სარეაბილიტაციო ვარჯიშები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სარეაბილიტაციო ვარჯიშები

ჩამოთვლილი პრობლემების გადასაჭრელად ძვლების მოტეხილობათა დროს გამოიყენება ჰიგიენური ტანვარჯიში, რომელიც მოიცავს დაუზიანებელი კიდურებისა და ზოგადად სხეულის კუნთებისთვის განკუთვნილ 10-12 ზოგადმატონიზებელ ვარჯიშს. ამ უკანასკნელს ენაცვლება სუნთქვითი ვარჯიშები. ჰიპოსტატიკური გართულებების ლიკვიდაციისა და ზოგადად პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია გულმკერდის მასაჟი სუნთქვით ვარჯიშებთან კომბინირებულად. კუნთების ჰიპოტროფიისა და კონტრაქტურის ჩამოყალიბების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება კუნთების იზომეტრიული დაძაბვა, წარმოსახვითი (იდეომოტორული) მოძრაობები იმობილიზებულ სახსრებში. ზოგადმატონიზებელი ზემოქმედების მიზნით აუცილებელია აქტიური ფიზიკური ვარჯიშების შესრულება დაზიანებული კიდურის არაფიქსირებულ სახსარსა და დაუზიანებელ სეგმენტებში.

ქვემო კიდურის ძვლების მოტეხილობისას სამკურნალო ფიზკულტურის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს დაზიანებული კიდურის საყრდენი ფუნქციის გავარჯიშება. როგორც კი პაციენტი ვერტიკალურ მდგომარეობაში ვარჯიშს შეძლებს, მას ასწავლიან ყავარჯნებით სიარულს, თავდაპირველად - დაზიანებულ კიდურზე ზეწოლის გარეშე, შემდგომ კი კიდურზე სხივური (ჯერ ნაწილობრივი, შემდეგ კი სრული) დატვირთვით, თუ, რა თქმა უნდა, მოტეხილი ძვლების ფიქსაცია მყარია და პაციენტის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა. უკუჩვენებათა არარსებობისას (ანუ მაშინ, როდესაც არ არსებობს მოტეხილი ნაწილების ცდომის საშიშროება, ინფექცია მოტეხილობის არეში და სხვა) ყავარჯნებით სიარულისას სხივურ დატვირთვას თანდათანობით ზრდიან, დროთა განმავლობაში პაციენტს ნებას რთავენ, გაიაროს ხელჯოხით ან სრული დატვირთვით. შუალედურ ეტაპზე ცალი ყავარჯნით სიარული, ჩვეულებრივ, მიზანშეუწონელია, ვინაიდან მანკიერი სიარულის გამომუშავებას უწყობს ხელს. იმობილიზაციის შეწყვეტის შემდეგ სამკურნალო ვარჯიშის მიზანს წარმოადგენს სახსრებში მოძრაობის, კუნთთა ტონუსისა და ძალის, აგრეთვე რთულად კოორდინირებული მოძრაობების აღდგენა, განსაკუთრებით იმ მოძრაობებისა, რომლებიც ყოველდღიურ ყოფაში ხშირად გვხვდება და, შესაბამისად, აუცილებელია პაციენტისათვის. ამის შემდეგ სასურველია ვარჯიში ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლეობის გამოსამუშავებლად. ყოველივე ეს პაციენტის სრული სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა.

 

სპეციალური ფიზიკური ვარჯიშები, რომლებიც გამოიყენება ხერხემლის მოტეხილობათა დროს

პირველი პერიოდი (ტრავმიდან 10-14 დღემდე)

საწყისი პოზიცია: პაციენტი წევს ზურგზე

1. ხელები განზიდეთ განზე ისე, რომ არ მოაშოროთ საწოლის ზედაპირს, ჩაისუნთქეთ, ამოსუნთქვას დაამთხვიეთ ხელების სხეულთან მიზიდვა.

2. ისუნთქეთ მშვიდად, მოხარეთ და გაშალეთ (აქტიურად ამოძრავეთ) ტერფები.

