COVID-19 და ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

COVID-19 და ორსულობა

COVID-19 და ორსულობა
მეან-გინეკოლოგის რჩევები პანდემია მძვინვარებს და სულ უფრო ხშირად გვესმის ორსულთა COVID 19-ით დაავადების შესახებ. არის შემთხვევები, როცა ორსულის ოჯახის წევრებს აღენიშნებათ COVID 19, ორსულს კი - არა, ზოგჯერ კი, პირიქით, ორსული უფრო ადვილად მიმღებლობს დაავადებას.

რაზეა დამოკიდებული ეს, როგორ უნდა მოიქცეს კორონავირუსით დაავადებული ორსული, რა შემთხვევაში ხდება ახალშობილის დასნებოვნება? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს) ექიმი მეან-გინეკოლოგი, დავით ტვილდიანის უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტის“ ასოცირებული პროფესორი - ნინო ძნელაშვილი:

- ქალბატონო ნინო, არიან თუ
არა ორსულები, საზოგადოდ, ინფიცირების რისკჯგუფში?

- ორსულთა ინფიცირების რისკი, საზოგადოდ, საკმაოდ დაბალია. თუმცა თავად ეს მდგომარეობა, ორსულობა, ზრდის რისკს COVID-დაავადების მძიმედ წარმართვისთვის. დაავადების კონტროლისა და მართვის ცენტრის მონაცემების მიხედვით, ორსულებს, რომელთაც კოვიდინფექცია აღენიშნებათ, არაორსული კონტინგენტისგან განსხვავებით, უფრო ხშირად უვითარდებათ რესპირატორული გართულებები, რაც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას
სტაციონარულ პირობებში.

- COVID 19-ით ავადობისას რომელი გართულებების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ორსული და რა უნდა გაითვალისწინოს ამ გართულებათა ასარიდებლად?

- ზოგიერთმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ორსულ ქალებს აღენიშნებათ ნაადრევი მშობიარობა და მათი ახალშობილი ხშირად გადადის ნეონატოლოგიურ განყოფილებაში. თუმცა, ქალების მუდმივი მონიტორინგით გართულებებიც ბევრად ნაკლებია. სასურველია, ორსულმა ბინაზე ხშირად აკონტროლოს ტემპერატურა, არტერიული წნევა, ჟანგბადის შემცველობა სისხლში (სატურაცია - შესაბამისი მოწყობილობის საშუალებით). მიზანშეწონილია, მიიღოს სითხეები, დაახლოებით 6-8 ჭიქა, ისეირნოს სუფთა ჰაერზე, აკეთოს მსუბუქი ვარჯიშები.

სტატისტიკურად ჯერჯერობით არ შეიძლება ითქვას, რამდენად ხშირად იწვევს COVID 19 გართულებებს მუცლადყოფნის ან დაბადების შემდგომ პერიოდში.

როგორც მოგახსენეთ, ორსულებთან უფრო ხშირია რესპირატორული გართულებები.

მინდა მოვუწოდო ყველა ორსულს: თუ დაგიდასტურდათ კოვიდინფექცია ან გაქვთ მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მიმართეთ ექიმს და არ შეშინდეთ, გიმკურნალებენ მხოლოდ ორსულობისას დასაშვები პრეპარატებით. ხველის, ტკივილის ან ტემპერატურის შემთხვევაში შემოვიფარგლებით მხოლოდ სიმპტომური თერაპიით. უმჯობესია, ინფიცირებული ორსული წინასწარ იყოს ინფორმირებული, როგორ მოიქცეს ნაადრევი მშობიარობისა და საკეისრო კვეთის შემთხვევაში. ყველა საკითხი დეტალურად უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან. ინფორმირებული ორსული უფრო მშვიდი, მობილიზებული და თავდაჯერებულია, რაც მეტად დადებითად აისახება ორსულობის გამოსავალზე.

- ახალშობილთა დაავადების შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია. როგორ ხდება ახალშობილთა დასნებოვნება, რა არის ამ ეტაპზე გარკვეული და ცნობილი, როგორ გადაეცემა ვირუსი, პლაცენტური ბარიერის გავლის გზით თუ დაბადების შემდგომ - დედიდან ჰაერწვეთოვანი გზით?

- დღემდე ჩატარებული დაკვირვებებისა და ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფექციის ვერტიკალური გადაცემა დედიდან შვილზე, ანუ პლაცენტური ბარიერის გავლით, არ ხდება.

ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთში 18 ქალი გამოიკვლიეს 28 კვირის ორსულობის შემდგომ ვადაზე. კვლევისთვის იღებდნენ ჭიპლარის სისხლს მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე ამნიონურ სითხეს, უკვე ახალშობილს კი დაბადებისთანავე ცხვირ-ხახის ნაცხს უღებდნენ. ყველა ამ ბიოლოგიურ მასალას Pჩღ მეთოდით იკვლევდნენ კოვიდინფექციაზე. მიღებული მონაცემები დამუშავდა და დადგინდა, რომ დაბადებისთანავე ახალშობილის ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, არ აღმოჩენილა. რეგისტრირებულია ინფიცირების მხოლოდ 2 შემთხვევა დაბადებიდან 36-ე და 37-ე დღეს. ორივე ინფიცირებულ დედასთან კონტაქტის შედეგია.

