მასაჟი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მასაჟი

 

მასაჟის ისტორიიდან

მასაჟი უძველესი სამკურნალო საშუალებაა. მას პირველყოფილი ადამიანებიც კი მიმართავდნენ, მართალია, ინსტინქტურად, მაგრამ ამ მოძრაობებს მათთვის სიამოვნება და შვება მოჰქონდა. მასაჟი, როგორც სამკურნალო მეთოდი, ყველაზე ადრე წყნარი ოკეანის კუნძულების მცხოვრებლებმა გამოიყენეს. საინტერესოა თავად ტერმინ "მასაჟის" წარმომავლობაც. ერთნი მიიჩნევენ, რომ ის არაბული "Mass"-იდან ან "Masch"-დან წარმოდგება და "ნაზ ზეწოლას", "შეხებას" ნიშნავს, მეორენი ბერძნული "Masso"-იდან წამოსულად თვლიან, რაც "ხელის მოჭერას" ნიშნავს, მესამენი ფიქრობენ, რომ იგი ლათინური "Massa"-ა, რაც "თითებით მიწებების" აღმნიშვნელია. ყველაზე ცნობილი მასაჟისტები ინდოელები და ჩინელები იყვნენ. ჩინეთში მასაჟის გამოყენება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში დაიწყეს. პირველად მას რევმატული ტკივილების, ამოვარდნილობების სამკურნალოდ, დაღლილობისა და კუნთთა სპაზმების მოსახსნელად მიმართავდნენ. ჩინელი ექიმები, განურჩევლად მტკივანი ადგილისა, პაციენტს თავდაპირველად მთელ სხეულს უზელდნენ და მერეღა გადადიოდნენ ლოკალურ მასაჟზე. ინდოეთშიც მთელ სხეულს ამასაჟებდნენ - იწყებდნენ ზედა კიდურებიდან და ტერფებით ამთავრებდნენ. ინდოელებმა პირველებმა გამოიგონეს ორთქლის მასაჟი. სააბაზანოში, სადაც პროცედურა უნდა ჩატარებულიყო, გავარვარებულ ფილებზე ასხამდნენ სპეციალურ ნივთიერებას, იგი ორთქლდებოდა და ადამიანის კანში აღწევდა. კანის საკმარისად დატენიანების შემდეგ იწყებოდა მასირება: ჯერ მოდუნებული კუნთების, შემდეგ კი მუცლისა და მკერდის. პროცედურა ზურგის მასაჟით სრულდებოდა.

 

გავლენა ორგანიზმზე

თანამედროვე მედიცინაში მასაჟი ადამიანის სხეულის ნაწილების თანაბარზომიერი მექანიკური გაღიზიანებაა, რომელიც ხორციელდება მასაჟისტის ხელით ან სპეციალური აპარატებისა და მოწყობილობების დახმარებით. მასაჟი ქსოვილებზე მხოლოდ მექანიკურ გავლენას როდი ახდენს - იგი ერთვება რთულ ფიზიოლოგიურ პროცესებში, სადაც წამყვან როლს ცენტრალური ნერვული სისტემა თამაშობს. მასაჟის დროს ორგანიზმზე ნერვული, ჰუმორული და მექანიკური ფაქტორები მოქმედებს.

ნერვული ფაქტორი - მასაჟის დასაწყისში, უპირველეს ყოვლისა, კანში, კუნთებში, მყესებში, სახსრის ჩანთებში და სისხლძარღვთა კედლებზე მოთავსებული რეცეპტორების გაღიზიანება ხდება, რის გამოც თავის ტვინის ქერქსა და შესაბამის უბნებში აღმოცენდება ის ზოგადი რთული რეაქციები, რომლებიც ორგანიზმში მასაჟის თანმხლებ დადებით ფუნქციურ ძვრებს იწვევენ.

ჰუმორული ფაქტორი - მასაჟის დროს კანში წარმოიქმნება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებანი - ქსოვილოვანი ჰორმონები, რომელთა დახმარებითაც სისხლძარღვოვანი რეაქციები და ნერვულ იმპულსთა გადაცემა ხორციელდება.

მექანიკური ფაქტორი - ორგანიზმზე მექანიკური გავლენით ძლიერდება სისხლისა და ლიმფის ცირკულაცია, ქრება შეგუბებითი მოვლენები, ძლიერდება კანისმიერი სუნთქვა.

კანი - მასაჟის დროს უმჯობესდება კანში სისხლის მიმოქცევა, იზრდება მექანიკური და ტემპერატურული ძვრებისადმი მისი წინააღმდეგობის უნარი, უმჯობესდება ლიმფის მოძრაობა, ვენებში ქრება შეგუბებითი მოვლენები. იზრდება კანკუნთოვანი ტონუსი, იცვლება კანის გარეგნული შესახედაობაც - იგი ელასტიკური და სრიალა ხდება.

