ნორმიდან პათოლოგიამდე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნორმიდან პათოლოგიამდე

ნორმაა ეს თუ პათოლოგია, ხოლო თუ პათოლოგიაა, რამდენად საშიშია? ამ კითხვაზე ექიმი მეან-გინეკოლოგი სოფიო გელაშვილი გვიპასუხებს:

წყალი - ორსულობის ძირითადი ელემენტი

დადგენილია, რომ ორსულობისას სისხლსა და რბილ ქსოვილებში ნატრიუმი გროვდება. ამ ელემენტს წყლის მიზიდვის უნარი შესწევს, ამიტომ სითხე კავდება პრაქტიკულად ყველა ქსოვილში, გარდა ძვლებისა, განსაკუთრებით ინტენსიურად კი შემაერთებელ და ცხიმოვან ქსოვილებში.

სითხე ქსოვილებში სისხლიდან გადადის, რომლის მოცულობა ორსულობის დროს 40-50%-ით იზრდება. ორსულობისას ქალი, ჩვეულებრივ, ათიოდე კილოგრამს იმატებს. აქედან 6-8 კილოგრამი - უფრო სწორად, ლიტრი - წყლის წილად მოდის. 4-6 ლიტრი ქსოვილების გარეთ გროვდება, 2-3 ლიტრი კი ქსოვილებში. ორსულობის დასასრულისთვის დაახლოებით 3 ლიტრ სითხეს აგროვებს ბავშვი, პლაცენტა და ამნიონური სითხე. კიდევ 3 ლიტრი მოდის დედის სისხლის მოცულობის, საშვილოსნოსა და სარძევე ჯირკვლების ზრდის წილად.

სისხლის თხიერი ნაწილის მოცულობა ძალიან ადრე, ორსულობის მე-8 კვირიდან იმატებს, ერითროციტებისა კი დაახლოებით მე-18 კვირიდან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სითხის დაგროვებას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. და მართლაც, რაც უფრო თხიერი იქნება სისხლი, მით უფრო სწრაფად მოახერხებს იგი, საკვები ნივთიერებები ნაყოფამდე, საშვილოსნომდე და სარძევე ჯირკვლებამდე მიიტანოს. ორსულის ორგანიზმი გაორმაგებული ენერგიით იმარაგებს წყალს და საგულდაგულოდ ემზადება მისი დეფიციტისთვის - ახლოვდება მშობიარობა, რასაც მოჰყვება სისხლისა და დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა ინტენსიური სუნთქვისა და ოფლდენის გამო. რაც უფრო დიდია ორსულობის ვადა, მით უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს სითხის მომარაგება.

ორსულობის მე-20 კვირიდან ქალის ენდოკრინული სისტემა და თირკმელები იწყებენ ნატრიუმის მარილების მომარაგებას, რასაც წყლის შეკავება მოჰყვება. თუ ამ ყოველივეს გავითვალისწინებთ, ორსულობის მიწურულისთვის შეშუპება სრულიადაც არ არის გასაკვირი. ნატრიუმისა და წყლის შეკავებისადმი ორსულის მიდრეკილების გამო ვითარდება ფიზიოლოგიური შეშუპება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას მაპროვოცირებელი ფაქტორებიც უწყობს ხელს (ეს შეიძლება იყოს მარილის ბოროტად გამოყენება, ფიზიკური გადატვირთვა, ჰაერის მაღალი ტემპერატურა). ასეთი შეშუპება ბუნებრივია და სიცოცხლეს საფრთხეს არ უქადის.

პათოლოგიური შეშუპებისგან განსხვავებით, ფიზიოლოგიური შეშუპება ქრება მაპროვოცირებელი ფაქტორების მოხსნის შემდეგ. დასვენება, განსაკუთრებით - მარცხენა გვერდზე წოლა, ოპტიმალური მდგომარეობაა თირკმელების მუშაობისთვის და ხელს უწყობს საშარდე გზებში შარდის თავისუფალ დინებას.

ფიზიოლოგიური შეშუპება ორსულობის სხვადასხვა პერიოდში ჯანმრთელი ქალების 50%-ს უვითარდება და სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებს.

