სად და რატომ უნდა დავისვენოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სად და რატომ უნდა დავისვენოთ

კურორტის სპეციალიზაცია კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. მრავალრიცხოვანი გამოკვლევით დადგენილია, რომ მთის ჰავა (ზღვის დონიდან დაახლოებით 2,5 ათას მეტრ სიმაღლეზე) განსაკუთრებით დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, ამიტომაც სისხლის, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების პათოლოგიებით, აგრეთვე ტუბერკულოზით დაავადებულებს ექიმები, როგორც წესი, მთაში დასვენებას ურჩევენ.

ერთი შეხედვით გასაკვირია, რომ ჰაერის გაიშვიათებისა და მასთან დაკავშირებული მთის ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობა) მიუხედავად, მაღალმთიან რეგიონებში არტერიული სისხლის ჟანგბადით გაჯერება კი არ ქვეითდება, პირიქით, რამდენადმე ძლიერდება კიდეც. საქმე ის გახლავთ, რომ მთის კლიმატის გავლენით იზრდება სასუნთქი სისტემისა და სისხლის მიმოქცევის სარეზერვო შესაძლებლობები, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა. ამას ისიც მოწმობს, რომ მთის მცხოვრებლებს იშვიათად აწუხებთ გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონიული დაავადება, ათეროსკლეროზი.

მთის ჰავის ერთ-ერთ კეთილისმყოფელ ფაქტორს წარმოადგენს მზის მაღალი ინტენსივობის გამოსხივება, განსაკუთრებით - ულტრაიისფერი. ზაფხულში და შემოდგომით ეს გამოსხივება მთაში ოთხჯერ აღემატება დაბლობზე არსებულს.

მთის ჰავა დაბლობისაზე გრილი და მშრალია. ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტენიანობისა და ტემპერატურის მკვეთრი მერყეობაც არ ახასიათებს. ამ ფაქტორთა გამოა სწორედ, რომ მთაში თერმული დისკომფორტი არასოდეს იგრძნობა, გადახურებისა და სულხუთვის შეგრძნება პრაქტიკულად არავის ეუფლება.

მთაში ჰაერი გაჯერებულია მსუბუქი იონებით. ამასთან, ჭარბობს ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედი ნაწილაკები. ცალკე აღსანიშნავია მთის ჰაერის აეროქიმიური შედგენილობა ტერპენების, ფიტონციდებისა და სხვა იმ ნივთიერებათა მნიშვნელოვანი კონცენტრაციით, რომელსაც მთებში არსებული ხებუჩქოვანი და ბალახოვანი მცენარეულობა გამოყოფს. ყოველივე ეს ზრდის ჟანგბადის დამჟანგველ თვისებებს და აქვეითებს ჰიპოქსიის მოვლენებს.

ტემპერატურის რიტმულად განმეორებადი კონტრასტული ცვლა დღე-ღამის განმავლობაში, ასევე დღისით (ჩრდილში და მზეზე) წარმოადგენს უნიკალურ ბუნებრივ ტრენინგს სისხლძარღვებისთვის, საზოგადოდ, ორგანიზმის თერმოადაპტაციური მექანიზმებისთვის. მთაში ორგანიზმის ფუნქციათა წვრთნასა და გაჯანსაღებას ხელს უწყობს ზომიერი გარეგანი ჰიპოქსია ატმოსფეროს რადიაციული, ცირკულატორული და ამინდის ოპტიმალური რეჟიმის ფონზე.

ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა აგრეთვე მთის ჰავის ელექტრომაგნიტური თვისებებიც. მთის ჰავის ყველა ჩამოთვლილი სამკურნალო თვისება წარმატებით გამოიყენება სანატორიულ-კურორტულ პრაქტიკაში.

  • მთაში ბალნეოთერაპიასთან შერწყმული დასვენებისა და მკურნალობის შემდეგ მათ, ვისაც არტერიული ჰიპერტენზია ჰქონდა, ერთი წლის განმავლობაში არტერიული წნევის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებთან ახლოს აქვთ, ქრება ნევროზისა და ასთენიზაციის სხვადასხვა გამოვლინება, მომატებული მეტეომგრძნობელობა, უმჯობესდება სისხლის ბიოლოგიური და იმუნოლოგიური თვისებები, ალერგიული რეაქციები ბევრად სუსტად ვლინდება.

მთის ჰავამ შესაძლოა დიდი ხნით შეასუსტოს სასუნთქი გზებისა და კანის მრავალი პათოლოგიის სიმპტომები. ამაზე მიუთითებენ ჟურნალში “DMW Deutsche Medizinische wochenschrift” დაბეჭდილი სამეცნიერო პუბლიკაციის გერმანელი ავტორები. მათ გააანალიზეს კლიმატოთერაპიის ირგვლივ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ჩატარებულ გამოკვლევათა შედეგები. ჟურნალში დაბეჭდილი დასკვნების მიხედვით, მთებში დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ატოპიური დაავადებები აწუხებს. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინიც, ვისაც გარემოზე ორგანიზმის მეტისმეტად ძლიერი დამცველობითი რეაქციები აღენიშნებათ, გამოხატული ნეიროდერმიტის, ალერგიული რინიტის, ალერგიული ასთმის სახით. პაციენტთა უმრავლესობა თავისუფლდება სხვადასხვა სიმპტომისგან მთებში თუნდაც ერთკვირიანი დასვენების შემდეგ.

მოზრდილთათვის საშუალო სიმაღლის მთებში გამგზავრებაც კი საკმარისია, რომ დაავადების სიმპტომები შესუსტდეს. მეცნიერთა განმარტებით, მთის კლიმატი ერთგვარად “ანჯღრევს” ორგანიზმს და აიძულებს მას კორტიზონის გამომუშავებას. დადებითი ეფექტი ნარჩუნდება რამდენიმე თვე.

მთის ანუ მაღალი ჰავა სასარგებლოა ფსორიაზით დაავადებულთათვისაც. ინტენსიური ულტრაიისფერი გამოსხივება ასუსტებს ამ დაავადების დერმატოლოგიურ (კანის) გამოვლინებებს.

გერმანელი მეცნიერები შეისწავლიან კლიმატოთერაპიისა და ზღვაზე ცურვის თერაპიის გავლენასაც. ზღვის ჰავა უხდება ნეიროდერმიტს, ხელს უწყობს რა კორტიზონისა და ანტისხეულების გამომუშავებას. მთის ჰავა განსაკუთრებით სასარგებლოა ასთმის დროს, ხოლო ზღვისა - ბრონქიტის დროს.

ამა თუ იმ კურორტზე გამგზავრებამდე გირჩევთ, კონსულტაცია გაიაროთ პროფესიონალ თერაპევტთან. ნანატრი შვებულების გამოყენება ზოგს არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ სამკურნალოდაც სურს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ, ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამა თუ იმ კურორტმა არათუ სარგებლობა, ზიანიც კი შეიძლება მიაყენოს ადამიანს. მაგალითად, ვინც ჰიპერტონიული პათოლოგიით არის დაავადებული ან მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა, შორეულ (საცხოვრებელი გარემოსგან რადიკალურად განსხვავებული კლიმატური პირობების მქონე) რეგიონში გამგზავრებისაგან უმჯობესია თავი შეიკავოს, რადგან კლიმატის მერყეობამ შესაძლოა დაავადება გაამწვაოს, ხელი შეუწყოს არტერიული წნევის მომატებას, ჰიპერტონიული კრიზიც კი გამოიწვიოს.

  • მთებში დასვენება პირდაპირ არის ნაჩვენები ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის. მთის სუფთა, უალერგენო ჰაერმა შესაძლოა დიდი ხნით დაავიწყოს ადამიანს ასთმური შეტევები.
  • ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულთათვის რეკომენდებულია ზღვის ჰავაც. ზღვის სანაპირო კარგია ქრონიკული რინიტით (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება), ფარინგიტით (ხახის ლორწოვანი გარსის ანთება), ტონზილიტით (ნუშურების ანთება) დროს.
  • არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულები, რომელთაც პარალელურად ზემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიებიც აქვთ, ზღვაზე უმჯობესია შემოდგომით ან გაზაფხულზე გაემგზავრონ - ზაფხულში ზღვაზე დასვენება მათთვის არ არის რეკომენდებული.
  • ამ სეზონზე ზღვაზე გამგზავრება არასასურველია ჰიპერთირეოზით დაავადებულებისთვისაც, ანუ მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება აღენიშნება.
  • ჰიპერტონიისა და ჰიპერთირეოზის დროს უკუნაჩვენებია აგრეთვე ტალახისა და გოგირდის აბაზანები, რომლებსაც ურჩევენ და უნიშნავენ ართრიტით, პოლიართრიტით, რევმატიზმითა და ოსტეოქონდროზით დაავადებულებს.


რა სარგებლობა მოაქვს ფიჭვნარში დასვენებას

ფიჭვნარში დასვენება შედეგიანია ნევროზითა და ფილტვის პათოლოგიებით დაავადებულთათვის. ასეთი გამოთქმაც კი არსებობს: ტყეში ჰაერი უფრო სუფთაა, ვიდრე საოპერაციოშიო. ეს იმიტომ, რომ მცენარეები უხვად გამოყოფენ ფიტონციდებს. ფოთლოვანი ხეები დღე-ღამეში 2 კილოგრამამდე ფიტონციდებს აფრქვევენ, ხოლო წიწვოვანები - 5 კილოგრამს.

