ცურვის სასარგებლო და სახიფათო ასპექტები
XV საუკუნიდან კი სპორტის ამ სახეობაში საერთაშორისო დონის შეჯიბრებები რეგულარულად იმართება. XIX საუკუნიდან ცურვის მოყვარულთათვის სპეციალური საცურაო აუზების აგება დაიწყეს, რამაც მის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.
თანამედროვე სამყაროში ჯანსაღი ცხოვრების სტილის აქტიურ მიმდევართათვის ცურვა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული აქტივობაა. კუნთების გამაგრება, ზედმეტი კილოგრამების მოშორება ან უბრალოდ ნერვული დაძაბულობის მოხსნა თუ გსურთ, მიზნის მისაღწევად აუზზე სიარული თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ცურვას სულ უფრო მეტი ადამიანია მიმართავს. თუმცა სანამ აუზს მიაკითხავდეთ, უმჯობესია სპორტის ამ სახეობის შესახებ უფრო მეტი გაიგოთ, რათა ჯანმრთელობისთვის ზედმეტი ზიანის მიყენების გარეშე ცურვითაც ისიამოვნოთ და სასურველ შედეგებსაც მიაღწიოთ.
რა სარგებლობა მოაქვს ცურვას მამაკაცებისთვის?
აუზზე აქტიურად მოსიარულე მამაკაცს შორიდანვე იცნობთ. განიერი მხრები, ძლიერი ტორსი, გამოკვეთილი ზურგისა და მუცლის კუნთები ის მახასიათებლებია, რომლითაც ცურვის მოყვარული მამაკაცი სხვებისგან ძალიან გამოირჩევა. აუზზე რეგულარულ სიარულს, ესთეტიკური სარგებლის მოტანის გარდა, სხვა უამრავი უპირატესობა აქვს.
მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი – მამაკაცები გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა პათოლოგიის განვითარების რისკ-ჯგუფში არიან. აუზზე რეგულარულად სიარულს მათთვის ამ საფრთხის არიდების უნარი შესწევს. ცურვა გულის კუნთს ავითარებს და აძლიერებს, რაც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ორგანიზმის ამტანობას ზრდის.
მცირდება ტრავმების მიღების ალბათობა – ქალებთან შედარებით მამაკაცები უფრო მეტ ტრავმას იღებენ, რადგან ისინი გაცილებით რთულ ვარჯიშებს ასრულებენ, ვიდრე ქალები. ბოდიბილდერები, მოკრივეები და ძალოსნები განსაკუთრებით გამოირჩევიან ტრავმების მიღების სიხშირით. ცურვა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სპორტის სახეობაა, რადგან მისი შესრულების ტექნიკა სხეულის სერიოზული დაზიანებების მიღებას ფაქტობრივად გამორიცხავს.
სხეულის ყველა კუნთი ჰარმონიულად და თანაბრად ვითარდება – დარბაზში მოსიარულეებს ხშირად ახასიათებთ გარკვეული გადაჭარბებული ქმედებები, რაც სხეულის ფორმების არათანაბარ განვითარებას იწვევს. ზოგიერთ ადამიანს არასწორი ვარჯიშის გამო შეიძლება ერთი ხელი უფრო დაკუნთული ჰქონდეს, ვიდრე მეორე, ან მსგავსი დისპროპორცია ზედა და ქვედა კიდურებს შორის შეინიშნებოდეს. ცურვისას კი სხეულის ყველა კუნთი ერთნაირად იტვირთება, რაც საშუალებას გაძლევთ ჰარმონიულად განვითარებული ფიგურა ჩამოიყალიბოთ. აუზზე კვირაში 3-ჯერ თუ ივლით, ერთ თვეში იგრძნობთ, როგორ იმატებს ზურგის, მუცლის, ფეხების, დუნდულებისა და ხელის კუნთების ტონუსი.
მცირდება ერექციული დისფუნქციის განვითარების შანსი – ცურვის დროს მცირედი მასაჟი და აქტიური მოძრაობა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც მამაკაცის სექსუალურ ცხოვრებაზე დადებითად აისახება. ცურვის მოყვარულ მამაკაცებს ერექციული დისფუნქციის განვითარების საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ.
უმჯობესდება სუნთქვა – ცურვა სუნთქვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაგიყვანთ, რაც თქვენი ფილტვების ვენტილაციას გაზრდის და ორგანიზმის გამძლეობას გააორმაგებს.
ძლიერდება კუნთები, ძვლები და სახსრები – სხვა სპორტული აქტივობებისგან განსხვავებით, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სერიოზული დაზიანებების მქონე ადამიანებისთვის ცურვა სასურველ და სასარგებლო აქტივობად მიიჩნევა. კუნთების მონაცვლეობითი დატვირთვისა და განტვირთვის წყალობით მათი ქმედითუნარიანობა შესამჩნევად მატულობს.
ძლიერდება ხერხემალი – სქოლიოზის საწყისი სტადია სწორედ ცურვის დახმარებით იკურნება. ხერხემალზე დატვირთვა მცირდება, ზურგის ღრმა კუნთები კი სიმეტრიულად იტვირთება.
ორგანიზმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად კვირაში 3-ჯერ 60-90 წუთით ცურვაც საკმარისია. თუ სერიოზული სპორტული მიზნები გამოძრავებთ, მაშინ კვირაში 5-ჯერ მაინც 1,5-2 საათით უნდა დაიტვირთოთ.
აუზზე ცურვის უარყოფითი მხარეები
ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ საცურაო აუზზე ცურვას ნამდვილად აქვს თავისი უარყოფითი მხარეებიც. ზოგიერთ აუზზე წყლის ხარისხი შესაშური ნამდვილად არ არის. ყველა აუზი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით, რის გამოც წყლის გასაწმენდად ძველებური დაქლორვის მეთოდი გამოიყენება. ქლორი კი ზიანს აყენებს მგრძნობიარე კანის მქონე ან ალერგიულ ადამიანებს. აუზზე სიარულისას იმატებს კანის გადამდები დაავადებების შეძენის რისკიც, განსაკუთრებით ვერაგი ამ მხრივ სოკოვანი დაავადებებია. თუ აუზს რეგულარულად სტუმრობთ, სიფრთხილის გამოჩენა არ გაწყენდათ. აუცილებლად უნდა დაიცვათ უსაფრთხოების წესები, რათა ზედმეტი უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. ზედმეტ აქტივობასა და გადატვირთვას თქვენი სახსრების დაზიანების უნარი შესწევს. გირჩევთ, აუცილებლად გაითვალისწინოთ ინსტრუქტორის რჩევები და თუ გამოუცდელი ხართ, ძალიან ნუ გათამამდებით.
ვისთვის არის რეკომენდებული აუზზე სიარული?
აუზზე სიარული არამხოლოდ სხეულის სილამაზეზე მზრუნველი ადამიანებისთვის, არამედ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პირებისთვისაც ძალიან სასარგებლოა. შეგიძლიათ აუზზე აქტიურად იაროთ, თუ: წონის დაკლება ან კუნთების დაყენება გსურთ, ოსტეოქონდროზი ან სქოლიოზი გაწუხებთ, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემებით იტანჯებით, ერექციული დისფუნქციისა და პროსტატის პროფილაქტიკა გსურთ, ან სტრესულ სიტუაციაში იმყოფებით და განტვირთვა გჭირდებათ.
აუზზე სიარულის უკუჩვენებები
მიუხედავად იმისა, რომ ცურვა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სპორტული აქტივობაა, ის ყველასთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. აუზზე სიარული თქვენთვის უკუნაჩვენებია, თუ: ინფექციური დაავადებები გაწუხებთ, გაქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება გამწვავების სტადიაში, გულის სერიოზული დაავადების დიაგნოზი დაგისვეს, გაწუხებთ ალერგია ან კანის რომელიმე დაავადებას ებრძვით, გაქვთ ტუბერკულოზი, კანის მძიმე დაზიანება ან ჭრილობა.
რეკომენდაციები ცურვის მოყვარულებს
- თუ აუზზე სიარული გიყვართ, გარკვეული წესების დაცვა მოგიწევთ, რომელთა უგულებელყოფა სარგებელს ნამდვილად არ მოგიტანთ. აუზში ჩასვლამდე აუცილებლად გადაივლეთ წყალი, აბაზანის მიღება აუცილებელია ცურვის დასრულების შემდეგაც. დაიხურეთ ქუდი, რათა თქვენი თმა ქლორის უარყოფითი ზემოქმედებისგან დაიცვათ. აუზიდან ამოსვლისას აუცილებლად ჩაიცვით რეზინის ფლოსტები, რათა თავიდან აიცილოთ დაცემა (შესაძლოა სველი ფეხი იატაკზე აგიცდეთ), სწორად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. თუ ცურვა კარგად არ იცით, ძალიან ღრმად ნუ შეცურავთ. თუ რომელიმე ინფექციის დიაგნოზი დაგისვეს (განსაკუთრებით ეს ეხება სოკოს), აუზისგან თავი შორს დაიჭირეთ. ცურვა მხოლოდ სრული გამოჯანმრთელების შემდეგ უნდა განაგრძოთ. აუზიდან ამოსვლის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ კანი და თმები.
- საცურაო აუზზე ყოფნისას ეცადეთ არ შექმნათ „ავარიული“ სიტუაციები. როდესაც წყალში გადახტომას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ირგვლივ არავინაა, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო შეჯახებები. ეცადეთ ხელი არავის შეუშალოთ. სანამ ცურვის დაწყებას ოფიციალურად გადაწყვეტდეთ, უმჯობესია ექიმს ეჩვენოთ, რათა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ შეფასდეს. თუ ექიმი ნებართვას მოგცემთ, შეგიძლიათ აუზს რეგულარულად ესტუმროთ.
- ცურვის შემდეგ აუცილებლად მოგწყურდებათ. ამიტომ აუზზე ყოფნისას თან იქონიეთ წყალი. ფიზიკური დატვირთვა მადასაც გამოგიღვიძებთ. ცურვის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ, მსუბუქი და სასარგებლო ხემსი მიირთვათ.