პლაცენტა

დედის სისხლიდან ყველა აუცილებელ ნივთიერებას, პირველ რიგში - წყალს, ორსულობის დროს პლაცენტა მოიპოვებს. პლაცენტა უბრალო ტუმბო არ არის, რომელიც იმას გადატუმბავს, რასაც აწვდიან; პლაცენტა, როგორც ბავშვის აქტიური ორგანო, ამა თუ იმ ნივთიერების ნაკლებობის შემთხვევაში იწყებს დედის ორგანიზმით მანიპულირებას, რათა მისგან გამოწუროს საკმარისი რაოდენობის საკვები და წყალი. ასე, მაგალითად: თუ სისხლის წნევა (მას წყალი უზრუნველყოფს) პლაცენტასა და, შესაბამისად, ნაყოფში შემცირდა, პლაცენტა "იბრძვის", რათა დედის ორგანიზმიდან მიიღოს ბავშვისთვის აუცილებელი რაოდენობის სითხე.

მარილი და ცილა

იმისთვის, რომ გავიგოთ, საიდან და როგორ ჩნდება სითხის მიწოდების პრობლემები, უნდა გავარკვიოთ, რა იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას. წყალი, რომელიც ნაყოფს მიეწოდება, აუცილებლად სისხლძარღვებში უნდა იყოს (და არა კანქვეშ, ქსოვილებში, სხეულის ღრუებში). რა აკავებს მას სისხლძარღვებში?

სუფრის მარილი და ცილა ალბუმინი. ალბუმინი დედის ღვიძლში წარმოიქმნება იმ ამინომჟავებისგან, რომლებსაც ქალი საკვებიდან იღებს. მაშასადამე, დიდი მნიშვნელობა აქვს, რით იკვებება ორსული და როგორ მუშაობს მისი ღვიძლი. მარილს ორგანიზმში თირკმელები აკავებს.

მარილოვან ცვლას არეგულირებს ზოგიერთი ჰორმონიც. როგორც მოგახსენეთ, ორსულის ორგანიზმში სისხლის მოცულობის მატება მერვე კვირიდან იწყება. სწორედ ამ დროიდან ითხოვს ორსულის ორგანიზმი მჟავე კიტრსა და კომბოსტოს, ქაშაყს, მარილიან პომიდორს.


პრეეკლამფსია

არსებობს ორსულობის მეორე ნახევრის საშიში გართულება - პრეეკლამფსია, რომლის ერთ-ერთი სიმპტომი შეშუპებაა. რა ხდება ამ დროს? თავს იჩენს კონფლიქტი: პლაცენტის მოთხოვნები დედის ორგანიზმის შესაძლებლობებს აღემატება. ქალს აღარ ძალუძს, ნაყოფს საჭირო ნივთიერებები ისე მიაწოდოს, რომ საკუთარ თავს არ ავნოს. აქ შესაძლებელია სამი ვარიანტი:

  • დედის ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ვერ აწვდის ნაყოფს საკვებ ნივთიერებებსა და წყალს არასათანადო რაოდენობის საკვებისა და სითხის მიღების (მათ შორის - არაფიზიოლოგიური დიეტის), ღვიძლისმიერი დარღვევების, საშვილოსნოს სისხლძარღვების დეფექტის, ზოგადი დაავადებების გამო;
  • პლაცენტა ვერ იწოვს საკმარისი რაოდენობის საკვებ ნივთიერებებსა და წყალს (დამნაშავეა თვით პლაცენტის არასწორი სტრუქტურა);
  • შერეული ვარიანტი.

ამ დროს ყოველთვის შეინიშნება ორგანიზმში წყლისა და ალბუმინების ნაკლებობა, ანუ გაუწყლოება და სისხლის შესქელება. ალბუმინების დეფიციტის დროს პლაზმა სისხლძარღვებიდან ქსოვილებში გადადის და იწვევს შეშუპებას. სისხლძარღვები ამ შემთხვევაში გახვრეტილი შლანგივითაა: რამდენი წყალიც არ უნდა ჩაასხა, საჭირო წნევას ვერ მიიღებ, გარშემო კი ყველაფერი სველდება, - ხოლო შარდში დიდი რაოდენობით არის^ცილა. ისიც დაზიანებული სისხლძარღვებიდან გადადის შარდში, რაც, წესით, არ უნდა ხდებოდეს.