3. მოხარეთ და გაშალეთ ხელები იდაყვის სახსარში.

4. შემოირტყით დოინჯი. მორიგეობით მოხარეთ ფეხები მუხლის სახსარში ისე, რომ ტერფები არ მოაშოროთ საწოლის ზედაპირს.

5. ხელები დაიწყვეთ გულმკერდზე. ჩასუნთქვისას იდაყვები ასწიეთ ზემოთ, ამოსუნთქვისას დაუშვით.

6. შემოირტყით დოინჯი, ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე, ტერფები ჯერ შიგნით შეატრიალეთ, შემდეგ გარეთ.

7. ხელის მტევნები მხრებზე დაიწყვეთ და მხრის სახსრებში წრიული მოძრაობები შეასრულეთ.

8. შემოირტყით დოინჯი. ხელები მორიგეობით განზიდეთ განზე, თან იმავე მხარეს მიაბრუნეთ თავი. ხელების განზიდვა ჩასუნთქვას დაამთხვიეთ, საწყის პოზიციაში დაბრუნება კი ამოსუნთქვას.

9. ხელები მოხარეთ იდაყვის სახსარში, მორიგეობით შეკარით და გაშალეთ მუშტები.

10. ხელები მოხარეთ იდაყვის სახსარში, ხელის მოდუნებული მტევნები მორიგეობით მოხარეთ და გაშალეთ.

 

სამკურნალო ფიზკულტურა მწვავე ბრონქიტისა და პნევმონიის დროს

მწვავე ბრონქიტით ან პნევმონიით დაავადების პირველივე დღიდან, თუ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სხეულის ტემპერატურა არ აღემატება 37,5°ჩ-ს, სასურველია სამკურნალო ვარჯიშების დაწყება. გთავაზობთ ვარჯიშთა კომპლექსს, რომელიც რეკომენდებულია კეროვანი პნევმონიის ყველაზე ხშირი - მარჯვენა ფილტვის ქვემო წილში ლოკალიზაციის დროს. მარცხენამხრივი პნევმონიის შემთხვევაში აღწერილი ვარჯიშები უნდა შესრულდეს მარცხენა ხელით.

საწყისი პოზიცია: პაციენტი წევს ზურგზე

1. იწექით მშვიდად და შეეცადეთ, დიაფრაგმის აქტიურად ჩართვით ისუნთქოთ 1-1,5 წუთის განმავლობაში.

2. ხელები ჩასჭიდეთ ერთმანეთს, ჩასუნთქვის პარალელურად ასწიეთ მაღლა, თან სხეულიც დაჭიმეთ და მიაყოლეთ. ამოსუნთქვა რამდენადმე გაახანგრძლივეთ და მას საწყის მდგომარეობაში დაბრუნება დაამთხვიეთ. ვარჯიშის ტემპი ნელი უნდა იყოს. გაიმეორეთ 6-8-ჯერ.

3. ჩაისუნთქეთ. ამოსუნთქვისას გამართული ფეხი ასწიეთ. იგივე უნდა გააკეთოთ მეორე ფეხით, მთლიანად ვარჯიში კი 5-7-ჯერ გაიმეოროთ.

4. ხელები გულმკერდის ყაფაზის ქვედა ნაწილზე შემოიჭდეთ. ჩასუნთქვისას გულმკერდს მოუწევს ხელების მოჭერით შექმნილი წინააღმდეგობის გადალახვა, ამოსუნთქვისას კი ხელები კვლავ მოუჭირეთ ყაფაზს. ტემპი ნელი უნდა იყოს. ვარჯიში გაიმეორეთ 5-7-ჯერ.

5. ჩასუნთქვას დაამთხვიეთ ხელების განზე გაწევა, ამოსუნთქვისას კი მუხლები მკერდთან მიიტანეთ, მცირე პაუზის შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ 6-8-ჯერ.


 

საწყისი პოზიცია: პაციენტი წევს მარცხენა გვერდზე

6. იწექით მშვიდად და ეცადეთ, დიაფრაგმის აქტიურად ჩართვით ისუნთქოთ 1-1,5 წუთის განმავლობაში.

7. შეასრულეთ წრიული მოძრაობები გამართული მარჯვენა ხელით. სუნთქვა მშვიდი უნდა იყოს, ვარჯიშის ტემპი - საშუალო ან ჩქარი. გაიმეორეთ 6-8-ჯერ.

8. მარჯვენა მტევანი მოათავსეთ გულმკერდის ყაფაზის ქვედა ნაწილზე (მარჯვენა მხრიდან). მკერდის ქვედა ნაწილით ისუნთქეთ 1-1,5 წუთის განმავლობაში.

9. მარჯვენა ხელი უკან წაიღეთ, ოდნავ მოიხარეთ (ჩასუნთქვა), ამოსუნთქვისას კი დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ხანმოკლე პაუზის შემდეგ ვარჯიში გაიმეორეთ, სულ - 6-8-ჯერ.

საწყისი პოზიცია: პაციენტი ზის სკამზე

10. ხელები ჯერ დაუშვით. შემდეგ მარჯვენა გამართული ხელი ასწიეთ და უკან გადაიტანეთ (ეს დაამთხვიეთ ჩასუნთქვას), ამოსუნთქვის პარალელურად გადაიხარეთ წინ და შეეხეთ მარცხენა ტერფს, ხანმოკლე პაუზის შემდეგ მოეშვით. იგივე მოძრაობა შეასრულეთ მეორე ხელით. ვარჯიში თითოეული ხელით 5-7-ჯერ გაიმეორეთ.

11. ჩაისუნთქეთ. ასწიეთ მარჯვენა ხელი და ასე გადაიხარეთ მარცხენა მხარეს (ეს მოძრაობა ამოსუნთქვას უნდა დაამთხვიოთ). შემდეგ მარცხენა ასწიეთ და მარჯვნივ გადაიხარეთ. ვარჯიში თითოეული ხელით 5-7-ჯერ გაიმეორეთ.

12. გამართული ფეხები ოდნავ წამოსწიეთ (დაახლოებით 20 სმ სიმაღლეზე) და ზემოთ-ქვემოთ ამოძრავეთ - შეასრულეთ მოძრაობები, რომლებიც სრულდება კროლის სტილით ცურვის დროს. სუნთქვა მშვიდი უნდა იყოს, ვარჯიშის ტემპი - ჩქარი. გაიმეორეთ 10-12-ჯერ.

13. ხელებით შეასრულეთ ისეთი მოძრაობები, რომლებიც სრულდება ბრასის სტილით ცურვის დროს - ხელები მოხარეთ იდაყვის სახსარში, წინ გაიწოდეთ, შემდეგ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში განზე გასწიეთ. ჩასუნთქვა საწყის პოზიციას უნდა დაამთხვიოთ, ამოსუნთქვა კი ხელების მოძრაობას. ხანმოკლე პაუზა. მოძრაობები ნელი და მშვიდი უნდა იყოს. გაიმეორეთ 8-10-ჯერ.

14. ხელ-ფეხით გააკეთეთ ველოსიპედის მართვის იმიტაცია. ისუნთქეთ მშვიდად. ვარჯიშის ტემპი ნელი უნდა იყოს. გაიმეორეთ მოძრაობები 8-10-ჯერ.

15. ხელები ჩასუნთქვისას განზე გასწიეთ, ამოსუნთქვისას კი მხრებს ჩასჭიდეთ. პაუზა. გაიმეორეთ 5-7-ჯერ.

16. მოხარეთ და გაშალეთ ტერფები. ისუნთქეთ მშვიდად. გაიმეორეთ 8-10-ჯერ.

17. "კრივი" - ხელები მოხარეთ იდაყვის სახსარში, თითები მუშტად შეკარით. ამოსუნთქვის პარალელურად ხელები მორიგეობით გამოსწიეთ წინ, თითქოს მეტოქეს ებრძოდეთ. ვარჯიშის ტემპი საშუალო უნდა იყოს. თითოეული ხელით მოძრაობა 8-10-ჯერ გაიმეორეთ.

18. ჩაეჭიდეთ სკამის საზურგეს, გამართული მარჯვენა ფეხი მაღლა ასწიეთ და შეასრულეთ წრიული მოძრაობები (გარეთა მიმართულებით). მშვიდად ისუნთქეთ. ვარჯიშის შესრულების ტემპი ნელი უნდა იყოს. ვარჯიში თითოეული ფეხით 5-7-ჯერ გაიმეორეთ.

19. იარეთ ადგილზე. თვლაზე "1, 2" ჩაისუნთქეთ, თვლაზე "3, 4, 5" ამოისუნთქეთ, თვლაზე "6, 7" - პაუზა.

 

ინსულტგადატანილთა რეაბილიტაცია

ინსულტგადატანილი პაციენტების რეაბილიტაცია მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად მოიცავს ძილისა და ფიზიკური დატვირთვის რაციონალურ რეჟიმს, მასაჟს, ფსიქოთერაპიას, აეროთერაპიას და სხვა. აღდგენით პერიოდში ძალიან სასარგებლოა სუფთა ჰაერზე ძილი. ფიზიკური აქტივობისა და მოძრაობის რეჟიმი მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

  • დილის ტანვარჯიში;
  • დოზირებული სეირნობა;
  • დამოუკიდებელი ფიზიკური ვარჯიშები.

დილის ტანვარჯიში ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს, ოღონდ ისეთ რეჟიმში, რომ ადამიანი არ გადაიღალოს. გადაღლა არასასურველია. მიზანშეწონილია სუნთქვითი ვარჯიშები, ტანის დაზელა, სუფთა ჰაერზე სეირნობა. სამკურნალო სიარული დოზირებულად ინიშნება და ხორციელდება სრულიად სწორ ზედაპირზე (ციცაბო დაღმართებსა და მიხვეულ-მოხვეულ გზებზე სიარული ამ კატეგორიის პაციენტებისთვის დაუშვებელია). მარშრუტის სიგრძე, ამინდიდან და პაციენტის ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, 150-200-დან 500-1000 მ-მდე მერყეობს. პაციენტს აუცილებლად უნდა ახლდეს თან გამცილებელი. სიარულის ტემპი ნელი უნდა იყოს: წუთში 40-50 ნაბიჯი ყოველ 5-10 წუთში ერთხელ შესვენებით. სამკურნალო ტანვარჯიში პაციენტმა ყოველდღიურად დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს. მისი ზოგადი პრინციპი დატვირთვის ინდივიდუალური გეგმით ზრდაა. დამოუკიდებელი ფიზიკური ვარჯიშები ტარდება რეაბილიტაციის სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ (სწორედ ამ უკანასკნელის ინსტრუქციით შეძლებს პაციენტი ვარჯიშის სწორად შესრულებას). მიზანშეწონილია ცალ-ცალკე თითების, მტევნებისა და ტერფების კუნთებისთვის განკუთვნილი ვარჯიშების ჩატარება, სიარულისა და საყოფაცხოვრებო თვითმომსახურების სწავლება. ყველა ვარჯიში ტარდება მშვიდ რიტმში მოძრაობათა შეზღუდული ამპლიტუდით. ვარჯიშისთვის განკუთვნილ აღჭურვილობათა (ბურთი, ჩხირი, ჯოხი და სხვა) საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 1 კგ-ს. სამკურნალო ვარჯიშები ექიმის მეთვალყურეობით უნდა მიმდინარეობდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს არტერიული წნევის დონეს, სუნთქვისა და გულისცემის სიხშირეს. ამგვარად, მოძრაობითი რეჟიმის, მასაჟის, სამკურნალო ფიზკულტურისა და ფიზიოთერაპიის სწორად შერწყმა ინსულტის შემდგომ პაციენტის სწრაფ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს.