20-წუთიანი ვარჯიში ისევე აუმჯობესებს მეხსიერებას, როგორც ფინჯანი ყავა
დასავლეთის უნივერსიტეტის (კანადა) მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Scientific Reports.
მკვლევარებმა შეადარეს, თუ როგორ იმოქმედა მოკლე, ზომიერი ინტენსივობის აერობულმა ვარჯიშმა და ფინჯანმა ყავამ სამუშაო მეხსიერებაზე, რაც არის ინფორმაციის დროებით შენახვა და გამოყენება დავალების შესრულებისას. ჩვენ აქტიურად ვიყენებთ სამუშაო მეხსიერებას ყოველდღიურ ცხოვრებაში და ის განსაზღვრავს, თუ როგორ მივაღწევთ წარმატებას სკოლაში თუ სამსახურში.
ექსპერიმენტში 59 მოხალისე მონაწილეობდა. ყველა მათგანს ჩაუტარდა ტესტირება სამუშაო მეხსიერების სიმძლავრეზე. 29 მათგანი ენერგიულად დადიოდა სარბენ ბილიკზე 20 წუთის განმავლობაში, დანარჩენებმა დალიეს ფინჯანი ყავა, ზოგიერთი მათგანი ამ სასმელის მოყვარული იყო და მას რეგულარულად სვამდა, ზოგი კი - არასოდეს ღებულობდა. ამის შემდეგ ჩატარდა მეხსიერების ტესტი.
გაირკვა, რომ ვარჯიშმა მეხსიერების გაუმჯობესებას შეუწყო ხელი ისევე, როგორც ყავამ.
ეს ეფექტი დაფიქსირდა როგორც ყავის მსმელებში, ასევე მათ შორის, ვინც მას ადრე არ სვამდა.
მკვლევარებმა ასევე გამოსცადეს, დაეხმარა თუ არა ვარჯიში იმ სიმპტომებთან ბრძოლაში, რომლებიც წარმოიქმნება ყავაზე უარის თქმისას - დაღლილობის გრძნობა, კონცენტრაციის პრობლემები, ცუდი განწყობა, მოტივაციის ნაკლებობა და თავის ტკივილი. ამისათვის ყავის 25 მოყვარულს სთხოვეს უარი ეთქვათ საყვარელ სასმელზე 12 საათის განმავლობაში. მაგრამ 20 წუთი ენერგიული სიარული დაეხმარა მათ თავი დაეღწია უსიამოვნო გრძნობებისგან, განსაკუთრებით ენერგიის ნაკლებობისა და დეპრესიული განწყობისგან.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვარჯიშის ეს დადებითი ეფექტი განპირობებულია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებით და ჰორმონების დოფამინისა და ეპინეფრინის გამოყოფით, რომლებიც ამაღლებენ განწყობას და აძლევს ენერგიას. ამიტომ, დღის განმავლობაში ყავის დალევის ნაცვლად, უმჯობესია გაისეირნოთ, შემდეგ კი შუადღისას მოდუნება და ძილიანობა არ შეგაწუხებთ, ამბობენ კვლევის ავტორები. ხოლო მათ, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ სვამს ყავას, ხანმოკლე ვარჯიშები მას ადვილად შეცვლის.