როგორ დავასვენოთ კუნთები
ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცევა, შედეგად კი მუდმივ გაღიზიანებას, უძილობას, გაფუჭებულ ურთიერთობებს და, რაც მთავარია, შერყეულ ჯანმრთელობას ვიღებთ. გამოსავალია მოდუნება, სულიერი წონასწორობის აღდგენა, რაც სტრეს-ფაქტორების მიმართ ორგანიზმის ამტანობას ზრდის და კარგი განწყობის შექმნას უწყობს ხელს.
"რელაქსაცია" ინგლისური სიტყვაა და მოდუნებას, მოშვებას ნიშნავს. ყველამ კარგად ვიცით, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, მაგრამ ბევრისთვის კიდევ უცნობია, როგორ მოახერხოს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის ოპტიმალური მოდუნება. სპორტული მეთოდისტი ალექსანდრე აზიზბეკიანი სწორედ იმ მეთოდების შესახებ გვესაუბრება, რომელთა დახმარებითაც ადამიანი სიმებივით დაჭიმული კუნთების მოდუნებას და მთელი ორგანიზმის რელაქსაციას შეძლებს.
- დღეს უამრავი სარელაქსაციო მეთოდი არსებობს, რომლებიც ადამიანს დაძაბული დღის შემდეგ მოდუნების, ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს და ახალი ძალებით ავსებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ მასაჟი, ჰიდრო- და თერმოთერაპიული პროცედურები, ნორმალური ძილი, დასვენება და მედიტაციის ელემენტების შემცველი აუტოვარჯიშები.
- როგორ მიიღწევა მასაჟით კუნთების მოდუნება და ორგანიზმის რელაქსაცია?
- მასაჟი მანიპულაციაა, რომლის დროსაც ორგანიზმის რბილ ქსოვილებზე გარკვეული სახის ზემოქმედება ხდება. ეს არის გამაჯანსაღებელი ქმედება, რომელიც ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ადუნებს კუნთებს, ზრდის ორგანიზმში ენდორფინების სეკრეციასა და მათი მოქმედების დიაპაზონს, ამცირებს ტკივილსა და მშფოთვარე შეგრძნებებს.
მასაჟი განსაკუთრებით ეფექტიანია სტრესული დატვირთვის, დეპრესიისა და განგაშის შესამცირებლად, ვინაიდან იგი ამშვიდებს ადამიანს და ამცირებს ტკივილის აღქმას. მასაჟის დროს უმჯობესდება სახსრისა და მის ახლომდებარე ქსოვილთა სისხლმომარაგება, ჩქარდება სინოვიური სითხის წარმოქმნა და მოძრაობა, რის შედეგადაც სახსროვანი ელემენტების ანატომიურ-ფუნქციური მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება. კუნთებში ძლიერდება სისხლის მიმოქცევა და ჟანგვა-აღდგენითი პროცესები, ქსოვილებს მეტი ჟანგბადი მიეწოდება და მათგან ნარჩენი პროდუქტების გამოტანაც გაცილებით სწრაფად ხდება. ქრება დაღლილობა და ტკივილის შეგრძნება, რაც რამდენადმე ზრდის კუნთების ამტანობას.
კუნთების მოსადუნებელი მასაჟის დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს, მასაჟი უნდა ტარდებოდეს თბილ, მშვიდ, გარემოში. ეს ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას და კუნთების ტონუსის დაქვეითებას. სპეციალური არომატები, დაბალი ტონები და მშვიდი მუსიკა ასევე ადუნებს კუნთებს. ეფექტს ზრდის საცხები, რომლებიც სხეულზე ხელით შეხების დროს ამცირებს ხახუნს და აადვილებს მასაჟს.
ზოგადი მასაჟი ტარდება მთელ სხეულზე განსაკუთრებული მოძრაობების თანამიმდევრობის მკაცრი დაცვით, მას უმეტესად პროფილაქტიკური მიზანი აქვს, ემსახურება ორგანიზმის გამძლეობის გაზრდას და დაღლილობის მოხსნას.
ლოკალური (ადგილობრივი) მასაჟი ტარდება სხეულის რომელიმე ნაწილზე როგორც პროფილაქტიკური, ისე სამკურნალო მიზნით. მისი მიზანია სხეულის კონკრეტული უბნის მოძლიერება და ფუნქციათა აღდგენა-გაუმჯობესება.
ჰიდრომასაჟი ორგანიზმზე წყლის ძლიერი ნაკადით ზემოქმედებაა. ამ დროს მასაჟდება ზურგი, ქვედა კიდურები, მკერდი, ზედა კიდურები, რაც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ააქტიურებს ქსოვილთა სისხლმომარაგებას, ხსნის კუნთების დაჭიმულობას და ადუნებს სხეულს.
მასაჟის ჩატარება არ შეიძლება, როდესაც ადამიანს აქვს ღია ჭრილობა ან კანის ინფექცია. ჩვეულებრივი დამამშვიდებელი მასაჟი მტკივნეულ შეგრძნებებს არ უნდა იწვევდეს. გამონაკლისია სპეციალური ტექნიკა.
- მასაჟის რომელი ფორმები გამოიყენება კუნთების მოსადუნებლად?
- ამისთვის გამოდგება როგორც სპორტული, ისე სამკურნალო და ჰიგიენური მასაჟი.
სპორტულ მასაჟს სპორტსმენის სპორტული ფორმის გასაუმჯობესებლად მივმართავთ. მისი მიზანია დაღლილობის მოხსნა, ფიზიკური გამძლეობის მომატება, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაცვა, ტრავმების პროფილაქტიკა.
სამკურნალო მასაჟი სხვადასხვა სახის ტრავმისა თუ დაავადების დროს ტარდება. მისი მიზანი სახსრის ან კუნთის დარღვეული ფუნქციის აღდგენაა.
ჰიგიენური მასაჟი ტარდება აბაზანაში, შხაპის ქვეშ და ითვალისწინებს თვითმასაჟს: დაზელას, დაჭიმვას, ვიბრაციას. კუნთების მოსადუნებლად კარგია მასაჟი ფეხებით. ეს არის წერტილოვანი მასაჟის, კუნთებზე ღრმა პრესურული მოქმედების, მსუბუქი მანუალური თერაპიისა და ბიოენერგეტიკული მოქმედების კომბინაცია. მას შესანიშნავი ანტისტრესული ეფექტი აქვს, ადვილად ხსნის დაღლილი კუნთების დაჭიმულობას, აახლოებს დაშორებულ მალათაშუა არეებს. განსაკუთრებით უხდება დიდი მასის და ხანგრძლივად გაუვარჯიშებელი კუნთების მქონე ადამიანებს, რადგან დასუსტებული მუსკულატურის აღმდგენი საუკეთესო საშუალებაა.
ბევრი ამჯობინებს ტაილანდურ მასაჟს, რომლის მეთოდიკა ითვალისწინებს სხეულზე, მის ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებსა და მერიდიანებზე სამკურნალო მცენარეებით სავსე თბილი ტომრების დაწყობას. ეს ხელს უწყობს ორგანიზმში ენდორფინების (ტკივილის დამბლოკავი ნივთიერებების) გამოყოფას. ტკივილი ყუჩდება, ძლიერდება სხეულის საჭირო მიდამოებში სისხლისა და ჟანგბადის მიწოდება.
მასაჟი ორგანიზმს დაავადებებთან უკეთ ბრძოლისა და გამკლავების საშუალებას აძლევს.
- ჰიდრომასაჟის დადებითი გავლენის შესახებაც გვითხარით რამდენიმე სიტყვა...
- ჰიდრომასაჟი ჰიდროთერაპიის ერთ-ერთი სახეა. ამ დროს ადამიანზე მოქმედებს სხვადასხვა ტემპერატურისა და წნევის წყლის ჭავლი. წყლის ტემპერატურაზე უშუალოდ არის დამოკიდებული ჰიდრომასაჟის შედეგი, კერძოდ, ცივი წყალი კუნთების ტონუსის მატებას იწვევს, თბილი და ცხელი წყლით კი კუნთების ტონუსის დაქვეითება და მოდუნება მიიღწევა.
ჰიდრომასაჟის ყველაზე გავრცელებული სახე შხაპია. მისი მრავალი სახეობა არსებობს: წვიმისებრი, ნემსისებრი, მტვრისებრი (დაღმავალი შხაპი), შორისის შხაპი (აღმავალი), ნაკადისებრი (შარკო და შოტლანდიური), მარაოსებრი და ცირკულარული.
შხაპები ერთმანეთისგან განსხვავდება წნევის ძალითაც. ორგანიზმზე დამამშვიდებლად მოქმედებს წვიმისებრი, მარაოსებრი და ცირკულარული შხაპი, რომელიც მიიღება დაბალი წნევის თბილი წყლის ჭავლით. ეფექტიანია არომატული აბაზანებიც. ამ მხრივ გამოირჩევა წიწვის აბაზანა. წიწვების ექსტრაქტი იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს და დადებით ემოციებს. კანის რეცეპტორებისა და ყნოსვის ანალიზატორების გაღიზიანება რთული რეფლექსური გზით სედაციურად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ორგანიზმის საერთო მოდუნებას იწვევს.
გამოიყენება ვიბრაციული აბაზანებიც: სხეულზე მოქმედებს მექანიკური ვიბრაცია, რომლიც მას თბილი წყლის ფენით გადაეცემა. ვიბრაციული აბაზანის დროს, თერმულ და ჰიდროსტატიკურ ეფექტთან ერთად, ორგანიზმი განიცდის ვიბრაციის მექანიკურ ზემოქმედებას. დაბალი ბგერითი სიხშირის მექანიკური რხევა იწვევს ანალგეტიკურ, მასენსიბილიზებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, აუმჯობესებს ქსოვილების კვებას. დოზირებული ვიბრაციის ზემოქმედებით უმჯობესდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, ქსოვილებში ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა; დატვირთვის შემდგომ მცირდება კუნთების დაღლილობა და იმატებს მათი შრომისუნარიანობა. განსაკუთრებით კარგია კისრისა და გავა-წელის ოსტეოქონდროზით დაავადებულებისთვის, ასევე - საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების ტრავმის შემდგომ.
- თერმოთერაპიის რომელი სახეობა ახდენს დამამშვიდებელ გავლენას საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე?
- თერმოთერაპიული საშუალებებიდან აღსანიშნავია უწყლო, თეთრი პარაფინით მკურნალობა და ქვიშის აბაზანები. თერმოთერაპიის დროს ორგანიზმზე მოქმედებს სითბური ფაქტორი, რომლის წყალობითაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. ფართოდ გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანების, სახსრების, ძვლების და კუნთების ტრავმული დაზიანებისას.
ქვიშის აბაზანებს ჩვენში უხსოვარი დროიდან იყენებენ. ზღვის ან მდინარის თბილ ან ცხელ ქვიშაში ჩაწოლისას ადამიანი საოცრად ეშვება. ოღონდ გახსოვდეთ: ამ დროს თავი მზის პირდაპირი სხივებისგან დაცული უნდა იყოს! კუნთების მოდუნებას იწვევს თიხისა და ტალახის აპლიკაციებიც.
- გარდა სპეციალური მეთოდებისა, რა საშუალებით შეიძლება მოვადუნოთ დაღლილი კუნთები?
- ამისთვის კარგია მწვანე ჩაი, რომელშიც დიდი რაოდენობით არის ანტიოქსიდანტები. ისინი სხეულიდან თავისუფალ რადიკალებს გამოდევნიან. დღეში 1-2 ფინჯანი ჭიქა მწვანე ჩაი ადვილად მოადუნებს კუნთებს და შრომისუნარიანობასაც გაზრდის. გამთბარ კუნთებში სისხლი უკეთ მოძრაობს, ამიტომ კარგია საუნაც. 10-15 წუთი საკმარისია იმისთვის, რომ დაჭიმული კუნთები განიმუხტოს და კვლავ თვინიერი და ელასტიკური გახდეს.
კუნთების ქრონიკული დაღლილობის მოხსნა შესაძლებელია რეფლექსთერაპიითაც. რამდენიმე აკუპუნქტურული წერტილის დამუშავება ასევე ხსნის ზოგიერთი კუნთის ქრონიკულ დაღლილობას.
კარგი იქნება, თუ თვალს გადაავლებთ კვების რაციონს და მაგნიუმის შემცველი პროდუქტებით შეავსებთ. ეს ელემენტი კუნთების მოდუნების საშუალებას იძლევა. მაგნიუმით მდიდარია ყავისფერი ბრინჯი, ისპანახი, ნუში და მიწის თხილი.
- როგორ მოვდუნდეთ მედიტაციის ელემენტების საშუალებით?
- ეს აუტოტრენინგი უფროა, რომელიც დღის ბოლოს უნდა ჩაიტაროთ. ამისთვის საკმარისია:
- დაჯდეთ რბილ სკამზე ან სავარძელზე და წარმოიდგინოთ თავი წარსულში. გაიხსენეთ ის დრო, როდესაც ჯანმრთელი, ბედნიერი და თავისუფალი იყავით, გაიხსენეთ შვებულება ზღვის პირას, წარმოიდგინეთ, როგორ მიირთმევთ საყვარელ დესერტს და ა.შ.
- მოგონების დროს ეცადეთ დეტალურად გაიხსენოთ ყველა დეტალი, რომელიც კი თქვენს მეხსიერებაში ინახება, ლამაზი ადგილები, სასიამოვნო არომატები და მელოდიები, გაიხსენეთ სიმშვიდის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების შეგრძნება.
- ასეთი განწყობით წარმოიდგინეთ, თითქოს თქვენი ოცნების სამყაროს კარს აღებთ, შედით იქ, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც გსურთ, რამდენიმე წუთი გაჩერდით და შემდეგ დაბრუნდით უკან, თქვენს რეალურ ცხოვრებაში, ლაღი, თავისუფალი, დამოუკიდებელი და მშვიდი.
ყველას, ვინც კუნთების მოდუნებას ცდილობს, მინდა ერთი რჩევა მივცე. პირველ ხანებში რაც უფრო მეტად გვსურს ამის მიღწევა, მით უფრო მეტად გვიძნელდება. კუნთების მოდუნება ჩვევაა, რომელიც ვარჯიშით უნდა გამოვიმუშაოთ. როგორი დაჭიმული და დაძაბულიც არ უნდა იყოთ, რელაქსაციისთვის შესაფერისი დრო და ადგილი შეარჩიეთ, ივარჯიშეთ ყოველდღე და გამოიმუშავეთ ეს რთული, მაგრამ აუცილებელი ჩვევა.