რა იმალება ჩვენს პლასტმასის ჭურჭელში, ტაფებში, ავეჯსა და საწმენდ საშუალებებში? - ეკობლოგერი გვიხსნის, როგორ შევქმნათ სახლში უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო გ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ჩვენს სახლში იმაზე მეტი პოტენციური საფრთხეა, ვიდრე გვგონია“ - რას ვსუნთქავთ, რაში ვინახავთ საკვებს და რა ნივთებს ვიყენებთ ყოველდღე ჯანმრთელობის გაუთვალისწინებლად

სახლში ყოველდღიურად ვიყენებთ, მაგრამ თითქმის არასდროს ვფიქრობთ, რამდენად უსაფრთხოა - ეკობლოგერი პლასტმასზე, საყოფაცხოვრებო ქიმიაზე, ტაფებზე, ავეჯსა და სახლის ჰაერზე

სახლი ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ და რომელსაც უსაფრთხოებასთან და კომფორტთან ვაკავშირებთ. თუმცა, რამდენად ჯანსაღია ჩვენი საცხოვრებელი გარემო?

პლასტმასის კონტეინერები, რომლებშიც საკვებს ვინახავთ, საწმენდი საშუალებები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, სურნელოვანი სანთლები და დიფუზორები, არაწებოვანი ტაფები, ავეჯი, საღებავი, ლამინატი და ის ჰაერიც კი, რომელსაც სახლში ვსუნთქავთ - შესაძლოა, მათზე ჯანმრთელობის თვალსაზრისით გაცილებით მეტი უნდა ვიცოდეთ.

განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ზოგიერთი პოტენციური რისკი სწორედ იმ ნივთებს უკავშირდება, რომლებსაც სახლში სისუფთავისა და კომფორტისთვის ვიყენებთ. მაგალითად, ეკო ბლოგერი ნინო ბარჯაძე ყურადღებას ამახვილებს სურნელოვან სპრეებსა და დიფუზორებზე და ამბობს, რომ სუფთა სახლი არ ნიშნავს სურნელოვან სახლს.

მაგრამ მხოლოდ სურნელოვანი საშუალებები არ არის საკითხავი - მნიშვნელოვანია ისიც, როგორ ვინახავთ საკვებს, რა მასალისგან არის დამზადებული ჩვენი ჭურჭელი და ტაფა, რა ნივთიერებები გამოიყოფა რემონტის მასალებიდან და რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის სახლის გარემო.

რა უნდა შევცვალოთ სახლში პირველ რიგში და რომელი ნივთების მიმართ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე? - ამ თემაზე „მკურნალს“ ეკოლოგი, ეკო ბლოგერი ნინო ბარჯაძე ესაუბრა.

- ნინო, რა არის ის ყოველდღიური ნივთები ან ჩვევები, რომლებიც შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებდეს და ამას საერთოდ ვერ ვამჩნევდეთ?

- ეს ჩამონათვალი შეიძლება ითქვას უსასრულოა, თუმცა პირველი რაც მახსენდება არის პლასტმასის ერთჯერადი ნივთების მრავალჯერადად მოხმარება, ასევე პლასტმასის ჭურჭლის არასათანადო გამოყენება, მათში საკვების გაყინვა ან ცხლად შენახვა და ა.შ. ეს ყველაფერი მიკრო პლასტმასის ჩვენს ორგანიზმში მოხვედრას უწყობს ხელს, რაც თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.

- რა აბინძურებს ჰაერს სახლში ყველაზე მეტად და როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება ყოველდღიურად?

- საყოფაცხოვრებო ქიმია, სხვადასხვა ნამწვები, იქნება ეს გაზქურის თუ გამათბობელი საშუალებების, მტვერი. წესით ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევი რეკომენდაცია არის სახლის განიავება, თუმცა თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში ასე ხელაღებით ვერ გასცემ ამ რჩევას, იმიტომ, რომ ხანდახან გარედან მანქანის გამონაბოლქვით კიდევ უფრო დაბინძურებული ჰაერი შემოდის. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ დღის მონაკვეთიც, როცა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შედარებით დაბალია და ამ დროს გავანიავოთ.

- რა შეცდომებს ვუშვებთ ყველაზე ხშირად - მაგალითად, სხვადასხვა ქიმიური საშუალების ერთმანეთში შერევით ან ზედმეტად დიდი რაოდენობით გამოყენებით?

- ხშირად პირდაპირ შეფუთვაზეა მითითებული, რომ შესაბამისად დაცული სასუნთქი გზებისა და ხელთათმანების გარეშე მათი გამოყენება არ შეიძლება, თუმცა მე პირადად ვიცნობ უამრავ ადამიანს, რომელიც ამ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. იმდენად ვართ მიჩვეული ყველაფრის ქიმიით გასუფთავებას, ხანდახან მსუბუქ დაბინძურებასაც კი ძლიერი საშუალებებით ვებრძვით. ამ დროს შეიძლება ჩვეულებრივი საპონი, სოდა, ძმარი ან რომელიმე მსგავსი უსაფრთხო ნივთიერებაც კი საკმარისი იყოს. ყველაზე უაზროდ კი არომატული საშუალებები მეჩვენება. მსგავსი საშუალებების მავნებლობაზე უკვე უამრავი კვლევა არსებობს და დამტკიცებულია მათი მავნე გავლენა ჩვენს ენდოკრინულ და სხვა სისტემებზე. მხოლოდ იმიტომ, რომ სახლში კონკრეტული სურნელი იდგეს, მგონი არ ღირს თავის მოწამვლა.

- პლასტმასის ჭურჭელი და საკვების კონტეინერები - როგორ გავიგოთ, რომელია უსაფრთხო საკვებთან კონტაქტისთვის და რომელი უნდა გადავაგდოთ გამოყენების შემდეგ?

- როგორც ყველამ ვიცით, პლასტმასები იყოფა გადამუშავებად და არა გადამუშავებად პლასტმასებად, თუმცა საკვებთან მათ ურთიერთქმედებას ეს კრიტერიუმი ვერ განსაზღვრავს. ამისთვის სხვა დაყოფა არსებობს და მათი ძირითადი სახეობები განვიხილოთ:

plastmasi-1788370687.jpg

1 - PET/PETE წყლისა და სხვა სასმელების ბოთლები. ძირითადად ერთჯერადი გამოყენებისთვის. მათი განმეორებით გამოყენება არაა სასურველი, განსაკუთრებით გაცხელებისთვის ან გაყინვისთვის.

2 - HDPE რძის ბოთლები, ზოგი საკვების კონტეინერი. შედარებით მყარი პლასტმასაა და მრავალჯერადი გამოყენების კონკრეტული პროდუქტებიც არსებობს, თუმცა ისევ - მხოლოდ საშუალო ტემპერატურის საკვებისთვის.

3 - PVC საკვებთან გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. სახლში საკვების შესანახად უმჯობესია სხვა არჩევანი.

4 - LDPE ხშირად გამოიყენება პარკებსა და მოქნილ შეფუთვებში. უსაფრთხოება დამოკიდებულია კონკრეტულ პროდუქტსა და მის დანიშნულებაზე.

5 - PP (პოლიპროპილენი) ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო არჩევანია საკვების კონტეინერებისთვის. სწორედ ამ მასალით მზადდება საბავშვო ჭურჭელი. თუ კონტეინერს აქვს PP + მრავალჯერადი გამოყენების/გაცხელების შესაბამისი ნიშანი, ხშირად სწორედ ეს არის ის ტიპი, რომელსაც საკვების შესანახად და ზოგ შემთხვევაში გასაცხელებლად იყენებენ.

6 - PS (პოლისტიროლი) ერთჯერადი ჭიქები, ქაფის კონტეინერები და ა.შ. განსაკუთრებით ცხელი საკვებისთვის არ არის სასურველი.

მოკლე რეზიუმეს სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკვების ხანგრძლივად შესანახად, გასაცხელებლად ან გასაყინად არც ერთი ტიპის პლასტმასა არაა საუკეთესო არჩევანი. მას ბევრად სჯობს შუშის, კერამიკის ან უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი.

- ტაფებისა და ქვაბების შესახებ უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია გვესმის - რეალურად რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მათი შეძენისა და გამოყენებისას?

- ამ თემაზე საკმაოდ სიღრმისეული მოკვლევა მაქვს ჩატარებული და ჩემ პირად გამოცდილებასთანაც რომ შევაჯერო, საკმაოდ მოკლე და კონკრეტულ პასუხს გაგცემთ - უჟანგავი მეტალი და თუჯი. ეს ორი არის ის მასალა, რომელთა ქვაბებისა და ტაფების გამოყენებაც არის სრულიად უსაფრთხო და სასარგებლო. დანარჩენი მასალების გამოყენება არის უაზრო ფლანგვა როგორც ეკონომიურად, ისე ეკოლოგიურად. მაგალითად ე.წ ტეფლონის ტაფების ყიდვა არის ძალიან წამგებიანი, რადგან მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკვე დაზიანებულია მისი ზედაპირი, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნეს ხდის მას. თუ ამ ყოველწლიურ ხარჯს შევკრებთ აღმოვაჩენთ, რომ მაგალითად თუჯის ტაფა სულაც აღარ გამოვა ძვირი, რადგან მისი დაზიანება შეუძლებელია და შეგიძლიათ თქვენს შთამომავლობასაც კი გადასცეთ. ის დაზიანებული ტეფლონის ჭურჭელი კი ასეულობით წელი ეყრება ნაგავსაყრელებზე.

tafebi-1788370704.jpg

- სახლის რემონტის დროს რამდენად მნიშვნელოვანია მასალების სწორად შერჩევა? მაგალითად, საღებავი, ლამინატი, ავეჯი, წებოები - შეიძლება თუ არა მათგან გამოყოფილი ნივთიერებები სახლში ჯანმრთელობისთვის არასასურველი იყოს?

- დიახ ,რემონტის მასალების არჩევანი პირდაპირ მოქმედებს სახლის შიდა ჰაერის ხარისხზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთი მასალა შეიძლება დღეების კი არა, თვეებისა და წლების განმავლობაში გამოყოფდეს აქროლად ორგანულ ნაერთებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ლაქებსა და საღებავებს. ასევე ლამინატები და ავეჯი ხშირად მზადდება ხის ბოჭკოების/ნაწილაკებისგან, რომლებიც ფისებითა და წებოებით არის შეკრული. ზოგი მათგანი შეიძლება იყოს ფორმალდეჰიდის წყარო. დღესდღეობით საქართველოში ფეხს იკიდებს მიწითა და ბუნებრივი მასალებით მშენებლობა, რომელიც ტრადიციული იყო საუკუნეების განმავლობაში და ზოგ რეგიონში ისევ არის შემორჩენილი ამ მეთოდით ნაშენი სახლები. აქაც მივდივართ იმ დილემასთან, ავირჩიოთ იაფი და მოკლევადიანი (მაგალითად ლამინატი) თუ ძვირი, ხანგრძლივი და სასარგებლო მასალები ( ხის იატაკი).

iatakji-1788370722.jpg

- „ეკო“, „ბიო“, „ნატურალური“, „ქიმიკატების გარეშე“ - რამდენად შეიძლება ვენდოთ ამ წარწერებს?

- საერთოდ არაფრის მომცემია მსგავსი წარწერები, სჯობს შეამოწმო პროდუქტის ტექნიკური მონაცემები და ემისიების სერტიფიკატები, ვიდრე მხოლოდ მარკეტინგულ წარწერას დაეყრდნო. მაგალითად, ევროპულ პროდუქტებზე შეიძლება შეგხვდეს A+ indoor air emissions კლასიფიკაცია - ის აფასებს პროდუქტის ემისიებს შიდა სივრცეში.

- სურნელოვანი სანთლები, არომა დიფუზორები, ოთახის სპრეები - რამდენად უსაფრთხოა მათი ყოველდღიურად გამოყენება სახლში?

- აქ ორი საკითხია - წვის შედეგად ჰაერის დაბინძურება და ქიმიური საშუალებების გაფრქვევით დაბინძურება. რა თქმა უნდა, არც ერთია კარგი. უკეთესი ვარიანტია ნატურალური საშუალებების დანთება (პალო სანტო, სალბი, თაფლის სანთელი და ა.შ), თუმცა ეს არ უნდა იყოს ხანგრძლივი და სივრცე უნდა ნიავდებოდეს. უარესია ქიმიური გაფრქვევები, ანუ დიფუზორები და სპრეები. ასევე ძალიან საზიანოა უხარისხო არომატული სანთლების გამოყენება, ამ დროს გვაზიანებს როგორც წვის პროდუქტები, ასევე მისი ქიმიური შემადგენლობა.

- ტანსაცმელი, თეთრეული და პირსახოცები - რამდენად მნიშვნელოვანია მათი შემადგენლობა და რეცხვა? შეიძლება თუ არა ზოგიერთი ტექსტილი კანისთვის ან სასუნთქი სისტემისთვის პრობლემური იყოს?

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. სინთეტიკური მასალების შემთხვევაში ხდება დროთა განმავლობაში მათი აშრევება და პლასტმასის ნანო ნაწილაკების ორგანიზმში მოხვედრა, ძირითადად სწორედ სასუნთქი გზებით, ხოლო რეცხვის დროს ეს ნაწილაკები შეერევა წყალს და აბინძურებს მას. ბამბის მატერიის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ იყოს ორგანული და პესტიციდების გამოყენების გარეშე მოყვანილი ნედლეული ( რაც ძალიან იშვიათია). მაღალი ხარისხი ამ შემთხვევაშიც განსაზღვრავს ნაკლებ მავნე გავლენას ჯანმრთელობასა და გარემოზე.

sawmendi-1788370780.jpg

- საძინებელში განსაკუთრებით რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ტემპერატურა, ტენიანობა, მტვერი, ლეიბი, ბალიში - რა შეიძლება გვიშლიდეს ხელს ხარისხიან ძილში?