სახსრები, იოგები, მყესები - უმჯობესდება სახსრისა და მის ახლომდებარე ქსოვილთა სისხლმომარაგება, ჩქარდება სინოვიური სითხის წარმოქმნა და მოძრაობა, რის შედეგადაც სახსროვანი ელემენტების ანატომიურ-ფუნქციური მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.

სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის სისტემები - განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მასაჟის გავლენა კანის იმ კაპილარებზე, რომლებიც სისხლსა და ლიმფას შორის ნივთიერებათა გაცვლას ახორციელებენ. მასირების შემდეგ კაპილარები იხსნება, უმჯობესდება ჟანგვა-აღდგენითი პროცესები და ქსოვილთა სისხლმომარაგება.

ნერვული სისტემა - მასაჟი ერთნაირად მოქმედებს როგორც ცენტრალურ, ისე პერიფერიულ ნერვულ სისტემებზე. კანის მექანიკური გაღიზიანებისა და ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ორგანოთა მრავალრიცხოვანი ნერვული დაბოლოებებით მყისიერად გადაეცემა ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რაზეც ის შესაბამისად რეაგირებს.

სუნთქვის ორგანოთა სისტემა - რეგულარული, განსაზღვრული ინტერვალებით ჩატარებული მასაჟი დადებითად მოქმედებს სასუნთქი გზების მუსკულატურაზე, ხელს უწყობს პირობითი რეფლექსების წარმოშობას, რათა ფილტვების სავენტილაციო ფუნქცია გაიზარდოს.

ნივთიერებათა ცვლა და გამოყოფის ფუნქცია - უშუალოდ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ჩატარებული მასაჟი 15%-ით ზრდის ორგანიზმიდან აზოტის ნაერთთა გამოყოფას, კუნთური მუშაობის შემდეგ ჩატარებული მასაჟი კი ორგანიზმიდან რძემჟავას გამოყოფას აუმჯობესებს.

კუნთები - მასაჟის გავლენით კუნთებში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ჟანგვა-აღდგენითი პროცესები: ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდება და მათგან ნარჩენი პროდუქტების გამოდევნა. სწრაფად ქრება დაღლისა და ტკივილის შეგრძნება, რაც რამდენადმე ზრდის კუნთების ამტანობას.

 

კლასიფიკაცია

სახეობის, ფორმისა და ჩატარების მეთოდის მიხედვით განასხვავებენ მასაჟის რამდენიმე ქვეტიპს.

სახეობის მიხედვით - სპორტულ, სამკურნალო, ჰიგიენურ და კოსმეტიკურ მასაჟს;

ფორმის მიხედვით - ზოგადს, ლოკალურს, თვითმასაჟს, ურთიერთ და ორთქლის მასაჟს;

ჩატარების ტექნიკის მიხედვით - მასაჟს ხელით, აპარატით (ვიბრომასაჟი, პნევმომასაჟი, ჰიდრომასაჟი), მასაჟს ფეხით და კომბინირებულ მასაჟს.

 

მასაჟის სახეობები

სპორტული მასაჟი - გამოიყენება სპორტსმენის ფუნქციური მდგომარეობის, მისი სპორტული ფორმის გასაუმჯობესებლად. მისი მიზანია დაღლილობის მოხსნა, ფიზიკური გამძლეობის მომატება, ტრავმებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პროფილაქტიკა.

სამკურნალო მასაჟი - მკურნალობის ეფექტიანი მეთოდია სხვადასხვა სახის ტრავმისა და დაავადების დროს. მისი მოდიფიკაცია ორგანიზმის ფუნქციური დარღვევის ხასიათის მიხედვით იცვლება. ყოველი დაავადებისთვის არსებობს მასაჟის შესრულების განსაზღვრული ტექნიკა, ჩვენება და უკუჩვენება. ცნობილია სამკურნალო მასაჟის ზოგადი და ლოკალური ფორმები.


 

ჰიგიენური მასაჟი - ჰიგიენური თვითმასაჟის სახით ყველაზე ხშირად ტარდება აბაზანაში, შხაპის ქვეშ. იგი მოიცავს მასაჟის ძირითად მეთოდებს: დაზელას, დაჭიმვას, ვიბრაციას და სხვა.

კოსმეტიკური მასაჟი - მხოლოდ ლოკალურად ტარდება და გამოიყენება კანის მოსავლელად, კანის დაბერების საწინააღმდეგოდ, მისი კოსმეტიკური დეფექტების აღმოსაფხვრელად და სხვა. ცნობილია მისი სამი ფორმა: პროფილაქტიკური, სამკურნალო და პლასტიკური.

