კურორტი და საკურორტო ფაქტორები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კურორტი და საკურორტო ფაქტორები

ძველ საბერძნეთში სამკურნალო ადგილებს, რომლებსაც ესკულაპეს ტაძრებს უწოდებდნენ, ისეთ ადგილებში აშენებდნენ, სადაც სამკურნალო წყაროები, კარგი კლიმატი და ლამაზი ბუნება იყო, რადგან ყოველივე ეს გამოჯანსაღებას უწყობდა ხელს. რომის იმპერიაში ლეგიონერთა გასაჯანსაღებლად და გამოსაწრთობად მინერალურ წყალსა და კლიმატურ ფაქტორებს იყენებდნენ, რამაც დიდად შეუწყო ხელი რომში კურორტოლოგიის განვითარებას. ძველ ეგვიპტეში ნილოსის ტალახით მკურნალობდნენ. ბალნეოლოგიაში დღემდე იყენებენ სამკურნალო ტალახით მკურნალობის ეგვიპტურ მეთოდს. საქართველო კურორტების ქვეყანაა. ჩვენთან მოიპოვება ყველა ტიპის მინერალური წყალი და ზოგიერთი ისეთიც, რომლის ანალოგი სხვაგან არ არის. ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვან კლიმატსა და მიკროკლიმატს განაპირობებს მისი რთული გეოგრაფიული რელიეფი მყინვარწვერიდან ზღვის სუბტროპიკულ სანაპირომდე. აქ შეხვდებით კლიმატის ყველა ტიპს, გარდა ტროპიკულისა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბუნებრივი ფაქტორებით საქართველოშიც აქტიურად მკურნალობდნენ. ბორჯომის მინერალურ წყალს ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდანვე იყენებდნენ, დანარჩენებს კი - მეშვიდე-მერვე საუკუნეებიდან.

სამკურნალო ადგილი

კურორტი სიტყვასიტყვით "სამკურნალო ადგილს" ნიშნავს, სადაც მკურნალობის ძირითადი საშუალება კურორტული ფაქტორია. ძირითადი კურორტული ფაქტორებია მინერალური და სამკურნალო წყალი, კლიმატი და ტალახი. თუმცა კურორტული ფაქტორის არსებობა ყოველთვის როდი ნიშნავს, რომ ეს ადგილი საკურორტოა. ბუნებრივ ფაქტორებს შეისწავლის მედიცინის სპეციალური დარგი, რომელსაც კურორტოლოგია ეწოდება. იმის დასაზუსტებლად, რამდენად გამოდგება ესა თუ ის ადგილი საკურორტოდ, აუცილებელია კურორტული ფაქტორის ეფექტის მრავალმხრივი შესწავლა, დადგენა იმისა, რა გავლენას ახდენს ის ადამიანის ორგანიზმზე და როგორია მისი გამოყენების არეალი. კურორტოლოგებთან ერთად ამაში უდიდესი წვლილი შეაქვთ კლიმატოლოგებს, ქიმიკოსებს, დიეტოლოგებს, ფიზიკოსებს, ჰიდროგეოლოგებს. ყოველივე ეს იმისთვის კეთდება, რომ საკურორტო ფაქტორი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ადამიანთა მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციისთვის. უკანასკნელ ხანს კურორტმა სახე იცვალა. იგი აღარ წარმოადგენს მხოლოდ იმ ადგილს, სადაც ბუნებრივი ფაქტორები ადამიანთა ჯანმრთელობის სასიკეთოდ გამოიყენებოდა. კურორტი, თანამედროვე გაგებით, არის კეთილმოწყობილი სამკურნალო კომპლექსი პარკებით, სანატორიუმებითა და პანსიონატებით, ფიზიოთერაპიული კაბინეტით, ფიტნესკლუბითა და აეროსოლარიუმით. რეკრეაციული ზონისგან ასეთი კურორტი იმით განსხვავდება, რომ აღჭურვილია ტექნიკური და სამედიცინო-ორგანიზაციული რესურსებით, სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებებით, რაც იძლევა შესაძლებლობას, აქ სანატორიულ-კურორტული დახმარება გაეწიოს სხვადასხვა პროფილის დაავადებათა მქონე პაციენტებს. რეკრეაციულ ზონებს კი მხოლოდ ბუნებრივი გამაჯანსაღებელი რესურსები გააჩნიათ და ქრონიკულად მოავადე პირთა გაჯანსაღებასა და პროფილაქტიკაზეა გათვლილი. ადამიანის ჯანმრთელობისთვის დასასვენებელი ადგილების უკეთ გამოყენებას ემსახურება მედიცინის კიდევ ერთი დარგი - ვალეოლოგია. იგი ბუნებრივი ფაქტორების ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას შეისწავლის.

კურორტთა არასპეციფიკური სამკურნალო ფაქტორები

კურორტული მკურნალობა ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორებთან ერთად არასპეციფიკური სამკურნალო ფაქტორების აქტიურ გამოყენებასაც ითვალისწინებს. ეს ფაქტორები საერთოა თითქმის ყველა სანატორიუმისა და კურორტისთვის, ვინაიდან განსაკუთრებულ, ზოგჯერ წამყვან როლსაც კი ასრულებს მათ ფუნქციობაში. არასპეციფიკურ სამკურნალო ფაქტორებს მიეკუთვნება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, სამკურნალო კვება, ელექტროთერაპია და ზოგჯერ მედიკამენტური მკურნალობაც კი.