- ყველა ზემოთ ჩამოთვლილს. დაბალი ტემპერატურა და ზომიერი ტენიანობა განსაზღვრავს ჰაერის ხარისხს და იმას, თუ რამდენად შემხებლობაში მოვალთ თუნდაც ოთახში არსებულ მტვერთან და ჰაერის სხვა და სხვა დამაბინძურებლებთან. ასევე მნიშვნელოვანია ის მასალა, რომლისგანაც არის დამზადებული ლეიბი, ბალიში, საბანი. ნატურალურ მასალებთან შეხება ადამიანისთვის უფრო ბუნებრივი და სასარგებლოა. ასევე საძინებელში მე პირადად დიდ ყურადღებას ვაქცევ განათებას - დღის ცივი ნათების ნათურები, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ძილის განწყობის შექმნას.

- ბავშვიან ოჯახებში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? სათამაშოები, პლასტმასის ჭურჭელი, ბავშვის ოთახის ავეჯი, საწმენდი საშუალებები - სად უშვებენ მშობლები ყველაზე ხშირად შეცდომებს?

- ამ შემთხვევაში გამოვყოფდი სათამაშოებს, რომლებიც ხშირად მზადდება ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებით და საქართველოში ბევრჯერ დაფიქსირდა ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებილი სათამაშოების არსებობა ბაზარზე. ასევე, საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენებასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, განსაკუთრებით იმ ასაკში, როცა ბავშვი დახოხავს მშობლები ხშირად აძლიერებენ იატაკის წმენდას ძალიან ძლიერი საშუალებებით, რაც ჩემი აზრით არასწორია და ხანდახან მტვრის ჩასუნთქვა შეიძლება ნაკლებად საზიანო იყოს ბავშვისთვის, ვიდრე ასეთი ძლიერი ქიმიკატების.

- თუ ადამიანს დღესვე მოუნდა სახლის „გაჯანსაღება“, მაგრამ დიდი თანხის დახარჯვა არ შეუძლია, რომელი 5 ცვლილება ექნება ყველაზე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა?

- პირველ რიგში შევამცირებდი ქიმიის გამოყენებას. კარგად თუ დავუფიქრდებით უბრალო სოდითაც კი შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ის მავნე ქიმიკატები, რომლებსაც უკვე ინსტინქტურად ვიყენებთ არც ისე ძლიერი დაბინძურების მოსაშორებლად.

surnelovani-1788370752.jpg

მეორე - რამდენიმე დაზიანებული და მავნე ტაფის ნაცვლად შევიძენდი ერთ და ხარისხიან, თუჯის ან უჟანგავი მეტალის ტაფაას.

გავიტანდი სახლიდან ყველანაირ ქიმიურ სურნელოვან საშუალებას. სპრეებს, დიფუზორებს და ა.შ. ისინი ძალიან ძლიერ მავნე გავლენას ახდენენ ჩვენს ენდოკრინულ სისტემაზე. მათ შორის სარეცხის დამარბილებლებს, რომლებსაც ძირითადად სურნელისთვის იყენებენ . სუფთა სახლი არ ნიშნავს სურნელოვან სახლს და პირიქით.

შევცვლიდი ვარვარა ნათურებს ლედ ნათურებით, ოღონდ თბილი ნათებით. ისინი ძლებენ უფრო დიდხანს, რაც ნიშნავს ნაკლებ რესურსულ დანახარჯს და თან გადამუშავებადია.

მეტ ყურადღებას დავუთმობდი როგორ ვინახავთ საკვებს, ხომ არ ვტოვებთ დიდხანს ერთჯერად კონტეინერში ან პლასტიკის შეფუთვაში.

- და ბოლოს, ნინა, თქვენი გამოცდილებით, რომელი ნივთია სახლში ყველაზე მეტად „დამნაშავე“, რომელსაც ადამიანები ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებლად მიიჩნევენ? და რას ურჩევდით მათ - რით ჩაანაცვლონ?

- ზევით ჩამოთვლილთაგან ყველა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მაინც ერთი უნდა ავირჩიო, ალბათ ქიმიურ საშუალებებს გამოვყოფდი, განსაკუთრებით დიფუზორებს და სპრეებს და კიდევ უფრო განსაკუთრებით მათ ხანგრძლივ გამოყენებაზე გავაკეთებდი აქცენტს. ასეთი საშუალებების სისტემატიური გაფრქვევა ან აქროლება შიდა სივრცეებში ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ჯანმრთლეობისთვის, მითუმეტეს, რომ სურნელის გარდა არავითარი სარგებელი არ მოაქვთ. მათი ჩანაცვლება შეიძლება მცენარეებით, მაგალითად ლავანდა, პიტნა, როზმარინი. თუმცა, ვფიქრობ, სუფთა და განიავებულ სახლში დამატებითი სურნელების აუცილებლობა სულაც არ არსებობს.