 

მასაჟის ფორმები

ზოგადი მასაჟი - ტარდება მთელ სხეულზე განსაკუთრებულ მოძრაობათა თანმიმდევრობის მკაცრი დაცვით, მას ყველაზე ხშირად პროფილაქტიკური მიზანი აქვს და ემსახურება ორგანიზმის გამძლეობის გაზრდას და გადაღლის შემაწუხებელი სიმპტომების სწრაფ მოხსნას.

ლოკალური (ადგილობრივი) მასაჟი - ტარდება მხოლოდ სხეულის რომელიმე ნაწილზე, როგორც პროფილაქტიკური, ისე სამკურნალო მიზნით. მიზნად ისახავს სხეულის კონკრეტული უბნის მოძლიერებასა და ფუნქციათა აღდგენა-გაუმჯობესებას.

თვითმასაჟი - ამ დროს ადამიანი საკუთარ თავს ამასაჟებს. მასაჟის ეს სახეობა ყველაზე ხშირად ტარდება დილის ვარჯიშის შემდეგ, აბაზანაში, ზოგიერთი დაავადების დროს.

ორთქლის მასაჟი - ტარდება ორთქლის აბაზანაში დილის ვარჯიშის შემდეგ, სპორტული შეჯიბრების წინ ან მის შემდეგ. სპორტის ზოგიერთი სახეობისთვის იგი ყოველდღიური ვარჯიშის სტარტისა და ფინალის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს.

ურთიერთმასაჟი - ტარდება ტურისტულ ლაშქრობებში, ყოფა-ცხოვრებაში, ზოგიერთი სახის საწარმოში. ამ დროს ორი ადამიანი მორიგეობით ამასაჟებს ერთმანეთს.

 

მასაჟის მეთოდები

მასაჟი ხელით - მასაჟის ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რადგან მასაჟის ყველა მეთოდის განხორციელების საშუალებას იძლევა და მასაჟისტიც ყველაზე უკეთ გრძნობს მასირებულ ქსოვილთა მდგომარეობას.

მასაჟი აპარატით - სხვადასხვა აპარატისა და მოწყობილობის მეშვეობით ხორციელდება. განსაკუთრებით ხშირად ტარდება ვიბრაციული აპარატით, ვინაიდან ვიბრაციული მოძრაობების დიდხანს ხელით შესრულება მასაჟისტს არ შეუძლია.

ვიბრომასაჟი - სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც მასაჟს ექვემდებარება, ვიბრომასაჟორით გადაეცემა სხვადასხვა სიხშირისა და ამპლიტუდის რხევები, რის შედეგადაც ღიზიანდება ის ნერვული უჯრედები, რომლებმაც უარი თქვეს დაკისრებულ ფუნქციათა განხორციელებაზე. რხევებს ზომაზე მეტად გაღიზიანებული უჯრედების დამშვიდებაც შეუძლია. სუსტი ვიბრაცია ნერვული სისტემის მასტიმულირებელია, ძლიერი კი, პირიქით, მასში შეკავებით რეაქციებს იწვევს. ვიბრომასაჟს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელი გავლენა აქვს.

პნევმომასაჟი - პნევმომასაჟორით სხეულის რომელიმე ნაწილზე ძლიერი ზეწოლით ხდება ვაკუუმის, უჰაერო ადგილების შექმნა და მათი მასირება, რაც აუმჯობესებს სისხლმომარაგებას, აძლიერებს მოფუნქციონირე აქტიური კაპილარების რაოდენობას, ქსოვილთა კვებას, ზრდის კუნთების ტონუსს. იგი განსაკუთრებით ხშირად ტარდება მიოზიტის, ენდარტერიიტის, რადიკულიტის, ნევრალგიის დროს, მუხლის სახსრის ქირურგიული ოპერაციისას შემდგომ, რეაბილიტაციის პერიოდში.

ჰიდრომასაჟი - აბაზანის შემდეგ სწორხაზოვანი, ზიგზაგისებური, სპირალური მოძრაობითი ძლიერი წყლის სამასაჟო ნაკადით ხდება ზურგი-ქვედა კიდურები-მკერდი-ზედა კიდურების მასაჟი, რომელიც აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, ააქტიურებს ქსოვილთა სისხლმომარაგებას, ხსნის კუნთების დაჭიმულობას და ადუნებს ორგანიზმს.

მასაჟი ფეხით - აღმოსავლელი მკურნალები მას დიდი ხანია მიმართავენ კუნთების ტონუსის მომატებისას და ყველა იმ შემთხვევაში, როცა მასაჟი ხელით არასაკმარისად ეფექტიანია. იგი ჯანმრთელ მწოლიარე ადამიანს უტარდება. სრულდება ფეხებით.

კომბინირებული მასაჟი - მოიცავს მასაჟის რამდენიმე მეთოდს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სპორტულ პრაქტიკაში. მას მიმართავენ ტრავმების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და ნერვული სისტემის დაავადებების დროს.