ჯერჯერობით ბოლომდე არაა ცნობილი ვირუსის უარყოფითი ზეგავლენა ანტენატალურ პერიოდში. ერთი რამ კი უნდა ითქვას დანამდვილებით, რომ დღემდე ჩატარებული კვლევებით დადგინდა - ვირუსი არ გადის პლაცენტურ ბარიერს, რაც ნიშნავს იმას, რომ დედიდან შვილზე ვირუსის გადაცემის ვერტიკალური გზა არ დასტურდება. ეს კი მეტად სასიხარულო ფაქტია ყველასათვის!

- როგორ უნდა მოიქცეს კოვიდინფიცირებული დედა ახალშობილთან კონტაქტისას?

- როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ირკვევა, დაავადებული დედის მიერ ახალშობილის ინფიცირების ერთადერთი გზა ჰაერწვეთოვანია! ამ პროცესის მართვა კი ყურადღებიან დედას ადვილად შეუძლია. საყოველთაოდ აღიარებული წესების დაცვისას ინფიცირების რისკი ძალიან დაბალია. ამას მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მსოფლიო მონაცემებით, მხოლოდ 2-5%-ია ახალშობილებისა, რომლებსაც დაბადების შემდეგ დაუდგინდათ კოვიდინფექცია.

ინფექციისაგან ახალშობილის დასაცავად დედამ უნდა ატაროს ნიღაბი, ხშირად დაიბანოს ხელები, განსაკუთრებით კი ახალშობილის მოვლისა და კვების წინ. ასევე, სასურველია დაიცვას ბავშვთან დისტანცია, თუ ეს შესაძლებელია.

იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში დაავადება მიმდინარეობს შედარებით მძიმე ფორმით, აუცილებელია ახალშობილისა და მელოგინის განცალკევება.

- ფაქტია, რომ ორსულებიც შეშინებულები და ჩაკეტილები არიან, არ სეირნობენ, ზოგს განსაკუთრებულად უჭირს ნიღბის ტარება. რას ურჩევთ მათ, როგორ მოიქცნენ, რა არის ყველაზე ოპტიმალური და სასარგებლო მათთვის ამ პანდემიის დროს?

- ორსულობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმში ხდება ორგანოთა სისტემების გარკვეულწილად ფუნქციური, მაგრამ ფიზიოლოგიური ადაპტირება. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ხასიათის ცვლილებაც შეინიშნებოდეს. ხშირია ადვილად დაღლა, უმადობა, ოპტიმიზმის დაქვეითება, ჭირვეულობა, ზოგჯერ არც ფიზიკური აქტივობა ხიბლავთ, არც ნიღბის ტარება უნდათ და ა.შ. ყველაფერ ამას კი შესაძლოა დაერთოს კოვიდინფექცია და ორსული მეტად დიდი სირთულის წინაშე დგება. იმისთვის, რომ ქალები ამ მდგომარეობას ადვილად გაუმკლავდნენ, ვართ ჩვენ - ექიმები. პირველ რიგში, დახმარებისთვის ჩვენ უნდა მოგვმართონ. რა თქმა უნდა, არ დაივიწყონ მეგობრები და ოჯახის წევრები, რომელთაც ასევე შეუძლიათ დიდი ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენა.

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ორსული, უპირველესად, თავადაა პასუხისმგებელი საკუთარ და ნაყოფის ჯანმრთელობაზე, ამიტომ, ნუ დაიზარებთ, იარეთ სუფთა ჰაერზე. ეცადეთ, დღის განმავლობაში ისეირნოთ, ამით, ჟანგბადით გაჯერების გარდა, D ვიტამინითაც გაიმდიდრებთ ორგანიზმს.

რადგან ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია ორსულთა ვაქცინაციასა და მის უსაფრთხოებაზე, ამიტომ, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მონაცემების მიღებამდე, ერიდეთ კონტაქტებს დაავადებულებთან ან ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პირებთან. ნიღაბი უნდა იყოს თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი.

...და თუ მაინც გექნებათ შიში, დამატებითი კითხვები კოვიდინფექციასთან დაკავშირებით, დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს!

დასასრულ კი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ორსულს: პანდემიის პირობებშიც კი, აუცილებლად უნდა ეცადოთ, ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე. ეს სასარგებლოა როგორც გულ-სისხლძარღვთა, ასევე სასუნთქი სისტემის ორგანოების ნორმალური ფუნქციობისთვის! არ დაგავიწყდეთ - თქვენი ცხოვრების სასიამოვნო მომენტებიც, ხშირად გაუზიარეთ ფოტო- და ვიდეომასალის საშუალებით მეგობრებს. ეს მხოლოდ დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე, ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობასა და მის გამოსავალზე!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
პარაზიტული ჭიების არსებობის შედეგად განვითარებული სიმპტომატიკა ნაცნობია ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობა ფიზიოლოგიური პროცესია, ქალის ორგანიზმში მიმდინარე ნეიროენდოკრინული სისტემის
ნაყოფის წყალმანკი სერიოზული მდგომარეობაა, რომლის დროსაც ნაყოფის ორგანიზმის ორ ან მეტ ღრუში გროვდება სითხე, არცთუ იშვიათად ვითარდება მთელი სხეულის შეშუპება ანუ ანასარკა.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად