ყველაფერი ცოფის აცრებზე
მისი გამომწვევი ვირუსი დაავადებული ცხოველის ნერწყვიდან გადაეცემა ადამიანს, ვრცელდება ნერვული ბოჭკოებით, აღწევს სანერწყვე ჯირკვლებს, თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს (ნეირონებს), ჰიპოკამპს (ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურაა), ქერქქვეშა ცენტრებს, არღვევს მათ ფუნქციებს, უმძიმესი დარღვევებისა და სიკვდილის განვითარებით.
ცოფის ვირუსი ინტენსიურად მრავლდება ნერვულ უჯრედებში, მისი ეგზემპლარები აქტიურად გადაეცემა ნეირონთა აქსონებით, დაახლოებით 3 მმ საათში სიჩქარით. ზურგისა და თავის ტვინში მოხვედრისას ვირუსი იწვევს მენინგოენცეფალიტს. ნერვულ სისტემაში ცოფის ვირუსის მოხვედრისას ვითარდება ანთებითი, დისტროფიული და ნეკროზული ხასიათის ცვლილებები. ცხოველებისა და ადამიანის სიკვდილი ვითარდება ასფიქსიისა (გაგუდვის) და გულის გაჩერების გამო.
ცოფი გვხვდება ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. ეს დაავადება არ რეგისტრირდება იაპონიაში, ახალ ზელანდიაში, მალტასა და კვიპროსში. ცოფი დღემდე არ დარეგისტრირებულა შვედეთში, ფინეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. დარეგისტრირებულ შემთხვევათა თითქმის ნახევარი (42,2 %) ამერიკის წილად მოდის, ევროპის სახელმწიფოების წილად – 31,9%, აზიისა და აფრიკის წილად კი – შესაბამისად 21,3% და 4,4%.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო-ს) მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 55000 ათასი ადამიანი იღუპება ცოფით. ბოლო პერიოდში ცოფის შემთხვევები განსაკუთრებულად გახშირდა ვიეტნამში, ფილიპინებში, ინდონეზიასა და ჩინეთში. ამასთან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, პირიქით შემცირდა ამ საშინელი ვირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადება, ამ ქვეყნებში, მაღალ დონეზე ორგანიზებული დროული ანტირაბიული დახმარების წყალობით.
რას მოიცავს ეს ანტირაბიული დახმარება, ანტირაბიული ვაქცინაცია, რა სირთულეები ახლავს მას, რა წესების დაცვას საჭიროებს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ანტირაბიული კაბინეტის ყოფილი ხელმძღვანელი, ამ ეტაპზე მოქმედი ბავშვთა ქირურგი, არაერთი უნიკალური ოპერაციის შემსრულებელი, ენდოსკოპისტი, მეტად გულისხმიერი და დიდი პროფესიონალიზმით გამორჩეული ექიმი – მედეა ვალაშვილი. მას 27-წლიანი საექიმო სტაჟიდან 20 წელი საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვს გატარებული, 7 წელია, რაც ქალბატონი მედეა თბილისში მოღვაწეობს:
- ქალბატონო მედეა, როდის და რატომ უნდა ავიცრათ ცოფზე?
- ყველასთვის ცნობილია, რომ ცოფი (ჰიდროფობია) მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით და სრულდება სიკვდილით. ადამიანის ცოფით ინფიცირება შეიძლება მოხდეს დაავადებული შინაური ან გარეული ცხოველისგან: ძაღლი, კატა, მელა, მგელი, ტურა, დათვი, მაიმუნი, ზღარბი, კურდღელი, ცხენი, ვირი და სხვა თბილსისხლიანი ძუძუმწოვრები, რომლებიც ცოფის ვირუსს გამოყოფენ ნერწყვით. ასევე საშიშია ღამურები, ვირთხები, თაგვები და ზაზუნები.
ცოფი შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ვაქცინაციით, ვინაიდან ის სიცოცხლისათვის საშიშია და ცოფისგან განკურნება შეუძლებელია!!!
ცოფის ვირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი აქვთ კუს, გველს, ხვლიკს, ბაყაყსა და სხვა ცივსისხლიან ქვეწარმავლებს – ანუ ამ ცხოველებიდან ცოფი არ გადადის!!! აქვე გაცნობებთ, რომ ადამიანიდან ადამიანზე ცოფი არ გადადის!!!
