ინტიმური ჰიგიენა: ვისაუბროთ გულახდილად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინტიმური ჰიგიენა: ვისაუბროთ გულახდილად

ქალებს შეუძლიათ საათობით ისაუბრონ მეგობრებთან თმისა და სხეულის მოვლაზე, ერთმანეთს გაანდონ გახდომის საიდუმლო, მამაკაცებმა კი საათობით ამტკიცონ წინა დღეს გამართულ საფეხბურთო მატჩზე პენალტებისა თუ ჯარიმების დანიშვნის აუცილებლობა, მაგრამ ინტიმური ზონების ჰიგიენაზე რატომღაც ყველა დუმს. ჩვენ ამ თემაზე სასაუბროდ ექიმ გინეკოლოგს ირმა თედორაძეს მივმართეთ.

- ქალბატონო ირმა, რა საჭიროა ინტიმური ჰიგიენა?

- ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოთა დაავადებების უმეტესობა სწორედ ინტიმური ჰიგიენის დაუცველობის შედეგია. ინტიმური ჰიგიენის წესები უნდა იცოდეს ქალმაც და მამაკაცმაც, მით უმეტეს, ჩვენს დროში მათი დაცვა არც ისე ძნელია.

ქალის გარეთა სასქესო ორგანოს, საშოს, შესავალი ახლოს არის ანალურ ხვრელთან, ამიტომ ქალის პირადი ჰიგიენის თავისებურებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ეს თავიდან აგვაცილებს ქალის შიგნითა სასქესო ორგანოებში ინფექციის შეღწევას. ინფექციის მიმართ საშვილოსნო განსაკუთრებით მგრძნობიარეა მენსტრუაციის პერიოდში, რადგან ამ დროს მის ყელს დამცავი საცობი არ ფარავს.

ქალის სასქესო ორგანოებში უამრავი მიკროორგანიზმი ბინადრობს, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში ერთმანეთთან მშვიდობიანად თანაარსებობენ. მათ შორის უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ ლაქტობაქტერიებს. სწორედ ისინი გამოიმუშავებენ რძემჟავას, უზრუნველყოფენ საშოს დამცავი ბარიერის შექმნას, ხელს უშლიან საშოში პათოლოგიური მიკროფლორისა და ვაგინალური ინფექციების განვითარებას. ასე რომ, ბუნებამ საშოს შიგთავსი სპეციალურად "შეამჟავა", რათა მავნე მიკრობები განადგურდნენ, ხოლო სპერმატოზოიდებმა კვერცხუჯრედისკენ გაიკვლიონ გზა. განსაზღვრულ პირობებში, განსაზღვრული ფაქტორების ზემოქმედებით, მიკროორგანიზმთა თანაფარდობა ირღვევა, საშოს გარემო ტუტიანდება, ლაქტობაქტერიების რაოდენობა მცირდება და მათ ადგილს მავნე მიკრობები იკავებენ. ვითარდება ბაქტერიული ვაგინოზი.

სასქესო ორგანოების თავდაცვითი უნარი ქალის ასაკზეა დამოკიდებული. 17-18 წლამდე ასაკის გოგონას საშოს მიკროფლორას ყოველგვარი არასასურველი ზემოქმედება ადვილად არღვევს. მისი მდგრადობა მცირდება კლიმაქტერიულ პერიოდშიც. ცხოვრების ამ ეტაპებზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ინტიმური ჰიგიენის დაცვას.

- რამ შეიძლება გამოიყვანოს მწყობრიდან ქალის სასქესო ორგანოების ბუნებრივი დამცავი მექანიზმი?

- ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ბუნებრივი მჟავატუტოვანი ბალანსი შესაძლოა დაარღვიოს შემდეგმა ფაქტორებმა:

  • ქლორიან აუზში, ზღვაში ან მდინარეში ბანაობამ;
  • ფიტნესით მეტისმეტმა გატაცებამ;
  • სინთეტიკური ქვედა საცვლებისა და მოჭერილი ტანსაცმლის ტარებამ;
  • ტამპონების მუდმივმა გამოყენებამ;
  • მენოპაუზამ.

- როგორ უნდა ჩაიტაროს ქალმა ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურები?

- ქალის პირადი ჰიგიენის პროცედურები უნდა ტარდებოდეს ამგვარად:

  • გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა უნდა მოხდეს, სულ მცირე, დღეში ორჯერ, თბილი წყლით, უსაპნოდ.
  • წყლის ჭავლი და ხელების მოძრაობა მიმართული უნდა იყოს წინიდან უკან და არა პირიქით, რათა უკანა ტანიდან ინფექცია სასქესო ორგანოებში არ შეიჭრას. ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ ტუალეტის ქაღალდის მოძრაობაც ასევე უნდა იყოს მიმართული.
  • მენსტრუაციის პერიოდში გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა აუცილებელია ტუალეტში ყოველი შესვლისას.
  • დაბანის შემდეგ სასქესო ორგანოები გაიმშრალეთ სუფთა, რბილი და აუცილებლად საკუთარი პირსახოცით.
  • მენსტრუაციის დროს ნუ მიიღებთ აბაზანას (უმჯობესია დაიბანოთ შხაპის ქვეშ) და ნუ იქონიებთ სქესობრივ კონტაქტს (ამ პერიოდში საშვილოსნოს ღრუში გაცილებით ადვილად ხვდება ინფექცია).
  • ანალური ხვრელის ირგვლივ მიდამო დაიბანეთ ჩვეულებრივი საპნით, რადგან ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი ჟელე ვერ უზრუნველყოფს ამ ზონის დეზინფექციას.

ინტიმური ადგილების ჰიგიენისთვის ჩვეულებრივი კოსმეტიკური საპნის გამოყენება არ შეიძლება! დღესდღეობით არსებობს ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი სპეციალური ხელსახოცები, ყოველდღიური საფენები, ჟელეები და საპნები. მათი გამოყენებისას გაითვალისწინეთ:

  • ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საპნით ან ჟელეთი უნდა დაიბანოთ მხოლოდ კანი და არა ლორწოვანი გარსები.
  • ხელსახოცი უნდა გამოიყენოთ, როცა არ გაქვთ შხაპის მიღების საშუალება - ეს ხელსახოცები გაჟღენთილია ლოსიონით და შეიცავს ანტისეპტიკურ საშუალებას. მათი გამოყენების შემდეგ ჩაბანა საჭირო არ არის.
  • საშოს მჟავატუტოვანი ბალანსის დარღვევის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ამ არეში საპნის ტუტე ქაფის მოხვედრაა. აბაზანის ჟელე ინტიმური ადგილების მჟავატუტოვან ბალანსს ტუტოვანისკენ გადახრის. როცა ასეთი "დარტყმები" მუდმივია, საშოს ნორმალური მიკროფლორა ირღვევა, პათოლოგიური ბაქტერიები მრავლდება და იქმნება სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების განვითარების საფრთხე.
  • ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილ კოსმეტიკურ საპონსა და ჟელეს, ჩვეულებრივ, დამატებული აქვს ანთების საწინააღმდეგო და სადეზინფექციო ნივთიერებები (ჩვეულებრივ, მცენარეული პრეპარატები), რომლებიც არ აღიზიანებს გარეთა სასქესო ორგანოების კანსა და ლორწოვან გარსებს და ხელს უშლის ანთებითი მოვლენების განვითარებას, რომლებიც შესაძლოა უბრალო საპნის გამოყენებისას განვითარდეს.
  • გახსოვდეთ: ყოველდღიური საფენები უნდა გამოიცვალოთ დღეში არანაკლებ 4-5 ჯერ.

ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანია უშვებს ქალის ინტიმური ჰიგიენის საშუალებების სამ ხაზს სხვადასხვა ასაკისთვის - თხევად საპონსა და ხელსახოცებს, რომლებიც მცენარეული ექსტრაქტებზეა დამზადებული:

  • პირველი - ვუწოდოთ მას პირობითად ვარდისფერი ხაზი - განკუთვნილია სქესობრივი მომწიფების ასაკის გოგონებისთვის და მენოპაუზის ასაკის ქალებისთვის;
  • ლურჯი ხაზი - შვილოსნობის ასაკის ქალებისთვის;
  • მწვანე ხაზი - მენსტრუაციისა და ორსულობის დროს გამოსაყენებლად.

- რა უნდა ეცვას ქალს, რომ ინტიმური ზონების ჯანსაღი გარემო შეინარჩუნოს?

- ნატურალური ბოჭკოს მოხერხებული ქვედა საცვლები ინტიმური ჯანმრთელობის საფუძველია. მუდმივად ნუ ატარებთ სტრინგებს - ისინი იწვევენ გარეთა სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების ტრავმირებას და ხელს უწყობენ ინფექციის შეჭრას. გარდა ამისა, სიარულის დროს თხელ ზონარს ანუსიდან სასქესო ორგანოებისკენ ბაქტერიები გადააქვს. სასურველია, თეთრეული დამზადებული იყოს ნატურალური მასალისგან (ბამბა, სელი, შალი). ასეთი მასალა იწოვს სისველეს, სუნთქვის საშუალებას აძლევს კანს და არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს მავნე ბაქტერიების გამრავლებისთვის.


- მოდი, უშუალოდ სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენაზე გადავიდეთ. რა უნდა იცოდეს წყვილმა?

- სქესობრივ წარმატებაში ჰიგიენას არცთუ უმნიშვნელო როლი აკისრია. ამიტომ ორივე პარტნიორს ვურჩევთ;

  • მიიღონ შხაპი კოიტუსამდე და მის შემდეგ;
  • გარეთა სასქესო ორგანოები დაიბანონ თბილი წყლითა და საპნით ან ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებებით. ეს პროცედურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი სქესობრივი აქტის წინ, ხოლო საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევის შემდეგ რამდენიმე დღე აუცილებელია სასქესო ორგანოების გულდასმით დაბანა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ანთება განვითარდეს და ნახეთქები დიდხანს არ შეხორცდეს.
  • მენსტრუაციის დროს სქესობრივი სიახლოვე მხოლოდ ინფიცირების საფრთხეს კი არ ზრდის, არამედ შესაძლოა ძლიერი სისხლდენაც გამოიწვიოს.
  • სქესობრივი კავშირისგან თავშეკავებაა საჭირო გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების მკურნალობისას. სქესობრივი ჰიგიენის დაცვა თავიდან აგაცილებთ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს.
  • ერიდეთ სქესობრივ კონტაქტს ორსულობის პირველ და მესამე ტრიმესტრში, ასევე - მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
  • ერიდეთ სქესობრივი პარტნიორების ხშირ ცვლას.

ინტიმური ჰიგიენა სჭირდებათ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებსაც და ეს ბავშვობიდანვე უნდა გაითავისონ. ბევრ მამაკაცს ჰგონია, რომ საკმარისია, გაიხეხოს კბილები, სახეზე ნაჩქარევად შეისხას ცივი წყალი, საუკეთესო შემთხვევაში სველი პირსახოცით წელამდე დაიზილოს ტანი და ყველაფერი ზღაპრულად განვითარდება, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის.

სასქესო ორგანოებისა და შორისის ჰიგიენა

სასქესო ორგანოების ჰიგიენა გენიტალიებისა და შორისის სისტემატურ მოვლას გულისხმობს. გენიტალიების სწორი მოვლა სქესობრივი ჯანმრთელობის წინაპირობაა.

შორისი

ყველაფერს, რასაც ადამიანის ქვედა საცვალი ფარავს, შორისი ეწოდება. უმეტესად ეს მიდამო დაფარულია თმით, რომლის სტრუქტურა სხეულის სხვა ნაწილების თმოვან საფარზე მტკიცეა, რათა ხელი შეუშალოს მამაკაცის მგრძნობიარე ორგანოებზე გარეგანი ფაქტორების უარყოფით ზემოქმედებას. მას შემდეგ, რაც მიკროკლიმატი შეიცვალა და ადამიანმა ტანთ ჩაიცვა, შორისის მიდამო საჭიროებისამებრ ვეღარ ნიავდება, ოფლი ვეღარ შრება და გამოსცემს უსიამოვნო სუნს. ამიტომ საუკუნეების განმავლობაში მამაკაცური სურნელი ინტიმური ცხოვრების აუცილებელ ნაწილად მიიჩნეოდა. არადა, საკმარისია, ეს მიდამო დღეში რამდენიმეჯერ დავიბანოთ თბილი წყლითა და საპნით და ყველაფერი მოგვარდება. თმა ართულებს ამ არის სისუფთავის შენარჩუნებას, ამიტომ ბევრი თმოვანი საფარის მოცილებას ამჯობინებს.

როგორ მოვუაროთ მთავარ იარაღს

მამაკაცის გარეთა სასქესო ორგანოზე არის ზონები, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გროვდება ზოგიერთი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი სეკრეტი - სმეგმა. ასეთი ადგილია სასქესო ასოს თავი. გადროვილი სმეგმა შესაძლოა ინფექციის წყაროდ იქცეს როგორც მამაკაცისთვის, ასევე მისი პარტნიორი ქალისთვის. აღმოსავლეთში სწორედ ინფექციისგან თავის დასაცავად ტარდება წინადაცვეთა. როდესაც სასქესო ასოს თავი მოშიშვლებულია, სმეგმა ამ მიდამოში აღარ გროვდება.

მამაკაცის ინტიმური ჰიგიენა სმეგმის ყოველდღიურ ჩამობანას გულისხმობს. ამისთვის საჭიროა, სასქესო ასოს თავზე კანი (ჩუჩა) გადაიწიოთ, სასქესო ასოზე წაისვათ ინტიმური ჟელე, გულდასმით აიქაფოთ და ჩამოიბანოთ, მერე კი კანი პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნოთ. თუ ამ პროცედურას ყოვლდღიურად არ ჩაიტარებთ, სმეგმამ შესაძლოა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადება გამოიწვიოს.

სათესლე ჯირკვლები უნდა დაიბანოთ ყოველდღიურად, გულდასმით გაისუფთაოთ ნაოჭები. ყმაწვილებმა ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ ტუალეტში სიარულის კულტურას. იშვიათად შეხვდებით მამაკაცს, რომელიც საშარდე გზების დაცლის შემდეგ სასქესო ასოს იმშრალებდეს, რაც ძალიან სამწუხაროა. საქმე ის არის, რომ მოშარდვის შემდეგ სასქესო ასოზე დარჩენილი შარდის რამდენიმე წვეთი ქვედა საცვალზე ხვდება. მართალია, ახალი შარდი ნეიტრალურია, მაგრამ დროთა განმავლობაში თბილი შორისის პირობებში ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას, ამიტომ მამაკაცებს ვურჩევთ, ყოველდღიურად გამოიცვალონ ქვედა საცვალი, ხოლო მასზე შარდის წვეთების მოხვედრისას - უფრო ხშირადაც.

