რატომ, როდის და როგორ უნდა ავცრათ ბავშვი
ვაქცინაციის მომხრეები, ანტივაქცინატორები და ისინი, ვინც თავს იკავებენ და ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდნენ. ამ საკითხზე წამოწყებულმა პოლემიკამ მნიშვნელოვნად გაართულა იმუნოლოგების საქმიანობა ეპიდემიური ხასიათის დაავადებათა თავიდან ასაცილებლად. ვაქცინაციის აუცილებლობაზე, შესაძლო გართულებებსა და ჩატარების ვადებზე გვესაუბრება მე-11 პოლიკლინიკის ექიმი პედიატრ-იმუნოლოგი, მადონა ბაკურაძე.
– ქალბატონო მადონა, რა არის ვაქცინაცია?
– ვაქცინაცია (vaccination), იგივე – აცრა (inoculation) – ხელოვნური იმუნიზაციაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მიკროორგანიზმების ანტიგენის შეყვანით ხორციელდება. ვაქცინაციის მიზანია ინფექციური დაავადებებისადმი ორგანიზმის რეზისტენტობის გაზრდა. ანტიგენის მასალის შეყვანის შემდეგ ხდება დაავადების გარკვეული გამომწვევის მიმართ საკუთარი ანტისხეულების გამომუშავების სტიმულაცია.
ვაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს როგორც პროფილაქტიკური, ისე სამკურნალო მიზნით.
– როგორი შეიძლება იყოს ვაქცინა?
– მიკროორგანიზმების ხასიათის მიხედვით ვაქცინა შეიძლება იყოს: ბაქტერიული, ვირუსული და რიკეტსიოზული.
დამზადების მეთოდის გათვალისწინებით ცოცხალი, დასუსტებული პათოგენური მიკროორგანიზმებისა და ინაქტივირებული (მკვდარი) ბაქტერიებისა და ვირუსებისაგან მიღებული.
მონოვალენტური, ანუ ერთ რომელიმე კონკრეტულ გამომწვევზე გათვლილი, და პოლივალენტური, ე.წ. ასოცირებული ვაქცინები, რომლებიც რამდენიმე გამომწვევის ანტიგენს შეიცავენ, მაგალითად, აბსორბირებული ყივანახველა-დიფთერია-ტეტანუსის ვაქცინა.
– როგორ ტარდება ვაქცინაცია?
– ვაქცინაციის რამდენიმე გზა არსებობს:
- კუნთში – ეს ვაქცინის შეყვანის ყველაზე გავრცელებული, ეფექტური და შესაბამისად, უპირატესი საშუალებაა. ამ შემთხვევაში სწრაფად იწოვება ვაქცინა, მაღალია იმუნიტეტის გამომუშავების სიჩქარე და ინტენსივობა. ალერგიული რეაქციების რისკიც დაბალია.
- პერორალური – ტრადიციულად ენტეროვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შეჰყავთ ამ გზით, რომლის კლასიკური მაგალითია „ცოცხალი“ პოლიომიელიტის ვაქცინა.
- კანში და კანზე შეჰყავთ რამდენიმე სახის ვაქცინა, მათ შორისაა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა ბცჟ (Bაცილლუს ჩალმეტტე-Gუერინ, BჩG), ტულარემიისა და ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინები. სხვა აცრები ამ გზით არ კეთდება.
კანქვეშ შეჰყავთ საკმაოდ დიდი რაოდენობით როგორც „ცოცხალი“, ისე ინაქტივირებული ვაქცინა, თუმცა, სასურველია ეს გზა გამოვიყენოთ მხოლოდ „ცოცხალი“ აცრებისთვის წითელაზე, ყბაყურაზე, წითურაზე, ყვითელ ცხელებასა და სხვა ინფექციურ დაავადებებზე.
- ინტრანაზალური – ჩვეულებრივ, ეს აეროზოლის საშუალებით ცხვირიდან შეყვანის გზაა, თუმცა, შეიძლება კრემისა და წყალხსნარების ფუძეზე დამზადებული ვაქცინის შეყვანაც. ამგვარი ვაქცინაცია, როგორც წესი, არ იწვევს სისტემური იმუნიტეტის განვითარებას და მხოლოდ ლორწოვან გარსზე შედარებით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ქმნის მიკროორგანიზმებისათვის ბარიერს. ინტრანაზალური აცრები ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებ დაავადებებთან ბრძოლისთვისაა მოწოდებული, მაგალითად: გრიპი, წითელა, წითურა.
– რა არის რევაქცინაცია?
– როგორც თავად დასახელებიდან ჩანს, ეს იგივე დაავადებებისადმი, ინფექციის გამომწვევისადმი, სრული სისტემური იმუნიტეტის ხელმეორედ გამომუშავებისა და ინტენსივობის გასაზრდელი მორიგი აცრაა, ორგანიზმის მდგრადობის ასამაღლებლად.
რეკომენდებული რევაქცინაციის რაოდენობა სიცოცხლის განმავლობაში, ვაქცინის ტიპის მიხედვით, შეიძლება იყოს ერთიდან შვიდამდე. ზოგიერთ შემთხვევაში რევაქცინაცია საერთოდ არაა საჭირო.
დიფთერიისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო სამი რევაქცინაცია ტარდებ 14 წლამდე, მომდევნო ყოველ 10 წელიწადში 55 წლამდე.
პოლიომიელიტის აცრა გულისხმობს 3 რევაქცინაციას 14 წლამდე. ყბაყურის საწინააღმდეგო აცრა 7 წლამდე კეთდება ერთჯერადი ინიექციის სახით, რევაქცინაციის გარეშე, რადგანაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ხდება იმუნიტეტის ჩამოყალიბება.
საქართველოში ძირითად ინფექციებზე აცრები იყოფა ორ კატეგორიად – აუცილებელი და დამატებითი. პირველი შედის პროფილაქტიკური აცრების ნაციონალურ კალენდარში და მოწოდებულია ყველაზე მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციებისაგან დასაცავად, მეორე სასურველია, მაგრამ კეთდება ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამომდინარე (მაგ: მოგზაურობის წინ).
პროფილაქტიკური აცრების კალენდარი საკმაოდ დიდი რაოდენობით ვაქცინას მოიცავს.
– რა მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას?
– დროულად ჩატარებული აცრები იცავს ბავშვს მძიმე და ზოგჯერ მომაკვდინებელი, საშიში ინფექციებისაგან. დაავადების პროფილაქტიკის უკეთესი საშუალება მედიცინაში ჯერჯერობით არ არსებობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აზრით, აცრები დაავადების თავიდან აცილების იდეალური საშუალებაა. ანტიბიოტიკების ეფექტურობა ყოველწლიურად ქვეითდება, ინფექციისგან დაცვის სხვა საშუალება კი უბრალოდ არ რჩება.
– როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი აცრისთვის?
– საჭიროა რამდენიმე ელემენტარული წესის დაცვა: აცრის წინ უნდა ჩატარდეს პედიატრის კონსულტაცია.
აცრის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ტემპერატურული რეაქცია, ამიტომ უნდა გვქონდეს სიცხის დამწევი პრეპარატი. აცრის წინ თავი უნდა შევიკაოთ ახალი სახეობის საკვების მიცემისაგან. აცრის წინ ბავშვის ტემპერატურა უნდა იყოს 370С-ზე დაბალი. მანტუს გამოკლებით, აცრის შემდეგ ბავშვის დაბანა შეიძლება; აცრიდან სამი დღის შემდეგ შესაძლებელია ბავშვის კვების ჩვეულ რაციონში ცვლილებების შეტანა.
– რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს ვაქცინაციას?
– ვაქცინაციით გამოწვეული გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, მსუბუქი და გარდამავალია. ინიექციის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს სხეულის ტემპერატურის მომატება, ინიექციის ადგილის მტკივნეულობა, შეწითლება და შეშუპება.
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის ინიექციის ადგილიდან შეიძლება გამოიყოფოდეს მოყვითალო გამონადენი. ამ შემთხვევაში ინიექციის ადგილი უნდა გასუფთავდეს გადადუღებული წყლით.
წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს გამონაყარი, რომელიც მალე გაივლის.
თუ ბავშვი მოუსვენრადაა და ტირის, შეიძლება მივცეთ პარაცეტამოლი.
– ვის შეიძლება ჩაუტარდეს ვაქცინაცია?
– ვაქცინაცია პრაქტიკულად ყველა ჯანმრთელ ბავშვს შეიძლება ჩაუტარდეს.
– როდის არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება?
– არსებობს ვაქცინაციის აბსოლუტური და შედარებითი უკუჩვენებები.
აბსოლუტურ უკუჩვენებებს მიეკუთვნება:
- ვაქცინის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, რომელიც გამოიხატება მძიმე რეაქციებში ან ვაქცინის შეყვანისას გამოვლენილ გართულებებში;
- იმუნოდეფიციტური მდგომარეობა (პირველადი – თანდაყოლილი) ან შემდგომ განვითარებული. მათთვის „ცოცხალი“ ვაქცინის შეყვანა უკუნაჩვენებია.
შედარებით უკუჩვენებას მიეკუთვნება:
- მწვავე დაავადება (მაგალითად, მწვავე რესპირატორული დაავადება), ტემპერატურის მომატება ან ქრონიკული დაავადების გამწვავება.
– რატომ არის საჭირო ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღდეგო ვაქცინაცია და მოქმედებს თუ არა ის ორსულობაზე?
– საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია. საშვილოსნოს ყელი კიბოს იწვევს ადამიანის პაპილომავირუსი (HPV). ის გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს სქესობრივი გზით და იწვევს სერიოზულ დაავადებებს. მისი თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციით, რომელიც უსაფრთხოა, ეფექტურია და უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს გოგონების საშვილოსნოს ყელის კობოს საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვაქცინაციას კარგი ეფექტი აქვს, თუ მას ვირუსით დასნებოვნებამდე ჩავატარებთ (სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე).
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდებათ 10-12 წლის გოგონებს.
HPV საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ მოქმედებს ორსულობაზე.