თუ ადამიანი ცხოველმა დაკბინა (დარტყმა სისხლჩაქცევით, ალოკვა ლორწოვან გარსზე ან დაზიანებულ კანზე – ანუ ჭრილობაზე), დაუყოვნებლივ უნდა აიცრას, ხოლო აცრები გრძელდება ცხოველზე დაკვირვების პერიოდის მანძილზე. ვაქცინაციისთვის შესაბამის კაბინეტს უნდა მიმართოთ არა უგვიანეს 72 საათისა. თუმცა, რაც უფრო ადრე აიცრება ადამიანი, მით მეტია ეფექტურობის გარანტია.
თუ პაციენტი დაიკბინა ნაცნობი ცხოველის მიერ (ძაღლი ან კატა), ენიშნება პირობითი კურსი, რაც გულისხმობს 3 აცრას, აქტიურ იმუნიზაციას, 1 კვირის განმავლობაში (0, 3, 7 დღეებში), თუ 10-12 დღის შემდეგ ძაღლი ან კატა ცოცხალია, აცრები წყდება.
თუ პაციენტი დაიკბინა ქვემოთ ჩამოთვლილი ცხოველების მიერ (მელა, მგელი, ტურა, დათვი, მაიმუნი, ზღარბი, კურდღელი, ცხენი, ვირი და ა.შ. მღრღნელები – ღამურა, ვირთხა, თაგვი და ზაზუნა), აუცილებლად უტარდება სრული კურსი, რაც გულისხმობს 5 აცრას, 1 თვის განმავლობაში (0, 3, 7, 14, 28 დღეებში).
თუ პაციენტს აღენიშნება ნაკბენი ან ნაკაწრი ჭრილობა საშიშ ზონებში (ხელის მტევანი, თითები, სახე, გენიტალიები), ასევე ერთეული ან მრავლობითი ღრმა ჭრილობები – ინიშნება აქტიურ-პასიური იმუნიზაცია, ანუ პირველ აცრასთან, პირველ ანტირაბიულ ვაქცინასთან ერთად შეჰყავთ ანტირაბიული იმუნოგლობულინი (არსებული წესების დაცვით).
დაავადების ხანგძლივი ინკუბაციური პერიოდის გათვალისწინებით (1 კვირიდან 1 წლამდე) ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი ინიშნება ცხოველის მიერ პაციენტის დაკბენიდან რამდენიმე თვის გავლის შემდეგაც კი!!!
- რას მოიცავს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა და რა უნდა იცოდეს პაციენტმა, რომელიც იტარებს ცოფის აცრებს?
- ანტირაბიულ კაბინეტში ხორციელდება შემდეგი აცრები (მხოლოდ მკაცრი ჩვენებების მიხედვით):
1. აქტიური ანტირაბიული იმუნიზაცია (ვაქცინა) – Z24.2 WGX200;
2. პასიური ანტირაბიული იმუნიზაცია (იმუნოგლობულინი) – Z24.2 WGX200;
3. აქტიური ანტიტეტანური იმუნიზაცია (ანატოქსინი 0,5 მლ, კანქვეშ) – Z23.5. WGX200.
ცოფის აცრებთან ერთად აუცილებელია ტეტანუსის პროფილაქტიკაც, თუ ბოლო აცრიდან გასულია 5 წელი და მეტი, შეგვყავს ანატოქსინი 0,5 მლ კანქვეშ, ბეჭქვეშ, ეს ინფორმაცია შემდგომ მიეწოდება ბავშვის პედიატრს!
უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ვაქცინაცია ანტირაბიულ კაბინეტებში ტარდება ვაქცინის მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით, ეს არის მნიშვნელოვანი!!!
