როგორ დავიცვათ გული და სისხლძარღვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ გული და სისხლძარღვები

განსაკუთრებული ხერხი და ღონე; საკმარისია სულ უბრალო რამ - ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. რა გზით შეიძლება ავიცილოთ თავიდან ფართოდ გავრცელებული დაავადებები, ექიმთა რომელი რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ?

ამ და სხვა კითხვებზე მედიცინის დოქტორი, თერაპევტი თამარ ყანდაშვილი გვიპასუხებს.

- ალბათ არავის გაუკვირდება, თუ საუბარს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკით დავიწყებთ. სახელდობრ, რომელ დაავადებებს მოიცავს ეს ტერმინი და როგორია მათი აღმოცენების მექანიზმი?

- როგორც სახელწოდებიდანვე ჩანს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უშუალოდ გულის (გულის კუნთის) ან სისხლძარღვების დაავადებებია. ჩვეულებრივ, ამ სახელწოდებით აღნიშნავენ გულისა და სისხლძარღვების იმ დაავადებებს, რომელთა აღმოცენებაც ათეროსკლეროზთან, ათეროსკლეროზული ფოლაქის ფორმირებასთან არის დაკავშირებული. სწორედ ეს ფოლაქები იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას და არღვევს ორგანოებისთვის სისხლის მიწოდებას. ზოგჯერ ხდება თრომბის ფორმირება და სისხლის ნაკადის დინება საერთოდ წყდება. ასეთ დროს გულის არეში ტკივილი აღმოცენდება, ინფარქტი, ინსულტი ვითარდება.

- რა განაპირობებს სისხლძარღვთა ათეროსკლეროზულ დაზიანებას ან ზრდის ასეთი დაზიანების რისკს?

- ათეროსკლეროზის რისკფაქტორები იმდენად მრავალფეროვანი და გავრცელებულია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პათოლოგიის განვითარების ალბათობა თითქმის ყველა ადამიანს აქვს. ეს ფაქტორები რამდენიმე ტიპისაა: ცხოვრების წესთან დაკავშირებული რისკფაქტორები, რომელთა ზემოქმედების თავიდან აცილება ან მოდიფიცირება (შეცვლა) შესაძლებელია:

  • თამბაქოს წევა;
  • ცხოვრების მჯდომარე წესი;
  • სიმსუქნე;
  • არაჯანსაღი კვება და სუფრის მარილის უხვი გამოყენება;
  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება.

რისკფაქტორები, რომელთა კორექცია, თუნდაც ნაწილობრივ, შესაძლებელია:

  • არტერიული ჰიპერტენზია ანუ მაღალი წნევა;
  • სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა;
  • სისხლში ტრიგლიცერიდების შემცველობის მატება;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • თირკმელების დაავადება, რომელიც მათი ფუნქციის დაქვეითებას იწვევს.

რისკფაქტორები, რომლებზე ზემოქმედებაც შეუძლებელია (არამოდიფიცირებადი რისკფაქტორები):

  • დაავადების ოჯახური ისტორია. კერძოდ, მამრობითი სქესის ნათესავებს (მამა, ძმა) შორის გულის დაავადების ან ინსულტის აღმოცენება 55 წლამდე, ხოლო მდედრობითი სქესის ნათესავებს შორის - 65 წლამდე;
  • მამრობითი სქესი;
  • ადრეული მენოპაუზა;
  • ასაკი. რაც უფრო ხნიერია ადამიანი, მით უფრო დიდია ათეროსკლეროზის განვითარების რისკი;
  • ეთნიკური კუთვნილება.

იმ ადამიანებს, რომელთაც არამოდიფიცირებადი რისკფაქტორები აქვთ, განსაკუთრებული ძალისხმევა მართებთ იმ რისკფაქტორების საკორექციოდ, რომელთა შეცვლაც შესაძლებელია. დაავადების აღმოცენებაში ამ რისკფაქტორების როლი ერთნაირი არ არის. მაგალითად, დადგენილია, რომ თამბაქოს წევა უფრო მავნებელია, ვიდრე სიმსუქნე. ამავე დროს, რისკფაქტორები ურთიერთქმედებენ. თუ ადამიანს აქვს ორი ან მეტი რისკფაქტორი, რისკი უფრო მეტია, ვიდრე ერთი რისკფაქტორის არსებობისას. ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგების თანახმად, 50 წლის მამაკაცი, რომელიც ეწევა, აქვს მაღალი ქოლესტერინი და არტერიული წნევა, საშუალოდ 10 წლით ნაკლებს ცოცხლობს, ვიდრე მისივე ასაკის ის პირი, რომელსაც აღნიშნული რისკფაქტორები არ აქვს.

- თავდაპირველად თამბაქოს წევაზე გკითხავთ: როგორია მისი დამაზიანებელი ზემოქმედება და რამდენად მნიშვნელოვანია მოწევისთვის თავის დანებება?

