ორსულებისა და მშობიარეთა ფსიქოლოგიური ძვრები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

ორსულებისა და მშობიარეთა ფსიქოლოგიური ძვრები

ორსულებისა და მშობიარეთა ფსიქოლოგიური ძვრები
აღსრულდა, თქვენ ორსულად ხართ! ერთმანეთში აირია ყველა გრძნობა და ემოცია, რომლებმაც მთელი თქვენი არსება მოიცვა. უზარმაზარი, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელი სიხარული, ეჭვები, შფოთვა, სინაზე და სიყვარული იმ პატარა საუნჯის მიმართ, რომელიც თქვენზეა მონდობილი... ან იქნებ ვერაფერი იგრძენით და საკუთარმა გულგრილობამ შეგაშინათ?.. ორსულობა – ეს არის საოცრად ამაღლებული და ამავე დროს უცნაური განცდა. განწყობა, გრძნობა და ემოცია გამუდმებით იცვლება. ეს უმეტესად ჰორმონული ფონის ცვლილებებს (1-ლი ტრიმესტრი), მოცირკულირე სისხლის მოცულობის ზრდას, სისხლში შაქრის მერყეობას (მე-2 ტრიმესტრი), კვლავ ჰორმონების დონის ცვლილებას და მშობიარობისთვის მზადების
დასაწყისს (მე-3 ტრიმესტრი) უკავშირდება. ეს ორსულობის ფიზიოლოგიური მხარეა, ფიზიოლოგია კი ყოველთვის ფსიქოლოგიას უკავშირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობა და თვითშეგრძნება გავლენას ახდენს ემოციურ აღქმასა და სიტუაციის შეფასებაზე და პირიქით. ღიმილსა და ოპტიმიზმს შეუძლია განკურნება, ზედმეტი მღელვარება კი იწვევს თავის ტკივილს, კუჭის სპაზმს, არტერიული წნევის მომატებას,
საშვილოსნოს ტონუსის გაძლიერებას...

როგორ ვმართოთ სიტუაცია და როგორ გავმიჯნოთ უსაფუძვლო ფორიაქი საფუძვლიანი სიფრთხილისაგან? თავდაპირველად თქვენი მღელვარების მიზეზი დაადგინეთ. მაგალითად:


მე მეშინია, რომ...

  • ამ ბავშვის დაბადება არავის გაახარებს;
  • არ მეყოფა ფული მის გამოსაკვებად;
  • ბავშვი არასწორად განვითარდება;
  • არ ვიქნები კარგი დედა;
  • ბავშვის დაბადება ხელს შეუშლის ჩემს კარიერას.

შემდეგ თითოეული სიტუაცია ლოგიკურ დასასრულამდე გაითამაშეთ. აღმოჩნდება, რომ ბავშვის დაბადებას შეუძლია გაგამდიდროთ და ენერგიით აგავსოთ, რადგან როცა დედა გახდებით, საკუთარ თავში აღმოაჩენთ სულიერი და ფიზიკური ძალების, ასევე სიბრძნის უზარმაზარ პოტენციალს.


წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება

არსებობს ქალის იდეალი. ეს ის ქალია, რომელიც სიხარულით ცას სწვდება, როდესაც გაიგებს, რომ დედა უნდა გახდეს, ბავშვის დაბადებას ლაღად და მხიარულად ეგებება... მაგრამ ორსულობას უსიამოვნო განცდებიც ახლავს და ეს განცდები სავსებით ბუნებრივია, მით უმეტეს, პირველი ორსულობისას. პირველი ორსულობა უზრუნველი ყმაწვილქალობის დასასრულს მოასწავებს. ქალმა იცის, რომ მშობიარობის შემდეგ მისი თავისუფლება ჩარჩოში მოექცევა, ბიუჯეტი შეიკვეცება... ქმრის ყურადღება აქამდე თუ მხოლოდ მისკენ იყო მიმართული, ახლა მას მოზიარე გაუჩნდება... ორსულთა დიდი ნაწილი კარგა ხანს გულგრილია მომავალი შვილის მიმართ, მაგრამ, აი, ნაყოფი იძვრება და ქალი ხვდება, რომ მის მუცელში ნამდვილად ცოცხალი არსებაა. ორსულობის ბოლოს ქალს უკვე შეუძლია, რეალურად წარმოიდგინოს შვილი და ყოველივე ის, რაც მასზე ზრუნვას უკავშირდება. ზოგიერთი ქალი, როდესაც შეიტყობს, რომ ორსულად არის, ღიზიანდება და შვებას მაშინღა გრძნობს, როცა მასში იღვიძებს სინაზე მომავალი შვილის მიმართ. ახალბედა დედას კიდევ ერთი გამოცდა ელის: როცა ბავშვი, ბოლოს და ბოლოს, დაიბადება, ქალს ჰგონია, რომ მასში მაშინვე მოზღვავდება დედობრივი სინაზე და შვილში უმალვე საკუთარ სისხლსა და ხორცს შეიცნობს. მაგრამ ეს ზოგჯერ არც პირველ დღეს ხდება და არც პირველ კვირას, ეს ხანგრძლივი პროცესია და მანამდე არ დასრულდება, ვიდრე დედა შვილთან ერთად მარტო არ გაატარებს რამდენიმე ხანს.


დაწყებითი სკოლა

ორსულობის ცხრა თვე დედობის სკოლაა. ქალი თავისი დედის შვილიდან საკუთარი შვილის დედად იქცევა. ეს თვეები მას მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას ასწავლის, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ბავშვის ფიზიკური, ფსიქიკური, ემოციური და სულიერი ჯანმრთელობა. მუცლადმყოფი ბავშვი სამყაროზე თქვენი საშუალებით რეაგირებს. ის თქვენგან სწავლობს სამყაროსთან ურთიერთობას. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ორსულს თავადვე უჭირს საკუთარ თავში გარკვევა? მან ხომ ბავშვზეც უნდა იფიქროს, სამსახურზეც, დრო უნდა დაუთმოს ქმარს, ზოგჯერ, უფროს შვილებსაც, და თან საკუთარ თავზეც იზრუნოს. განვსაზღვროთ პრიორიტეტები. რა არის ამ წუთს ყველაზე მნიშვნელოვანი? წარმარტება, სამსახური თუ უბრალოდ, მუშაობის აუცილებლობა, რაც უდიდეს ძალისხმევასა და უამრავ დროს გართმევთ? შესაძლოა, ამან მატერიალური კეთილდღეობაც კი მოგიტანოთ, მაგრამ როგორ აისახება ეს ბავშვზე? დიახ, ახლა უმთავრესი „პროექტი“ ბავშვია! ამიტომ აუცილებლად სთხოვეთ დახმარება მათ, ვისი იმედიც გაქვთ, დანარჩენებს კი აუხსენით, რომ ახლა თქვენ უფრო მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ, რომელიც ზედმიწევნით ყურადღებას მოითხოვს. კიდევ ერთი ვარიანტი: შორიდან შეხედეთ, გაემიჯნეთ საკუთარ ემოციებს, თითქოს ორად იყოფით, ერთი ნახევარი ცხოვრობს, განიცდის, ხოლო მეორე, ბრძენი და მშვიდი, აკვირდება, ეხმარება, რჩევებს აძლევს და თანადგომას უცხადებს.


პრიორიტეტების შესახებ

სტრესები ჩვენი ცხოვრების ნაწილია. საქმე ის არის, ჩვენ როგორ ვრეაგირებთ მათზე. სტრესი – ეს არის განსაზღვრული სიტუაცია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს. ამიტომ გადაწყვიტეთ მშვიდად, ემოციების გარეშე. თქვენი რეაქცია მომხდარზე – აი, რაზეა დამოკიდებული სტრესის ზემოქმედება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ურთიერთობა ქმარსა და უფროს შვილებთან – ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. მათ ხომ უწინდებურად უამრავი დრო და ყურადღება სჭირდებათ. აუცილებლად გაანდეთ მათ თქვენი განცდები, სთხოვეთ დახმარება, აუხსენით, რომ ორსულობა, მომავალ ბავშვზე ზრუნვა მძიმე შრომაა. გაუზიარეთ თქვენი სიხარული და მოლოდინიც – ისინი ხომ ახლობელი ადამიანები არიან! თქვენი განცდები ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ ფიზიკური მდგომარეობა ფსიქოლოგიურზე უშუალოდ არის დამოკიდებული.


დაიმახსოვრეთ ეს მომენტი!

ორსულობის 9 თვე, რომელიც თავდაპირველად მეტისმეტად ხანგრძლივი გეჩვენებოდათ, სწრაფად გადის. ისინი სავსეა მოვლენებით, შთაბეჭდილებებითა და ემოციებით. დაიმახსოვრეთ ეს მშვენიერი მდგომარეობა და ეცადეთ, დატკბეთ ყოველი დღით. დრო მოვა, ბავშვი დაიბადება და ეს იქნება თქვენი ცხოვრების კიდევ ერთი შესანიშნავი ფურცელი. ახლა კი უბრალოდ გიხაროდეთ – თქვენ ორსულად ხართ! კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს შეგახსენებთ: თქვენ ყველაფერი გაქვთ საიმისოდ, რომ ნებისმიერ სიტუაციას გაუმკლავდეთ. სწორედ თქვენ გაქვთ პასუხი ყველა კითხვაზე.


ორსულობის შემდგომი დეპრესია

ბავშვის დაბადება ნებისმიერი ოჯახისთვის დაუვიწყარი მოვლენა და ახალი ეტაპის დასაწყისია. მისთვის მზადება ადრიანად უნდა დაიწყოთ. სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ბავშვის დაბადებიდან პირველი წელი ოჯახისთვის კრიზისული პერიოდია. ამ დროს სრულიად იცვლება ცხოვრების რეჟიმი, ჩვევები, ფასეულობები. ეცადეთ, ყოველივე ამას მაქსიმალური სიმშვიდით შეხვდეთ და ცხოვრების წესში სათანადო ცვლილებები შეიტანოთ. მრავალი ახალბედა დედა მშობიარობის შემდგომ დეპრესიას უჩივის. როგორია ამ უჩვეულო მდგომარეობის სიმპტომები და როგორ გავუმკლავდეთ მათ? ზოგიერთი ქალი აპათიაში ვარდება, ზოგიერთი, პირიქით, აგრესიული ხდება, მუდამ გაღიზიანებულია, ზოგი საკუთარ თავში იკეტება და არავისთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს... მშობიარობა გავლენას ახდენს ორგანიზმის ყველა სისტემაზე. აუცილებელია, გავიდეს რამდენიმე ხანი, რომ ქალის ორგანიზმმა ჩვეული ფორმა დაიბრუნოს. როგორც წესი, მშობიარობის შემდეგ იცვლება ძილისა და სიფხიზლის რეჟიმი, რის გამოც ქალი უფრო მგრძნობიარე, ემოციური, ადვილად აღგზნებადი ხდება.

ორსულობასა და მშობიარობას თან სდევს ჰორმონული დისბალანსი, რაც ძლიერ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემასა და ფსიქიკაზე. ბავშვის დაბადების პირველ ხანებში დედა ხშირად კარგავს მოთმინებას. ეს ტიპური მდგომარეობაა, მით უმეტეს – პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ. ქალს ხშირად ეუფლება სასოწარკვეთილება, ზოგჯერ შიში იპყრობს, ეჩვენება, რომ ბავშვს რაღაც სჭირს ან ქმარს ძველებურად აღარ უყვარს და ამას ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ ფიზიკურ ცვლილებებს უკავშირებს. ორსულობის შემდგომი დეპრესია ხშირად ახალი როლის გათავისებას უკავშირდება. ზოგიერთი ქალი ორიენტირებულია კარიერაზე და დედობისთვის მზად არ არის. არც ის აქვს გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება მის ცხოვრებაში. ამ ყველაფრისთვის კი აუცილებელია მომზადება, ყველაფრის კარგად გაანალიზება, განსაზღვრული ღირებულებების გადაფასება... ერთი სიტყვით, დედის როლის მორგება ყველა ქალისთვის ერთნაირად იოლი არ არის, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მთავარია მონდომება და იმის გაცნობიერება, რომ უდიდესი ბედნიერება გხვდათ წილად.


როგორ დავეხმაროთ დეპრესიაში ჩავარდნილს

ასეთ დროს ახალბედა დედისთვის საუკეთესო წამალი ოჯახისა და ახლობლების თანადგომაა, განსაკუთრებით – მეუღლის. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ზოგს სუსტი ნერვული სისტემა და ფსიქიკა აქვს, ეს კი ხელსაყრელ ფონს ქმნის დეპრესიის განვითარებისთვის. როცა ადამიანი ემოციებს გამოხატავს, ახლობლებს საკუთარ პრობლემებს უზიარებს, ის რამდენადმე განიტვირთება და მისი ემოციური მდგომარეობაც უმჯობესდება. დეპრესიიდან გამოსასვლელად დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის განწყობას. ის უნდა ეცადოს, აკონტროლოს საკუთარი ქცევა. თუ ამჩნევთ, რომ დეპრესია მოგეძალათ, შეეცადეთ, ყურადღება ბავშვზე, მის მოვლაზე გადაიტანოთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ბევრს ტირის. გაარკვიეთ მისი ტირილისა და მოუსვენრობის მიზეზი. სცადეთ ვარჯიში, რათა ძველი ფიზიკური ფორმა დაიბრუნოთ და მეუღლისათვის ისევ სასურველი გახდეთ. შეიძინეთ ახალი ტანსაცმელი, სილამაზის სალონს ეწვიეთ, დროდადრო სტუმრადაც წადით. თუ ბავშვის დამტოვებელი არ გყავთ, თან წაიყვანეთ. საყვარელი ადამიანები სტუმრად მოიწვიეთ. ეს დაგამშვიდებთ, განწყობას გამოგიკეთებთ. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ეს სასარგებლოა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ბავშვისთვისაც. გამოელაპარაკეთ იქვე მოსეირნე ახალგაზრდა დედებს. ჰკითხეთ რჩევები, გაუზიარეთ თქვენი აზრი ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასე განიტვირთებით და თანდათან ძალ-ღონესთან ერთად სიცოცხლის ხალისიც დაგიბრუნდებათ, შინაც უფრო მხიარული დაბრუნდებით და ახლობლებთან ურთიერთობაც უფრო მეტად გაგიადვილდებათ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
D ვიტამინი - სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტია, რომელიც შეიძლება გადაეცეს
კალიფორნიის უნივერსიტეტში მღრღნელების მაგალითზე აჩვენეს, რამდენად მნიშვნელოვანია დედის
ისრაელის, ვეიცმანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობისას, ვირუსულმა ინფექციამ
ფრანგმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხმაური უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. ამას გარდა,
ორსულობის 9 თვის განმავლობაში ქალის ორგანიზმი იცვლება და პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარ, არამედ ნაყოფის ჯანმრთელობაზეც.
როგორც მედიკოსთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, ორსულობის პერიოდში თავს იჩენს ყველა ის პრობლემა,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად