რა მნიშვნელობა აქვს მოძრაობით თამაშებს ბავშვების ჯანმრთელობისათვის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

რა მნიშვნელობა აქვს მოძრაობით თამაშებს ბავშვების ჯანმრთელობისათვის

რა მნიშვნელობა აქვს მოძრაობით თამაშებს ბავშვების ჯანმრთელობისათვის
კომპიუტერებისა და მობილური მოწყობილობების აქტიურად და მყარად „შემობიჯებამ“ ბავშვთა ცხოვრებაში დიდი ზიანი მოუტანა მათ ჯანმრთელობას. ეს არახალია და ამაზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება.

საქმე ის გახლავთ, რომ კომპიუტერულმა თამაშებმა ჩაანაცვლეს ბავშვთა საყვარელი სხვა და მათ შორის, აქტიური მოძრაობითი თამაშები. შედეგად გაიზარდა ავადობა, როგორც სომატური, ასევე ფსიქიკური (რადგან ბავშვების უმრავლესობა „კარჩაკეტილი“ და უკონტაქტო გახდა), გაუარესდა ბავშვებისა და მოზარდების ფიზიკური განვითარება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სკოლის მოსწავლეთა დიდი ნაწილის სპორტით დაკავება პრობლემური გახდა.

ამ საგანგაშო მდგომარეობის მთავარი საფუძველი ბავშვთა მოძრაობითი აქტივობის დეფიციტი და ცხოვრების ნაკლებმოძრავი
წესია. რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებისათვის სხვა, არაკომპიუტერული თამაშები, მით უფრო ფიზიკური აქტივობა, ეზოში მეგობრებთან ერთად თამაში, სპორტული თამაშები, ამ საინტერესო საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, შინაგან სნეულებათა პროფესორს, საქართველოს დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილ წევრს, თბილისის სახელმწიფო სპორტის
უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ასოცირებულ პროფესორს, უნივერსიტეტ „გეომედის“ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის პროფესორს - იგორ დოლიძეს.

ბატონი იგორი თეორიული (პათოფიზიოლოგია, ვალეოლოგია, სამედიცინო კიბერნეტიკა) და პრაქტიკული (შინაგანი დაავადებები, ინფექციური სნეულებანი, სპორტული მედიცინა, სამკურნალო ფიზკულტურა და რეაბილიტაცია) მედიცინის ღირსეული წარმომადგენელია, 169 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 6 მონოგრაფიის ავტორი, 1997 წელს აირჩიეს ენერგოინფორმაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად (ქ. მოსკოვი), 2004 წელს საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად (ქ. თბილისი). გარდა ამისა, ბატონი იგორი საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსიცაა.

პროფესორმა იგორ დოლიძემ თავისი ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი მოღვაწეობის (სამეცნიერო, საექიმო, პედაგოგიური) ნახევარი სპორტული მედიცინის, რეაბილიტაციის, სამკურნალო ფიზკულტურისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ფსიქო-ფიზიკური აღზრდის პრობლემურ საკითხებს მიუძღვნა.

- ბატონო იგორ, დღეს ბევრი მშობელი ჩივის იმას, რომ მის შვილს კომპიუტერული თამაშების გარდა სხვა გართობა არ იანტერესებს, სხვა სახის თამაში ვერ ართობს.

- თამაშს, როგორც, საზოგადოდ, აღზრდის ერთ-ერთ საშუალებას, ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. ფსიქოლოგიაში თამაში ბავშვისთვის დამახასიათებელი პროცესუალური ხასიათის ქცევის ფორმაა: ბავშვისათვის თამაშის მიზანი თვით თამაშია. თუ ბავშვს სხვა მიზანი ამოქმედებს, მაგალითად, მოგების, მაშინ ფსიქოლოგიურად ის თამაში აღარ იქნება; თუ თამაშის მოტივი ამ მოქმედებით სხვადასხვა შეჯიბრებებში გამარჯვებისადმი სწრაფვაა, მაშინ იგი ფსიქოლოგიურად სპორტის სახეს იღებს. თუმცა, თამაშს (საზოგადოდ) გააჩნია გარკვეული შეჯიბრებითი ხასიათი.

იმის შესახებ, თუ რა აძლევს ბავშვს თამაშის სტიმულს, არსებობს სხვადასხვა თეორია, რომელთა შორის ყველაზე დასაბუთებულია „ფუნქციური ტენდენციის“ თეორია. მისი იდეა წამოაყენა კ. გროსმა მე-19 საუკუნის 90-იან წლებში, ხოლო თეორიის დონემდე აიყვანა დიმიტრი უზნაძემ.

როდესაც ბავშვი იზრდება და ფიზიკურად ვითარდება, უჩნდება სხვადასხვა სახის ფიზიკური და ფსიქიკური უნარი და ამასთან მისი ამოქმედების (გამოყენების) მოთხოვნილებაც, რაც სათანადო თამაშის სახით ვლინდება (ეს კანონზომიერება გასაგებს ხდის, რომ თამაშის ფორმების ცვლილებას ბავშვის ასაკობრივი განვითარება განაპირობებს). თამაშის შინაარსის მეორე განმსაზღვრელი ფაქტორი ობიექტური სოციალური გარემოა. სასკოლო ასაკამდე თამაში ბავშვის ყოველმხრივი განვითარების მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის არის „წინასწარი ვარჯიში“ იმ მოქმედებით, რომლის შესრულება ბავშვს მომავალ ცხოვრებაში დასჭირდება (დ. უზნაძე, 1947 წ.).

- ფაქტია, რომ დღეს ბევრი ბავშვი ეზოში თამაშს, თუნდაც ფეხბურთისას, თანატოლებთან, კომპიუტერში ფეხბურთის თამაშს ამჯობინებს.

- მინდა გითხრათ, რომ სპორტული თამაშები არის – ორ მოწინააღმდეგე მხარეს შორის მკაცრად განსაზღვრული წესებით წარმართული შეჯიბრება, რომელიც განისაზღვრება თამაშის მიზნების გამო მიღწეული შედეგით. სპორტულ თამაშებში გამოყოფენ სამ ფაზას: თავდასხმის ფაზა, როდესაც ერთ-ერთი მხარე ფლობს ბურთს (ფლობს უპირატესობას, უტევს); თავდაცვის ფაზა, როდესაც მეორე მხარე მოქმედებს ბურთის გარეშე (ცდილობს შეაჩეროს მოწინააღმდეგის უპირატესობა); შუალედური ფაზა, როდესაც არც ერთი მხარე არ ფლობს ბურთს (ცდილობს დაეუფლოს უპირატესობას).

მაშასადამე, სპორტული თამაშები (საზოგადოდ) თავისი შინაარსით და ხასიათით კონფლიქტია, სადაც უპირისპირდება მხარეთა ინტერესები, ე. ი. წარმოებს ინტერესთა ბრძოლა. თუ შეიარაღებული ბრძოლა მიმდინარეობს ყოველგვარი წესების გარეშე და მოწინააღმედეგენი ცდილობენ გამოიყენონ ყველა მისაღები და მიუღებელი მეთოდი საბოლოო გამარჯვების მისაღწევად, თამაშები მიმდინარეობს წინასწარ შემუშავებული, მკაცრად განსაზღვრული წესებით და მოწინააღმდეგეებს ეძლევათ თანაბარი პირობები ინტერესთა გასარკვევად. აქ მოქმედი პირების წინაშე დგას შემდეგი ამოცანა: როგორ უნდა ითამაშოს (როგორი სტრატეგია აირჩიოს) კონფლიქტში ჩაბმული მეტოქის წინააღმდეგ, რომ უზრუნველყოს თავისთვის (თავისი გუნდისთვის) გამარჯვების მეტი შესაძლებლობა.

თამაშში (კონფლიქტში) მონაწილეთა ინტერესები ერთნაირია, ანუ ისწრაფვიან გამარჯვებისკენ და ამისათვის ყოველი მათგანი იყენებს თამაშის წესებით დაშვებულ ყველა შესაძლებლობას, იმისათვის, რომ თავისთვის (თავისი გუნდისთვის) უზრუნველყოს საუკეთესო, ხოლო მოწინააღმდეგისთვის ძნელად გადასალახავი პირობები, რათა საბოლოოდ მიაღწიოს გამარჯვებას.

ამის გამო, სპორტული თამაშები, ფიზიკურ განვითარებასთან ერთად, მოითხოვს სულიერ სიმტკიცეს და ნათელ აზროვნებას. თამაშების პროცესში აზროვნება წარიმართება იმ სირთულით და სისწრაფით, რაც ახასიათებს თვით თამაშის არსს და მოქმედი პირების გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.

საერთოდ, ინტერესით ბრძოლაში, თუ ორივე მოწინაღმდეგე თანაბრადაა მომზადებული (შესაბამისად აზროვნებს და ფიზიკურად მომზადებულია), ფაქტობრივად მყარდება თანაბარი (თანასწორი) მდგომარეობა, სადაც ყოველი მოთამაშე (გუნდი) იღებს იმას, რასაც იმსახურებს. არც მეტს და არც ნაკლებს. თამაშის მოგება იმას ნიშნავს, რომ მიაგნო გონიერ (ოპტიმალურ) სტრატეგიას და ტაქტიკას, რომლის შემდგომი განვითარების და ზოგჯერ შეუძლებელის შეძლების (მიღწევის) შემდეგ, უნდა ერგოს გამარჯვებულს. ე.ი. ყოველი სპორტსმენი (გუნდი) იგებს იმას, რასაც აგებს მოწინააღმდეგე, მოგება ტოლია წაგების. ინტერესთა მიღწევისათვის (გამარჯვებისათვის) მოთამაშეებს მოუწევთ მთლიანად გაიღონ ის სულიერი და ფიზიკური შესაძლებლობები, რაც მათ (ან გუნდს) გააჩნიათ.

როგორც ხედავთ, ინტერესთა ბრძოლაში ყალიბდება და ფორმირდება ადამიანის ფსიქიკა და საზოგადოდ, მისი ხასიათი.

- გამოდის, რომ მოძრაობითი აქტივობების, სპორტული თამაშების გარეშე ბავშვები ურეაქციო, უკონტაქტო, ინდიფერენტულები და პასიურნი რჩებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ ფიზიკურ განუვითარებლობაზე.

- ბუნებრივია, რადგან მოძრაობა და მოძრაობითი მოქმედებები ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. იგი შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც ადამიანთან ერთად თანშობილი ინსტიქტი, მისი შინაგანი, სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნილება თვითაღზრდის უზრუნველსაყოფად.

მოძრავი თამაშები კი მოძრაობითი ზემოქმედების განსაკუთრებული საშუალებაა. თამაშის პროცესში, მისი შინაარსისა და სიუჟეტის გამო ბავშვი ამჟღავნებს გარკვეულ დამოკიდებულებას გარემო სინამდვილესთან, შესაბამისად, აცნობიერებს საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმებსა და საშუალებებს, ცდილობს გაარკვიოს თავისი მიმართულება და დამოკიდებულება სათანადო საგნებთან, თანატოლებსა და საერთოდ საზოგადოებასთან.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ისტორიული გამოცდილებისა და მეცნიერული დასკვნების თვალთახედვით თამაშების ჩასახვის და წარმოშობის საფუძველს შრომა წარმოადგენს. ის შეიცავს ადამიანისთვის დამახასიათებელი მოძრაობითი მოქმედების ყველა სახეობას, სიარულს, სირბილს, ხტომებს, ტყორცნებს, ხოხვებს, ცოცვებს და სხვა მრავალს, რის გამოც, მოძრავი თამაშები ბავშვებისათვის მოძრაობითი ჩვევების, ნებისყოფის, ხასიათის და ყოფაქცევის საჭირო ფორმების, დისციპლინის, თავშეკავებულობისა და სხვა მრავალი დადებითი ჩვევისა და თვისების აღზრდა-ჩამოყალიბების საშუალებად გვევლინება.

- კომპიუტერული თამაშებით გატაცებულ ბავშვებს ხშირად აგრსეულობას, ერთგვარად გაშეშებულობასაც უწუნებენ, რას გვეტყვით მოძრავი თამაშების ემოციურ ეფექტებზე?

- მოძრავი თამაშები სავსეა შინაგანი განცდებით, წარმტაცი სანახაობითი ქმედებით, თხოულობს გამბედაობას, მოხერხებულობას, ჭკვიანურ გათვლებს, პირად ინიციატივას და მის აუცილებელ (უთუო) შერწყმას საკუთარ კოლექტივთან, თანამებრძოლ მოთამაშეებთან, მულოდნელ გამჭრიახულ გამოგონებებს და დისციპლინას, უცნაურ აღტკინებასა და ნებისყოფას, აძლიერებს კუნთებს და ფსიქიკას.

თამაშების ძალა მისი ემოციურობა და მიმზიდველობაა. ბავშვების წარმოდგენას იმის შესახებ, რომ წინ თამაშში მონაწილეობა ელით, ყოველთვის ახლავს სიხარული და კმაყოფილება, დადებითი ემოციები და სასიამოვნო მღელვარება. თამაშის დროს ბავშვები დიდი სიამოვნებით და ინტერესით ასრულებენ იმ მოძრაობებს და დავალებებს, რომლებიც თამაშების გარეშე ძნელი და უინტერესოა. ამიტომ თამაშების დროს უფრო იოლად ხდება ფსიქიკური და ემოციური პრობლემების და კომპლექსების დაძლევა. მიმდინარეობს პიროვნებისათვის ისეთი სასიცოცხლო თვისებების ფორმირება, როგორებიცაა პასუხისმგებლობა, ინიციატივა, სიძნელეების გადალახვის ჟინი, დაკვირვებისა და წინდახედულების უნარი. ბავშვები სწავლობენ თამაშის წესების დამორჩილებას.

მოძრავი თამაშები არა მარტო უპირისპირდება ჰიპოკინეზიას, უმოძრაობას, არამედ ხელს უწყობს ორგანიზმის გაკაჟებას, ამიტომ, სომატური დაავადებების საპროფილაქტიკო საშუალებაა.

მოძრავ თამაშებს დამსახურებულად ეძახიან საუკეთესო გამაძლიერებელ წამალს, იგი დადებითად ზემოქმედებს ორგანიზმის ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვის, ძვალ-სახსროვან, კუნთოვან, სენსორულ და სხვა სისტემებზე.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ღაბაბის პრობლემა სამწუხაროდ ბევრ ქალს აწუხებს.
ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა აქვეითებს ყოფილი ონკოლოგიური პაციენტების ნაადრევი სიკვდილის რისკს. ეს დასკვნა კიბოსგან განკურნებული 50-74 წლის 2000 ქალის
ისპანახი საოცარი ბოსტნეულია, აქვეითებს ცხიმიანი და ტკბილი საკვებისადმი ლტოლვას, ასევე ზრდის კუნთების მოცულობასა და ძალას.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად