ორსულობა

ორსულის კვება მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულით მომავალ შვილს ბრონქული ასთმით ავადობის რისკს უმცირებს

ორსულის კვება მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულით მომავალ შვილს ბრონქული ასთმით ავადობის რისკს უმცირებს
ბრონქული ასთმა სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ფართოდ გავცელებული დაავადებაა. სიცოცხლისათვის საშიში ამ პათოლოგიის პირველი სიმპტომები ბავშვებს ადრეულ ასაკშივე უვლინდებათ.

იაპონელმა მეცნიერებმა მიაგნეს აღნიშული პროცესის ეფექტურ საპროფილაქტიკო საშუალებას. ამისათვის თურმე ორსულმა რეგულარულად უნდა მიირთვას მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული. სპეციალისტებმა შეისწავლეს 2 წლამდე ასაკის 310 ბავშვის კლინიკური მდგომარეობა, მათთან ასთმის განვითარებისა და დაავადებისადმი წინასწარგანწყობის ფაქტორები. ამ ბავშვების დედები ორსულობის დროს სპეციალურ დღიურს ავსებდნენ, სადაც დაწვრილებით მიუთითებდნენ საკვებ რაციონს, დღის განმავლობაში მიღებულ საკვებსა და დოზირებას. 

გაირკვა, რომ იმ ბავშვებს, რომელთა დედები ორსულობის დროს რეგულარულად მიირთმევდნენ ბროკოლს,
ისპანახს, სალათის ფურცლებსა და კომბოსტოს, 52 %-ით იშვიათად აღენიშნებოდათ ასთმური დაავადება.
ისიც საყურადღებოა, რომ ბავშვებთან ბრონქული ასთმის გამოვლენასა და მწვანე ფოთლოვანი საკვებით კვებას შორის კავშირი მეცნიერებმა მხოლოდ ორსულობის პირველ ტრიმესტრში დააფიქსირეს. ეს იმით აიხსნება, რომ სასუნთქი სისტემის ჩამოყალიბება ჩანასახის განვითარების ადრეულ ეტაპზევე ხდება. შესაბამისად, ორსულმა
თავიდანვე უნდა მიაქციოს ყურადღება კვებას მომავალი შვილის ჯანმრთელობისათვის!

თინათინ გოცაძე