ფიტონციდები განსაკუთრებით ინტესიურად გამოიყოფა მზიან ამინდში. ტყეში მტვერი პრაქტიკულად არ არის. ის ილექება ხის ტოტებსა და მერქანზე და წვიმა მას პირდაპირ ნიადაგში ჩარეცხავს. ამიტომ წიწვნარში გასეირნებაც კი საოცრად უხდება ნაბახუსევს.

ფიჭვნარში დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა ტუბერკულოზით დაავადებულთათვის. კარგა ხანია, რაც ამ დაავადების სამკურნალოდ იყენებენ წიწვოვანი ხეების მტვრის სპირტიან ნაყენს. წიწვნარში ერთ კუბურ მეტრ ჰაერში 300-მდე ბაქტერიაა ანუ ჰაერი აქ პრაქტიკულად სტერილურია!

ჰაერის უვნებელყოფა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წიწვოვანი მცენარეების მიერ გამოფრქვეული ფიტონციდების - მფრინავი ნივთიერებების - შედეგია. გარდა ამისა, ფიჭვის ეთერზეთები ჟანგბადით დაჟანგვისას გამოყოფენ ოზონს, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს. უნიკალური შემადგენლობის წყალობით ფიჭვნარში არსებული ჰაერი ხსნის თავის ტკივილს, თუმცა გადაჭარბებამ შესაძლოა, პირიქით, გაამწვაოს შაკიკი.

ფიჭვნარში აღმოჩენილია დეჰიდროკვერცეტინი - ნივთიერება, რომელიც იკავშირებს უჯრედებში არსებულ თავისუფალ რადიკალებს და ამის წყალობით აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ახანგრძლივებს მის სინორჩეს და აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს. დეჰიდროკვერცეტინს ბიოლოგიური აქტიურობის თვალსაზრისით ანალოგი არ გააჩნია. ამ მეტად ფასეული ნივთიერების მიღება სხვა ნედლეულისგან, კერძოდ, ვარდის ფურცლებისგან, ციტრუსებისა და ყურძნის კურკებისგან, ძვირად ღირებულ ტექნოლოგიას მოითხოვს.

ორგანიზმის გაჯანსაღებისა და ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნების მსურველებს შეუძლიათ შედარებით იაფ საშუალებას - ფიჭვნარში დასვენებას - მიმართონ.

  • იმუნიტეტი ძლიერდება, გულის დაავადებათა განვითარების რისკი იკლებს, სისხლში ქოლესტერინის დონე რეგულირდება, ნივთიერებათა ცვლა ბალანსდება ნაძვნარის გავლენითაც.

ჰაერგამტარი გზების პათოლოგიებით დაავადებულები წიწვნარში ერთკვირიანი დასვენების შემდეგაც კი საუკეთესოდ გრძნობენ თავს - სუნთქვა უადვილდებათ, ნახველი უმცირდებათ, ხველა უწყნარდებათ, სისუსტე უქრებათ, საზოგადოდ, სიჯანსაღისა და ძალთა მოზღვავების შეგრძნება ეუფლებათ. ამიტომ არის, ფიჭვნარს გიგანტურ ბუნებრივ ინჰალატორს რომ უწოდებენ. ადამიანმა სხვადასხვა დაკვირვების საფუძველზე ჯერ კიდევ უძველეს დროში იცოდა, რომ ფიჭვნარში არსებული ჰაერი ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას. ამიტომაც ავადმყოფის მოსასვენებელ ოთახში ყოველთვის აწყობდნენ ფიჭვის ტოტებს. არ ავიწყდებოდათ პრევენციული ღონისძიებები ამა თუ იმ ეპიდემიის დროს - მავნე ბაქტერიების მოქმედების გასანეიტრალებლად სახლში უხვად ყრიდნენ წიწვებს.

ფიჭვნარში სეირნობა და მით უფრო - რამდნიმედღიანი დასვენება მეტად ეფექტური ანტიდეპრესიული საშუალებაა. წიწვების არომატი წარმატებით გამოიყენება არომათერაპიაში სტრესის, დეპრესიის, ნევროზულობის მოსახსნელად. ის საუცხოო რელაქსაციური ანუ მომადუნებელი საშუალებაა.

შვედეთში დღეს ახალი მიმართულება ვითარდება - სეზონური ალერგიის მკურნალობა ფიჭვის ფხვნილზე დამზადებული სპრეის საშუალებით. აქედან გამომდინარე, ფიჭვნარში დასვენება ნაჩვენებია ალერგიით დაავადებულებისთვისაც ალერგიული გამოვლინებების შესასუსტებლად და ორგანიზმის გასაჯანსაღებლად.