როგორ დავისვენოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავისვენოთ

- ბევრმა წლების გამოცდილებით უკვე შესანიშნავად იცის, რომელ კურორტს მიაშუროს და სად დაისვენოს, მათ კი, ვინც არჩევანს ახლა აკეთებს და ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, ვურჩევ, დასასვენებელი ადგილი ექიმის დახმარებითა და რჩევით შეარჩიოს. ზოგჯერ ადგილის უკეთ შესარჩევად გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო, მათ შორის - სისხლისა და შარდის საერთო ანალიზებისა, ელექტროკარდიოლოგიური გამოკვლევისა, გულმკერდის რენტგენოსკოპიისა, ექოსკოპიისა.

- კურორტული მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, კლიმატის შეცვლას გულისხმობს, კლიმატის ცვლილების მიმართ კი ადამიანი ძალზე მგრძნობიარეა...

- უჩვევი კლიმატი ორგანიზმში ფიზიოლოგიურ ძვრებს იწვევს, რომელთა მიზანიც ახალ კლიმატურ პირობებთან ორგანიზმის შეგუებაა. განსხვავებული ჰაერი, წყალი, ტემპერატურა, საცხოვრებელი გარემო და ხშირად საკვებიც - რა გასაკვირია, რომ ადამიანის სხეულში ძირეული გარდაქმნები იწყება და ორგანიზმი დროს ითხოვს, რათა ყოველივე ეს ღირსეულად გადაიტანოს. კურორტზე ადამიანს პირველ დღეებში უჩვეულო რეაქციები რომ ეწყება, სპეციალისტებმა დიდი ხანია იციან. ეს მათთვის ერთგვარი საორიენტაციო ნიშანიც კია: რაც უფრო ძლიერია ორგანიზმი, მით უფრო მკვეთრი რეაქცია აქვს ახალ გარემოში, სუსტ იმუნურ სისტემას ამგვარი რეაქციები არ ახასიათებს, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები უფრო ჯანმრთელნი არიან.

- მაინც რა სიურპრიზებს უნდა ველოდეთ კურორტზე პირველ დღეებში, როგორ გავუმკლავდეთ მათ და როგორ გავიაროთ უმტკივნეულოდ ადაპტაციის პერიოდი?

- პირველი, რაც ამ დროს იჩენს თავს, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის მუშაობის ცვლილებებია: არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება, გულისცემის გახშირება, უჰაერობა, დიარეა, მუცლის შებერვა, ღებინება ან გულისრევის შეგრძნება. ამ უსიამოვნებებს 3-4 დღის შემდეგ უძილობა, ფორიაქი, მოუსვენრობა ან დაუძლეველი მოთენთილობა, სისუსტე დაერთვის. ზოგიერთს ეს ყველაფერი ისე აწუხებს, რომ კურორტიდან დროზე ადრე მიდის. ჩამოთვლილი სიმპტომების მიზეზი, გარდა ადაპტაციური სინდრომისა, ყველაზე ხშირად მეტეოროლოგიური ფაქტორებისადმი დამსვენებელთა მეტისმეტი მგრძნობელობაა. მათი ორგანიზმი მტკივნეულად რეაგირებს ამინდის ხშირ და მკვეთრ ცვალებადობაზე, რაც თითქმის ყველა საკურორტო ზონისთვის ჩვეულებრივი რამაა. პირველ დღეებში გირჩევთ:

  • რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ ჰაერზე - ასე გაცილებით სწრაფად შეეჩვევით გარემოს და ადაპტაციური პერიოდიც გაივლის.
  • მოთენთილობისა და სისუსტის გამო ნუ იტყვით უარს ჩვეულ ჰიდრო-, ჰელიო- თუ აეროპროცედურებზე.
  • ადაპტაცია ადვილად ჩაივლის, თუ რამდენიმე დღე დამამშვიდებელ წვეთებს დალევთ.
  • ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმსა და მენიუს.

პირველ დღეებში საერთოდ ამოიღეთ რაციონიდან ხილ-ბოსტნეული, კრემიანი ნამცხვრები, სვით მაგარი ჩაი ან ყავა. შეიძლება მოხარშული ბრინჯი, კარტოფილი, ორცხობილა და უცხიმო ყველიც.

  • პირველ დღეებში შეძლებისდაგვარად შეამცირეთ ორგანიზმის ფიზიკური დატვირთვა. შეუზღუდავად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ბუნების მშვენიერებით დატკბით.

- გონივრული დასვენებისთვის საჭირო წესების გაცნობა, უმჯობესია, ზღვით დავიწყოთ - ის ხომ ჩვენი თანამემამულეების ყველაზე საყვარელი დასასვენებელი ადგილია.

- ზღვაზე დამსვენებლებმა უმთავრესად სამ რამეზე უნდა იზრუნონ: გაირუჯონ გონივრულად, არ გაიმწვაონ მზის ალერგია და თავიდან აიცილონ ზღვისთვის დამახასიათებელი ინფექციები. ბევრს ჰგონია, რომ თუ მზეზე ალერგია აქვს, ზღვაზე დასვენება ეკრძალება. არადა, ფოტოდერმატიტი რომ განვითარდეს, ამისთვის სულაც არ არის საჭირო პლაჟის მზე; იგი ვითარდება ყველგან, სადაც კი მზის სხივი შეიძლება მოგვწვდეს - აივანზე, ეზოში, ქუჩაში... უბრალოდ, მზეზე ალერგიის მქონეებმა ზღვაზე რამდენიმე წესი უნდა დაიცვან:

  • ერიდონ წითელ ღვინოსა და შამპანურს, ჰორმონულ კონტრაცეპტივებსა და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს;
  • შინიდან გასვლისას დაიხურონ ფართო ქუდი და ისეთი ტანისამოსი ჩაიცვან, რაც შეიძლება უკეთ რომ დაუფაროთ სხეული მზის პირდაპირი სხივებისგან; ისეირნონ და დაისვენონ ჩრდილში.
  • ნუ გავლენ სანაპიროზე მშიერი, ნურც მეტისმეტად დანაყრებული.
  • პლაჟზე დიდხანს ნუ გაჩერდებიან - ჰორიზონტალურ მდგომარეობაში სხეული გაცილებით ძლიერად სხივდება.
  • გამოიყენონ მზისგან დამცავი საცხები, ერიდონ სუნამოებს, არომატიზებულ ხელსახოცებსა და სხვა ძლიერ არომატულ კოსმეტიკურ საშუალებებს.
  • იძინონ დიდხანს, დღისითაც.
  • სვან ბევრი წყალი, დღეში 1,5-2 ლიტრი.

მზეზე ალერგიის მქონეთათვის გასარუჯად საუკეთესოა დრო დილის 11.00 საათამდე და საღამოს 17.00 საათის შემდეგ. თავდაპირველად მზეზე 5 წუთი დაყავით, თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, შეგიძლიათ ყოველდღე რამდენიმე წუთი დაამატოთ. მზის სხივები ღრუბლიან ამინდშიც კი აღწევენ ჩვენამდე, ამიტომ, თუნდაც მზე არ ჩანდეს, ამინდს ნუ გაუთამამდებით.


- როგორ უნდა გაირუჯოს ის, ვისაც მზეზე ალერგია არ აქვს?

-  მათთვის გასარუჯად საუკეთესოა დრო ნაშუადღევის 13.00 საათამდე და საღამოს 17.00 საათის შემდეგ. ჯანსაღი გარუჯვისთვის ურიცხვი საშუალებაა შექმნილი: გარუჯვის დროს დამცავი რძე, სპრეი, ზეთი, გარუჯვის შემდგომ კანის დამამშვიდებელი, მისი ელასტიკურობისა და ფუნქციის აღმდგენი მალამოები, საცხები მათთვის, ვინც ეს-ესაა გარუჯვა დაიწყო. წესების დაცვა მათი გამოყენების დროსაც აუცილებელია:

  • პირველ დღეებში წაისვით კრემი, რომელსაც დაცვის მაღალი მაჩვენებელი აქვს.
  • ვიდრე მზეს მიეფიცხებით, მთელ სხეულზე უხვად წაისვით რძე, ზეთი ან სპრეი.
  • კოსმეტიკური საშუალება კანზე ყოველ 2 საათში ერთხელ დაიმატეთ.
  • რეგულარულად გამოიყენეთ სახის კანის დამცავი საცხები, რომელთა დამცავი ფაქტორი 20-ზე ნაკლები არ იქნება.
  • თუ სხეულზე ახალი ხალი შეამჩნიეთ, რომელიც სხვა ხალებისგან ფერით, რელიეფითა და ფორმით საგრძნობლად განსხვავდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ დერმატოლოგს.
  • გარუჯვის შემდეგ მიიღეთ თბილი (და არა ცივი) შხაპი. აბაზანა სასურველი არ არის - შესაძლოა კანი აგექერცლოთ.

თუ კანი მაინც დაგეწვათ, ვიდრე არ მოგიშუშდებათ, მზეზე არამც და არამც არ გახვიდეთ, იმკურნალეთ დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოებით.

