5 მიზეზი, რატომ უნდა შეასრულოთ დილაობით გამამხნევებელი ვარჯიში
მხნეობისა და გუნება-განწყობის ასამაღლებლად ზოგი მაშინვე არომატულ ყავას იდუღებს, ზოგი კი დღეს შხაპის მიღებით იწყებს. ცოტა თუ მიმართავს დილის გამამხნევებელ ვარჯიშს. არადა, ის სწორედაც რომ ყველაზე უკეთ ამხნევებს! როგორც პრაქტიკა აჩვენებს, აქტიურ რეჟიმზე სწრაფად გადადიან ისინი, ვინც ფიზიკური ვარჯიშით ეხმარებიან ორგანიზმს გამოღვიძებაში.
მაინც, რა სარგებელი მოაქვს დილის გამამხნევებელ ვარჯიშს? რისთვის არის ის საჭირო? რომელი ვარჯიშების შესრულება ჯობს დილაობით?
საჭიროა თუ არა დილის ვარჯიში?
შეგიმჩნევიათ, ალბათ, საზოგადოდ, რამდენი ადამიანია ცუდ ხასიათზე დილაობით? ექიმებს მიაჩნიათ, რომ ამ მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი ჰიპოკინეზიაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა. არაფერია გასაკვირი. ამუშავებული (ამოქმედებული) კუნთები ტვინს უგზავნიან საკმარისი რაოდენობის იმპულსებს, რისი წყალობითაც ტვინი აქტიურად „მობილიზდება“ სამუშაო განწყობისთვის.
ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ დილის გამამხნევებელ ვარჯიშზე, ხშირად განიცდიან ნერვულ აგზნებადობას და ქრონიკულ დაღლილობას. ისინი უჩივიან დილაობით ენერგიისა და მხნეობის ნაკლებობას და მხოლოდ შუადღისთვის შეიგრძნობენ აქტივობის ზრდას.
რატომ არის საჭირო ვარჯიში?
ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია სრულად გაღვიძება მაღვიძარას ხმაზე. და იმ მომენტშიც კი, როდესაც ადამიანი დგება საწოლიდან, მისი ყველა შინაგანი ორგანო და სისტემა კვლავ აგრძელებს „დასვენებას“. ძილის დროს სისხლის მიმოქცევა ნელდება, ფერხდება მეტაბოლიზმი, იკლებს გონებრივი აქტივობა. სწორედ ამიტომ გამოღვიძებისას ადამიანი შეიგრძნობს ერთგვარ შეფერხებულობას, მსუბუქ დამუხრუჭებას. გაღვიძებისას როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი შრომისუნარიანობა რამდენამდე დაქვეითებულია. დილით რეაქციების სიჩქარეც საგრძნობლად გაუარესებულია. ასეთი მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს (ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით) 1-დან 3 საათამდე. იმისათვის, რომ სრულად გაიღვიძოთ და „დაიფერთხოთ“ ერთგვარი „შეფერხებულობა“, აუცილებელია სახსრებისა და კუნთების ამუშავება (ამოქმედება). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჭიროა დალაობით ვარჯიში.
რა სარგებლობა მოაქვს ვარჯიშს?
მშობლები ბავშვობიდანვე გვიჩიჩინებდნენ და გვიხსნიდნენ გამამხნევებელი ვარჯიშების მნიშვნელობას. ბევრი ვერ აცნობიერებს და არ ითვალისწინებს ამ რეკომენდაციებს. არადა, დილის ფიზიკურ აქტივობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორგანიზმისათვის. ის უზრუნველყოფს:
1) სიმხნევის მომატებას:
ადამიანის ორგანიზმი ბევრად უფრო სწრაფად და აქტიურად იღვიძებს, თუნდაც ხანმოკლე ვარჯიშის შესრულების შემდეგ. ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ აქტიურდება სისხლის მიმოქცევა. ყველა ორგანო და ქსოვილი იწყებს აქტიურად გაჯერებას ჟანგბადით. ადამიანი შეიგრძნობს ენერგიის მოზღვავებას და განწყობის გაუმჯობესებას. ტვინი, რომელიც ვარჯიშის წყალობით იღებს საკუთარ წილ ჟანგბადს, აქტიურად ერთვება სამუშაო პროცესში.
2) აუმჯობესებს ფიზიკურ ფორმას:
რეგულარული ვარჯიში იწვევს კუნთოვანი ქსოვილის გაძლიერებას. ფიზიკური აღზრდა დადებითად მოქმედებს ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობაზე. მარტივი და მოკლევადიანი ტანვარჯიშიც კი კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების განვითარების შესანიშნავი პრევენციაა. დილის ვარჯიში ასტიმულირებს მეტაბოლიზმს. ამის წყალობით ადამიანი თანდათან იძენს ლამაზ ფორმებს. ზოგიერთი კუნთი ამოტუმბვა-ამობურცვას განიცდის, მუცელი იჭიმება, სხეულის ფორმები იხვეწება და ტანადობა იკვეთება.
3) ამაღლებს გუნება-განწყობას:
ბევრი ფიქრობს, რა საჭიროა ვარჯიშზე დროის კარგვა, როცა შეიძლება ფინჯანი ყავით გამოფხიზლება? ეს არასწორია. არომატიზებული სასმელი არ იძლევა იმ ენერგიასა და პოზიტიურობას, რასაც დილის გამამხნევებელი ვარჯიში უზრუნველყოფს. დილის ფიზკულტურა გულისხმობს მარტივ ვარჯიშებს, რომლებიც მიზნად ისახავს კუნთების გათბობა-გახურებას და სახსრების „ამუშავება-ამოქმედებას“. დილის ფიზიკური ვარჯიში არ მოიცავს განსაკუთრებულ და ზედმეტ დატვირთვას. და ამიტომ ის არ იწვევს დაღლილობის ან ტკივილის შეგრძნებას.
ვარჯიშის დროს ორგანიზმში იზრდება ენდორფინების გამომუშავება. ენდროფინებს – სიხარულისა და ბედნიერების ჰორმონებს – შეუძლიათ საგრძნობლად გააუმჯობესონ ადამიანის განწყობა და დამუხტონ დადებითად მთელი დღის განმავლობაში.
4) განამტკიცებს ნებისყოფას:
ვარჯიშების შესრულების გადაწყვეტილება ადამიანს აიძულებს 10-15 წუთით ადრე ადგომას. თავდაპირველად სწორი დამოკიდებულებითა და შესაბამისი მოტივაციით ამ ბარიერის გადალახვა მარტივად ხდება. მაგრამ დროთა განმავლობაში, დაახლოებით 20-21 დღეს, შეიძლება სერიოზული სირთულეები დაიწყოს. დადებითი შედეგები ამ დროს ჯერ კიდევ ნაკლებად შეიმჩნევა. ამიტომ ზოგს სხვაგვარი აზრები ეკვიატება: „რა საჭიროა ეს ვარჯიში, ის მაინც არაფერს იძლევა. სჯობს დამატებით 10-15 წუთი დაძინება და სხვა“. ზუსტად ამ მომენტში მნიშვნელოვანია, არ დაემორჩილოთ ასეთ აზრებს და გადალახოთ საკუთარი თავი. ეს „ვარჯიში“ მნიშვნელოვნად გამოწვრთნის და განამტკიცებს თქვენს ნებისყოფას.
ჰელ ელროდი თავის საქვეყნოდ ცნობილ წიგნში „დილის მაგია“ აცხადებს, რომ 21-ე დღის კრიზისის გადალახვით და 30-ე დღემდე მიღწევით ადამიანს სრულად უყალიბდება ჩვევები და ნებისყოფა. ორგანიზმი სულ უფრო ადვილად იღვიძებს და პოზიტიური დამოკიდებულება დილის ვარჯიშებისადმიც სულ უფრო მეტად იზრდება.
5) განამტკიცებს ჯანმრთელობას:
დილის ვარჯიშები კომპლექსურ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ისინი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და აჩქარებს მეტაბოლიზმს. გაუმჯობესებული სისხლის ნაკადის წყალობით ყველა შინაგანი ორგანო იღებს საკმარის კვებას და იწყებს ბევრად უფრო აქტიურად ფუნქციობას.
დილის ვარჯიშის სარგებელი მოიცავს შემდეგ ეფექტებს:
- გულის კუნთის გაძლიერება;
- სასუნთქი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესება;
- კუნთების ელასტიკურობის გაზრდა;
- სისხლძარღვების მდგომარეობის ნორმალიზება, მათი გამტარიანობის გაზრდა;
- ტანდეგობის გამოსწორება;
- ყურადღების კონცენტრაციის გაზრდა;
- სახსრების მობილურობის მომატება;
- ტვინის ფუნქციის სტიმულირება;
- გამძლეობის გაზრდა;
- ვესტიბულური აპარატის ფუნქციის ნორმალიზება.
დილის გამამხნევებელი (და არამარტო ის) ვარჯიში განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იძულებულნი არიან იცხოვრონ მჯდომარე ცხოვრების წესით. მათთვის ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებულად აუცილებელია.