გრძნობის ორგანოების ჰიგიენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გრძნობის ორგანოების ჰიგიენა

იდეალურ შემთხვევაში საკვების ყოველი მიღების შემდეგ აუცილებელია კბილების გამოხეხვა ჯაგრისით, თუმცა ეს ყოველთვის ვერ ხერხდება, ამიტომ პირის ღრუში წყალი ან სპეციალური სავლები მაინც უნდა გამოვივლოთ. საღეჭი რეზინის დაღეჭვაც შეიძლება, თუმცა მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში. პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელოვანი კომპონენტია კბილების წმენდა ძაფით. მისი მეშვეობით საჭმლის ნარჩენებისგან ვისუფთავებთ კბილებს შორის არსებულ სივრცეს, რითაც თავიდან ვიცილებთ კარიესულ პროცესს. კბილის ძაფის გამოყენება რეკომენდებულია ყოველი ჭამის შემდეგ. პირის ღრუს სწორი ჰიგიენით დაგეზოგებათ ფინანსები, სტომატოლოგთან თქვენს ვიზიტს ექნება მხოლოდ პროფილაქტიკური ხასიათი, ჯანსაღ კბილებსა და ღრძილებს კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეინარჩუნებთ. პირის ღრუს მოსავლელად დაგჭირდებათ:

  • კბილის ჯაგრისი. სასურველია, იყოს საშუალო სიხისტისა ან რბილი, ხშირი სინთეტიკური ბოჭკოს ღერებით. კბილის ჯაგრისი უნდა გამოვცვალოთ 2-3 თვეში ერთხელ.
  • ხარისხიანი კბილის პასტა, რომლის შერჩევისას სტომატოლოგის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ. დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოდგენილი კბილის პასტები ორი ტიპისაა: ჰიგიენური და სამკურნალო-პროფილაქტიკური. პირველი ჯგუფის დანიშნულება მხოლოდ საკვებისგან დატოვებული ნადების მოცილება და პირის ღრუში სასიამოვნო სუნის დატოვებაა. კბილის პასტების უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება მეორე ჯგუფს. აქ გამოყოფენ კარიესის საწინააღმდეგო, მათეთრებელ და ანთების საწინააღმდეგო პასტებს. კარიესის საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა ფთორიდებისა და კალციუმის შემცველი კბილის პასტები. ეს ელემენტები აუმჯობესებს კბილის ქსოვილის მინერალიზაციას, ამაგრებს მინანქარს და იცავს მას ბაქტერიების მავნე ზემოქმედებისგან. კალციუმი ხელს უშლის ფთორის ათვისებას, ამიტომ კბილის პასტა შეიცავს ან ფთორიდებს, ან კალციუმს. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს მცენარის (პიტნის, სალბის, გვირილის და სხვათა) ექსტრაქტის შემცველ პასტებს. მათეთრებელი კბილის პასტების შემადგენლობაში შედის ნატრიუმის ბიკარბონატი - სოდა, რომელსაც, მათეთრებელთან ერთად, აბრაზიული მოქმედებაც აქვს. კბილის მინანქრის დაზიანების რისკის გამო ამ ტიპის პასტების გამოყენება რეკომენდებულია კვირაში მხოლოდ 1-2-ჯერ.
  • პირის ღრუს ეფექტური ჰიგიენისთვის სასურველია კბილის პასტების მონაცვლეობით გამოყენება. უნდა ვცვალოთ არა მარტო პასტის ტიპი, არამედ მწარმოებელიც.
  • პირის ღრუს სავლები სითხე ან, როგორც მას უწოდებენ, ელექსირი. ეს სითხეებიც ორგვარია: კარიესის საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო. პირველთა შემადგენლობაში შედის კალციუმის იონები ან ფთორი. ანთების საწინააღმდეგო ელექსირები შეიძლება შეიცავდეს ნეოვიტინს, აზულენს, ქლოროფილის სპილენძის წარმოებულებს, წიწვოვან ან ჟენ-შენის ექსტრაქტს. ქლორჰექსიდინის, ტრიკლოზანისა და სხვა ანტისეპტიკების შემცველი სავლები სითხეები შექმნილია პირის ღრუს ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ და მათი გამოყენება მხოლოდ ჩვენებისამებრ შეიძლება.
  • კბილის ძაფი (ფლოსი) და კბილთაშუა სივრცის გასასუფთავებელი სხვა საშუალებები.

ცხვირის ღრუს ჰიგიენა

ორგანიზმში შეჭრილ მავნე ნივთიერებებს, ვირუსებს, ბაქტერიებს, ალერგენებს, სოკოებს პირველ ბარიერად ცხვირ-ხახა ეღობება. თანამედროვე დაბინძურებულ გარემოში ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი აგრესიული ფაქტორების ზემოქმედების გამო განიცდის გადაჭარბებულ ანტიგენურ დატვირთვას. ეს იწვევს ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითებას, ინფექციური აგენტების მიმართ ლორწოვანის რეზისტენტობის შემცირებას, ალერგიული რინიტების განვითარებას. ცხვირი დღე-ღამეში 17 ათას ლიტრ ჰაერს ატარებს. ჩასუნთქულ ჰაერში მოტივტივე მიკროორგანიზმების 60% ცხვირის ღრუში ილექება. დიდი ქალაქის მკვიდრი ყოველდღიურად დაახლოებით 500 მილიარდ მტვრის ნაწილაკს ჩაისუნთქავს. გარემოს არასასურველი ზემოქმედების შემცირებაში დაგვეხმარება ცხვირის ღრუს რეგულარული გამორეცხვა. მაგალითად, ბაქტერიებსა და ვირუსებს ცხვირის ღრუდან ორგანიზმში შესაჭრელად 4-8 საათი სჭირდებათ და თუ მათ მანამდე მოვიშორებთ, დაავადება უბრალოდ აღარ განვითარდება. ამრიგად, ცხვირის ღრუს გამორეცხვა პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების სეზონზე. ირიგაციული თერაპიით შესაძლებელია ალერგენებისა და ყველა სხვა მავნებლის (ქიმიური ნაერთების, პროფესიული მავნე ნაწილაკების, თამბაქოს კვამლის, ჭვარტლის, წვის პროდუქტების) მოცილება ლორწოვანის ზედაპირიდან. ცხვირის ღრუს გამორეცხვა ისეთივე აუცილებელი პროცედურაა, როგორიც კბილების გახეხვა. არსებობს ცხვირის გამორეცხვის რამდენიმე მეთოდი. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მეტად ეფექტურია ცხვირის სრული მოცულობითი გამორეცხვა. ამ დროს სითხე მთლიანად ავსებს ცხვირის ღრუს და ასუფთავებს ლორწოვანის ყველა ნაკეცს მთელ სიგრძეზე. აეროზოლის ან სპრეის ნაკადი მხოლოდ ცხვირის წინა ნაწილს წმენდს, სრული მოცულობითი გამორეცხვა კი მთელი ცხვირის ღრუს გამოსუფთავების საშუალებას გვაძლევს. ცხვირის ღრუს გამორეცხვის ჩვენებებია:

  • გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების ეპიდემია;
  • ქრონიკული ალერგიული რინიტები და სინუსიტები, ადენოიდიტები ბავშვებში;
  • მშრალი ცხვირის სინდრომი;
  • მავნე პირობებში მუშაობა;
  • არასასურველ ეკოლოგიურ გარემოში ყოფნა.

უკუჩვენებებია:

  • ცხვირის პოლიპები;
  • ცხვირიდან ხშირი სისხლდენა;
  • ცხვირის ღრუსა და დანამატების წიაღების ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები;
  • მწვავე ოტიტი და ქრონიკული ოტიტის გამწვავება.