- საიდუმლო არ არის, რომ ზღვის კურორტებიდან ბრინჯაოსფერი ნამზეურის გარდა შეიძლება სერიოზული დაავადებაც წამოიყოლო. ამ მხრივ რომელი ინფექციაა ყველაზე საშიში?

- ასეთ დაავადებათა ჩამონათვალი არცთუ ისე მცირეა. ესენი გახლავთ როგორც სქესობრივი, ისე არასქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის - სოკოვანი დაავადებები, ასევე - საშარდე სისტემისა და სმენის ორგანოს პათოლოგიები და სხვა. ზღვაზე ინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია, რადგან იქაური ჰავა და კლიმატი თავად უწყობს ხელს ინფექციების აქტიურ გამრავლებას, ამასთანავე, იქ მათი გავრცელებისთვისაც საუკეთესო პირობებია - წყალში უამრავი ადამიანი შედის, რომელთა შორისაც მრავლადაა დაავადებული; ისინი ნერწყვის, შარდისა და სასქესო გამონაყოფების მეშვეობით ჯანმრთელებსაც აინფიცირებენ. მართალია, ზღვის წყალში მოხვედრილ მიკროორგანიზმთა ნაწილი მარილიან გარემოში იღუპება, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც ასეთ გარემოშიც შეუძლიათ არსებობა და სხვათა დაინფიცირება. ვირუსებსა და გამომწვევებს ხშირად თავად მზეც ააქტიურებს. იგი გამშვები მექანიზმის როლს ასრულებს იმ მიკროორგანიზმთა გამოღვიძების პროცესში, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში მთვლემარე მდგომარეობაში იმყოფებიან. ულტრაიისფერი გამოსხივების ხანგრძლივი მოქმედებით ისინი უფრო სწრაფად მრავლდებიან და შეტევაზეც გადმოდიან. სწორედ მათ გამოღვიძებას უკავშირდება ის შემთხვევები, როდესაც ზღვაზე ერთი შეხედვით ჯანმრთელი ადამიანი რამდენიმე დღეში თავს შეუძლოდ გრძნობს, ეუფლება საერთო სისუსტე, რასაც აკლიმატიზაციას აბრალებს, უწევს სიცხე, რომელსაც მზის გულზე ყოფნით ხსნის, ეწყება ძვალ-სახსრების ტკივილი და ტეხა, შემაწუხებელი ქავილი სასქესო ორგანოთა არეში, ზოგჯერ დაავადებისთვის დამახასიათებელი გამონაყარიც უჩნდება.

- როგორ მოვიქცეთ ამ დაავადებების თავიდან ასაცილებლად, რა ვიღონოთ, რომ მთვლემარე პათოლოგიათა პროვოცირების ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ?

- სასქესო გზით გადამდები ინფექციების თავიდან აცილება ადვილია: თავი არიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს, უკიდურეს შემთხვევაში, გამოიყენეთ უსაფრთხო სექსის საშუალებები. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ქალბატონებს მენსტრუალური სისხლდენის დღეებში და მის დაწყებამდე 2 დღით ადრე - ამ დროს საშოO და საშვილოსნო განსაკუთრებით მგრძნობიარეა უცხო სხეულების მიმართ და დაავადების ალბათობა იზრდება. თუ ბანაობაზე უარს ვერ იტყვით, დამცავი ტამპონები და ჰიგიენური საშუალებები უნდა გამოიყენოთ. ტანი გაიმშრალეთ მხოლოდ საკუთარი პირსახოცით. ზღვიდან ამოსვლის შემდეგ აუცილებლად მიიღეთ შხაპი - ეს საგრძნობლად ამცირებს დასნებოვნების რისკს. ბანაობის შემდეგ ჩაიცვით ნატურალური ქსოვილის საცვლები - ნეილონისა და სინთეტიკური თეთრეული საჭირო აერაციას ვერ უზრუნველყოფს და დიდხანს ინარჩუნებს სინესტესა და სითბოს, რითაც ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ზოგ ქალს ჰგონია, რომ საშოს საჭიროზე ხშირი გამორეცხვა ინფიცირებისგან დაიცავს. ეს მცდარი შეხედულებაა. ხშირად გამორეცხვით საშოდან გამოიდევნება ნორმალური ბაქტერიული ფლორის შემადგენელი მიკროორგანიზმები, რაც საფუარის სოკოების გამრავლებასა და სოკოვანი დაავადების განვითარებას შეუწყობს ხელს. თუ გამონაყარი გაგიჩნდათ, სანაპიროს გზა დაივიწყეთ: ზღვის წყალი კანს არბილებს, გამონაყარის გარსს აზიანებს და მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. ნუ ივლით პლაჟზე, საერთო გასახდელებსა და საშხაპეებში ფეხშიშველი - შესაძლოა, ტერფისა და ფრჩხილის სოკოთი დაინფიცირდეთ. საკურორტო ინფექციათა გამომწვევებს "მარტოობა" არ უყვართ, ყველა მათგანი უმეტესად რომელიმე სხვა ინფექციასთან არის შერწყმული. ხშირია ჰერპესისა და გონოკოკის, ტრიქომონადისა და ქლამიდიის, ურეაპლაზმოზისა და მიკოპლაზმოზის კომბინაციები, ამიტომ თუ რომელიმე მათგანი აღმოგაჩნდათ, აუცილებლად ჩაიტარეთ ანალიზები მონათესავე ინფექციათა გამოსავლენად.


- რამ შეიძლება დაურღვიოს სიმშვიდე მაღალმთიან რაიონებში დასასვენებლად ჩასულებს და რისი გათვალისწინება მართებთ?

- მაღალმთიან რაიონებში დასასვენებლად ჩასულ ადამიანზე მოქმედებს დაბალი ტენიანობა, ჟანგბადის დაბალი პარციალური წნევა, მზის მაღალი რადიაცია და ჰაერის მაღალი იონიზაცია. ამ ფაქტორებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ჟანგბადის პარციალური წნევა. რაც უფრო მეტად ვშორდებით ზღვის დონეს, მით უფრო მეტად მცირდება ეს მაჩვენებელი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეითდება სისხლში მისი შემცველობა, ფერხდება ქსოვილებამდე ჟანგბადის მიტანა, ვითარდება ე.წ. სიმაღლის ჰიპოქსია, რომელზეც ორგანიზმი მტკივნეულად რეაგირებს. თავდაპირველად, ჟანგბადის უმნიშვნელო დეფიციტის დროს, იგი მის კომპენსირებას ახერხებს, მაგრამ იქ, სადაც ჰაერი საგრძნობლად არის გაუხშოებული, იწყება უძილობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ქოშინი, ზოგიერთს ეუფლება მსუბუქი ეიფორია, აწუხებს ოფლიანობა, ტაქიკადია და ძილიანობა. ხშირად ხდება, რომ გონი ეკარგებათ, ცხვირიდან სისხლის დენა ეწყებათ. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან სასუნთქი სისტემის პათოლოგიები აწუხებთ - მაღალმთიან რეგიონებში ყველაზე მეტად სწორედ მათ ელით საფრთხე. ზოგჯერ ქრონიკული დაავადებებიც მწვავდება, ამიტომ მაღალმთიან რაიონებში დასასვენებლად წასვლის წინ აუცილებელია კარგად დაფიქრება და ექიმის კონსულტაცია. თუ კურორტზე ჩასვლის შემდეგ მსგავსი სიმპტომები 3-4 დღე გაგრძელდა, არ დაგენანოთ იქ ჩასასვლელად გაწეული ხარჯი, დაბრუნდით უკან, რათა დროულად აიცილოთ თავიდან გართულებები. სხვა შემთხვევაში მაღალი მთის ჰაერი საუკეთესო მკურნალია, ამიტომ მთაში დასვენებას არაფერი სჯობს.

- უკანასკნელ ხანს ბევრი ჩვენი თანამემამულე დასვენებას საზღვარგარეთ ამჯობინებს, ამასთან ბევრი, უმთავრესად - ახალგაზრდები, ეგზოტიკურ ადგილებს ეტანება. რა საშიშროება ელით ასეთ ადგილებში ჩასულებს და როგორ მოიქცნენ, მშვიდად რომ დაისვენონ?

- უცხო, განსაკუთრებით კი ეგზოტიკურ ადგილებში წასვლამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რადგან მოგზაურობას არცთუ უმნიშვნელო რისკი ახლავს. გამგზავრებამდე სპეციალისტებთან ან ტურისტულ  სააგენტოებთან უნდა იკითხოთ, რა დაავადებებია გავრცელებული იმ ქვეყანაში, სადაც მიემგზავრებით და გაეცნოთ იმ ღონისძიებებს, რომელთა დახმარებითაც მათ თავიდან აიცილებთ. ინფექციებისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა კი პროფილაქტიკური ვაქცინაციაა, ანუ წინასწარ აცრა იმ ინფექციის საწინააღმდეგოდ, რომელთან შეხვედრაც აღნიშნულ ტერიტორიაზეა მოსალოდნელი.

