რატომ არის სასარგებლო მთაში დასვენება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

რატომ არის სასარგებლო მთაში დასვენება

რატომ არის სასარგებლო მთაში დასვენება
მთა ბევრს უყვარს, შესაბამისად, ზღვის სანაპიროზე განცხრომას მთის კურორტზე დასვენებას ამჯობინებს. როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დავობენ. თუმცა აქ მხოლოდ გემოვნების საკითხი როდია, მთის კურორტს განსაკუთრებული სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის.

დავიწყოთ იმით, რომ მთის ჰაერი განსაკუთრებული მკურნალია. მთაში ჰაერი ყოვეთვის კრისტალურად სუფთა და თანაც ნორმაზე დაბალი სიმკვრივისაა (საზოგადოდ, დაბლობის ჰაერთან შედარებით, რომ აღარაფერი ვთქვათ ქალაქის დაბინძურებულ ჰაერზე). ამ ფაქტორთა გამოა, რომ მთაში მზის სხივები მაქსიმალურად ანეიტრალებს მავნე მიკროორგანიზმებს. დაბალი სიმკვრივის გარდა მთის ჰაერი ჟანგბადის დაბალი შემცველობითაც გამოირჩევა. მთის ჰაერში ბევრად ნაკლები ჟანგბადია,
ვიდრე ზღვის სანაპიროზე არსებულში. სწორედ ეს აიძულებს ადამიანის ორგანიზმს, მის სასუნთქ, გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს განსაკუთრებულ ფუნქციობას, შესაძლებლობათა გააქტიურებას, რის გამოც ერთიანად უმჯობესდება ორგანიზმის ცხოველმყოფელობა. უფრო კონკრეტულად, აქტიურდება ძვლის ტვინი, ძლიერდება იმუნური სისტემა, იზრდება ადამიანის აქტიურობა, შრომისუნარიანობა და ზოგადი თვითშეგრძნება.


დღეს უკვე ყველამ იცის, რომ
მთის მცხოვრებთა დღეგრძელობისა და ჯანმრთელობის მიზეზი მთის ჰაერია, ჟანგბადის დაბალი შემცველობით გამორჩეული. ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა შუამთის (ზღვის დონიდან 1200-1500 მეტრ სიმაღლეზე არსებული) ჰაერი, რომელშიც ჟანგბადის შემცველობა დაახლოებით 10 %-ია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჟანგბადის დეფიციტი ორგანიზმს აიძულებს სარეზერვო ძალთა მობილიზებას, გარკვეული სისტემების ფუნქციურ გარდაქმნას. როდესაც ჩასუნთქულ ჰაერში ჟანგბადის ნაკლებობაა, სპეციალური რეცეპტორები ამ ინფორმაციას მოგრძო ტვინში არსებულ სუნთქვის ცენტრს გადასცემენ, აქედან სიგნალი კუნთებს გადაეცემა, ძლიერდება გულმკერდისა და ფილტვების ფუნქცია, ხშირდება სუნთქვა, შესაბამისად, უმჯობესდება ფილტვების ვენტილაცია და სისხლის ჟანგბადით გაჯერება. ხშირდება გულისცემაც, რაც, თავის მხრივ, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას. ეს კი ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების დაჩქარებას უზრუნველყოფს. ამას ხელს უწყობს სისხლში ერითროციტების (წითელი უჯრედების) გადასროლა და ერითროციტებში ჰემოგლობინის შემცველობის მომატება. ყოველივე ამის გამოა, რომ მთაში ადამიანის სასიცოცხლო ტონუსი იმატებს. მთის კურორტზე ჩასვლისთანავე ადამიანი ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობისა და გუნება-განწყობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას გრძნობს. თუმცა, თუ ძალიან მაღლა ახვალთ მთაში, სადაც ჟანგბადი კიდევ უფრო მცირე რაოდენობითაა ჰაერში, ორგანიზმი ჟანგბადის დეფიციტზე სრულიად სხვაგვარ რეაგირებას მოახდენს. ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა) უკვე სახიფათო გახდება. ამით, უპირველეს ყოვლისა, იზარალებს ნერვული სისტემა, ხოლო თუ ჟანგბადი საკმარისი არ იქნება თავის ტვინის ფუნქციობისათვის, ადამიანმა შესაძლოა გონებაც კი დაკარგოს.

მთაში ბევრად ძლიერია მზის რადიაცია. ეს განპირობებულია ჰაერის გამჭვირვალობით, სიმაღლესთან ერთად სულ უფრო იკლებს ჰაერის სიმკვრივე, მასში მტვრისა და აირების შემცველობა. მზის სხივები ხოცავს უამრავ მავნე მიკროორგანიზმს, მთავარი კი ის არის, რომ მზის გამოსხივება ახდენს მთის ჰაერის იონიზებას ანუ ხელს უწყობს იონების წარმოქმნას, მათ შორის ჟანგბადისა და ოზონის. ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისათვის ჰაერში უნდა იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი იონები, ამასთან, გარკვეული თანაფარდობით. ამ წონასწორობის დარღვევა (ბალანსის გადახრა ნებისმიერ მხარეს) უარყოფითად აისახება ჯანმრთელობასა და ადამიანის თვითშეგრძნებაზე. ისიც გაითვალისწინეთ, რომ, თანამედროვე კვლევებით, ჩასუნთქულ ჰაერში უარყოფითი იონები ადამიანის ორგანიზმს ისევე სჭირდება, როგორც ვიტამინები საკვებში.

სოფლად მზიან ამინდში იონების კონცენტრაცია ჰაერის 1 კუბურ სმ-ში 800-1000-ს შეადგენს. მთის ზოგიერთ კურორტზე კი მათი შემცველობა რამდენიმე ათასს აღწევს. ამიტომაც მთის ჰაერს სამკურნალო ეფექტი აქვს. მთის კლიმატი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ჰიპერტონიული და იშემიური, ბრონქიტითა და ბრონქული ასთმით დაავადებულებზე, ასევე მათზე, ვისაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგია აწუხებს. მთაში ჰაერის წნევაც დაბალია. 4 კმ სიმაღლეზე წნევა შეადგენს 460 მმ ვწყ. სვ.-ისა, ხოლო 6 კმ სიმაღლეზე კი - 350 მმ ვწყ. სვ-ს. ბოლო პერიოდში მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ოროთერაპია ანუ მთის ჰაერით მკურნალობა. ეს იგივე ნორმობარიული ჰიპოქსითერაპიაა - ჟანგბადის დაბალი შემცველობის გაიშვიათებული ჰაერით მკურნალობა. ეფექტურია ზემო სასუნთქი გზების, ნერვული და კანის პათოლოგიებით დაავადებულთათვის, ასევე ალერგიული, იმუნოდეფიციტური მდგომარეობებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

მთის კურორტებს განსაკუთრებულ რეკომენდაციას უწევენ ფსიქოლოგები და ბიოენერგოთერაპევტები, რადგანაც მთაში უხვადაა სამკურნალო ეფექტის მქონე ბიოველები. მობიბინე ბალახთან შერწყმული კლდოვანი და თოვლით დაფარული მწვერვალები, ანკარა წყაროები, მოჩუხჩუხე მდინარეები და საოცარი ჩანჩქერები, მთის ფრინველები და საზოგადოდ, მთის გარემო ახარებს მზერას, გულს, სულს, ალაღებს ადამიანს, უქარვებს ნეგატიურ ფიქრებსა და დარდს, ბუნებასთან სიახლოვე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს როგორც ფსიქიკაზე, ისე სხეულზე. მთაში ლაშქრობა, მთის ბილიკებზე სიარული აჯანსაღებს ორგანიზმს, ზრდის მის გამძლეობას, განამტკიცებს ჩონჩხის კუნთებს. მთაში სიარულისას, განსაკუთრებით სიმაღლეზე ასვლისას, საგრძნობლად მატულობს გულისცემა (პულსი), პარალელურად იზრდება ჟანგბადის შთანთქმა, რაც, თავის მხრივ, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. ეს დადებითად აისახება ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე. მთაზე დაშვებისას (დაღმართზე სიარულისას) სახსრებს სერიოზული დატვირთვა აწვება. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სახსრების პათოლოგიით დაავადებულმა და ჭარბწონიანმა პირებმა.

რა უნდა გაითვალისწინოთ მთის კურორტზე გამგზავრებისას:

1) მთაში დასვენება არ არის სასურველი მათთვის, ვისაც დაბალი არტერიული წნევა ან სისხლძარღვთა პრობლემები აღენიშნება;
2) მთაში ლაშქრობისას უნდა გამოიყენოთ შესაბამისი ფეხსაცმელი – შედარებით მაღალყელიანი და სქელძირიანი, რომელიც უზრუნველყოფს ტერფის მყარად ფიქსაციას და მის ყოველმხრივ დაცვას;
3) მთაში დაბლობთან შედარებით ბევრად გრილი ჰავაა, ღამღამობით კი ცივიც, ამიტომაც ყოველთვის იქონიეთ თან თბილი ტანსაცმელი;
4) მთის მზე ზღვისაზე არანაკლებ წვავს, ამიტომაც თავსაბურავი და კანის დამცავი საცხი ასევე აუცილებელია მთის კურორტზეც;
5) მაღალ მთაში ულტრაიისფერი გამოსხივება მეტად ძლიერია, ის იწვევს არა მხოლოდ კანის დამწვრობას, ვნებს თვალის ბადურა გარსს (შესაძლოა ძლიერი ტკივილი და დროებითი სიბრმავეც კი განვითარდეს), ამიტომაც აუცილებელია მზისაგან დამცავი სათვალის გამოყენება.