შესქელებული სისხლი სათანადო სისწრაფით ვეღარ მოძრაობს, რაც იწვევს ბავშვის სისხლის მიმოქცევის გაუარესებას და ჟანგბადოვან შიმშილს - ჰიპოქსიას. პლაცენტა მანიპულირებს დედის ორგანიზმით, იწვევს სისხლძარღვების სპაზმს, რათა გაზარდოს წნევა. მაგრამ ეს სპაზმი აზიანებს სისხლძარღვებს. დაზიანებულ ადგილებში გროვდება თრომბოციტები ან ფიბრინის ძაფები - სისხლის შედედების პროდუქტები. შესქელებული სისხლი განაპირობებს თრომბების წარმოქმნას მთელ ორგანიზმში. ამ დროს განსაკუთრებით ზიანდება ის ორგანოები, რომლებიც იტვირთება ორსულობის დროს: ღვიძლი და თირკმელები.

პრეეკლამფსიას ახასიათებს შემდეგი კლინიკური ტრიადა:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • პროტეინურია (შარდში ცილის გაჩენა);
  • შეშუპება.

პრეეკლამფსიის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია პროტეინურიის არსებობა. ასეთი გართულებების ალბათობა განსაკუთრებით მაღალი აქვთ მათ, ვინც ცუდად იკვებება და ცოტას სვამს და მათ, ვისაც ჰყავს დიდი ნაყოფი ან ტყუპი. სხვათა შორის, ცნობილია, რომ გამოხატული ფიზიოლოგიური შეშუპებაც ხშირად იმ ქალებს უვითარდებათ, ვისაც დიდი ნაყოფი ჰყავს.

პრეეკლამფსიის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს ჰემოგლობინის რაოდენობის მატება სისხლში მე-18-20 კვირის შემდეგ (ნორმაში ჰემოგლობინი ოდნავ უნდა შემცირდეს). კიდევ უფრო მეტყველია ჰემატოკრიტი - იგი გვიჩვენებს სისხლის შედედებას ანუ წყლის უკმარისობას.

სად და როგორ ვლინდება შეშუპება

ორსულის ორგანიზმში სითხის შეკავების პროცესი იმთავითვე არ იწყება. ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში იგი იშვიათად ვლინდება. შემდეგ ქალი თავადვე ამჩნევს, რომ კანი კარგავს ელასტიკურობას, ფაშრდება. თავდაპირველად შუპდება ფეხები.

დილაობით ფეხების შეშუპება ნაკლებად შესამჩნევია, რადგან ღამით სითხე თანაბრად ნაწილდება მთელ სხეულზე, დღისით კი ქვემოთ ეშვება და უპირატესად ტერფებში გროვდება. შეშუპების დროს კანი დაჭიმულია და გლუვი. წვივზე, წინა მხარეს, სადაც ძვალი მხოლოდ კანით არის დაფარული (ფეხის ამ მიდამოში კუნთები არ არის), თითის დაჭერისას რჩება ორმო, რომელიც მაშინვე არ ამოივსება. ეს შეშუპების აშკარა ნიშანია.

შესაძლო შეშუპების ან მისი მატების შესახებ სხეულის წონის მკვეთრი მატების საფუძველზეც მსჯელობენ - ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას სხეულის მასა თანდათანობით იმატებს. შეშუპება რომ არ გამოგვეპაროს, ორსულის რეგულარული აწონა აუცილებელია.

არსებობს გაცილებით რთული ინსტრუმენტული გამოკვლევებიც, რომლებიც საშუალებას იძლევა, შეშუპების არსებობა მაშინ დადგინდეს, როდესაც მისი ნიშნები ჯერ კიდევ არ ჩანს, მაგრამ მათ ფართოდ არ იყენებენ. ზოგჯერ ქვედა კიდურების შეშუპებას შესაძლოა დაერთოს ხელების, მუცლის და სახის შეშუპება. ყველაზე მეტად შუპდება ქუთუთოები - აქ განლაგებულია ფაშარი ქსოვილი, რომელიც ღრუბელივით აკავებს სითხეს.

გამოხატულ შეშუპებას არა მარტო ექიმი, არამედ თავად ორსულიც კარგად ამჩნევს. მაგრამ არსებობს ფარული შეშუპებაც - ქსოვილების პასტოზურობა (სითხის ფარული შეკავება ორგანიზმში), რომელიც თვალში არ გვხვდება. ის შეიძლება ვიეჭვოთ, თუ მომავალ დედას აქვს ჭარბი წონა ან სწრაფად იმატებს.

ქალებს, რომელთაც არ აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან თირკმელების პათოლოგია, შეშუპება უმეტესად ორსულობის მეორე ნახევარში გამოაჩნდებათ.

რომელია საშიში

ყურადღება უნდა მიექცეს შეშუპების სწრაფ მატებას წვივის ზემოთ, მუცლამდე, და სხეულის ზედა ნაწილებში - ეს შესაძლოა პრეეკლამფსიის ერთ-ერთი ნიშანი იყოს, მაგრამ მძიმე ფორმის პრეეკლამფსიის დროსაც კი შეშუპება ყოველთვის არ არის გამოხატული. შეშუპების გარეშე მიმდინარე პრეეკლამფსია უფრო საშიშია, რადგან შეშუპებული სითხიდან წყალი შეიძლება დაბრუნდეს სისხლძრღვებში, თუ იქ მარილისა და ალბუმინის რაოდენობამ მოიმატა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰიპერტენზიისა და შეშუპების ან ჰიპერტენზიისა და წონის სწრაფი მატების თანაობისას ნაყოფის დაღუპვის სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე იზოლირებული ჰიპერტენზიის დროს.

პრეეკლამფსია შეშუპების გარეშე (მშრალი პრეეკლამფსია) დიდი ხანია ცნობილია არაკეთილსაიმედო პათოლოგიად, რომელსაც უფრო მეტად ახასიათებს დედისა და ნაყოფის სიკვდილიანობა, ვიდრე შეშუპებით მიმდინარე პრეეკლამფსიას.

პრეეკლამფსიის ყველაზე საშიში გართულებებია:

1. ეკლამფსია;

2. ჰიპერტონიული ენცეფალოპათია;

3. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა;

4. თირკმელების მწვავე უკმარისობა;

5. ბადურას ჩამოფცქვნა.


სხვა მიზეზები

შეშუპება შეიძლება იყოს ვენური წარმოშობისაც. ამ შემთხვევაში ის უპირატესად ქვედა კიდურებზე ჩნდება, ძლიერდება ხანგრძლივი სიარულისა და ფეხზე დგომის შემდეგ, თან სდევს კანის თავისებური მარმარილოსებრი შეფერილობა. ორსული, ჩვეულებრივ, უჩივის ტკივილს, ფეხების სიმძიმეს, სიარულის დროს ადვილად დაღლას. ასეთ ორსულებს ხშირად აქვთ მცირე მენჯის ვენების ვარიკოზული გაგანიერებაც.

არსებობს კონსტიტუციური ტიპის შეშუპებაც ჰიპერსთენიული აგებულების ქალებში (დაბალი, სრული, მრგვალი ფორმებით, პატარა მტევნებითა და ტერფებით). ასეთი ქალები უფრო მეტად იმატებენ წონას, ვიდრე გამხდრები. თუ ასეთმა ქალმა ორსულობისას 25 კგ და მეტი მოიმატა, აუცილებლად ექნება ფეხების შეშუპება, მაგრამ არ ექნება არც წნევის მატება, არც ცილა შარდში - ეს იმაზე მიუთითებს, რომ შეშუპება კონსტიტუციური წარმოშობისაა და პრეეკლამფსიასთან საერთო არაფერი აქვს. ამგვარი შეშუპება, მართალია, უსიამოვნოა, მაგრამ არ არის საშიში.

სულ სხვაა შეშუპება, რომელიც თავს იჩენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის, თირკმელების, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს და ორსულობასთან არ არის დაკავშირებული. შეშუპება, განსაკუთრებით - თუ ის ორსულობის მე-20 კვირამდე განვითარდა, შესაძლოა იყოს რომელიმე დაავადების გამოვლინება, რომელიც მანამდე ფარულად მიმდინარეობდა.

ორსულობა ორგანოებზე მზარდი დატვირთვის გამო სწორედ ის ბიძგია, რომელიც ფარულ დაავადებას გამოავლენს. სწორედ ამიტომ ორსულის ადრეული შეშუპების დროს ზედმიწევნით უნდა გამოვიკვლიოთ შინაგანი ორგანოები, თუმცა ქრონიკული დაავადებების მატარებელმა ქალებმა, ჩვეულებრივ, იციან, რომ ესა თუ ის დაავადება აქვთ. ორსულობის დროს მისი გამწვავებისას მკურნალობა სტაციონარულ პირობებში ტარდება.

გამოკვლევები, წონის დინამიკა

ფარულ შეშუპებაზე მეტყველებს მომავალი დედის წონის ჭარბი (კვირაში 300 გ-ზე მეტი), არათანაბარზომიერი მატება.

