რა მნიშვნელობა აქვს ადაპტურ ფიზიკურ აღზრდას ოჯახურ პირობებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მნიშვნელობა აქვს ადაპტურ ფიზიკურ აღზრდას ოჯახურ პირობებში

ადაპტურ ფიზიკურ კულტურაზე საუბრისას, სიტყვით “ადაპტური”, ხაზს უსვამენ ფიზიკური კულტურის დანიშნულებას იმ პირებისათვის, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვეული გადახრა აქვთ. ადაპტური ფიზიკური კულტურის არსი მოიცავს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმში პოზიტიურ მორფოფუნქციურ ძვრებს, ხელს უწყობს აუცილებელ მოძრაობათა კოორდინაციებს, აყალიბებს იმ ფიზიკურ თვისებებსა და უნარებს, რომლებიც ორგანიზმის განვითარებისა და სრულყოფისკენაა მიმართული. ბუნებრივია, მკითხველისათვის გასაგებია, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოდ ადაპტურ ფიზიკურ კულტურას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და მით უფრო - ადაპტურ ფიზიკურ აღზრდას ოჯახურ პირობებში.

ძალიან გასახარია, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით წელს წიგნიც კი დაიბეჭდა (2016 წლის ივლისში ჩატარდა წიგნის პრეზენტაცია) საზოგადოებისათვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე.

რა მნიშვნელობა აქვს ადაპტურ ფიზიკურ აღზრდას ოჯახურ პირობებში, რას მოიცავს და რას ეფუძნება ის, რატომ არის ის ასე აქტუალური არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, არამედ მთლიანად მათი ოჯახებისათვის - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება წიგნის ერთ-ერთი ავტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, შინაგან სნეულებათა პროფესორი, საქართველოს დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი, ამჟამად თბილისის სახელმწიფო სპორტის უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ასოცირებული პროფესორი და უნივერსიტეტ “გეომედის” ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის პროფესორი, იგორ დოლიძე.

ბატონი იგორი თეორიული (პათოფიზიოლოგია, ვალეოლოგია, სამედიცინო კიბერნეტიკა) და პრაქტიკული (შინაგანი დაავადებები, ინფექციური სნეულებანი, სპორტული მედიცინა, სამკურნალო ფიზკულტურა და რეაბილიტაცია) მედიცინის ღირსეული წარმომადგენელია, 169 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 6 მონოგრაფიის ავტორი, 1997 წელს აირჩიეს ენერგოინფორმაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად (მოსკოვი), 2004 წელს საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად (თბილისი). გარდა ამისა, ბატონი იგორი საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსიცაა.

პროფესორმა იგორ დოლიძემ თავისი ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი მოღვაწეობის (სამეცნიერო, საექიმო, პედაგოგიური) ნახევარი მიუძღვნა სპორტული მედიცინის, რეაბილიტაციის, სამკურნალო ფიზკულტურისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ფსიქო-ფიზიკური აღზრდის პრობლემურ საკითხებს. ის მთლიანად იზიარებს გერმანელი ექიმის, უ. ზუნდერის (1975წ.) მიერ შემოღებული ცნების “ჯანმრთელი ინვალიდის” კლინიკურ და სოციალურ მნიშვნელობას როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების პირობებში.

- ბატონო იგორ, რას გულისხმობს ადაპტური ფიზიკური აღზრდა და რა მნიშვნელობა აქვს მას საზოგადოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის?

- ადაპტური ფიზიკური აღზრდა ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენილობის მქონე პირებისათვის წარმოადგენს კომპლექსური რეაბილიტაციის განუყოფელ ნაწილს. ეს მეთოდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საყრდენ-მამოძრავებელი და ნერვულ-კუნთოვანი აპარატის დაზიანების, პარეზებისა და დამბლების შედეგად გამოწვეული დეფექტები აქვთ.

ასეთი დაავადებების დროს, აგრეთვე ფიზიკურ განვითარებაში გარკვეული გადახრების შემთხვევაში, კინოზოკორექციული სამუშაოები უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრეულ პერიოდში. ამასთან ერთად, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს ოჯახურ პირობებშიც. სწორედ ეს განაპირობებს რეაბილიტაციის უწყვეტობასა და დასახული მიზნების განხორციელებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადაპტური ფიზიკური აღზრდა ოჯახურ პირობებში ხელს შეუწყობს პროფილაქტიკური თერაპიის ამოცანების გადაწყვეტასაც.

- მართალს ბრძანებთ, მაგრამ, ჩვეულებრივ, ამის გაცნობიერება უჭირთ ხოლმე არა მხოლოდ საკუთრივ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც...

- ფაქტია, რომ ოჯახის პასუხისმგებლობა საკუთარი წევრების ჯანმრთელობაზე ოჯახურ პირობებში ადაპტური ფიზიკური აღზრდის განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ოჯახის წევრებად მოიაზრებიან არა მარტო ოჯახის წევრები და მათი ნათესავები, არამედ ის კერძო პირებიც, რომლებიც მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების სწავლა-აღზრდის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის საქმეში. ეს პირები მათთვის ყველაზე დაახლოებული, სანდო, პატივცემული ადამიანები არიან, რომლებისაც ყოველთვის სჯერათ, ენდობიან და მათი დიდი იმედი აქვთ. ამიტომ ოჯახურ პირობებში ჩატარებული სარეაბილიტაციო მუშაობაში მათი მონაწილეობა სხვადასხვა ფორმით შეასრულებს მასტიმულირებელ ფუნქციას და ხელს შეუწყობს აღნიშნული ღონისძიების სრულფასოვნად წარმართვას.

ოჯახისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს იმ ფიზიკური ნაკლისა და დეფექტის გამოსწორება, რომელიც აღმოაჩნდა მათ შვილს. ამისათვის ოჯახმა უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც კი შეასრულებინებს დასახულ ამოცანას. უპირველეს ყოვლისა, სხვა აუცილებელ ჩვევებთან ერთად, უნდა შევეცადოთ ბავშვებს მცირე ასაკიდან გამოვუმუშაოთ ფიზიკური ვარჯიშების სისტემატურად ჩატარების სურვილი, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის ჩვევები და გადავუქციოთ ისინი სისტემურ მოთხოვნილებად. ოჯახის დღის რაციონალური განაწესის, ცხოვრების მტკიცე რეჟიმის მიჩვევას, გამაჯანსაღებელი და განმავითარებელი ეფექტის გარდა, აღმზრდელობითი მნიშვნელობაც გააჩნია იმდენად, რამდენადაც ხელს უწყობს ორგანიზებულობის, დისციპლინის, საკუთარი შესაძლებლობების რწმენის ჩამოყალიბებას, რაც, თავის მხრივ, დიდად დაეხმარება საკორექციო-განმავითარებელი და სარეაბილიტაციო მუშაობის წარმატებით განხორციელებას. ჩვენ, ადამიანებს, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ფიზიკური აქტივობა ბუნების მიერ დაკანონებული ბრძანების შესრულების მოთხოვნილებაა. მისი შესრულება კი სასიცოცხლოდ აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, ასაკის, სქესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ადამიანის სიცოცხლისუნარიანობა და შესაბამისად სიცოცხლის ხარისხი დამოკიდებულია მისი ჯანმრთელობის ხარისხზე. ამიტომ ფიზიკური აღზრდა გადამწყვეტია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ფიზიკური რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის საქმეში.

- რას მოიცავს ოჯახურ პირობებში ადაპტური ფიზიკური აღზრდა?

1. დილის ჰიგიენურ ტანვარჯიშს;

2. გამოწრთობას ბუნებრივი ფაქტორების საშუალებით;

3. საოჯახო პირობებში ფიზიკური ვარჯიშებისა და სპორტული თამაშების ჩატარებას.

მინდა აღვნიშნო, რომ ოჯახის წევრების მონაწილეობით ვარჯიში არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების განხორციელებას ეხმარება, არამედ ოჯახის წევრთა ორგანიზმზეც მრავალგვარი კეთილსასურველი ზემოქმედება აქვს, ამზადებს მათ იმ დატვირთვების გადასალახად, რომელიც ახლავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან თანაცხოვრებას. როდესაც ოჯახის ყველა წევრი - ბავშვები, მშობლები, ბებია-ბაბუები და რა თქმა უნდა, მათთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრები - ერთად ასრულებს ვარჯიშს, უფროსებსა და უმცროსებს შორის ყალიბდება მეგობრული ურთიერთობა. ერთობლივი მეცადინეობები შეიძლება გახდეს აღზრდის, ჯანმრთელობის განმტკიცებისა და რეაბილიტაციის, ოჯახის წევრთა შორის ურთიერთობის მეტად გამყარების შესანიშნავი საშუალება.

- რა თქმა უნდა, თქვენ მიერ აღნიშნული ყოველივე ცხადი და მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად აკვალიანებენ ამ კუთხით ექიმი რეაბილიტოლოგები ოჯახის წევრებს, როგორ არწმუნებენ მათ ფიზიკური აღზრდის აუცილებლობაში, რა მითითებებს აძლევენ...

- ამ მნიშვნელოვანი საქმის განსახორციელებლად ერთ-ერთი აუცილებელი პირობა შესაბამისი დამხმარე მეთოდური ლიტერატურის არსებობაა, რომელიც ნათლად და კონკრეტულად ასახავს საჭირო მასალას. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ საკორექციო და სარეაბილიტაციო ლიტერატურაში არ არსებობს პრაქტიკული სახელმძღვანელო ოჯახურ პირობებში კინეზოკორექციის თავისებურებათა შესახებ, სადაც განხილული იქნებოდა ფიზიკური ვარჯიშების ჩატარების დაგეგმვისა და მათი საჭირო გამოყენების მეთოდიკა, უზრუნველყოფდა ოჯახურ პირობებში ფიზიკური რეაბილიტაციის, კინეზოკორექციისა და პროფილაქტიკური თერაპიის წარმატებით განხორციელებას.

ჩვენ ვეცადეთ, ნაწილობრივ მაინც გადაგვეჭრა ეს პრობლემა. შესაბამისად, ჩვენს ნაშრომში ამ პრობლემის გადასაწყვეტად განხილულია, როგორ უნდა მოეწყოს სპორტული კუთხე და ჩატარდეს კინეზოკორექციული სამუშაოები ოჯახურ პირობებში. განხილულია ფიზიკური ვარჯიშები მათი აქტიურობებისა და დატვირთვის, სახეობებისა და მათი ხასიათის ნიშან-თვისებების მიხედვით; ვარჯიშის შედგენის მეთოდიკა; ინდივიდუალური საკორექციო-განმავითარებელი სამუშაო გეგმები, ტანდეგობა (აღნაგობა) და ხერხემლის მაკორეგირებელი ვარჯიშები და სხვა. ვინაიდან მსოფლიოში წარმატებით ვითარდება საინვალიდო (სარეაბილიტაციო) სპორტი, გარკვეული ადგილი დავუთმეთ ადაპტურ წვრთნას და მრავალ სხვა მეთოდიკას, დღის რეჟიმს, აუტეგონურ წვრთანს და მრავალ სხვა თემას, რომლის გარეშეც წარმოუდგენლად მიგვაჩნია დასახული მიზნის განხორციელება.

ყოველივე ეს ერთად რომ მოგვექცია და დამხმარე მეთოდური ლიტერატურის სახე მიეღო, განვიხილეთ მრავალი სპეციალური ლიტერატურა, გამოვიყენეთ ჩვენ მიერ დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებაც, რომელიც აგერ უკვე ოცი წლის განმავლობაში წარმატებით გამოიყენება სპეციალური ოლიმპიური პროგრამით გათვალისწინებულ ოჯახურ პირობებში ადაპტური ფიზიკური აღზრდის პროცესში.