მთა აჯადოებს ადამიანს განუმეორებელი ხედებით, ფერთა პალიტრითა და მშვენიერებით. დიდი ხანია ცნობილია, რომ მთაში მცხოვრებნი დღეგრძელობითა და სიჯანსაღით გამოირჩევიან. ღრმა სიბერემდე მიღწეულებს ნათელი გონება და სულის სიმხნევეც სრულად აქვთ შენარჩუნებული. მთის ხალხი ნაკლებად ავადობს და ამა თუ იმ დაავადებით დასნებოვნებისას ბევრად ადვილად ექვემდებარება გამოჯანმრთელება-რეაბილიტაციას. მთის ქალები ბარში მცხოვრებლებთან შედარებით გაცილებით დიდხანს ინარჩუნებენ რეპროდუქციულ (გამრავლების) ფუნქციას. მთაში გაზრდილებს უფრო მხნე, ვაჟკაცური, დიდი და განსაკუთრებული სული აქვთ, ალბათ იმიტომ, რომ მთელი გულმკერდით ჩაისუნთქავენ ამაყი მთების კრისტალურად სუფთა და ჯანსაღ ჰაერს, რომელიც გაჯერებულია სამკურნალო მცენარეებისა და ყვავილების სურნელით. მთაში თითქოს არც გყოფნის ეს ჰაერი - სულ უფრო ღრმად და ძლიერად გინდება ჩასუნთქვა. ეს არის მთების იდუმალი ძალა და გავლენა!

მაშ, მიაშურეთ მთის კურორტებს! წარმოიდგინეთ: დგახართ მთის მწვერვალზე, ირგვლივ უკიდეგანო სივრცე და ამაყი მთების მედიდური სიმშვიდეა. თოვლით დაფარულ მწვერვალებს ოქროსფერი მზის სხივები ესალბუნება. მთების ძალა და მედიდურობა საოცრად გადამდებია, თქვენ ძალთა მოზღვავებას შეიგრძნობთ, თავდაჯერებულობა და სულის სიძლიერე გემატებათ. რა მშვენიერია მთის კურორტზე! როცა დამთავრდება დასვენება, თქვენ დაემშვიდობებით მთებს, მაგრამ აუცილებლად დაუბრუნდებით მათ, რადგან მთებზე უკეთესი მხოლოდ მთებია!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მოგზაურობა ტვინის მუშაობას აუმჯობესებს.
შვებულება მხოლოდ მოდუნების შესაძლებლობა არაა. ექსპერტების აზრით, შვებულება სასარგებლო და აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.
ზაფხული ის პერიოდია, როცა არდადეგებისა და შვებულების გამოყენებას ყველა მაქსიმალურად ცდილობს.
ბოლო დროს მსოფლიოში ბევრი უჩვეულო ადგილი გამოჩნდა, სადაც შვებულების საინტერესოდ გატარება და აქტიური დასვენება შეიძლება. მაგალითად, შეგიძლიათ წყალქვეშ იძინოთ, იმოგზაუროთ ან წყალქვეშა რესტორანს ეწვიოთ. ყინულის ან პრეისტორიულ გამოქვაბულ-სასტუმროში დასვენებაც შესაძლებელია. არჩევანი, რა თქმა უნდა, თქვენზეა, თუმცა ეს ყველაფერი იაფი ნამდვილად არ დაგიჯდებათ. ჩვენ რამდენიმე უჩვეულო ადგილს გაგაცნობთ, თქვენ კი…გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ხარჯის გაწევა.

ზაფხულის დადგომისთანავე გვიზიდავს ზღვის სანაპირო, ცხელი ქვიშა და მცხუნვარე მზე. მიზეზი მარტივია: ზღვა გვხიბლავს სივრცითა და სილამაზით, ტალღების ხმაური კი გვამშვიდებს. ზღვის უკიდეგანო სივრცე გვაჯადოებს და გვამშვიდებს. სწორედ ზღვასთან ასოცირდება ყველაზე სასიამოვნო დასვენება.

ზღვის წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს, პრაქტიკულად მენდელეევის მთელ ცხრილს. სწორედ ამით აიხსნება ზღვის ჰაერის სამკურნალო თვისებები, რომელიც, გარდა მაღალი ხარისხის იონიზაციისა, განთქმულია ბრომის, იოდის, ნატრიუმის ქლორიდისა და ადამიანისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციით. ზღვის ჰაერში არ არის ბაქტერია და მტვერი.

მოგზაურობა ისეთი ხშირი და შორეული, როგორც ჩვენს სინამდვილეშია, ალბათ, არასდროს ყოფილა. წარუშლელ შთაბეჭდილებებსა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად