიღი. მეხუთე თვის ბოლოს (ორსულობის მე-20 კვირა) ნაყოფის სიგრძე აღწევს 18,5 სმ-ს, წონა - 280-300 გ-ს. ყველაზე ინტენსიურად ბავშვი ამ პერიოდში იზრდება.  კანი წითელია, იფარება ღინღლით. სხეულზე ამოდის თმა, მათ შორის - წარბები და წამწამებიც. გროვდება კანქვეშა ცხიმი, ცხიმის ჯირკვლები იწყებს ცხიმოვანი ნივთიერების გამოყოფას, რომელიც ერევა ეპიდერმისის ქერცლს და წარმოქმნის ხაჭოსებრ საცხს. იზრდება და დღითი დღე ძლიერდება კუნთები. ფრჩხილები თითების ბოლომდეა ჩამოზრდილი. ხდება შინაგანი ორგანოების სრულყოფა. ნაწლავებში წარმოიქმნება მეკონიუმი. დედა გრძნობს ნაყოფის მოძრაობას. წოვის რეფლექსი უკვე არსებობს; შესაძლოა ბავშვმა ცერა თითიც კი ჩაიდოს პირში და წოვოს. ნაყოფი იძინებს და იღვიძებს რეგულარული შუალედებით. ის ახლა ბევრად უფრო აქტიურია, იწყებს ერთი გვერდიდან მეორეზე ბრუნვას. ორსულის მუცლის აუსკულტრაციისას ისმის ნაყოფის გულისცემა. მეექვსე თვეც ბავშვის ინტენსიურად ზრდის პერიოდია. ნაყოფის სიგრძე 25 სმ-ს აღწევს, წონა - 600-680 გ-ს, მოძრაობა ხდება უფრო ენერგიული. სწრაფად ვითარდება თავის ტვინი. კანი დანაოჭებულია, წითელი და ღინღლით დაფარული. წარმოიქმნება თავისებური ტიპის (ყავისფერი) ცხიმი, რომელიც დაბადებისას ნაყოფს სითბოს უნარჩუნებს. ფეხის თითებზე ზრდას იწყებს ფრჩხილები. თუ ბავშვი გოგონაა, ამ თვეში მის საკვერცხეებში განვითარდება კვერცხუჯრედები. თანდათან მყარდება ნაყოფის ძვლები. ბავშვი თითქმის ბოლომდეა ჩამოყალიბებული და ჰგავს მინიატურულ ადამიანს. ამ ვადაზე ნაყოფი შეიძლება ცოცხალი დაიბადოს, თუმცა ჯერ კიდევ მეტისმეტად პატარაა და იმის გამო, რომ ფილტვები კარგად არ აქვს განვითარებული, საშვილოსნოს გარეთ ცხოვრება სპეციალური მოვლის გარეშე არ შეუძლია.

III ტრიმესტრი

მეშვიდე თვის ბოლოს (28-ე კვირა) ნაყოფის სიგრძეა 32 სმ, წონა - 1000-1500 გ. კანქვეშა ცხიმი სუსტად არის განვითარებული, კანი ნაოჭიანია, მთელი სხეული დაფარულია ხაჭოსებრი საცხით და ღინღლით. ყურისა და ცხვირის ნიჟარები რბილია. ბიჭუნებს სათესლე ჯირკვლები ჯერ კიდევ არ ჩამოსვლიათ სათესლე პარკში, გოგონებს დიდი სასირცხო ბაგეები ვერ უფარავთ მცირეს. ბავშვს უკვე შეუძლია თვალების გახელა-დახუჭვა და რეაგირებს სინათლის ცვლილებაზე. განათების განსხვავება მას დღისა და ღამის ციკლის გარჩევაში ეხმარება. უკვე ესმის კიდეც, თუმცა ბგერების უმეტესობა მისთვის დახშულია. ეჩვევა დედისა და მამის ხმას, დედის საცხოვრებელი გარემოს ბგერებს. აქვს გემოს შეგრძნებაც, თუმცა სანაყოფე წყლებს გემო თითქმის არ გააჩნია. იმ საკვებს, რითაც დედა იკვებება, შეუძლია სანაყოფე წყლებს გემო უცვალოს. ამრიგად, ბავშვი ეჩვევა საკვებს, რომელსაც დედა იღებს. ნაყოფის ფილტვები სუნთქვისთვის ემზადება, მოძრაობა ავითარებს კუნთებს. ინტენსიურად ვითარდება თავის ტვინი და ნერვული სისტემა. ბავშვს ეძლევა უნარი, არეგულიროს თავისი სხეულის ტემპერატურა. სახიდან ქრება ღინღლი. კანქვეშა ცხიმის განვითარება ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას. ეს ცხიმი აძლევს ნაყოფს ენერგიის მარაგს სიცოცხლის პირველი დღეებისთვის. ნაყოფი იბადება ცოცხალი, სუნთქავს, მაგრამ ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია. შვიდი თვის ანუ 28 კვირის ნაყოფი უდღეურია, მაგრამ სიცოცხლისუნარიანი, ამიტომ გადარჩენის შანსი უფრო მეტი აქვს და თუ დაიბადა, კარგი მოვლის პირობებში შეიძლება იცოცხლოს. დაბადებული ნაყოფი საკმაოდ აქტიურად ამოძრავებს კიდურებს, გამოსცემს სუსტ ხმას. მერვე თვე ბავშვის ინტენსიური ზრდის პერიოდია, ყველაზე ინტენსიურად კი ტვინი იზრდება, ამიტომ ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია კარგი კვება. ნაყოფის სიგრძე 40-42 სმ-ია, წონა - 1500-2000 გ. ბავშვის ძვლები იწყებს გამაგრებას, კიდურებს აქვს უფრო სრულყოფილი ფორმა, კანს - ჯანსაღი იერი. ტვინში ყალიბდება სხვადასხვა უბანი. ბავშვმა შეიძლება დაასლოკინოს, იტიროს, გაარჩიოს ტკბილი და მჟავე, რეაგირება მოახდინოს ტკივილზე, სინათლესა და ხმაზე. ნაყოფი იბადება სიცოცხლისუნარიანი, მაგრამ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. ორსულობის მეცხრე თვეს ბავშვი აგრძელებს წონის მატებას. მისი სიგრძე 45-48 სმ-ია, წონა კი 2400-3000 გ. კანქვეშა ცხიმოვანი შრე იზრდება, კანი გლუვია, ვარდისფერი, სხეულზე თმა ცვივა, თავზე კი იზრდება. შესაძლოა, ნაყოფს ჰქონდეს გრძელი ფრჩხილები, რომლებიც დაბადებისთანავე უნდა დაიჭრას. თვალები შესაძლოა სხვადასხვა ფერისა იყოს და რამდენიმე თვეში იცვალოს ფერი. იმუნური სისტემა ჯერ კიდევ არასრულყოფილია, ამიტომ ნაყოფი პლაცენტის მეშვეობით დედის ორგანიზმიდან იღებს ანტისხეულებს, ხოლო დაბადების შემდეგ ამავე ანტისხეულებს მიიღებს ხსენითა და რძით. სრულყოფილი ხდება ფილტვები. ბავშვი პრაქტიკულად მზადაა დასაბადებლად. ამ ვადაზე დაბადებული ნაყოფი სიცოცხლისუნარიანია, ხმამაღლა ყვირის, ახელს თვალებს, გამოხატული აქვს წოვითი რეფლექსი. ორსულობის მეათე თვეს, დროული მშობიარობის ვადისთვის (38-ე-მე-40 კვირას), უმწიფრობის ნიშნები ქრება, ნაყოფი აღწევს სიმწიფეს. განვითარებისთვის არასასურველ პირობებში (დედის დაავადება, არასაკმარისი კვება და სხვა) მომწიფებისას დროულ ნაყოფს შესაძლოა ჰქონდეს უმწიფრობის ნიშნები.


- ბუნებრივი მშობიარობა და საკეისრო კვეთა - რა განსხვავებაა მათ შორის ბავშვისთვის?

- დაბადება ბავშვის ცხოვრების უდიდესი მოვლენაა. დედის საშვილოსნოდან გარემოში გადასვლა მისთვის პირველი უდიდესი გამოცდაა. სამშობიარო არხში გავლისას იგი "სწავლობს" სირთულეთა გადალახვას. როდესაც მშობიარობა ბუნებრივად მიმდინარეობს, ბავშვი აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში. სამშობიარო არხში ნაყოფის გავლისას მისი ფილტვებიდან გამოიწურება სითხე, რაც დაბადების შემდეგ მისი ნორმალური სუნთქვის საწინდარია. ცოტა ხნის წინ მიიჩნეოდა, რომ საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვი უფრო მშვიდია, რადგან მას სამშობიარო სტრესი არ გადაუტანია. სინამდვილეში ასეთი პატარები მშვიდები კი არა, პასიურები არიან. საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვი რამდენიმე ხანს ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება (მით უმეტეს - ზოგადი გაუტკივარების შემდეგ), ამიტომ უჭირს აქტიურ სუნთქვაზე, წოვასა და ტირილზე გადასვლა. ახალ გარემოს უფრო მძიმედ ეგუება, რადგან ერთი გარემოდან მეორეში ერთბაშად ხვდება, იმ შუალედური ეტაპის გაუვლელად, რომელსაც დედის სამშობიარო გზები წარმოადგენს. ასეთ ბავშვებს წნევის მკვეთრი ცვლილების გამო შესაძლოა განუვითარდეთ სისხლძარღვთა პრობლემები; მოსალოდნელია, მის სტერილურ ნაწლავებში "ცუდი" ბაქტერიები ჩასახლდნენ. აქედან გამომდინარე, ბავშვისთვის ამქვეყნად მოვლინებისთვის საკეისრო კვეთა არცთუ ისე ოპტიმალური გზაა. ეს იძულებითი ოპერაციაა და უნდა გაკეთდეს მხოლოდ სათანადო ჩვენებით.

- დღეს ხშირად საუბრობენ მუცლადმყოფ ბავშვთან მშობლების ურთიერთობაზე...

- თანამედროვე ადამიანს ასეთი კითხვები იმიტომ ებადება, რომ არ იცის, შეუძლია თუ არა ბავშვს, დედის მუცელში ყოფნისას რაიმე გაიგოს და იგრძნოს. ახალგაზრდა ქალი მიდის ბრძენთან და სთხოვს ურჩიოს, როგორ აღზარდოს ბავშვი. ბრძენი ეკითხება: "როდის დაიბადა თქვენი შვილი?" "გუშინ", - პასუხობს ქალი. "შენ 9 თვით დაიგვიანე", - პასუხობს ბრძენი. მუცლად მყოფი ბავშვისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა ტრადიციას მისდევდა. მაგალითად, ძველ ინდოეთში ორსული მშვიდ, წყნარ გარემოში უნდა ყოფილიყო, ხელოვნებით შეექცია თავი, ბუნებაში დიდხანს ესეირნა და დამტკბარიყო მისი მშვენიერებით. ჩინეთში, სადაც ბავშვის ასაკი დღემდე ჩასახვის მომენტიდან ითვლება და არა დაბადებიდან და სადაც ბავშვი დედის მუცელშივე მიიჩნევა სრულფასოვან ადამიანად, მუცლად მყოფ ნაყოფთან საუბარი ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევა. მესამე თვის ბოლოს ბავშვი უკვე გრძნობს შეხებას, მე-14 კვირას კარგად ესმის მუსიკის ჰანგები, ცნობს დედისა და მამის ხმებს, მოფერება ამშვიდებს. კარგია, როდესაც დედა ნაყოფს მელოდიურ სიმღერებს უმღერის. მშვიდი კლასიკური მუსიკა ბავშვს აძინებს. მსგავსი ბგერითი ვიბრაციები დადებითად მოქმედებს მის ინტელექტზეც. ორსულმა თავი უნდა არიდოს ყვირილს, ჩხუბს, საზოგადოდ, ნეგატიურ განცდებს, რადგან დედის ემოციური მდგომარეობა ბავშვსაც გადაეცემა. როცა დედა ღელავს ან ეშინია, ნაყოფსაც დედასავით უხშირდება სუნთქვა და გულისცემა. უკვე ცნობილია, რომ პაწიას აქვს გემოვნების შეგრძნებაც და უყვარს ტკბილი, რეაგირებს დედის ფიზიკურ ტრავმაზე, ეძებს საშველს, შეუძლია დაიხსომოს სიტყვები და მთელი ფრაზები, რომლებიც ხშირად ესმის, რეაგირებს კონტაქტზე მუცლის კედლის იქიდან - უყვარს ხელის გადასმა და ნაზი მოფერება. მე-20 კვირიდან, თუ რამე არ მოეწონა, უკვე შეუძლია ზურგი შეგვაქციოს. დღეს ფსიქოლოგიის ზოგიერთი მიმართულება (მაგალითად, ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია) ადამიანის ფორმირების თვალსაზრისით პრენატალურ (მუცლადყოფნის პერიოდის) განცდებს ყველაზე მნიშვნელოვან განცდებად განიხილავს. ბოლოდროინდელი კვლევები მოწმობს, რომ ორსულობისას დედის არასასურველი მდგომარეობა გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნულ ფორმირებასა და ადაპტაციურ მექანიზმებზე. ბავშვი ჯერ კიდევ დაბადებამდე ურთიერთობს მშობლებთან, აღიქვამს მშობლების დამოკიდებულებას ერთმანეთისა და მის მიმართ. ამ პერიოდში მას უკვე შეუძლია იგრძნოს ემოციური კომფორტი და თუ ეს შეგრძნება არ დომინირებს, ფსიქოლოგიური დისკომფორტი მას შემდგომაც გაჰყვება. ადამიანს, რომელსაც აქვს ნეგატიური პრენატალური გამოცდილება, ხშირად უჩნდება გარემოსთან ურთიერთობის ფარული ფსიქოლოგიური სირთულეები. ამრიგად, პრენატალური განცდები ჩვენი გაუცნობიერებელი გამოცდილების ნაწილია, რომელიც შემდგომში გავლენას ახდენს პიროვნების ფორმირებაზე და განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებისეულ გზას. ძალიან კარგი იქნება, თუ მშობლები პატარას ესაუბრებიან იმაზე, როგორ ელიან მის დაბადებას, როგორ ემზადებიან, როგორი სათამაშოები და სამოსი მოუმზადეს, როგორი სარწეველა და ეტლი უყიდეს, როგორ დაიღალნენ მისი ლოდინით ბებიები და ბაბუები, დები და ძმები. კარგია, როდესაც მშობიარობას ესწრება მამა, რადგან ამ დროს მისთვის უფრო ადვილია ბავშვთან საუბარი. უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვი მშობიარობის აქტიური მონაწილეა, ამიტომ, მაგალითად, გახანგრძლივებული მშობიარობის დროს, სანამ მშობიარობის სტიმულაციისთვის მედიკამენტებს გამოიყენებენ, აუცილებელია მასთან დალაპარაკება, მისთვის დახმარების თხოვნა. როდესაც ბავშვი მოძრაობს, ის ამით ასტიმულირებს დედის საშვილოსნოს და უფრო მეტად უადვილდება სამშობიარო გზებში გავლა ჭინთვების დროს. შესაძლოა, დაუჯერებელი მოგეჩვენოთ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მშობიარობაში, ამბობენ, რომ ბავშვები მშობიარობის დროს სხვადასხვანაირად იქცევიან: ზოგი აქტიურ პოზიციას იკავებს, ზოგი კი პასიურს. ამ შემთხვევაში მთელი "სამუშაო" დედის კისერზე გადადის. ბავშვთან საუბარი არც დაბადების შემდეგ უნდა შეწყვიტოთ. დღეს ბევრს საუბრობენ და წერენ იმპრინტინგის შესახებ. ეს სიტყვა ნიშნავს, რომ ბავშვი ცნობიერებაში აღბეჭდავს გარემოს, რომელიც მას დაბადებისას ხვდება. ყველაფერი, რასაც ამ დროს ხედავს, ესმის და გრძნობს, გავლენას ახდენს მის შემდგომ ცხოვრებაზე, ამიტომ იმ სიტყვებით, რასაც დაბადების შემდეგ ეტყვიან, იმ სიხარულით, რომლითაც შეხვდებიან, მშობლები ერთგვარად გზას ულოცავენ მთელი შემდგომი ცხოვრებისთვის. დასავლეთის ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში მიღებულია, ბავშვებს მცირე ასაკიდანვე ესაუბრონ. არის შემთხვევები, როცა ახალშობილი მაშინვე არ მიჰყავთ დედასთან და მას ჰგონია, რომ კონტაქტი დარღვეულია; ბავშვს არ სურს ძუძუს წოვა. არ აღელდეთ, მშვიდად ესაუბრეთ ბავშვს, აუხსენით, რატომ დაგაშორეს ერთმანეთს, შესაძლოა პატიებაც სთხოვოთ. საერთოდ, საუბარი მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის ძირითადი ფორმაა, ამიტომ რაც უფრო ადრე დაიწყებთ მას, მით უფრო მეტია შესაძლებლობა, ეს ურთიერთობა დადებითად ააწყოთ.