რით გამოვირეცხოთ ცხვირის ღრუ

ცხვირის ღრუს გამოსარეცხად უმჯობესია შევიძინოთ მზა ხსნარები. სახლის პირობებში ცხვირის ღრუს გამორეცხვა რეკომენდებულია ლარინგოლოგების მიერ სპეციალურად შემუშავებული ბალონ-ერიგატორების საშუალებით, რომელიც ნაკადის სიმძლავრის რეგულირების საშუალებას იძლევა. შპრიცით ან ჩაიდნით გამორეცხვას არ გირჩევთ - შესაძლოა, ლორწოვანი გარსი დაიზიანოთ.


ცხვირის ღრუს გამორეცხვის ტექნიკა

ოტიტის თავიდან ასაცილებლად უნდა დავიცვათ ცხვირის გამორეცხვის ტექნიკა: გადავიხაროთ წინ 90°-ით, ჩავისუნთქოთ ჰაერი და შევიკავოთ სუნთქვა; გამოსარეცხი მოწყობილობა მჭიდროდ მივიბჯინოთ მარჯვენა ნესტოზე ნელა დავაჭიროთ ბალონ-ერიგატორს, ვიდრე ხსნარი მარცხენა ნესტოდან არ გადმოვა. იგივე გავაკეთოთ მარცხენა ნესტოსთანაც.

ყურების ჰიგიენა

ყურების წმენდა საჭიროა განსაზღვრული პერიოდულობით, უსაფრთხოების წესების დაცვით. ხშირად წმენდა არ არის საჭირო. გოგირდი ყურებს მტვრისგან, ბაქტერიებისა და სხვა მავნე აგენტებისგან იცავს.

  • ბამბის ჩხირი დაასველეთ ყურის საწმენდ სითხეში;
  • თავი გადასწიეთ უკან და გვერდით, ისე, რომ ყური, რომლის გაწმენდასაც აპირებთ, ზევით იყურებოდეს;
  • ფრთხილად გამოისუფთავეთ ყურის ნიჟარა ბამბის ჩხირით, მერე ამ სითხის რამდენიმე წვეთი ჩაიწვეთეთ ყურში;
  • დამუშავებულ ყურში გაიკეთეთ ბამბის ბურთულა და დაიტოვეთ მთელი ღამით.

უსაფრთხოების წესები

  • ოტორინოლარინგოლოგების აზრით, უმჯობესია, ყურები ბამბის დისკოებით ან ტამპონებით კი არ გავისუფთაოთ, არამედ დავიბანოთ შხაპის მიღების დროს. განსაკუთრებით მოხერხებულია ყურების გაწმენდა შხაპის შემდეგ, როდესაც ყურის ნიჟარა ნოტიოა.
  • წყალბადის ზეჟანგით ყურის გასუფთავება შეიძლება კვირაში 1-2-ჯერ. მისი უფრო ხშირი გამოყენება ყურის არხს გამოაშრობს.
  • გოგირდის საცობის, სმენის დაქვეითებისა და ყურის ტკივილის დროს უნდა მივმართოთ ოტორინოლარინგოლოგს, რადგან თვითმკურნალობამ შესაძლოა სმენის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვამდე მიგვიყვანოს.
  • ყურების წმენდისას ფრთხილად იყავით, რათა არხში ინფექცია არ შეიტანოთ. ძლიერად ნუ დააწვებით ბამბის ჩხირს და ღრმად ნუ შეიყოფთ მილში.
  • არ შეიძლება ყურების გამოწმენდა ისეთი ნივთებით, როგორებიცაა სარჭი, კბილის საჩიჩქნი, ასანთის ღერი - შეიძლება ყურიც დაიზიანოთ და არხში ინფექციაც შეიტანოთ.

ყურის ჰიგიენა ელემენტარულ მანიპულაციებს მოიცავს. ყურის ნიჟარები გულდასმით უნდა დავიბანოთ თბილი წყლითა და საპნით. თუ ბანაობისას ყურში წყალი ჩაგვივიდა, ბამბის ჩხირით უნდა ამოვაშროთ. თანამედროვე ადამიანის ყური ბგერების ნამდვილ ქაოსშია მოქცეული. მათ შორის არის ყურისმომჭრელი, ხმამაღალი, უსიამოვნო ბგერებიც. მათგან დამალვა პრაქტიკულად შეუძლებელია, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებში, ამიტომ რეკომენდებულია, წელიწადში ერთხელ გავესინჯოთ ოტოლარინგოლოგს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ყურების გახვრეტა. უნდა ვიცოდეთ, რომ ყურის ნიჟარაზე მდებარეობს ადამიანის შინაგან ორგანოებსა და სისტემებთან დაკავშირებული უამრავი წერტილი, ამიტომ ამ მარტივი პროცედურის ჩატარებაც მხოლოდ სპეციალისტს ანდეთ.

თვალის ჰიგიენა

თვალები, რომლებსაც სულის სარკეს უწოდებენ, ადამიანის ყველაზე ნაზი ორგანოა. მასში ადვილად ხვდება უცხო სხეული, იოლად აზიანებს უხეში საგნები და ქიმიური ნივთიერებები. ნურც ვირუსულ ინფექციებს დავივიწყებთ, რომლებმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თვალს. თვალში უცხო სხეულის მოხვედრისას თვალების ამობანა ზოგჯერ მკურნალობაზე მნიშვნელოვანიც კია. ეს სახლის პირობებშიც შესაძლებელია:

  • მაგარ ჩაიში დასველებული ტამპონით ამოიწმინდეთ თვალი შიგნითა კუთხიდან.
  • ცალი თვალის ამოსუფთავების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნით და გაიწმინდეთ მეორე თვალიც ახალი ხსნარით და სუფთა ტამპონით.

არსებობს თვალის სპეციალური აბაზანა, რომელსაც მოგრძო ბოლოები აქვს, რაც ჭურჭლის სახეზე მჭიდროდ მიჭერის საშუალებას იძლევა. თვალის ჰიგიენა მოიცავს ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც მიმართულია მხედველობის შენარჩუნებისა და თვალის ზოგიერთი დაავადების მიზეზების აღმოფხვრისაკენ:

  • კითხვისას ყურადღება მიაქციეთ განათებას. თვალები არ გადაგეღალოთ, არ დაგეძაბოთ. განათების წყარო მოათავსეთ ისე, რომ სინათლე უკნიდან, მხარს ზემოდან ეცემოდეს ტექსტს. განათება უნდა იყოს საკმაოდ მკვეთრი. ბინდბუნდში კითხვა ვნებს მხედველობას. სამუშაო მაგიდა ისე უნდა დადგათ, რომ ფანჯრიდან შემოსული სინათლის სხივები მარცხნიდან ეცემოდეს. აუცილებლად გაამუქეთ მაგიდის ნათურა, თორემ თვალს მოგჭრით. ძალზე ინტენსიური შუქი თვალებისთვის საზიანოა და სწრაფად ღლის.
  • თავი არიდეთ ტრანსპორტში კითხვას - რყევისას თვალები ტექსტზე ფოკუსირებას ვეღარ ახერხებს.
  • დაიცავით სათანადო მანძილი ტექსტსა და თვალებს შორის - ის არ უნდა იყოს 30 სმ-ზე ნაკლები.
  • კომპიუტერთან მუშაობისას დაიცავით დისტანცია თვალებსა და მონიტორს შორის - ის უნდა უდრიდეს წინმკლავში გაშლილი ხელების სიგრძეს. კომპიუტერთან 40-წუთიანი მუშაობის შემდეგ თვალები დაასვენეთ.
  • დააბალანსეთ კვების რეჟიმი. საკვები საკმარისი რაოდენობით უნდა შეიცავდეს თვალისთვის სასარგებლო ვიტამინებს - A-სა და D-ს. ეს უკანასკნელი ბევრია ზღვის ქაშაყში, ნაღების კარაქში, კვერცხის გულში, საქონლის ღვიძლში. A ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ქათმის კვერცხი, ვირთევზას ღვიძლი, ნაღები. მისი სინთეზისთვის საჭირო პროვიტამინი A უხვადაა სტაფილოში, ხახვში, ასკილში, ბულგარულ წიწაკაში, სალათის ფურცლებში, გარგარში.