დიურეზი

ერთმანეთს ადარებენ დღე-ღამეში მიღებული სითხისა და გამოყოფილი შარდის რაოდენობას. ნორმაში ჯანმრთელი ადამიანი მიღებული სითხის 3/4-ს გამოყოფს. დავუშვათ, დღე-ღამეში მიიღეთ 1000-1200 მლ სითხე (მათ შორის - სუპი, ჩაი, ყავა). შარდით უნდა გამოიყოს არანაკლებ 750-1200 მლ-ისა. დანარჩენი ერთი მეოთხედი გამოიყოფა სუნთქვისას და ოფლის სახით.

ფეხის გარშემოწერილობის დინამიკა

კოჭ-წვივის სახსრის გარშემოწერილობის კვირის განმავლობაში 1 სმ-ითა და მეტით გაზრდა ორგანიზმში სითხის შეკავებას მოწმობს.

სინჯი ფიზიოლოგიური ხსნარით

წინამხრის შიგნითა ზედაპირზე წვრილი ნემსით კანქვეშ შეჰყავთ 0,2 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი. წამოიქმნება ბუშტუკი, რომელიც ნორმაში ერთი საათის განმავლობაში გაიწოვება. რაც უფრო მეტია შეშუპებისადმი ორგანიზმის მზაობა, მით უფრო სწრაფად გაიწოვება ბუშტუკი.

კვება პრეეკლამფსიის დროს

უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი (2,0-2,5), ხშირად მიირთვათ ცილოვანი საკვები (მარტო ხორცი არა). არ დაგავიწყდეთ ნახშირწყლები (რადგან მათი ნაკლებობისას ცილები იწვება, რომ ენერგია გამოთავისუფლდეს) და ცხიმები (ისინი საწვავი და საშენი მასალაა ბავშვის ტვინისთვის).

დიეტა უნდა იყოს ბალანსირებული, მარილის შეზღუდვა არ შეიძლება, რადგან იგი სისხლძარღვებში აკავებს სითხეს. ორსულის რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით. მასში საკმარისი რაოდენობით უნდა შედიოდეს მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული, ცილები (ხორცი, თევზი, რძე, კვერცხი). ცილების რაოდენობა განსაკუთრებით უნდა გაიზარდოს მათი ნაკლებობის დროს.

მკურნალობა

დღევანდელი მიდგომით, ორსულობისას შეშუპება ფიზიოლოგიურ მოვლენად მიიჩნევა და მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეშუპებას არ ერთვის შარდში ცილა და არტერიული წნევის მატება.

რაც შეეხება შეშუპების მკურნალობას პრეეკლამფსიის დროს, აქ მიდგომა კომპლექსურია და აუცილებლად მოითხოვს პათოლოგიის რგოლებზე ზემოქმედებას, რაც მიზნად ისახავს სისხლის გათხიერებას, ნაყოფის კვების გაუმჯობესებას, დედის კრიტიკულად მაღალი წნევის შემცირებას. არ შეიძლება შარდმდენების გამოყენება, რადგან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პრეეკლამფსიის დროს ისედაც შეინიშნება სითხისა და ცილების დეფიციტი.

აღმოჩნდა, რომ კალციუმის ცვლის დარღვევას პრეეკლმფსიის განვითარებაში დიდი როლი ეკისრება. ამ დროს შეინიშნება კალციუმის უკმარისობა, ამიტომ მიზანშეწონილად მიაჩნიათ ორსულისთვის კალციუმის დანამატების მიცემაც. კარგია ორსულის რაციონში თევზის ქონისა და ფურისულას ზეთის შეტანა - მათ ასპირინისმაგვარი მოქმედება აქვთ და სისხლს ათხიერებენ. თუ სიტუაციის გამოსწორება ვერც დიეტით მოხერხდა და ვერც მედიკამენტებით, ბავშვი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს და არც არტერიული წნევის ციფრები იწევს დაბლა, ერთადერთი გამოსავალი მშობიარობაა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მედიკამენტებისა და საკვები დანამატების თვითნებურად, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მიღება არ შეიძლება. ყურადღება მიაქციეთ:

  • სახის, ხელების, განსაკუთრებით კი მთელი სხეულის შეშუპებას;
  • თავის ტკივილს, განსაკუთრებით - კეფის მიდამოში;
  • თავბრუხვევას სხეულის ან თავის მდებარეობის შეცვლისას;
  • არტერიული წნევის მატებას;
  • მხედველობის გაუარესებას.

ამ სიმპტომების შემჩნევისთანავე მიმართეთ თქვენს ექიმს, რათა მდგომარეობა დროულად შეფასდეს და დროულადვე მოხდეს ადეკვატური რეაგირება.