- რომელ "ტურისტულ ინფექციებს" შეიძლება გადააწყდნენ საზღვარგარეთ ჩასული ჩვენი თანამემამულეები?

- უპირველეს ყოვლისა, ეს არის A ჰეპატიტი. იგი ზღვისპირა თბილ ქვეყნებში ჩასულებს ემუქრებათ. ინფექცია გადაედება დაბინძურებული პროდუქტებითა და წყლით, ამიტომ ასეთ ადგილებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰიგიენის წესების დაცვას, ხელების ბანას ენიჭება. ჩრდილოეთ აფრიკაში, ინდოეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში ფართოდაა გავრცელებული მუცლის ტიფი, რომელიც ჰეპატიტის მსგავსად ვრცელდება. მისგან თავის დასაცავად უმჯობესია  გამგზავრებამდე 2-3 კვირით ადრე აიცრათ. აღმოსავლური კოლორიტის მოყვარულებმა - ტაილანდში, ინდოეთში, ჩინეთში, ვიეტნამში მოგზაურებმა - ცოფისგან თავდაცვაზე უნდა იზრუნონ. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიში ტაილანდია. უკრაინაში, ავსტრიასა და ჩეხეთში უკანასკნელ წლებში იმატა ტკიპისმიერი ენცეფალიტის შემთხვევებმა, რომელიც, არსებითად, ზაფხულის ინფექციაა, რადგან დაავადების გადამტანი ტკიპები სწორედ ამ პერიოდში აქტიურდებიან. აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში გამგზავრების წინ აუცილებელია მიიღოთ ზომები ყვითელი ცხელებისა და ტროპიკული მალარიისგან თავის დასაცავად.

- ზოგისთვის იდეალური დასვენება თუ ეგზოტიკაა, ზოგისთვის ქალაქგარეთ, საკუთარ აგარაკზე გატარებულ რამდენიმე დღეს არაფერი შეედრება. რას ურჩევდით აგარაკზე დასვენების მსურველებს?

- გამგზავრებამდე გადაამოწმეთ სააგარაკე აფთიაქი, ნახეთ, არის თუ არა მასში ვალერიანი, ნიტროგლიცერინი, ის ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ. არ დაგავიწყდეთ ტკივილგამაყუჩებელი და ანტისპაზმური საშუალებები. რაღა თქმა უნდა, მოიმარაგეთ იოდის ხსნარი, წყალბადის ზეჟანგი, ბრილიანტის მწვანე, ბამბა და დოლბანდი, ასევე - ჩვეული მედიკამენტები, რომლებიც თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ნურც თერმომეტრსა და წნევის საზომ აპარატს დაივიწყებთ. ყურადღება გმართებთ ჩაცმისას: გარეთ ძლიერი სიცხეც რომ იყოს, ნუ ჩაიცვამთ ბოლომდე გაუშრობელ, თუნდაც ოდნავ ნესტიან ტანისამოსს იმ იმედით, რომ ტანზე შეგაშრებათ - ამ შემთხვევაში გაციებას ვერ გადაურჩებით. ტყეში ან ველზე გასვლისას, თუ მაღალ ბალახში მოგიწევთ სიარული, მწერებისგან თუ ქვეწარმავლისგან თავის დასაცავად აუცილებლად ჩაიცვით მაღალყელიანი ფეხსაცმელები. სხვა შემთხვევაში ისეთი ფეხსაცმლის ჩაცმა სჯობს, ჰაერს რომ ატარებს. შინ მწერებისა და სხვა დაუპატიჟებელი სტუმრებისგან სპეციალური ბადეებითა და რეპელენტებით დაიცავით თავი. თუ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას აპირებთ, ზამთრის განმავლობაში მოდუნებულ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას ერთბაშად ნუ დატვრთავთ - დატვირთვა ნელ-ნელა და თანდათანობით გაზარდეთ. ნუ დაუსახავთ თავს გეგმას: "დღეს ამას აუცილებლად გავაკეთებ". სამუშაო ორგანიზმის მდგომარეობას შეუსაბამეთ და გაიხსენეთ, რომ შვებულებაში ბრძანდებით. მოერიდეთ მზის გამოსხივებას. ნუ გაგიტაცებთ აგარაკზე გარუჯვის სურვილი, იმუშავეთ შარვლითა და გრძელმკლავიანი ზედატანით, რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ ქუდი. მხედველობიდან არც მზის დაკვრა და დამწვრობა გამოგრჩეთ.