- ცნობილია, რომ თამბაქოს წევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. მოწევა ორჯერ ზრდის გულის დაავადებების აღმოცენების რისკს. ამ თვალსაზრისით უსაფრთხო არ არის თამბაქოს ერთი ღერიც კი. რისკი დიდია უნიკოტინო თამბაქოს მოწევის დროს და პასიური მწეველობის შემთხვევაშიც. თამბაქოს წევისას ქიმიური ნივთიერებები, რომელთა რაოდენობა 4800-მდეა, ფილტვებიდან უშუალოდ სისხლში გადადიან და ზემოქმედებენ არტერიებსა და ორგანიზმის სხვა ნაწილებზე. ვითარდება ათეროსკლეროზი, იზრდება არა მარტო გულის დაავადებების, არამედ ინსულტის, ფილტვის კიბოს რისკი. ნიკოტინი, რომელიც სისხლში ხვდება თამბაქოს წევისას, ავიწროებს სისხლძარღვებს, ზრდის გულის შეკუმშვათა სიხშირესა და არტერიულ წნევას. დადგენილია, რომ ქალებს, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს იღებენ და ამავე დროს ეწევიან, გულის შეტევისა და ინსულტის უფრო მაღალი რისკი აქვთ. ეს რისკი განსაკუთრებით იზრდება 35 წლის შემდეგ.

დადგენილია, რომ თამბაქოს წევის შეწყვეტა არის ყველაზე მარტივი რამ, რაც ადამიანს შეუძლია იღონოს გულის დაავადებათა რისკის შესამცირებლად. გულის დაავადებათა რისკი სწრაფად იწყებს შემცირებას თამბაქოს მოწევის შეწყვეტის შემდეგ, თუმცა რისკის მნიშვნელოვან დაქვეითებას წლები სჭირდება. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს წევის შეწყვეტა სასარგებლოა ძალიან ხანგრძლივი მწეველობის შემთხვევაშიც კი.


- მომდევნო კითხვა ცხოვრების უმოძრაო წესს ეხება. როგორი უნდა იყოს ჩვენი ფიზიკური დატვირთვა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები თავიდან ავიცილოთ?

- ამ საკითხზე საუბრისას მართლაც ყველასთვის კარგად ცნობილი სიტყვების გამეორება გვიწევს. ფიზიკურად აქტიურ პირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ნაკლები რისკი აქვთ. იმისათვის, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, აუცილებელია სულ ცოტა კვირაში 5 დღის განმავლობაში 30 წუთის ხანგრძლივობით ზომიერი ფიზიკური დატვირთვა შევასრულოთ. ევროპელი ადამიანისთვის ეს სულაც არ არის რთული. საკმარისია სამსახურში ველოსიპედით მისვლა და ამ მიზნით 15-წუთიანი მგზავრობა და საღამოს კვლავ ველოსიპედით დაბრუნება. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ტრანსპორტი არ არის პოპულარული.

ალბათ მკითხველისთვის საინტერესოა, რას გულისხმობს "ზომიერი ფიზიკური დატვირთვა". ასეთი დატვირთვისას ადამიანმა უნდა იგრძნოს სითბო, სუნთქვის ოდნავი აჩქარება და ოდნავი ოფლიანობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ფიზიკური აქტივობა გავიხადოთ ცხოვრების წესად და მას მუდმივი, რეგულარული ხასიათი მივცეთ.

რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს უეცარი სიკვდილის რისკს. გარდა ამისა, ფიზიკური აქტივობა საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ნორმალური წონა და დავაქვეითოთ ისეთ დაავადებათა რისკი, როგორებიცაა მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მატება, დიაბეტი. ფიზიკური დატვირთვისას მცირდება სტრესიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გულის დაავადებათა შემთხვევაში.

- რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად წონის დაკლება?

- კვლევების შედეგად დადგენილია, რომ თუ ადამიანს აქვს სიმსუქნე და ის წონას შეამცირებს 10%-ით, სიკვდილის რისკს 20%-ით დააქვეითებს. ეს სავსებით ბუნებრივია, რადგანაც წონის დაქვეითებითა და ნორმალიზაციით მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, გარკვეული სიმსივნეების რისკი. გასათვალისწინებელია, რომ სიმსუქნის რისკი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვნად მეტია მაშინ, როცა ჭარბი ცხიმი განლაგებულია მუცლის არეში. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მონაცემები წელის გარშემოწერილობის შესახებ. დადგენილია, რომ ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება მაშინ, როცა წელის გარშემოწერილობა > 102 სანტიმეტრზე მამაკაცებისათვის და > 88 სანტიმეტრზე ქალებისათვის. აზიელი მამაკაცებისათვის ანალოგიური მონაცემი 92 სანტიმეტრია, ხოლო ქალებისათვის 78 სანტიმეტრი.

- სიმსუქნის შესახებ საუბრისას უწინარესად, რა თქმა უნდა, დიეტა გვახსენდება. როგორი უნდა იყოს კვება, რათა ჯანმრთელობა ხანგრძლივად შევინარჩუნოთ?

- ჯანსაღი კვება საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ნორმალური წონა და სისხლში დავიქვეითოთ ქოლესტერინის შემცველობა. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ორივე მომენტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნების საწინდარია. არსებობს სამეცნიერო კვლევათა შედეგები, რომლებიც ცხადყოფენ, რომ რაციონში თევზის შეტანით შესაძლებელია თავი დავიცვათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისაგან. ვარაუდობენ, რომ ეს თევზის ცხიმში არსებული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დამსახურებაა. ცნობილია, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ათეროსკლეროზული ფოლაქის ფორმირებას აბრკოლებენ. იგივე ეფექტი აქვს ხილსა და ბოსტნეულს მათში არსებული ანტიოქსიდანტებისა და ვიტამინების წყალობით.

ქვემოთ შევეცდებით, უფრო დეტალურად განვმარტოთ, რას ნიშნავს ჯანსაღი კვება:

  • სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის მიღებას;
  • ჭვავის პურის, მარცვლოვანი პურეულის, კარტოფილის, ბრინჯის, მაკარონის გამოყენებას განსაზღვრული რაოდენობით;
  • ცხიმიანი ხორცის, ყველის, რძის, შემწვარი საკვების, კარაქის მხოლოდ მცირე რაოდენობით გამოყენებას. რეკომენდებულია საკვები ცხიმის დაბალი შემცველობით, მცენარეული ზეთი. კვლევებით დადგენილია, რომ მყარი ცხოველური ცხიმის ჩანაცვლება მცენარეული ცხიმებით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს;
  • კვირაში 2-3-ჯერ თევზის მიღებას;
  • სუფრის მარილის მიღების შეზღუდვას;
  • ხორცის მიღებასთან დაკავშირებით რეკომენდებულია მიირთვათ უცხიმო ხორცი. უპირატესობა ეძლევა ქათმის თეთრ ხორცს.

- როგორია რეკომენდაციები სუფრის მარილის მიღების თაობაზე?

- მოზრდილი ადამიანი დღეში 6 გრამზე მეტ სუფრის მარილს არ უნდა იღებდეს. ეს დაახლოებით ერთი ჩაის კოვზის ტოლია. კვლევებით დადგინდა, რომ თუ ადამიანი, რომელიც ჭარბად იყენებს მარილს, მოხმარებული მარილის რაოდენობას შეამცირებს 10 გრამიდან 7 გრამამდე, გულის დაავადებათა რისკი დაახლოებით ერთი მეოთხედით მცირდება. მარილის მიღების უმნიშვნელო შემცირებითაც კი შესაძლებელია მნიშვნელოვანი სარგებელი მივიღოთ. დადგენილია, რომ ჩვენ მიერ მიღებული მარილის დაახლოებით სამი მეოთხედი უკვე არის იმ საკვებში, რომელსაც ვყიდულობთ. ამის გათვალისწინებით, საკვებში არსებული მარილი სავსებით საკმარისია. უნდა ვეცადოთ ის სალათებს და მზა საკვებს აღარ დავუმატოთ.


- შეუძლებელია, არ ვახსენოთ ალკოჰოლი...

- ცნობილია, რომ მცირე ან ზომიერი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება არ არის საშიში და კვლევების თანახმად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს კიდეც. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ეხება მხოლოდ ალკოჰოლის მცირე რაოდენობას, კერძოდ, 65 წლამდე ჯანმრთელი მამაკაცებისათვის 3 ერთეულს ერთჯერადი მიღებისას და 14 ერთეულს კვირაში; 66 წლის და უფრო მეტი ასაკისათვის - 3 ერთეულს ერთჯერადი მიღებისას და 7 ერთეულს კვირაში;

ჯანმრთელი ქალებისათვის კი 3 ერთეულს ერთჯერადი მიღებისას ან 7 ერთეულს კვირაში.

ერთი ერთეული კი არის: ლუდისათვის - 355 მილილიტრი, ღვინისათვის - 148 მილილიტრი, სპირტიანი სასმლისათვის - 44 მილილიტრი.

- როგორია ტაქტიკა იმ დაავადებების შემთხვევაში, რომლებიც ზრდის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების რისკს?

- ასეთ დაავადებათა შორის უპირველეს ყოვლისა არტერიული ჰიპერტენზია უნდა დავასახელოთ. ალბათ პაციენტთათვის საინტერესოა იმის მოსმენა, რომ მაღალი არტერიული წნევა უხშირესად არავითარი სიმპტომის აღმოცენებას არ იწვევს. თუმცა ჩვენი მკითხველებიც დაგვეთანხმებიან, რომ პაციენტთა დიდი ნაწილი თვლის, თუ მაღალი წნევისას თავის ტკივილს ან გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებას არ აღნიშნავს, ესე იგი მაღალი წნევა სულაც არ არის საშიში და მის მკურნალობასაც არ თვლის საჭიროდ.

ადამიანებმა არტერიული ჰიპერტენზიის არსებობის შესახებ, როგორც წესი, არაფერი იციან მანამ, სანამ წნევას შემთხვევით არ გაიზომავენ. მიუხედავად სიმპტომების არარსებობისა, მაღალი წნევა აზიანებს სამიზნე ორგანოებს - თავის ტვინს, გულს, თირკმელებს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი არტერიული წნევის ნორმალიზაცია მაშინაც კი, როცა პაციენტი არაფერს გრძნობს.

სამწუხაროდ, ხშირად პაციენტები არტერიული წნევის დაქვეითების ერთადერთ მეთოდად მედიკამენტის მიღებას თვლიან. სინამდვილეში არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა არამედიკამენტური მეთოდებით უნდა დავიწყოთ. ამ მიზნით მნიშვნელოვანია წონის ნორმალიზაცია, რეგულარული ვარჯიში, ჯანსაღი კვება, სუფრის მარილის შეზღუდვა, თამბაქოს წევის შეწყვეტა. როცა ეს საკმარისი არ არის, აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღებაც.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მნიშვნელოვან რისკს ქმნის სისხლში ქოლესტერინის შემცველობის მატება. ეს განსაკუთრებით საშიშია, როცა პაციენტს ერთდროულად აქვს მაღალი არტერიული წნევა და შაქრიანი დიაბეტი. ხშირად ქოლესტერინის შემცველობის დასაქვეითებლად საჭირო ხდება განსაკუთრებული მედიკამენტების მიღებაც.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში სისხლში გლუკოზის (შაქრის) შემცველობის კონტროლი.

- ცნობილია გენეტიკის როლიც შაქრიანი დიაბეტის აღმოცენებაში. შესაძლებელია თუ არა გარკვეული რეკომენდაციების დაცვით ამ ფართოდ გავრცელებული დაავადების პროფილაქტიკა?

- მიუხედავად გენეტიკის როლისა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით შესაძლებელია მნიშვნელოვნად შევამციროთ შაქრიანი დიაბეტის რისკი. სიმსუქნე და ცხოვრების უმოძრაო წესი არის ის მოდიფიცირებადი რისკფაქტორები, რომლებზე ზემოქმედებითაც შეგვიძლია მნიშვნელოვნად შევამციროთ დაავადების აღმოცენების შანსი.

დიაბეტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია წონის დაქვეითება და რეგულარული ვარჯიში. ეს ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. აუცილებელია თამბაქოს წევის შეწყვეტა. საკვები მდიდარი უნდა იყოს ბოჭკოთი, უპირატესობა უნდა მიეცეს ბოსტნეულს.

- რა უნდა ვიცოდეთ, რომელი რჩევები უნდა გავითვალისწინოთ სასუნთქი სისტემის დაავადებების თავიდან ასაცილებლად?

- სასუნთქი სისტემის დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ საუბრისას, რასაკვირველია, თამბაქოს წევის შეწყვეტის აუცილებლობა უნდა შეგახსენოთ. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რაც ქრონიკულ ბრონქიტსა და ფილტვების ემფიზემას აერთიანებს, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ, თუ თამბაქოს წევაზე ვიტყვით უარს. შესაძლოა პაციენტებს გაუკვირდეთ, მაგრამ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების აღმოცენების უმთავრესი მიზეზი სწორედ თამბაქოს წევაა. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მწეველია და მას დაავადება აქვს, თამბაქოს წევის შეწყვეტა ძალზე მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში კი, თუ თამბაქოს წევაზე ჯანმრთელი ადამიანი იტყვის უარს, ის თავიდან აიცილებს დაავადების აღმოცენებას. რასაკვირველია, პროფილაქტიკის ეს მეთოდი ყველაზე მეტადაა მისაღები.

დაავადების პროფილაქტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პასიური მწეველობის თავიდან აცილებაც. თამბაქოს წევა დაუშვებელია ბრონქული ასთმის შემთხვევაში. გარდა თამბაქოს წევისა, ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია სუფთა, მტვრისაგან თავისუფალი გარემო. ამიტომ წარმოებაში მუშაობისას აუცილებელია სასუნთქი სისტემის დამცავი მოწყობილობების - სპეციალური რესპირატორების გამოყენება.

იმ შემთხვევაში, როცა პიროვნებას აქვს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან სასუნთქი სისტემის სხვა ქრონიკული პათოლოგია, რეკომენდებულია ვაქცინაცია გრიპის წინააღმდეგ. გარდა იმისა, რომ გრიპის შემთხვევაში ხდება დაავადების გამწვავება, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით მოავადე პაციენტებში გრიპი ხშირად რთულდება ფილტვების ანთებით. არ შეიძლება განსაკუთრებული ყურადღება არ გავამახვილოთ იმ პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე, რომლებიც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ფილტვის კიბო. ამ დაავადების პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია: არ დავიწყოთ თამბაქოს წევა. თუ არასოდეს მოგიწევიათ, არ უნდა გახდეთ მწეველი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ მოზარდების მიმართ. ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ მწეველთა უდიდეს ნაწილს მოწევა სწორედ ამ პერიოდში აქვს დაწყებული სასწრაფოდ შევწყვიტოთ მოწევა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვეწევით წლების განმავლობაში, თამბაქოს მოწევის შეწყვეტა ამცირებს ფილტვის კიბოს აღმოცენების რისკს.

ნუ გავხდებით პასიური მწეველი. თუ ცხოვრობთ და მუშაობთ მწეველთა გარემოცვაში, ურჩიეთ მათ, შეწყვიტონ მოწევა ან მოსაწევად გავიდნენ გარეთ, ესტუმრეთ მხოლოდ იმ კაფეებს, სადაც არ ეწევიან.

თუ საწარმოში მუშაობთ, ყოველთვის გამოიყენეთ დამცავი საშუალებები. საკვებ რაციონში უხვად შეიტანეთ ხილი და ბოსტნეული. დაიმახსოვრეთ, რომ ვიტამინების მიღება ასეთი ფორმით გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ვიტამინური მედიკამენტებით გატაცება. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი კვლევის თანახმად სხვადასხვა საკვები დანამატი (კერძოდ ბეტა-კაროტინი) ფილტვის სიმსივნის რისკს კი არ ამცირებს, არამედ ზრდის, ხოლო ზოგიერთი დანამატი (მაგალითად E ვიტამინი) ამ თვალსაზრისით არაეფექტურია.

ალკოჰოლიანი სასმელები მიიღეთ მხოლოდ ზომიერად. იყავით ფიზიკურად აქტიური. აუცილებლად უნდა დაიტვირთოთ ფიზიკურად დღეში 30 წუთის განმავლობაში. დატვირთვის საუკეთესო ფორმებია სიარული, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა. თუ მანქანა გყავთ, გააჩერეთ სამსახურიდან შორს, ნუ ისარგებლებთ ლიფტით.


- საყოველთაოდ ცნობილია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების აქტუალობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი პირველი შეკითხვა მათ შესახებ საუბრისას კუჭის წყლულს შეეხება. შესაძლებელია თუ არა გარკვეული რჩევების გათვალისწინებით თავიდან ავიცილოთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის აღმოცენება?

- მართალია, არ არსებობს ხერხები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება სრულად ავიცილოთ თავიდან წყლულის აღმოცენება, მაგრამ გარკვეული ცხოვრების წესითა და რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია მნიშვნელოვნად შევამციროთ მისი აღმოცენების რისკი. ამ მიზნით რეკომენდებულია:

  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღების შეზღუდვა. ამ პრეპარატებს პაცინეტები კარგად იცნობენ. ვერ უარვყოფთ, რომ ისინი მნიშვნელოვნად ამცირებენ ნებისმიერ ტკივილს, განსაკუთრებით ეფექტურნი არიან სახსრების დაავადებების დროს. მათი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი დაკავშირებულია გარკვეული ნივთიერებების - პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან, თუმცა პროსტაგლანდინებს ორგანიზმში აქვთ დადებითი ეფექტიც - ისინი იცავენ კუჭის ლორწოვანს დაზიანებისაგან. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღების შემთხვევაში კუჭის ლორწოვანის დაზიანების რისკი იზრდება პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გამო, ხშირად ხდება წყლულის ფორმირება. ასეთ წყლულს "მედიკამენტურ" წყლულს უწოდებენ. მედიკამენტური წყლული რომ არ წარმოიქმნას, უნდა ვეცადოთ ამ ჯგუფის პრეპარატები მივიღოთ მცირე დოზებით და ხანმოკლე პერიოდით. როცა ექიმი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს ნიშნავს, ის ყოველთვის არჩევს პრეპარატს, რომელიც კუჭის დამცავი პროსტაგლანდინების სეკრეციას მხოლოდ მცირედ ან არ თრგუნავს.
  • გამოკვლევა ჰელიკობაქტერიით ინფიცირების დასადგენად. ეს არის მიკროორგანიზმი, რომელიც იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს. ადამიანთა დიდი ნაწილი ინფიცირებულია ამ მიკროორგანიზმით. თუ პაციენტს აქვს ჩივილები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში), რეკომენდებულია ლაბორატორიული კვლევა და ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში სათანადო მკურნალობა.
  • თამბაქოს წევის შეწყვეტა. დადგენილია, რომ მწეველებს წყლული ორჯერ უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე არამწეველებს. სიგარეტის წევა ზრდის ჰელიკობაქტერიით ინფიცირების რისკს, ამცირებს კუჭის ლორწოვანის დამცველობით თვისებებს.
  • სტრესის შემცირება. მართალია, ფსიქოემოციური სტრესის მნიშვნელობა წყლულის აღმოცენებაში დადასტურებული არ არის, მაგრამ სტრესის თავიდან აცილება მნიშვნელოვანია ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკის თვალსაზრისით.
  • ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა.

- როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გულძმარვის შემაწუხებელი შეგრძნება?

- იშვიათი გულძმარვა, რაც კვების ცვლილებასთან არის დაკავშირებული, არ არის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი, მაგრამ როცა ის სისტემატური ხდება და სახეზეა გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება - პათოლოგია, რომლის დროსაც ხდება კუჭის მჟავა შიგთავსის ამოტყორცნა საყლაპავში, აუცილებელი ხდება გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც დადგენილია, რომ დიეტისა და ცხოვრების წესის შეცვლა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გვაძლევს. გულძმარვამ რომ არ შეგვაწუხოს, აუცილებელია:

  • შევზღუდოთ კოფეინით მდიდარი სასმლის (ყავა, კოლა) მიღება, შოკოლადი, პილპილი, მენთოლი, ალკოჰოლი, რადგანაც ისინი ზრდიან კუჭის მჟავა წვენის სეკრეციას;
  • ნუ მივიღებთ გაზიან სასმელს, მინერალური წყალი მხოლოდ გაზგასული დავლიოთ;
  • შევამციროთ ცხიმიანი საკვები;
  • ნუ მივიღებთ ციტრუსებს;
  • შევამციროთ ტომატიანი და პომიდორში მოხრაკული საკვები;
  • თავი დავანებოთ თამბაქოს წევას;
  • თუ მსუქანი ბრძანდებით, დაიკელით წონა;
  • ნუ ჩაიცვამთ მოჭერილ ტანსაცმელს, ნუ ატარებთ მოჭერილ ქამრებს;
  • ტკივილის დროს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მივიღოთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, უპირატესობა მივანიჭოთ პარაცეტამოლს;
  • ნუ მიიღებთ საკვებს უშუალოდ ძილის წინ, ბოლო კვება 3 საათით წინ უნდა უსწრებდეს ძილს;
  • იძინეთ მაღალ ბალიშზე;
  • ნუ დაწვებით მარჯვენა გვერდზე, რადგანაც ამ დროს მჟავა შიგთავსის ამოტყორცნა ძლიერდება.


- ჩვენი მკითხველები დიდ ინტერესს იჩენენ ღვიძლის დაავადებების, მათი მიზეზების მიმართ. რა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ორგანიზმისათვის ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ?

- ღვიძლი ხშირად შეიძლება თავისივე ფუნქციის მსხვერპლი გახდეს. მაგალითად, მედიკამენტებმა და ნივთიერებებმა, რომელთაც ღვიძლი უვნებელყოფს, შეიძლება გამოიწვიონ ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება. დიდი რაოდენობით ალკოჰოლის ხშირი მიღებისას კი შესაძლებელია ღვიძლის მწვავე თუ ქრონიკული დაავადებები აღმოცენდეს. იმ ფაქტორთა შორის, რომელთა ღვიძლზე ზემოქმედებაც შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ, არის:

  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
  • მედიკამენტების უკონტროლო მიღება;
  • სიმსუქნე.

აუცილებელია:

  • B და C ჰეპატიტების პროფილაქტიკა;
  • შემთხვევითი და დაუცველი სქესობრივი კავშირის თავიდან აცილება;
  • ინტრავენურ ნარკომანიაზე უარის თქმა;
  • არასოდეს გამოიყენოთ სხვისი ნემსი, სამართებელი, ფრჩხილების მაკრატელი ან სხვა რამ, რაც შეიძლება სისხლით იყოს დასვრილი;
  • ნუ ჩაიტარებთ ტატუირებას საერთო ნემსით;
  • თუ B ჰეპატიტის მაღალი რისკი გაქვთ, ჩაიტარეთ ვაქცინაცია. ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს ყველა ბავშვს.

აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლის ჭარბი მიღების თავიდან აცილება და B და C ჰეპატიტების პროფილაქტიკა მნიშვნელოვანია ღვიძლის კიბოს რისკის შესამცირებლადაც.

- ალბათ გადაჭარბება არ იქნება, თუ აღვნიშნავთ, რომ ნაღველკენჭოვანი დაავადება ჩვენი პაციენტების ხშირი პრობლემაა. შესაძლებელია თუ არა გარკვეული პროფილაქტიკური ღონისძიებებით შევამციროთ ნაღვლკენჭოვანი დაავადების რისკი?

- რასაკვირველია, გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება ამცირებს ნაღვლის ბუშტში კენჭების (კონკრემენტების) ფორმირების შანსს. ამ რეკომენდაციათა შორის აღსანიშნავია:

  • მსუქან და ჭარბწონიან პირთა შორის წონის დაქვეითება. თუმცა ეს პროცესი არ უნდა იყოს ძალიან სწრაფი, რადგანაც წონის სწრაფი კლება თავად შეიძლება გახდეს კენჭების ფორმირების მიზეზი.
  • ჯანსაღი კვება - საკვები, რომელიც შეიცავს მხოლოდ მცირე რაოდენობით ცხიმს, ქოლესტერინს, შაქარს და მდიდარია ბოჭკოებით (მაგალითად ბოსტნეული), საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ კენჭების ფორმირება ნაღვლის ბუშტში.
  • თუ კენჭები გაქვთ, იმ საკვების თავიდან აცილება, რომელიც შეიძლება შეტევის მიზეზი გახდეს (ცხიმიანი, ღორის, ცხვრის ხორცი).

- დაავადებათა პროფილაქტიკის შესახებ საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით საკვებით გამოწვეულ მოწამვლას - საკვებისმიერ ინტოქსიკაციას. რა უნდა ვიღონოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ეს მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული შემაწუხებელი სიმპტომები?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს იმ ელემენტარული ჭეშმარიტების გახსენება მოგვიწევს, რომელიც კარგად ნაცნობი უნდა იყოს ყველა ჩვენგანისათვის. საკვებით "მოწამვლის" თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:

  • ხელების ხშირი დაბანა საპნით, დაბანა საკვების მომზადების წინ, ჭამის წინ, ჭურჭლის ხშირი გარეცხვა სარეცხი საშუალებებით, სამზარეულოში ზედაპირების ხშირი გაწმენდა;
  • უმი და მზა საკვების ცალ-ცალკე შენახვა მაცივარში, უმი ხორცისა და თევზის მოთავსება ცალკე თაროზე, მზა საკვებისაგან განცალკევებით, რათა თავიდან ავიცილოთ დაბინძურება მიკრობებით;
  • საკვების მომზადება სათანადო ტემპერატურაზე. დადგენილია, რომ გაცხელება 62.80ჩ-73.90ჩ ტემპერატურამდე სპობს მიკრობთა დიდ ნაწილს.

ის პროდუქტები, რომლებიც ტემპერატურის ზემოქმედებით სწრაფად ფუჭდება, მალევე შეინახეთ მაცივარში. გალღობისა და გათბობის მიზნით მაცივრიდან გამოღებულ პროდუქტებს დიდხანს ნუ დატოვებთ ოთახის ტემპერატურაზე. როცა საკვების ხარისხი ეჭვს იწვევს, ნუ დაგენანებათ მისი გადაგდება. არ დაგავიწყდეთ, რომ დიდი ხნით ოთახის ტემპერატურაზე დატოვებული საკვები შეიძლება უხვად შეიცავდეს მიკრობებსა და მათ ტოქსინებს მაშინაც კი, როცა ის გარეგნულად მომხიბლავია და სუნიც არ არის მძაფრი.

- ცნობილია ის პრობლემები, რომლებიც თირკმელების ქრონიკული უკმარისობის განვითარებას მოსდევს. ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ ის შეიძლება თირკმლის ქრონიკული დაავადებების უდიდესი ნაწილის საბოლოო შედეგი იყოს. შესაძლებელია თუ არა თავიდან ავიცილოთ ეს მდგომარეობა?

- თირკმელების ქრონიკული უკმარისობის რისკი იზრდება, თუ პაციენტს აქვს:

  • შაქრიანი დიაბეტი;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ჭარბი წონა;
  • ასაკი - 50 წელზე მეტი;
  • თირკმლის დაავადების ოჯახური ისტორია;
  • არის მწეველი.

გარდა ამისა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის რისკი მაღალია ნეფრიტის, თირკმელების პოლიკისტოზის დროს. თირკმელების ქრონიკული უკმარისობის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია იმ დაავადებათა კონტროლი, რომელთა პროგრესირებამაც შეიძლება თირკმელების უკმარისობა გამოიწვიოს. კერძოდ, აუცილებელია: ვაკონტროლოთ არტერიული წნევა და სასხლში გლუკოზის (შაქრის) შემცველობა.

ცნობილია, რომ თირკმლის ქრონიკული უკმარისობის შემთხვევათა დაახლოებით ორი მესამედი დაკავშირებულია შაქრიან დიაბეტთან ან არტერიულ ჰიპერტენზიასთან. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ერთ მესამედს კი თირკმლის დაზიანებაც აღენიშნება, რაც შემდგომში შეიძლება თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზი გახდეს. შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში თირკმელების დაზიანების პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია სისხლში გლუკოზის შემცველობის მოწესრიგება და წნევის ნორმალიზაცია ისე, რომ მისი მაჩვენებლები 130/80-მმ.ვწყ.სვ-ს არ აღემატებოდეს.

დიაბეტის ან არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში აუცილებელია შარდის რეგულარული გამოკვლევა ცილის/ალბუმინის გამოყოფის გამოსავლენად. მათი აღმოჩენა შარდში თირკმლის დაზიანების ნიშანია. თუ მწეველი ბრძანდებით, აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ მოწევა.

დადგენილია, რომ დიაბეტით დაავადებულებში თამბაქოს წევა 30%-ით ზრდის თირკმლის დაზიანების რისკს. თირკმელების ქრონიკული დაავადების შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმის პერიოდული კონტროლი და სათანადო გამოკვლევები.


- თირკმელებში კენჭების (კონკრემენტების) არსებობა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. საკმაოდ დიდ დისკომფორტს იწვევს საშარდე გზების ინფექცია, რომლის რისკი მაღალია შაქრიანი დიაბეტის, თირკმელში კენჭების არსებობისას. რა პროფილაქტიკური ღონისძიებებია რეკომენდებული ამ დაავადებების წინააღმდეგ?

- თირკმელში კენჭების ფორმირების რისკი შეიძლება შევამციროთ, თუ:

  • მივიღებთ საკმარისი რაოდენობით წყალს დღის განმავლობაში. იმ პაციენტთათვის, რომელთაც თირკმელში კონკრემენტები აქვთ, ეს 2,5-3 ლიტრამდეა. რასაკვირველია, ამ რაოდენობით სითხის მიღება რეკომენდებულია, თუ საშუალებას გვაძლევს გულის მდგომარეობა და არტერიული წნევა. სასურველია სითხე უპირატესად დღის მეორე ნახევარში მივიღოთ. დიდი რაოდენობით სითხის მიღება, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, ხელს უშლის შარდის კონცენტრირებას და აბრკოლებს კენჭების ფორმირებას;
  • დაიცავთ დიეტას, რომელიც რეკომენდებულია კენჭების ამა თუ იმ სახის დროს. მაგალითად, ურატების შემთხვევაში ნაკლებად მივიღებთ ხორცს, ლობიოს.

საშარდე გზების ინფექციის რისკის შესამცირებლად, განსაკუთრებით - ქალებში, რეკომენდებულია:

  • საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება. ეს ზრდის შარდის რაოდენობას, ხელს უშლის ინფექციის განვითარებას;
  • შარდის ბუშტის ხშირი დაცლა, ხშირი შარდვა, საზიანოა შარდის შეკავება;
  • შარდვის შემდეგ ტუალეტის ქაღალდით სარგებლობისას მიმართულების დაცვა წინიდან უკან. ეს აბრკოლებს ინფექციის გავრცელებას სწორი ნაწლავის არიდან შარდსადენისაკენ;
  • ყოველდღიური ტუალეტი.

- უკანასკნელ წლებში საკმაოდ ბევრი გვესმის ანემიისა და მისი პროფილაქტიკის შესახებ. როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ეს დაავადება?

- რკინადეფიციტური ანემია და ის ანემიები, რომლებიც დაკავშირებულია ვიტამინების დეფიციტთან (ფოლიუმის მჟავა, B12), შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებული ჯანსაღი კვებითა და გარკვეული დიეტით. აუცილებელია სათანადო რაოდენობით მივიღოთ:

  • რკინა - რკინის საუკეთესო წყაროა ხორცი, შინაური ფრინველი, თევზი, ზღვის პროდუქტები. მართალია, რკინას საკმაო რაოდენობით შეიცავს პარკოსნები, კაკალი, არაქისის კარაქი, მაგრამ ხორცში არსებული რკინა ყველაზე უკეთ შეიწოვება.
  • ფოლატები. ფოლატებით მდიდარია ციტრუსები, ბანანი.
  • B12 ვიტამინი. მას შეიცავს ხორცი და რძის პროდუქტები.
  • C ვიტამინი. მას შეიცავს ციტრუსები, ხილი, ხილის წვენი, კარტოფილი, სხვა გორგლოვანი ბოსტნეული, პარკოსნები, ყვავილოვანი და ჩვეულებრივი კომბოსტო. C ვიტამინი ხელს უწყობს რკინის შეწოვას.

გაითვალისწინეთ, რომ რკინის შეწოვას აბრკოლებს ხორბლეული, ბურღულეული, მაღალი ექსტრაქციის ფქვილი, თხილეული და თესლები; ტანინები, ჩაი, ყავა, კაკაო, მცენარეული ნაყინები, სანელებლები და ზოგიერთი ბოსტნეული; რძე, რძის პროდუქტები. რკინის შეწოვა რომ არ დაბრკოლდეს, რეკომენდებულია:

  • ჩაის, ყავის მიღება საკვების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ, ვინაიდან საკვები აღარ არის კუჭში და ეს პროდუქტები ვერ შეაფერხებენ რკინის შეწოვას;
  • რძის, ყველის მიღება კვებათა შორის;
  • საკვებთან ერთად C ვიტამინით მდიდარი პროდუქტების (ხილის წვენი, ფორთოხალი) მიღება.

- სამწუხაროდ, დღეს სახსრების პრობლემები ასაკის განუყოფელ პრობლემად მიიჩნევა. არცთუ იშვიათად სასხსრების პათოლოგია საკმაოდ ადრე იჩენს თავს. შესაძლებელია თუ არა, გარკვეული ღონისძიებებით შევამციროთ სახსრების დაავადებათა რისკი?

- საბედნიეროდ, გარკვეული რეკომენდაციების შესრულებით ოსტეოართრიტის (სასახსრე ხრტილის დაზიანებით მიმდინარე სახსართა დისტროფიული დაავადება) შემთხვევაშიც არის შესაძლებელი დაავადების თავიდან აცილება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია:

  • იდეალური წონის შენარჩუნება - დადგენილია, რომ სიარულის დროს ჩვენი მუხლები ჩვენს წონაზე 3-6-ჯერ მეტ ზეწოლას განიცდის. ყოველ ზედმეტ 5 კილოგრამზე ეს ძალა დაახლოებით 15-30 კილოგრამით იზრდება. ზეწოლა ბარძაყის სახსარზე 3-ჯერ აღემატება სხეულის წონას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ნორმალური წონის შენარჩუნება სახსრების დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
  • რეგულარული ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა - აუცილებელია 30-წუთიანი დატვირთვა ყოველდღიურად.
  • სახსრების მოსვენება - ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ფიზიკური აქტივობა. სახსრების მოსვენება ძირითადად ხდება ძილის დროს.
  • სახსრების დაზიანების თავიდან აცილება - სახსრების განმეორებითი ტრავმირება ზრდის მათი დაზიანების რისკს.

- ჩვენი საუბრიდან მკითხველს ალბათ დარჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა დაავადების თავიდან აცილება ერთმანეთის მსგავსი ღონისძიებებით არის შესაძლებელი.

- მართლაც ასეა. დაავადებათა დიდი ნაწილის თავიდან აცილების საწინდარი სწორედ ცხოვრების ჯანსაღი წესია. ცხოვრების ჯანსაღი წესი კი გულისხმობს:

  • ჯანსაღ კვებას;
  • დოზირებულ ფიზიკურ დატვირთვას;
  • თამბაქოს წევაზე უარის თქმას;
  • ალკოჰოლის ზომიერ მიღებას;
  • სულიერ სიმშვიდეს.