კურორტების კლასიფიკაცია

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების მიხედვით კურორტებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ: კლიმატოთერაპიულ, ბალნეოთერაპიულ და ტალახით სამკურნალო კურორტებად. ცალკე გამოყოფენ შერეული ტიპის კურორტებს. გარდა ამისა, არსებობს კურორტების კლასიფიკაცია მათი კეთილმოწყობისა და მომსახურების მასშტაბების მიხედვით. განასხვავებენ აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტებსა და სააგარაკო ადგილებს.

კლიმატოთერაპიული კურორტები

ამ ტიპის დასასვენებელი ადგილების მთავარი სამკურნალო ფაქტორი კლიმატია. განსაკუთრებით სასარგებლოა მთისა და ზღვის კლიმატი, ამიტომ ასეთ კურორტებს ძირითადად ზღვის სანაპირო ზოლსა და მთებში აშენებენ. კლიმატოთერაპიულ კურორტებზე კლიმატი აეროთერაპიისთვის, ჰელიოთერაპიისა და თალასოთერაპიისთვის, ანუ ჰაერით, მზითა და ზღვით მკურნალობისთვის გამოიყენება. კლიმატი ადამიანის ორგანიზმზე სამნაირ გავლენას ახდენს:

  • დადებითად მოქმედებს დაავადების მიმდინარეობაზე;
  • განსხვავებული კლიმატური პირობების შეცვლისას იწვევს აკლიმატიზაციასა და რეაკლიმატიზაციას;
  • აქვს სპეციფიკური სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ეფექტი.

ბალნეოთერაპიული კურორტები

აქ მთავარი სამკურნალო საშუალება სხვადასხვა ტემპერატურისა და სხვადასხვა აირის შემცველი მინერალური წყლებია, რომლებიც ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: სასმელ და სააბაზანო წყლებად. სასმელი მინერალური წყლის კურორტებია ბორჯომი, საირმე, ჯავა უწერა. წყალტუბო, მენჯი, ცაიში კი სააბაზანო ბალნეოლოგიური კურორტები გახლავთ. სამკურნალო წყლები შეიცავს ნახშირმჟავას, გოგირდწყალბადს, რადონს, ნატრიუმის ქლორიდებსა და იოდბრომს. ამ ნივთიერებათა შემცველობის მიხედვით ხდება წყლების კლასიფიკაციაც. ბალნეოლოგიური კურორტების მინერალური წყლები აძლიერებს ნაღვლის წარმოქმნასა და გამოყოფას, ააქტიურებს ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას, აუმჯობესებს ნაწლავების მოტორულ და სეკრეტორულ უნარს, ამიტომ მინერალური წყლების სმა ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის, კერძოდ, ცხიმოვანი, ნახშიწყლოვანი და მარილოვანი წონასწორობის აღდგენას.

ტალახით სამკურნალო კურორტები

ტალახით სამკურნალო კურორტებზე მთავარი სამკურნალო ფაქტორი ტალახია. წარმოშობის მიხედვით იგი 4 სახისაა: ლამისა, ტორფისა, ვულკანური, ფსევდოვულკანური. სამკურნალო ტალახებით ცნობილი კურორტებია ახტალა, საკი (ყირიმი), ოდესა, ევპატორია.

შერეული ტიპის კურორტები

შერეული ტიპისაა კურორტი, სადაც ერთდროულად რამდენიმე სამკურნალო ფაქტორი არსებობს. ასეთია ბორჯომი. იგი ცნობილია იშვიათი თვისებების მქონე ნახშირმჟავა მინერალური წყლით, თუმცა ამავე დროს იქ ჯანმრთელობისთვის მეტად სასარგებლო მთის კლიმატია. შერეული ტიპის კურორტია აბასთუმანიც, სადაც სამკურნალო კლიმატთან ერთად არის თბილი მინერალური წყლებიც, რომლებსაც უმთავრესად აბაზანებისთვის იყენებენ. შერეულია წაღვერიც - შესანიშნავი მთის კლიმატითა და რკინის შემცველი სასმელი მინერალური წყლებით. რაც შეეხება უჯარმას, იქ დაბალი მთის ჰავა და იოდბრომიანი წყლებია, რომლებიც განსაკუთრებით ასაკოვან ხალხს უხდება.

რატომ მივდივართ კურორტზე?

იქ დროებით ვწყდებით ყოველდღიურ ყოფას და ჩვეულ ატმოსფეროს, ვხვდებით განსხვავებულ გარემოში, ვიღებთ ახალ-ახალ შთაბეჭდილებებს, რომლებიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქოემოციურ სფეროზე. კურორტზე ყველაფერია, რაც დიდი ქალაქების მკვიდრთ ასე გვაკლია: ტყე, მთა, ზღვის სანაპირო, ტბები და მდინარეები, ლამაზი ლანდშაფტი, ფრინველთა მომაჯადოებელი ხმები და ჰაერის სასიამოვნო სურნელი, რომელიც გვავიწყებს ყოველდღიურ საზრუნავს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ცხოვრება მშვენიერია.