ცოფის ვაქცინა არის ინაქტივირებული ცოფის ვირუსი, პრეპარატი, რომლითაც ცრიან ადამიანებსა და ცხოველებს დაავადების წინააღმდეგ აქტიური იმუნიტეტის შესაქმნელად. ვიყენებთ კონცენტრირებულ გაწმენდილ კულტურალურ ანტირაბიულ ვაქცინას, რომელიც რეკომენდებულია ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ. მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად, კონცენტრირებული ანტირაბიული ვაქცინა აინდუცირებს ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას. როგორც უკვე მოგახსენეთ, მძიმე შემთხვევებში (როცა ცხოველი საეჭვოა ცოფზე) და საშიშ ზონებში დაკბენილ ადამიანებს ვაქცინასთან ერთად უკეთდებათ ანტირაბიული იმუნოგლობულინი, რომელიც იწვევს პასიურ იმუნიზაციას.
- რამდენად ეფექტურია ვაქცინაცია? გვიცავს თუ არა ის დაავადებისგან? რა მნიშვნელობა აქვს მას და რატომ არის აუცილებელი?
- ვაქცინაცია არის 100%-ით ეფექტური და იცავს დაკბენილ ადამიანს დაავადებისგან, თუ, რა თქმა უნდა, დროულად ჩატარდა პროფილაქტიკური აცრები. თუმცა, აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ ვაქცინაციის პარალელურად სასურველია დაცული იყოს ამ დროს რეკომენდებული სპეციალური რეჟიმი და დიეტა.
დროული ვაქცინაცია არის ადამიანის ჰიდროფობიისგან დაცვის ერთადერთი საშუალება! ცოფის პროფილაქტიკის მიზნით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ეფექტურობის, იმუნოგენობისა და უსაფრთხოების კრიტერიუმების გათვალისწინებით, რეკომენდაციას უწევს კონცენტრირებულ, გასუფთავებულ, უჯრედულ კულტურასა და კვერცხის ემბრიონზე დამზადებული ვაქცინების გამოყენებას.
- ბევრს აშინებს ეს ვაქცინა ჰეპატოტოქსიკურობისა და სხვა გართულებების გამო, რა გართულებები მოსდევს ვაქცინაციას და შეიძლება თუ არა მათი არიდება?
- ვაქცინაციას შეიძლება ახლდეს მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის გვერდითი მოვლენები სხვადასხვა სიმპტომის სახით; მათ შორის ყველაზე ხშირია ალერგიული რეაქციები გამონაყარის სახით, ტკივილი, ერითემა, შეშუპება, ქავილი ინიექციის ადგილზე; უფრო იშვიათია ზოგადი რეაქციები, როგორებიცაა: ჰიპერთერმია, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სისუსტე, მუცლის ტკივილი, მიალგია, ართრალგია, ცხელება, გულისრევა და ღებინება. ყველა ამ მოვლენის აღმოფხვრა ადვილად შეიძლება ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებითა და ვაქცინაციის წესებით განსაზღვრული რეჟიმისა და დიეტის დაცვით.
ანტირაბიული იმუნოგლობულინის შეყვანისას შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია, თვით ანაფილაქსიური შოკი და შრატისმიერი დაავადებაც კი. ანტირაბიული ვაქცინაციის გართულების მიზეზად შეიძლება იქცეს: იმუნოპროფილაქტიკის ტექნიკის დარღვევა, უხარისხო ანტირაბიული პრეპარატის გამოყენება, მისი შენახვის ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობა, აცრების სქემის დარღვევა, ასევე აცრების დროს დაწესებული რეჟიმის დარღვევა დაზარალებულის მიერ.
ბევრი გართულების არიდება შეიძლება პაციენტსა და ექიმს შორის არსებული სრულყოფილი კომუნიკაციის წყალობით, ეს უკანასკნელი განაპირობებს არა მარტო პაციენტის ირგვლივ სრული ანამნეზის მოძიებას, ალერგიული ფონის გარკვევას, გადატანილი დაავადებების შესახებ ინფორმაციის მიღებას, არამედ ცხოველის შესახებაც ინფორმაციის შეგროვებას.
- აქვს თუ არა ვაქცინაციას უკუჩვენება?
- ცოფის ინფექციის გარდაუვალი ფატალურობის გამო არ არსებობს დაკბენის შემდგომი ვაქცინაციის უკუჩვენება!!!
