ახალშობილთა ანომალიები და დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალშობილთა ანომალიები და დაავადებები

დღენაკლული ბავშვი დროულისგან განსხვავდება მორფოლოგიური და ფუნქციური ნიშნებით, რომელთა საფუძველი ძირითადად ბავშვის უმწიფრობაა.

სხეულის მასის მიხედვით დღენაკლულ ახალშობილებს შემდეგ ჯგუფებად ყოფენ:

  • I ჯგუფი - დაბადებისას სხეულის მასაა 1000-1500გ;
  • II ჯგუფი - დაბადებისას სხეულის მასაა 1501-2000გ;
  • III ჯგუფი - დაბადებისას სხეულის მასაა 2001-2500გ.

ახალშობილთა დაახლოებით 8% დროზე ადრე იმის გამო იბადება, რომ დედას ნაადრევი მშობიარობა ეწყება სპონტანურად ან გარკვეული მიზეზების გამო ხელოვნურად ხდება მშობიარობის პროვოცირება. ამ ეტაპზე არ არსებობს ნაადრევი მშობიარობის მიზეზების ზუსტი ჩამონათვალი, მაგრამ ცნობილია რისკფაქტორები, რომლებიც ორსულობის ასეთი გამოსავლის ალბათობას ზრდის. ეს რისკფაქტორებია:

  • სისხლდენები ან საშვილოსნოს სხვა პრობლემები, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰორმონულ დარღვევებსაც, განსაკუთრებით - საკვერცხის ფუნქციურ უკმარისობას და თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერფუნქციას. დღენაკლულობის გავრცელებული მიზეზია ნაყოფის გენეტიკური და ქრომოსომული დაავადებები, მისი მდებარეობის თავისებურებები. მენჯით წინამდებარეობის დროს ნაადრევი მშობიარობის რისკი იზრდება. ნაადრევ მშობიარობას იწვევს მრავალწყლიანობაც.
  • ორსულობა ტყუპი ან მეტი ნაყოფით - თუ ორსული ატარებს ერთზე მეტ ბავშვს, ეს ნაადრევი მშობიარობის რისკფაქტორია, რადგან ამ დროს საშვილოსნოში მყოფი ორი ან მეტი ნაყოფისთვის არასაკმარისი ადგილია. ტყუპები, როგორც წესი, იბადებიან ორსულობის 37-ე კვირაზე ან უფრო ადრე.
  • ინფექციური დაავადებები - გრიპი და მწვავე რესპირაციული დაავადებები; ქრონიკული ინფექციები: ციტომეგალია, ქლამიდიოზი, ტოქსოპლაზმოზი, ათაშანგი, ლისტერიოზი, ბრუცელოზი.
  • სტრესული ფაქტორები და ფიზიკური ტრავმა - დღენაკლული ბავშვის დაბადების ხშირი რისკფატორია ორსულის ფიზიკური გადაღლა ან არასრულფასოვანი დასვენება.
  • პროფესიული დაავადებები;
  • ალკოჰოლი, თამბაქო - დედა, რომელიც ეწევა ან ალკოჰოლს მოიხმარს ორსულობის პერიოდში, სარისკოს ხდის ნაადრევ მშობიარობას და მცირე მასის ბავშვის დაბადებას.
  • ნაადრევად მშობიარობენ 18 წლამდე ან 35 წელზე მეტი ასაკის, ასევე - დაბალი ტანის ქალები.
  • ნაადრევი მშობიარობის მიზეზია ორსულთა ტოქსიკოზი, განსაკუთრებით - ნეფროპათია, აგრეთვე - სომატური დაავადებები: ჰიპერტონიული დაავადება, რევმატიზმი, გულის მანკი, თირკმლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი;
  • ნაადრევი მშობიარობის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ხელოვნური აბორტი.
  • სოციალური და ეკოლოგიური ფაქტორები, მოსახლეობის კულტურის დონე. უქმრო ქალები ნაადრევად ორჯერ უფრო ხშირად მშობიარობენ. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე კლიმატურ პირობებსა და წელიწადის დროსაც კი - შემჩნეულია, რომ დღენაკლული ბავშვები უმეტესად ზამთრობით და გაზაფხულობით იბადებიან.

რით განსხვავდება დღენაკლული ბავშვი დროულისგან?

დღენაკლულ ბავშვებს, როგორც წესი, აქვთ ჯანმრთელობის მხრივ სხვადასხვაგვარი პრობლემა. აქედან ზოგიერთი უფრო სერიოზულია, მაგრამ მეტწილად ამასთან გამკლავება შესაძლებელია ინტენსიური თერაპიის პალატაში არსებული შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის დახმარებით.

დროული ახალშობილისგან დღენაკლულის განსხვავება თვალშისაცემია: მას აქვს შედარებით დიდი ზომის თავი (რადგან თავის ტვინი შედარებით დიდი აქვთ), თავის ქალას ნაკერები და მცირე ყიფლიბანდი ღიაა, აქვს მოკლე ფეხები, განლეული ცხიმოვანი შრე, კანი უხვადაა დაფარული ღინღლით, ფრჩხილები ვერ ფარავს თითის ფალანგებს, რბილია და მოქნილი ძვლები, ყურის ნიჟარები მჭიდროდ არის მიბჯენილი ქალას ძვლებს, რაც ნიჟარის ხრტილთა უმწიფრობაზე მიუთითებს; ბიჭებს სათესლე ჯირკვლები არ აქვთ ჩამოსული სათესლე პარკში, გოგონებს კი დიდი სასირცხო ბაგეები მცირეს ვერ უფარავთ.

გარეგნულ ნიშნებთან ერთად დღენაკლულებს გამოარჩევს ორგანოებისა და სისტემების უმწიფრობა.

დღენაკლულ ბავშვებს აქვთ კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი მასის დეფიციტი: საშვილოსნოში ყოფნის ბოლო კვირებში ბავშვი ივსებს ცხიმის ძირითად მარაგს და ,,იზრდის” კუნთებს, რაც მას ეხმარება მშობიარობის შემდეგ მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებაში. დღენაკლულ ბავშვებს, რომელთა წონაც 2 500 გ-ს არ აღემატება, ამგვარი დამცავი კუნთოვან-ცხიმოვანი შრე არ აქვთ. ამიტომ მათ უჭირთ სითბოს შენარჩუნება და ამის გამოც შეიძლება საკმარისი არ იყოს მარტო თბილად ჩაცმა და საჭირო გახდეს ინკუბატორში მოთავსება. ინკუბატორი ან იზოლატორი მცირე ზომის საწოლია, რომელიც გარშემორტყმულია გამჭვირვალე პლასტიკური მასალით, უსაფრთხოა და უზრუნველყოფს სითბოს ადეკვატური რაოდენობით შენარჩუნებას.

დღენაკლულ ბავშვებთან ხშირია სუნთქვის პრობლემები (სუნთქვის დარღვევის სინდრომი) - დაბადების შემდგომ ასეთ ახალშობილებს ხშირად უვლინდებათ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც გამოწვეულია მათი სასუნთქი სისტემის უმწიფრობით, დაბადების შემდგომ აუცილებელი ხდება ბავშვის მუდმივი მონიტორინგი ექიმის ან ექთნის მიერ.

სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემა ხშირია დღენაკლულ ბავშვებთან, რომელთა დედებსაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი.

სუნთქვის დარღვევის სინდრომის განვითარების მიზეზია სპეციალური ქიმიური ნივთიერების (ე.წ. სურფაქტანტი) უკმარისობა. ეს უკანასკნელი გამომუშავებას იწყებს ორსულობის მესამე ტრიმესტრში და ამოფენს ბავშვის ალვეოლების შიდა ზედაპირს. ამის წყალობით ალვეოლები არ იფუშება, ინარჩუნებს სანათურს და სუნთქვის პროცესში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ცვლას უზრუნველყოფს. დღენაკლულ ბავშვებთან სურფაქტანტი ვერ ასწრებს დაგროვებას სათანადო რაოდენობით და ეს სუნთქვის მხრივ პრობლემებს წარმოშობს.

სისხლძარღვთა მომატებული განვლადობის გამო ორგანიზმი მიდრეკილია სისხლჩაქცევებისკენ, ჟანგბადოვანი შიმშილის დროს სისხლძარღვთა განვლადობა კიდევ უფრო იმატებს.

სისხლჩაქცევები თავის ტვინში - ნაადრევ ახალშობილებს ხშირად აღენიშნებათ სისხლჩაქცევა თავის ტვინში, რაც ვლინდება დაბადებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ზოგჯერ სისხლჩაქცევა არის საშუალო სიმძიმის (როცა სისხლდენა სპონტანურად ჩერდება) და მძიმე ხარისხის. სისხლჩაქცევის დიაგნოსტირება კომპიუტერული ტომოგრაფიით ხდება.

დღენაკლულ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ სხეულის ქვედა სეგმენტებში სისხლის შეგუბება, რაც ვლინდება აკროციანოზით - ტერფებისა და მტევნების მოლურჯო შეფერილობით.

ჰიპოქსია ხშირია დღენაკლულ ახალშობილებთან. ამის მიზეზია ის, რომ ქსოვილები არ ღებულობენ სათანადო რაოდენობით ჟანგბადს და გლუკოზას. თუ არ ჩატარდება ჰიპოქსიის წინააღმდეგ მკურნალობა, შეიძლება თავის ტვინი დაზიანდეს.

დღენაკლულ ბავშვებთან ხშირია გულის პრობლემები - დაბადების შემდგომ დროულ ახალშობილებთან იხურება აორტისა და ფილტვის არტერიის დამაკავშირებელი სისხლძარღვი, დღენაკლულებთან ეს სისხლძარღვი შედარებით მოგვიანებით იხურება, რაც იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს, უმწიფარ ახალშობილებს ზოგჯერ აღენიშნებათ დაბალი არტერიული წნევაც.

დღენაკლულ ახალშობილებთან ვლინდება საჭმლის მომნელებელი სისტემის გართულებებიც, კერძოდ, დიარეა, ღებინება და განავალში სისხლის არსებობა, რაც მეტად სერიოზული პრობლემაა.

დღენაკლული ახალშობილები სხვადასხვა ინფექციური დაავადების მიმართ მაღალი რისკი ჯგუფს წარმოადგენენ. პრაქტიკულად არც ერთი დღენაკლული ბავშვის იმუნური სისტემა არ მუშაობს სათანადოდ და დროულ ახალშობილებთან შედარებით ბაქტერიებთან ბრძოლის უნარი არ გააჩნიათ, რაც მათი იოლად ინფიცირების მიზეზი ხდება.

დღენაკლულ ბავშვებთან ხშირია სიყვითლე, ანუ კანი და ხილული ლორწოვანი იღებს ყვითელ შეფერილობას. ახალშობილთა ფიზიოლოგიური სიყვითლე, როგორც წესი, რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის. ამის მიზეზია ,,ბებერი” ერითროციტების მასიური განადგურება და სისხლში დიდი რაოდენობით ნაღვლის პიგმენტ ბილირუბინის გადასვლა. როგორც კი ახალშობილის ღვიძლი განვითარდება და დაიწყებს ფუნქციობას, ბილირუბინი გამოიყოფა ორგანიზმიდან და სიყვითლეც ქრება. მაგრამ დღენაკლულ ბავშვებთან ღვიძლი დროული ბავშვების მსგავსად სწრაფად არ ვითარდება და ბილირუბინი უფრო დიდხანს რჩება ორგანიზმში. მისგან გასათავისუფლებლად დღენაკლულებს უნიშნავენ ფოტოთერაპიას - ულტრაიისფერი სხივებით დასხივებას, რაც კანიდან ბილირუბინის გამოდევნას ეხმარება და უხვ კვებას, რაც აჩქარებს ორგანიზმიდან მის გამოყოფას.

დღენაკლულ ბავშვთა პირის ღრუს სიმცირის გამო ენა მთლიანად ავსებს მას. ბავშვი მიდრეკილია წამოქაფებისკენ. ღვიძლი დიდი ზომისაა და თითქმის მთლიანად ფარავს კუჭს. თირკმლები არასრულად არის დიფერენცირებული. პირველ დღეებში შარდვა იშვიათია, შარდის ოდენობა - მცირე, შემდეგ კი თანდათან იმატებს. პირველ დღეს შარდი უფერულია, მე-2-3 დღიდან კი - ინტენსიური ყვითელი შეფერილობისა. წყლისა და მინერალური ცვლა ლაბილურია. ბავშვი მიდრეკილია როგორც შეშუპების, ისე გაუწყლოებისკენ. შეშუპების ერთ-ერთი საშიში გამოვლინება, სკლერედემა, უმეტესად ღრმა დღენაკლულობისას ვლინდება.

დღენაკლულ ბავშვთა ფიზიკურ და ნერვულ-ფსიქიკურ განვითარებას ახასიათებს თავისებურებები, რომლებიც მათ დროული ბავშვებისგან განასხვავებს.

ჯანმრთელ დღენაკლულ ბავშვებს სიცოცხლის პირველ წელს ახასიათებთ ფიზიკური განვითარების მაღალი ტემპი, რომლის ძირითადი მაჩვენებლები დროული ბავშვებისას აღემატება. რაც უფრო ნაკლებია დაბადებისას სხეულის მასა, მით ინტენსიურია მისი მატება სიცოცხლის პირველ წელს. დროული ბავშვის სხეულის მასა 4-5 თვის ასაკში ორმაგდება, დღენაკლულისა კი 2-3 თვის ასაკში. სამაგიეროდ, შედარებით ნელა ხდება კბილების ამოჭრა. ამას უშუალო კავშირი აქვს ჩვილის ორგანიზმის ფუნქციურ უმწიფრობასთან. რაც უფრო უმწიფარია ბავშვი, მით უფრო გვიან ამოეჭრება კბილები.

თითქმის ყველა დღენაკლული ბავშვი გვიან იჭერს თავს, გვიანვე იღიმება, ჯდება, იდგამს ფეხს, ცნობს დედას, იდგამს ენას.

რა მოგვიანო გართულებებია მოსალოდნელი დღენაკლულ ბავშვებთან?

უმწიფარ ახალშობილებს მოგვიანებით შეიძლება გამოუვლინდეთ შემდეგი სახის გართულებები:

  • ცერებრული დამბლა, რომლის დროს დარღვეულია მოძრაობა და კოორდინაცია;
  • მხედველობის პრობლემები;
  • ზრდის შეფერხება (ჰიპოსტატურა, ჰიპოტროფია).

რას გულისხმობს დღენაკლულ ახალშობილთა მკურნალობა?

დღენაკლული ბავშვების მკურნალობა დამოკიდებულია მათ გესტაციურ ასაკზე, წონასა და გამოვლენილ პათოლოგიაზე. შეიძლება საჭირო გახდეს მათი მკურნალობა ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

დღენაკლული ახალშობილების ინტერვენციული ღონისძიებები მოიცავს:

  • სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მექანიკურ ვენტილაციას;
  • ჟანგბადის მიწოდებას ზონდით;
  • კვებას (დედის რძით ან ფორმულით);
  • მედიკამენტურ მკურნალობას;
  • ქირურგიულ მკურნალობას;
  • ფოტოთერაპიას სიყვითლისას.

როგორ კვებავენ დღენაკლულს?

დღენაკლული ბავშვის კვება რთული ამოცანაა: ერთი მხრივ, ორგანიზმი უფრო მეტ ენერგიასა და საკვებს ითხოვს, მეორე მხრივ კი, დაქვეითებულია საკვებისადმი შეგუება, რაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფერმენტული უმწიფრობის ბრალია.

დღენაკლული ბავშვისთვის საუკეთესო საკვებია დედის რძე. მხოლოდ ბუნებრივ კვებას შეუძლია უზრუნველყოს მისი ნორმალური განვითარება. დედის რძე მხოლოდ ღია ფორმის ტუბერკულოზის, მძიმე ფორმის სიფილისისა და ფენილკეტონურიის დროს იკრძალება. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ქალი ზედმიწევნით უნდა ეცადოს, შეინარჩუნოს რძე და გააგრძელოს ჩვილის ძუძუთი კვება. დედის რძე შეუცვლელი საკვებია ახალშობილისთვის.

პირველ დღეებში ბავშვს თითო კვებაზე აძლევენ მინიმალური ოდენობის - 5-10 მლ რძეს, შემდეგ ულუფას თანდათან ზრდიან.

დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების მიწოდების გზას. წოვის სუსტი რეფლექსის ან ყლაპვის რეფლექსის არარსებობისას ახალშობილს საკვები უნდა მიეწოდოს ზონდით, რომელსაც კუჭში 2-3 დღით უტოვებენ და შემდეგ ცვლიან. მიღებულია 7-ჯერადი კვება სამსაათიანი ინტერვალით და ღამის ექვსსაათიანი შესვენებით.

წამოქაფებისა და ღებინების შემთხვევაში შესაძლებელია კვებათა შორის ორსაათიანი ინტერვალის დაცვა. კვების ასეთი რეჟიმი უზრუნველყოფს დღენაკლულის მაქსიმალურ მოსვენებასა და საკვების ფიზიოლოგიურ ათვისებას.

ნაადრევი მშობიარობის დროს დედას ხშირად უვითარდება ჰიპოგალაქტია (რძის შემცირება) ან აგალაქტია (რძის არარსებობა). ასეთ დროს ბავშვი, ბუნებრივია, შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე გადაგვყავს. რეჟიმი იგივე რჩება, ოღონდ დედის რძესთან ერთად ან მის ნაცვლად ახალშობილს ეძლევა ადაპტირებული რძემჟავა ნარევები.