სასარგებლო ვარჯიშთა სიაში პირველი სირბილი გახლდათ, მეორე - ველოსიპედით სეირნობა, მესამე - ცურვა.
სირბილს მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისათვის. სირბილის დროს ადამიანის პრაქტიკულად ყველა სისტემა აქტიურდება. დატვირთვის უდიდესი წილი მოდის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რომელიც ქსოვილებს
სირბილს ის უპირატესობა აქვს, რომ მინიმალური მატერიალური დანახარჯებით მაქსიმალური ფიზიოლოგიური ეფექტის მიღწევა შეიძლება.
ცნობილი ზელანდიელი მწვრთნელი, არტურ ლიდიარდი, რომელიც მეტად პოპულარული გამაჯანსაღებელი რბენის ფუძემდებლადაა აღიარებული, ამბობდა, რომ შუა ხნის ადამიანს, თუკი რეგულარულად დარბის, ცხოვრების ინტერესი უახლდება. ლიდიარდმა სირბილის მნიშვნელობას წიგნიც კი მიუძღვნა შთამბეჭდავი სახელწოდებით: “სირბილი პროფესიის მწვერვალებისკენ”. ამ საინტერესო თხზულებაში ავტორი ასაბუთებს, რომ ჯანმრთელი გულის მქონე 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს სულ ადვილად შეუძლია დაიბრუნოს განვლილი წლები. ამისთვის საკმარისია, დილაობით ნახევარი საათით ადრე ადგეს, უახლოესი პარკისა თუ მოედნისკენ გაეშუროს და 10-15 წუთი ირბინოს. თუ ამას რეგულარულად გააკეთებს და თან გამაკაჟებელ შხაპსაც მიიღებს, მთლიანად აინაზღაურებს უქმად კოტრიალში დაკარგულ დროს.
სირბილი მართლაც ძალზე აკაჟებს და აჯანსაღებს ორგანიზმს. ასე რომ არ იყოს, ვარჯიშის ამ სახეობაზე ამდენს როდი დაწერდნენ. მაგალითად, ცნობილი ქირურგი, აკადემიკოსი ნიკოლოზ ამოსოვი, თავის ნაშრომებში დისტანციაზე რბენის ათვისების რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს. სირბილს რაღა სწავლა უნდაო? - გაიკვირვებს, ალბათ, ბევრი. მართლაც, გარბენის ტექნიკა იმდენად მარტივია, რომ ცურვის, ველოსიპედის მართვის, ციგურებით სრიალისა და სპორტის მრავალი სხვა სახეობისაგან განსხვავებით, საგანგებო დასწავლა არ სჭირდება, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება აუცილებელია. ეს დეტალები გახლავთ ტორსის (სხეულის) სწორად დაჭერა, ცხვირით (და არა პირით) სუნთქვა და ა. შ.
ყველასთვის შეიძლება თუ არა სირბილი?
ამ კითხვაზე პასუხი ასეთი გახლავთ: სირბილი თითქმის ყველასთვისაა რეკომენდებული. ვის გულისხმობს ეს “თითქმის”? როგორც მედიკოსები ამტკიცებენ, სირბილი არასასურველია მხოლოდ მათთვის, ვინც მოსვენების დროსაც კი ქოშინებს, ესე იგი, ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და გარკვეული საფრთხეც კი ემუქრება. უფრო კონკრეტულად, სირბილი ეკრძალებათ მათ, ვისაც აქვს:
- გულის თანდაყოლილი მანკი;
- სისხლის მიმოქცევის უკმარისობა;
- გულის რიტმის მნიშვნელოვანი დარღვევა;
- ქვედა კიდურების თრომბოფლებიტი.
სირბილი არ შეიძლება ამა თუ იმ დაავადების გამწვავების პერიოდშიც (ცხადია, იგულისხმება ქრონიკული პათოლოგიები).
მცდარია შეხედულება, თითქოს ჰიპერტონიული დაავადების მქონეთათვის სირბილი, საზოგადოდ, მავნებელია. სინამდვილეში ეს მეტად ინდივიდუალურია და ადამიანის ორგანიზმის შესაძლებლობებსა და თავისებურებებზეა დამოკიდებული. სირბილის ნებას ექიმები ზოგჯერ ჰიპერტონიული დაავადების მეორე სტადიის დროსაც კი რთავენ.
ასე რომ, თუ რამე გაწუხებთ, ჯერ თქვენს მკურნალს გაესაუბრეთ და მერეღა შეუდექით სირბილს; თუკი არაფერს უჩივით, ნუ იზარმაცებთ, მოიკრიბეთ ნებისყოფა, მიიღეთ გადაწყვეტილება და ხვალიდანვე შეუდექით სირბილს. მის სასიკეთო ზემოქმედებაში, იმედია, აღარ დაეჭვდებით!
სუხიშვილების გრანდიოზული შეთავაზება Hotsale-ის მომხმარებელს! Zumba Fitness ქართული ცეკვის ელემენტებით, ახლა უკვე გლდანის ფილიალშიც!