- რა დროის განმავლობაში ნარჩუნდება ვაქცინის ეფექტურობა, თუ განმეორებით კიდევ დაკბინა ან დაკაწრა ცხოველმა ადამიანი, არის თუ არა საჭირო რევაქცინაცია?
- პირობითი კურსის შემდეგ (ანუ თუ 3 აცრა ჩაიტარა ადამიანმა) ვაქცინაციის ეფექტურობა ნარჩუნდება 28 დღე, სრული კურსის შემდეგ კი – 3 თვე. თუ ამ ვადების არეალს გასცდა და განმეორებით დაიკბინა პაციენტი – ისევ უნდა აიცრას! აქვე მინდა აღვნიშნო, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათად, არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იმავე პაციენტს – ბავშვს, წელიწადში რამდენჯერმე კბენს ცხოველი, რაც არყევს ბავშვის იმუნიტეტს და ასეთი ბავშვი შემდგომ ხშირად ავადობს.
- რა საფრთხე გვემუქრება ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში?
- ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში გვემუქრება სიკვდილის საფრთხე და დიდი რისკი!!!
- რა რეკომენდაციებს მისცემთ მკითხველს ვაქცინაციასთან დაკავშირებით?
- ჩვენს მკითხველს მინდა ვურჩიო და მარტივად ავუხსნა:
- თუ ცხოველმა დაგკბინათ, დაგკაწრათ, აგლოკათ დაზიანებულ კანზე, ლორწოვან გარსზე, სისხლჩაქცევა ან დაჟეჟილობა გამოიწვია, უნდა ჩაიტაროთ პროფილაქტიკური აცრები, პარალელურად დააკვირდეთ ცხოველს! (სხვადასხვა კატეგორიები);
- თუ ქუჩაში დაზიანდით ძაღლის ან კატისგან, რომელსაც თან ახლავს თავისი პატრონი, არ დაგავიწყდეთ საკონტაქტო ინფორმაციის ჩაწერა (ტელეფონის ნომერი და მისამართი), რათა გადარჩეთ სრულ კურსს, ანუ ზედმეტი აცრების ჩატარებას!
- გაბრაზებულმა მამამ ან ბაბუამ თოფით არ უნდა მოკლას ცხოველი (რაც არაერთხელ მომხდარა), რომელმაც დაკბინა მისი შვილი ან შვილიშვილი, რადგან ბავშვი უკვე პირობითი კურსის ნაცვლად მიიღებს სრულ კურსს, რადგან ცხოველზე დაკვირვება შეუძლებელი იქნება.
- ცხოველები უნდა გიყვარდეთ, გაუფრთხილდეთ მათ, იმეგობროთ მათთან, თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ ისიც, რომ ცხოველები შეიძლება გახდნენ ცოფით დაავადების მიზეზი, მეტად საშიში დაავადებისა, რომელიც, სამწუხაროდ, არ იკურნება!!!
- არ მოეფეროთ ქუჩაში უცნობ ცხოველებს, არ ჩაუყოთ პირში თითები, არ აკოცოთ იმ ადგილას, სადაც ლორწოვანი გარსია (ცხვირი, პირი, თვალი), არ დაიძინოთ ცხოველებთან ერთად, მოერიდეთ დაზიანებული კანით მათთან ახლო კონტაქტს, მათი მოვლის დროს ჩაიცვით ხელთათმანი, გაიკეთეთ სპეციალური სათვალე, ნიღაბი, მათთან თამაშის შემდეგ კი აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნით!
ასევე უნდა გვახსოვდეს ვაქცინაციის (მაგალითად, ვაქცინის მიღების, ხარჯვის, შენახვის წესები (+2°ჩ – 8°ჩ) და პოსტვაქცინაციის (სპეციალური რეჟიმი და დიეტა) არსებული წესები.
დაბოლოს, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრს ეშინია ვაქცინაციით გამოწვეული ჰეპატოტოქსიკურობისა და სხვა გართულებებისა, გირჩევთ მოიქცეთ დამზოგველად სოციუმის ყველა ასპექტში, უფრო მეტად კვების პროცესისა და საკვების მიღების კუთხით, ვინაიდან ყველაფერი, რაც შედის ორგანიზმში, მუშავდება და იფილტრება ღვიძლში, საკვებიც და ვაქცინაც, სწორედ ამიტომ აცრების პერიოდში ორგანიზმს უნდა მიაწოდოთ შედარებით მსუბუქი საკვები, მცირე ულუფებით, რომ რამდენადმე შეუმსუბუქოთ დატვირთვა, ეს, თავის მხრივ, განაპირობებს სრულყოფილად იმუნიზაციას და უზრუნველყოფს ნაკლებ გვერდით მოვლენებს.