სათესლე პარკის ჰიგიენა

არანაკლებ მნიშვნელოვანია სათესლე პარკის მოვლა. ძალზე მაღალი ტემპერატურა არღვევს სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესს. სათესლეების ნორმალური ტემპერატურა ორგანიზმის ტემპერატურაზე 4 გრადუსით ნაკლებია, ამიტომ მოერიდეთ ყველაფერს, რამაც კი შეიძლება ასწიოს საზარდულისა და შორისის მიდამოს ტემპერატურა. თუ სათესლეებს ცხელი წყლით დაიბანთ, არსებობს ალბათობა, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში განაყოფიერების უნარს გამოემშვიდობოთ. იგივე შედეგი მოაქვს ხანგრძლივ ცხელ აბაზანებს. ზოგიერთი სპეციალისტი მამაკაცებს პირდაპირ ურჩევს, სათესლე პარკი გრილი წყლით დაიბანონ.

მოუვლელთა რეიტინგი დაუბანელი თმა

პირველი, რის დამალვაც შეუძლებელია და რაც ყველა ქალს ამაზრზენად მიაჩნია, ცხიმით გაზიპული თმაა.

გაუხეხავი კბილები

მეორე ადგილი გაუხეხავ კბილებს უკავია. მშვენიერი სქესი შორიდანვე ამჩნევს მამაკაცის კბილებზე არსებულ ნადებს. დიდი სიმამაცეა საჭირო, ასეთი მამაკაცის კოცნა რომ გაბედო... ამავე დროს, ასეთ კბილებზე კარიესი და პულპიტი ჩვეულებრივი მოვლენაა.

დაუჭრელი ფრჩხილები

აღმოჩნდა, რომ გოგონებს არ მოსწონთ გრძელი და ჭუჭყიანი ფრჩხილები. გასაგებია, რომ ჩვენს სოციოკულტურულ გარემოში მანიკურიანი მამაკაცი (პროფესიონალურად დამუშავებული ფრჩხილებით) დღემდე არატრადიციულ ორიენტაციასთან ასოცირდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ "ნამდვილი მამაკაცების" ფრჩხილები გამოქვაბულის ადამიანისას ჰგავდეს.

ოფლის სუნი

ოფლის სუნი და მამაკაცის სუნი - სულაც არ არის ერთი და იგივე. გოგონებს ფაქიზი ყნოსვა აქვთ, რადგან ბავშვობიდანვე არიან მიჩვეულნი სუნამოს სურნელებას. ოფლის სუნს ისინი კილომეტრზე ამოიცნობენ. ისღა დარჩენიათ, წარმოიდგინონ, როგორ უვლის ყმაწვილი "იმ ადგილს“, რომ ურთიერთობის ყოველგვარი პერსპექტივა სამუდამოდ, უკან მოუბრუნებლად გაქრეს.

ფეხები

სქესობრივი ცხოვრების მთავარ "არომატიზატორებად" დაუბანელი ფეხები, გაურეცხავი წინდები და ძველი ოფლით გაჟღენთილი ფეხსაცმელი ითვლება. გასაგებია, რომ ასეთ სუნს დამოუკიდებლად ვერ აღმოაჩენთ, რადგან ცხვირის რეცეპტორები ინფორმაციის მიღებისთანავე აღქმის ზღურბლს ზემოთ სწევენ, მაგრამ შორიდან... ასეთი სუნი არც ერთ გოგონას არ მისცემს მოდუნების საშუალებას. სიყვარულის მორევში გადაშვებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...

გახსოვდეთ: ყმაწვილებს, რომლებიც ინტიმურ ჰიგიენას არ იცავენ, შემდომ პრობლემები აქვთ პარტნიორებთან, რადგან სექსის სრულფასოვნება სხვა დეტალებთან ერთად პარტნიორების ჰიგიენაზეც არის დამოკიდებული. იმედი გვაქვს, კარგად გააცნობიერეთ, რამდენად აუცილებელია ინტიმური ჰიგიენის დაცვა ორივე პარტნიორისთვის. მისი დაუცველობა ხშირად იქცევა უკურნებელი დაავადებების მიზეზად, რადგან მიკრობები გენიტალიებიდან სხვა ორგანოებში გადადიან.