ახალშობილთა მოულოდნელი სიკვდილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალშობილთა მოულოდნელი სიკვდილი

მიუხედავად იმისა, რომ ჩვილთა მოულოდნელი სიკვდილის ჭეშმარიტი მიზეზი უცნობია, არსებობს საკმაოდ მარტივი ღონისძიებები, რომლებიც ასეთი სავალალო გამოსავლის რისკს მნიშვნელოვნად აქვეითებენ.

ახალშობილთა უეცარი სიკვდილის რისკფაქტორები

კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ჩვილი მოულოდნელი სიკვდილის მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება.

მოულოდნელი სიკვდილის რისკფაქტორებია:

  • ნაადრევი მშობიარობა, მცირე მასის ახალშობილი;
  • დედის დატვირთული ანამნეზი - ბევრი ხელოვნური თუ ბუნებრივი აბორტი, მკვდრადშობადობა, სასქესო ინფექციები;
  • ძალიან ახალგაზრდა ან, პირიქით, ასაკოვანი დედა;
  • სამშობიარო ტრავმა (პერინატალური ენცეფალოპათია);
  • მამრობითი სქესის ახალშობილი (თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია);
  • მწეველი მშობლები (გასაკუთრებით, თუ სახლშიც ეწევიან);
  • ბავშვის საწოლში რბილი ბალიშები და საბანი;
  • ბავშვის გადახურება, განსაკუთრებით - ძილის დროს;
  • ჩვილის წონის მცირე ან პირიქით ზედმეტი მატება;
  • ჩვილისადმი მშობლის უყურადღებობა (მათ შორის - ფსიქოლოგიურიც);
  • ცუდი საცხოვრებელი გარემო;
  • მშობლების გაუნათლებლობა ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით.

რამდენად უსაფრთხოა ბავშვთან ერთად ძილი?

უსაფრთხოების წესების დაცვით ბავშვთან ერთად ძილი არა თუ უსაფრთხო, სასარგებლოც კი არის. სტატისტიკურად, იმ ქვეყნებში, სადაც ფართოდაა დანერგილი ბავშვთან ერთად ძილის პრაქტიკა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო ნაკლებია ჩვილების მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევა. ამ ფენომენის მიზეზი ისაა, რომ მშობლის გვერდით ბავშვის გულისცემა და სუნთქვა უფრო რიტმულია, ამიტომ ძილის დროს გულისა და სუნთქვის გაჩერება ნაკლებმოსალოდნელია.

რამდენადაც უნდა გსიამოვნებდეთ საწოლში ბავშვთან ერთად წოლა, არის სიტუაციები, როცა აუცილებელი ხდება ჩვილის საწოლში გადაწვენა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაშინ, თუ თქვენი მეუღლე საწოლში ეწევა, ან ნასვამია, ან საძილე საშუალება აქვს დალეული, ან უბრალოდ ძალიან დაღლილია.

ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, თუ თქვენს საწოლს აქვს რბილი მატრასი, თუ გაფარიათ რბილი და მძიმე საბანი და გიდევთ რბილი ბალიში. ყველა ეს ნივთი ჩვილის გაგუდვის რისკს ზრდის. თუ ბავშვი გვერდით დაიწვინეთ, მიაქციეთ ყურადღება, თავზე საბანი ან ბალიში არ დაეფაროს. დაიფარეთ თხელი, მსუბუქი საბანი და ბავშვიც ისე დააწვინეთ, რომ იატაკზე არ გადმოვარდეს.

როგორ შევამციროთ ჩვილის მოულოდნელი სიკვდილის რისკი?

1991 წელს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ინსტრუქცია, რამაც ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის შემთხვევები 70%-ით შეამცირა.

  • არ მოწიოთ ორსულობის დროს! თუ დედა ორსულობის პერიოდში აგრძელებს ნიკოტინის მოხმარებას, ძილში მისი შვილის მოულოდნელი სიკვდილის ალბათობა 8-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე არამწეველი დედისა. მამაც ასევე უნდა მოიქცეს. თუ გინდათ, შვილს გადარჩენის დიდი შანსი მისცეთ, უმჯობესია, მოწევა შეწყვიტოთ. თუ ვერ ძლებთ სიგარეტის გარეშე, შეამცირეთ მაინც მისი მოხმარება, ამით ბავშვის მოულოდნელ სიკვდილს აირიდებთ.

არავის მისცეთ ბავშვის ოთახში მოწევის უფლება. როცა ბავშვი ნიკოტინით გაჯერებულ ჰაერს სუნთქავს, მისი მოულოდნელი სიკვდილის რისკი მატულობს. მშობელი არ უნდა მოერიდოს სტუმარს, რომელსაც ბავშვთან მოწევის მცდელობა ექნება და უნდა სთხოვოს, ან არ მოწიოს, ან გარეთ გავიდეს. არ წაიყვანოთ ბავშვი ისეთ ადგილებში, სადაც ეწევიან;

  • არ არსებობს არანაირი მითითება იმის შესახებ, რომ მუცელზე ძილი (რასაკვირველია, რბილი ქვეშაგებლის გარეშე) ამაღლებს ახალშობილთა მოულოდნელი სიკვდილის რისკს, მაგრამ, ტრადიციულად, უფრო უსაფრთხოდ ზურგზე ძილია მიჩნეული. თუმცა, თუ ბავშვი მიდრეკილია ამოქაფება-ღებინებისკენ, მაშინ ზურგზე ძილიც სარისკოა და უმჯობესია ბავშვი გვერდზე დააწვინოთ და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ძილის განმავლობაში (ხშირ-ხშირად დახედეთ ბავშვს).

დააწვინეთ ბავშვი ფეხებით საწოლის კიდესთან (ძირთან) ახლოს, რათა შემთხვევით თავით საბნის ქვეშ არ მოექცეს. ამ თვალსაზრისით მუცელზე ძილი უმჯობესია, რადგან ბავშვი საბნის ქვეშ ვერანაირად ვერ მოექცევა, მაგრამ როგორც, ზემოთ აღვნიშნეთ, მუცელზე ძილის საკითხი სადავოა;

  • თუ ბავშვი ცუდად არის, მაშინ დაუყოვნებლივ გამოიძახეთ პედიატრი, ყურადღება მიაქციეთ, პატარამ სათანადო რაოდენობით სითხე მიიღოს, არ გაუწყლოვანდეს და არ გადახურდეს. არ არის აუცილებელი ავადმყოფი ბავშვის შეფუთვა, პირიქით, ჩვეულებრივზე თხელი საბანი უნდა დააფაროთ;
  • არ გადაახუროთ ბავშვი (მით უმეტეს, სიცხიანი). ყურადღება მიაქციეთ, რომ ძილის დროს არ გაოფლიანდეს. სასურველია ოთახში 18-22 გრადუსი ტემპერატურა შეინარჩუნოთ. არასდროს დააწვინოთ ბავშვი გამათბობლის, ანთებული ბუხრის ახლოს ან მცხუნვარე მზის ქვეშ. არ ეცადოთ მის გათბობას ე.წ. სათბურით ან ელექტროგამათბობლიანი პლედით. აუცილებლად გაიტანეთ ბავშვის ოთახიდან რბილი ბალიშები და საბნები, დიდი, ფუმფულა სათამაშოები! ძირითადად სწორედ ამ ნივთებს უკავშირდება ძილის დროს ბავშვის გაგუდვა. სხვათა შორის, 1-1,5 წლამდე ბალიშის გამოყენება საშიშია არა მარტო გაგუდვის, ხერხემლის პრობლემების განვითარების თვალსაზრისითაც;
  • თუ პატარა ძილში მატყუარას წოვს, არავითარ შემთხვევაში არ დაჰკიდოთ ის კისერზე! ამ მიზნით გამოიყენეთ სპეციალური ჯაჭვი სამაგრით და მიამაგრეთ ჩასაცმელზე ან საერთოდ საკიდის გარეშე მიეცით.

დისპლაზია

რა არის დისპლაზია?

დისპლაზია ქსოვილის ან ორგანოს განვითარების დარღვევაა. ხშირია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კერძოდ, მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დისპლაზია.

ორთოპედიაში დისპლაზიური სინდრომის ცნება გულისხმობს შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევას, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს შემაერთებელი ქსოვილის სისუსტესთან შერწყმული სახსრების ჰიპერმობილურობის (ჭარბი მოძრაობის) სახით. დისპლაზია დამოუკიდებელი დიაგნოზი არ არის. ის მდგომარეობაა, რომელიც სხვადასხვა დაავადების დროს გვხვდება.

რა შეიძლება გახდეს დისპლაზიის მიზეზი?

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბება ემბრიონის განვითარების მე-4-5 კვირას იწყება, საბოლოოდ კი ფეხის ადგმის შემდეგ ფორმირდება. დარღვევა შესაძლებელია განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ყველაზე ხშირად მისი მიზეზი გენეტიკური დეფექტია. თუ ბავშვის დედას ან მის რომელიმე ნათესავს ჩვილ ასაკში ან ბავშვობაში ორთოპედიული პრობლემები ჰქონდა, ასეთი გადახრის მემკვიდრეობით გადაცემის ალბათობა დიდია. განმსაზღვრელ როლს ასრულებს გარეგანი ფაქტორები და ორსულობის დროს დედის ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული დარღვევები.

დისპლაზიის ნიშნები

დისპლაზიის ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინებაა ბარძაყის თავის ამოვარდნილობა. განასხვავებენ მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილების ურთიერთდამოკიდებულების დარღვევის სამ ძირითად ფორმას: ბარძაყის წინარეამოვარდნილობას, ბარძაყის ქვეამოვარდნილობას და ბარძაყის ამოვარდნილობას. განსაკუთრებული ჯგუფია დისპლაზიური, მოუმწიფებელი მენჯ-ბარძაყის სახსარი (ხშირად ბარძაყის თავი ცდომის გარეშეა და საგანგებო მკურნალობას არ მოითხოვს).

ბარძაყის თავის ამოვარდნილობა სახსრის შემადგენელი ელემენტების განუვითარებლობაა. ის უმთავრესად მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება და გოგონებთან 5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ვაჟებთან. ხშირია ჯდომით წინმდებარეობით დაბადებულ და მცირეწონიან (2500 გ-ზე ნაკლები წონის) ახალშობილებთან. ჯდომით წინმდებარეობისას სახსრებში, განსაკუთრებით - მენჯ-ბარძაყის სახსარში, მოძრაობის მოცულობა მცირდება, რაც სახსრის განუვითარებლობის წინაპირობაა, მცირე მასა კი, როგორც წესი, შერწყმულია კუნთოვანი ქსოვილის სიმცირესთან, რაც სახსრის არასწორი განვითარების ალბათობას ზრდის. გარდა ამისა, ბარძაყის ამოვარდნილობის რისკფაქტორია საშვილოსნოს გინეკოლოგიური დაავადებები (საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოში შეხორცებითი პროცესები და სხვა, რამაც მუცლადყოფნის პერიოდში შეიძლება ნაყოფის მოძრაობა შეზღუდოს).

ბარძაყის თავის ამოვარდნილობა შეიძლება დაკვირვებულმა დედამაც შეამჩნიოს, მისი ნიშნები ასეთია:

  • ბავშვს ცალი ფეხი მეორეზე მოკლე აქვს;
  • ბარძაყზე დამატებითი ნაოჭი ჩნდება;
  • დუნდულა კუნთისა და საზარდულის ნაოჭები ასიმეტრიულია;
  • მენჯ-ბარძაყის განზიდვისას ბარძაყების მდებარეობა ასიმეტრიულია;
  • განზიდვისას ისმის ტკაცუნი ხან მენჯ-ბარძაყის, ხან მუხლის სახსრებში.

ეს არის თანდაყოლილი ამოვარდნილობის უტყუარი ნიშნები, რომელთა აღმოჩენისთანავე დედამ ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა მიუყვანოს ორთოპედს. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგვიანების გამო ბავშვი შესაძლოა დაკოჭლდეს.

როგორია დიაგნოსტიკა?

ორთოპედმა ბავშვი უნდა გასინჯოს და საეჭვო შემთხვევაში მენჯ-ბარძაყის სახსრის ექოსკოპიურ კვლევაზე გაგზავნოს. ეს კვლევის უვნებელი მეთოდია, რომელიც 6 თვემდე ასაკის ბავშვებს უტარდებათ. ამის შემდეგ რეკომენდებულია რენტგენული კვლევა.

როგორ მკურნალობენ დისპლაზიას?

თუ ორთოპედი ამოვარდნილობის დიაგნოზს დაადასტურებს, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა ხანგრძლივი და კომპლექსურია. იყენებენ ფართო შეხვევას, გამბჯენებს (სპეციალური არტაშნით), პავლიკის თასმას, თაბაშირის ნახვევს, რაც ქმნის პირობებს სახსრის ყველა ელემენტის (ბარძაყის თავის, ტაბუხის ფოსოს) განვითარებისთვის. გამბჯენების ტარების ვადა ინდივიდუალურია და რამდენიმე თვიდან 1 წლამდე მერყეობს. მთავარია, მკურნალობა ნაადრევად არ შეწყდეს. ასევე ფართოდ გამოიყენება ფიზიოთერაპია, მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, თუმცა ისინი მკურნალობის მხოლოდ დამხმარე მეთოდებია.

რაც ადრე დაიწყება კონსერვატიული მკურნალობა, მით უფრო ნაკლები იქნება ქირურგიული ჩარევის საჭიროება.

კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციას, რომლის მიზანიც ბარძაყის ძვლის თავის გასწორება და მენჯ-ბარძაყის სახსრის ელემენტების ანატომიური ურთიერთმდებარეობის აღდგენაა. ქირურგიული ჩარევის მოცულობა ინდივიდუალურია (ზოგჯერ რამდენიმე ოპერაცია ხდება საჭირო). ოპერაციის შემდეგ აუცილებელია ხანგრძლივი ფიქსაცია, შემდეგ - აღდგენითი მკურნალობა სახსრის ადეკვატური ფიზიკური დატვირთვით, სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი და ფიზიოთერაპია.

თუ ბარძაყის თავის ამოვარდნილობას არ ვუმკურნალეთ ან მკურნალობა ნაადრევად შეწყდა, 20 წლისთვის ან მშობიარობის შემდეგ, მოსალოდნელია სახსრის ტკივილი და კოჭლობა, მოგვიანებით კი შესაძლოა კოქსართროზის განვითარება. ეს მეტად მძიმე დაავადებაა, თან სდევს ძლიერი ტკივილი, კოჭლობა, სახსრის მოძრაობის მოცულობის შეზღუდვა, რაც საბოლოოდ ინვალიდობას იწვევს. მისი მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური სახსრის ჩადგმით, თანაც, რაც მეტად დაგვიანდება ოპერაცია, მით მცირეა სრული განკურნების შანსი.

ვარჯიშები

მასაჟიც და ვარჯიშიც მაგარ, ბრტყელ ზედაპირზე უნდა შესრულდეს. ყველაზე მოხერხებული ზეწარგადაფარებული მაგიდაა. მასაჟი კეთდება დღეში ერთხელ, მაშინ, როცა ბავშვი კარგ გუნებაზეა. კურსი 10-15 სეანსს მოიცავს, 3-თვიანი შესვენების შემდეგ კურსი მეორდება. მასაჟი ბავშვისთვის დატვირთვაა, ამიტომ შესვენება აუცილებელია. სამკურნალო კომპლექსი ტარდება დღეში 2-3-ჯერ, თითოეული ვარჯიში მეორდება 10-15-ჯერ.

  • ველოსიპედი: ბავშვს ფეხები მუხლებსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში მოახრევინეთ და პედლების ტრიალის იმიტაცია შეასრულებინეთ.
  • ფეხების გაშლა-მოხრა: ერთი ფეხი მოხრილია მუხლში, მეორე - გაშლილი და ასე რიგრიგობით.
  • მოახრევინეთ ფეხები მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში, გააკეთეთ ბრუნვითი მოძრაობები - ცალი ხელით მენჯ-ბარძაყის სახსარი შეაკავეთ, მეორე ხელი მუხლში მოჰკიდეთ და მსუბუქი მიწოლით აბრუნეთ ბარძაყი გარედან შიგნით.
  • ბავშვს ფეხები მუხლებსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში მოახრევინეთ და ფრთხილად განუზიდეთ. ერიდეთ მკვეთრ მოძრაობას, რათა პატარას ტკივილი არ მიაყენოთ.

საუკეთესო ვარჯიშია 8 თვის ასაკიდან იატაკზე ხოხვა.

დისპლაზიის პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის ნაჩვენებია ფართო შეხვევა: ბავშვს ფეხებს შორის უნდა ამოვუფინოთ დიდი ზომის საფენი, რაც უზრუნველყოფს მენჯ-ბარძაყის სახსრის განზიდვას და ბარძაყის თავის სწორ მდებარეობას ტაბუხის ფოსოში. სახსრების სწორი განვითარებისთვის აუცილებელია მოძრაობის ადეკვატური მოცულობა (რაც ჩვილის მჭიდროდ შეხვევისას გამორიცხულია), მოსვენებისას კი ფიზიოლოგიური მდებარეობის შენარჩუნება.