- კონკრეტულად რა უნდა გაითვალისწინოს და რა უნდა ახსოვდეს პაციენტს, რომელმაც ჩაიტარა ცოფის აცრა?
- აცრების დროს არ უნდა მივიღოთ შემდეგი საკვები: ცხიმიანი ხორცი (ღორის, ცხვრის), რძე, კვერცხი, ძეხვეული (სოსისი, ძეხვი), ციტრუსი, დაფქული სანელებლები, სუნელები, შოკოლადი, ყავა, კაკაო, კანფეტი ხელოვნური ფერადი საღებავით, მწარე, მჟავე, ცხარე, შებოლილი პროდუქტები, ჩიპსი, ნაყინი, გაზიანი სასმელები, ნატურალური წვენები, კუბეტები, ტომატი, მაიონეზი, მწნილები, კონსერვები, კრემიანი ნამცხვრები, წითელი ფერის ხილი და ბოსტნეული – პამიდორი, ჭარხალი, მარწყვი, ჟოლო, ალუბალი, ასევე ნიორი, ნიგოზი, თაფლი, ვაფლი, მაღაზიის მზა საჭმელები.
6 თვე არ უნდა მიიღოთ: ს პ ი რ ტ ი და ალკოჰოლური სასმელები, ის საჭმელები და წამლები, რომლებიც შეიცავს სპირტს!!! მაგალითად, ნაყიდი ტორტი, ღვინო, ძმარი და ძმრიანი საჭმელი, ლიქიორიანი შოკოლადი, აეროზოლი, თხევადი წამალი და წვეთები (თვალის, ცხვირის) – თუ შეიცავს სპირტს!
რაც შეეხება მედიკამენტურ დანიშნულებას: საჭიროა ანტიჰისტამინური პრეპარატი (ასაკობრივი დოზირებით) – ალერგიული რეაქციების პრევენციისთვის.
არ შეიძლება ფიზიკური დატვირთვა, გადაღლა, გაოფლიანება, სპორტი, ცეკვა, ცურვა, სირბილი, გარუჯვა. ბანაობა შეიძლება მხოლოდ ნელთბილი წყლით, ვერტიკალურად, შხაპის ქვეშ 5-10 წუთი.
პროფილაქტიკისთვის უნდა ავირიდოთ გაციება, ვირუსული ინფექცია (თბილად ჩავიცვათ, არ ვიაროთ ფეხშიშველა, არ დავლიოთ ცივი წყალი მაცივრიდან, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს).
შეიძლება ვჭამოთ:
- ნაკლებმარილიანი, ნაკლებცხიმიანი, ნაკლებშაქრიანი!!!
- ხორცი: ძროხის, ხბოს, ქათმის, თევზის (მოხარშული, მჭლე);
- წვნიანები, ბორშჩი, მოთუშული, მოხრაკული, ზეთზეც და კარაქზეც, ხახვით, ცოცხალი მწვანილებით, ოღონდ მაიონეზის და ტომატის გარეშე;
- ბურღულეული: შვრია, წიწიბურა, ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი (წყალზე);
- რძის ნაწარმი: მაწონი, ყველი, სულგუნი, ხაჭო – ნაკლებმარილიანი ან უმარილო;
- ბოსტნეული და ხილი – ყველა, ციტრუსებისა და წითელი ნაყოფების გარდა;
- პეჩენია, ორცხობილა, ფუნთუშა, კექსი კრემის გარეშე.
- დასალევად: წყალი, ჩაი, კომპოტი.
აუცილებელია: წიგნების კითხვა, წერა, ხატვა, გაკვეთილების სწავლა, ტელევიზორისა და/ან კომპიუტერის შეზღუდვა 1 საათამდე, შემდეგ შესვენება. კარგ ამინდში – სეირნობა!