ვიზიტი ექიმთან - კიდევ ერთხელ ხველის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიზიტი ექიმთან - კიდევ ერთხელ ხველის შესახებ

- ქალბატონო ანუკა, ინტერვიუს სტანდარტული შეკითხვით დავიწყებ - რა იწვევს ხველას?

- ხველა არის ორგანიზმის დაცვითი რეაქცია, რომელის მიზანია სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის მოცილება. ხველის რეფლექსს განსაზღვრავს ცთომილი ნერვის აღმავალი ტოტი და აკონტროლებს თავის ტვინის ქერქი. სასუნთქ გზებში უხვად არის ნერვული დაბოლოებები, რომლებიც უცხო, თუნდაც მიკროსკოპული ზომის საგნის, ასევე ნახველისა და ნებისმიერი სხვა ნივთიერების (მაგალითად, გადაცდენილი სითხის) ზემოქმედებით ღიზიანდება და ხველის რეფლექსს იწვევს. შესაბამისად, რაც უფრო ძლიერად ახველებს პაციენტს და ამოაქვს ნახველი, მით უკეთესია.

აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ხველა ქცევის გამოვლინებაა (მაგალითად, ფსიქოგენური ხველა, რომელიც არ ვლინდება ძილის დროს. მან შეიძლება განაპირობოს “ყიყინის“ ან „სიგნალის“ მსგავსი ხველა).

ხველის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, რინოსინუსიტი. ხველის მიზეზი შეიძლება იყოს ბრონქული ასთმა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ყივანახველა, თამბაქო, ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები, როგორიცაა ემფიზემა, სარკოიდოზი. ხველის დროს გამოსარიცხია ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები (მაგ., მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა), მუკოვისციდოზი, უცხო სხეულის არსებობა სასუნთქ სისტემაში, ფილტვის კიბო.

- ქალბატონო ანუკა, ხველის ხასიათით თუ შეიძლება მისი მიზეზის დადგენა?

- როგორც ზემოთ ვთქვი, ხველა სხვადასხვა მიზეზით ვითარდება და შესაბამისად, სხვადასხვაგვარადაც ხმიანობს. ხველა ნახველის გამოყოფის და ხმიანობის მიხედვით შეიძლება იყოს:

  • მშრალი, როდესაც ნახველი არ გამოიყოფა (სასუნთქი სისტემის ვირუსული და მიკოპლაზმური ინფექციები, ფილტვის ტუბერკულოზი, უცხო სხეულის არსებობა სასუნთქ სისტემაში, პლევრიტი, ყივანახველა, სხვადასხვა ნივთიერების - მტვრის, კვამლის ჩასუნთქვა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება);
  • ექსუდაციური ანუ სველი ხველა, რომელიც ნახველის გამოყოფით მიმდინარეობს (ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქოექტაზია, ტუბერკულოზი);
  • მყეფავი ხველა, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს ყივანახველის, კრუპის დროს, ასევე ხველა რეპრიზებით, როცა ერთ ჩახველებას მოჰყვება კიდევ რამდენიმე (მაგალითად, ყივანახველის შემთხვევაში).
  • მსტვენი ხველა უფრო ქვედა სასუნთქი გზების შეშუპებაზე მიუთითებს. მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ინფექცია (უპირატესად – ვირუსით გამოწვეული ბრონქიოლიტი), ისე ასთმა. ანალოგიურ ხმიანობას იწვევს უცხო სხეულის გადაცდენაც.

- რადგან ცრუ კრუპი და ყივანახველა ბავშვების დაავდებაა, რამდენიმე სიტყვით დაგვიხასიათეთ ისინი.

- ზოგჯერ მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი პატარა კი არ ახველებს, ყეფს. ასეთ ხმას შეშუპებული სასუნთქი გზები (უპირატესად – ტრაქეა, ხორხი) გამოსცემენ. პედიატრები ამ შემთხვევას კრუპს უწოდებენ. კრუპს ყველაზე ხშირად ვირუსი იწვევს, თუმცა შესაძლებელია, მიზეზად ალერგია ან ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებაც იქცეს. ხველის ასეთი შეტევები უმეტესად ღამღამობით ვითარდება. რაც უფრო მცირე ასაკისაა პატარა და ვიწრო აქვს სასუნთქი გზები, მით იოლად ვითარდება კრუპი.

ძალიან შემაწუხებელია ყივანახველა – ბაქტერიული ინფექციური დაავადება, რომლის დროსაც ხველა ბავშვს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს და დაუძლურებული პატარა შეტევის ბოლოს თითქოს ყივილით ამოისუნთქავს ხოლმე. ყივანახველა განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს აუცრელ ბავშვებში. ყივანახველის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გეგმური და რამდენიმეჯერადია, ის დტყ (დიფთერია-ტეტანუსი-ყივანახველა) ვაქცინის შემადგენლობაში შედის.

- ქალბატონო ანუკა, ზოგი ხმადაბლა ახველებს, ზოგიც ძალიან ხმამაღლა, ზოგის ხველა კი თითქოს ხრინწიანია. ხველის ასეთი განსხვავებული ტემბრი რომელიმე დაავადების მაჩვენებელია თუ, ხმის მსგავსად, იოგების თავისებურებაზეა დამოკიდებული?

- ხველის განსხვავებული ტემბრი მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია ხმის იოგების თავისებურებაზე, თუცმა ხმის ჩახლეჩის ყველაზე ხშირი მიზეზი ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებაა. მას ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია იწვევს. თუ ხორხის კედლები გაწითლებულია, საქმე გვაქვს ლარინგიტთან. მწვავე პროცესს შესაძლოა თან ახლდეს ტემპერატურის მომატება, ხველა ნახველით, საერთო სისუსტე. ხმის ჩახლეჩისას მთავარია სახმო იოგების მოსვენება. იკრძალება საუბარი, განსაკუთრებით - ჩურჩული, რადგან სახმო იოგებს მეტისმეტად ძაბავს. ჯობს, ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით ვთქვათ ერთი წინადადება, ვიდრე ჩურჩულით წავიკითხოთ მთელი მონოლოგი.

- ზოგი ხველას მხოლოდ დილით უჩივის, ზოგს მხოლოდ საღამოს ეწყება, ზოგს კი ჭამის დროს უვითარდება. რა არის ამის მიზეზი?

- ხველა ჭამის დროს ხშირად დაკავშირებულია გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან.

ხველა ღამით და გამთენიისას უფრო მეტად ასთმისთვისაა დამახასიათებელი. ექსპერტები მიუთითებენ, რომ ღამის ხველას ბრონქების მომატებული რეაქტიულობის მქონე პაციენტთა მხოლოდ მესამედი უჩივის. ღამის ხველა ხშირად გვხვდება რინოსინუსიტის დროს, როცა ხახის უკანა ჩანადენი პერსისტიული ხველის მიზეზი ხდება. სინუსიტი წიაღების ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც უმეტესად რინიტის, ანუ ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების, ფონზე მიმდინარეობს.

დღისით ხველას ცივი ჰაერი, ფიზიკური აქტიურობა, ალერგიულ ბავშვებთან კი ალერგენთან კონტაქტი განაპირობებს. სიგარეტის კვამლიც ნეგატიურად მოქმედებს სასუნთქ გზებზე და ხშირად იქცევა ძლიერი ხველის მიზეზად.

- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ხველა?

- ხველის ხანგრძლივობის მიხედვით არსებობს: მწვავე - 3 კვირამდე, ქვემწვავე - 4-8 კვირა (მოზრდილებთან) და ქრონიკული ხველა, 8 კვირაზე მეტხანს მოზრდილებისა და 4 კვირაზე მეტხანს ბავშვებისთვის.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნორმალური ხველა არის მდგომარეობა, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი საათში 1-2-ჯერ, ანუ 24 სთ-ის განმავლობაში 24-48-ჯერ წამოახველებს. ჯანმრთელი ბავშვისთვის, რომელსაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში არ გადაუტანია ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და არც ხველის სხვა მიზეზი არსებობს, ნორმალურად ითვლება 24 სთ-ის განმავლობაში ხველის საშუალოდ 10 ეპიზოდი.

- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება რატომ იწვევს ხველას?

- გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ჩვეულებრივ, ქვედა ეზოფაგური სფინქტერის გარდამავალი რელაქსაციის შედეგია, ხველა შესაძლებელია განვითარდეს კვების პერიოდში, ან კვების შემდეგ, ან გულაღმა წელში მოხრილი წოლისას. გასტროეზოფაგური რეფლუქსით გამოწვეული ხველა მაშინ არის სავარაუდო, როდესაც ქრონიკული ხველის მქონე პაციენტები უჩივიან ყოველდღიურ გულძმარვას და კუჭის შიგთავსის გადასვლას პირის ღრუში - რეგურგიტაციას, ასეთ პაციენტებთან ანტირეფლუქსური თერაპია პრაქტიკულად ყოველთვის ამცირებს ხველას და აუმჯობესებს მდგომარეობას.

- რა არის ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები? მათ ინსტრუქციაში გვერდით ეფექტად ხველაა მითითებული.

- აგფ ინჰიბიტორები, ანუ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ფართოდ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისას. პაციენტთა 15%-თან აგფ ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყებისთანავე სწრაფად ვითარდება ხველა, რომელიც სუსტდება ან წყდება მკურნალობის შეწყვეტისთანავე. ქალებთან განსაკუთრებული სიხშირით აღინიშნება აგფ ინჰიბიტორით გამოწვეული ხველა, სქესის ასეთი კავშირი ხველასთან დღემდე უცნობია.

- ე.წ. გრიპი ხშირად ხველით მიმდინარეობს, მაგრამ ხშირად გამოჯანმრთელების შემდეგაც საკმაოდ დიდხანს რჩება ხველა. საყურადღებოა ეს თუ ნარჩენი მოვლენაა და თავისით გაივლის?

- არსებობს მწვავე ვირუსული ინფექციების უამრავი სხვადასხვა შემთხვევა და უმრავლესობას ხალხში გრიპის სახელით იხსენიებენ, რაც მცდარია. სინამდვილეში, გრიპს მხოლოდ გრიპს ვირუსი იწვევს. მართალია, გრიპისა და სხვა მწვავე ვირუსული ინფექციების კლინიკური სურათი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ისინი მაინც სხვა დაავადებებს იწვევენ და შესაბამისად, ექიმი მკურნალობისას განსხვავებულ სტრატეგიებს იყენებს.

მწვავე რესპირატორული ინფექციის გადატანის შემდეგ ხველა შეიძლება სამ კვირამდე და მეტხანსაც გაგრძელდეს, მაგრამ არა უმეტეს 8 კვირისა, ასეთ ხველას პოსტინფექციურს უწოდებენ. ის შეიძლება გამოიწვიოს ყივანახველამ 56%, მიკოპლაზმამ 26%, ქლამიდიამ 17%, პარაყივანახველამ 2%. ხველა მწვავე ბრონქიტის ძირითადი კლინიკური ნიშანია. იგი დაავადების დაწყებიდან 2-4 დღის შემდეგ იჩენს თავს, თავდაპირველად მშრალია, შემაწუხებელი, შემდეგ ხდება პროდუქტიული ანუ გამოიყოფა ნახველი, რომელიც თანდათან თხიერდება და 5-10 დღეში, წესისამებრ, ლაგდება კიდეც. თუ ხველა სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება, უნდა განვიხილოთ ხველის გამომწვევი სხვა მიზეზები.

- ხველის დროს ბევრი იწყებს ანტიბიოტიკების მიღებას. რამდენად გამართლებულია ეს ქმედება?

- ანტიბიოტიკოთერაპიის ემპირიული დანიშვნა არ არის რეკომენდებული ხველების სამკურნალოდ, ანტიბიოტიკები არ ამცირებენ ხველას, არ იცავენ სასუნთქ გზებს მეორეული ინფექციების განვითარებისაგან და არ გვაზღვევენ მათი მძიმე მიმდინარეობისაგან. მათი დანიშვნა საჭიროა სათანადო ჩვენებით და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ეს მკურნალმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.

- ხველის დროს ბევრი ძილის წინ ანტიალერგიულ საშუალებას სვამს, რადგან ფიქრობს, ღამე ხველა აღარ შეაწუხებს, რამდენად ლოგიკურია ეს გადაწყვეტილება?

- ხველის დროს ანტიჰისტამინური საშუალებების ემპირიული დანიშვნა არ არის რეკომენდებული, რადგან მათი გამოყენება იწვევს ნახველის გამოშრობას და ამით შესაძლოა ხველა გაძლიერდეს, თუმცა ანტიჰისტამინური საშუალებები აქტიურად გამოიყენება ალერგიული ფონით მიმდინარე ხველის დროს (მაგ., ბრონქული ასთმა).

- დაბოლოს, ხველაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით სპაზმურ ხველას, მით უმეტეს, პატარებთან. ექიმის მოსვლამდე რით უნდა მოვხსნათ ასეთი ხველა?

- უპირველესად საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, პაციენტის ოთახის განიავება, სიგარეტის, ბუხრისა და ნებისმიერი სხვა წარმოშობის კვამლისგან მორიდება.

სპაზმური ხველის დროს მკურნალობა სიმპტომურია - ბრონქოსპაზმის მომხსნელი, დამამშვიდებელი საშუალებები, დამხმარე თერაპიის სახით - ორგანიზმის სითხით მომარაგება, მაღალკალორიული და ვიტამინებით მდიდარი დიეტის დაცვა. დიდი მნიშვნელობა აქვს ხველის მაპროვოცირებელი ფაქტორებისთვის თავის არიდებას, მაგალითად, საწოვარაზე უარის თქმას. დადგენილია, რომ ავადმყოფი ბავშვის ჩართვა საინტერესო თამაშში და გრილ (არა უმცირეს 10 გრადუსისა), სუფთა ჰაერზე ყოფნა სპაზმურ შეტევებს აიშვიათებს.

სპაზმური ხველის ხშირი მიზეზი არის კრუპი. კრუპის სინდრომის ნებისმიერი სიმძიმის დროს რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების გამოყენება. ბავშვი უნდა იჯდეს კომფორტულად, შეიძლება მშობლის კალთაში. არჩევის პრეპარატია დექსამეტაზონი, თუმცა შესაძლებელია მისი ჩანაცვლება პრედნიზოლონით ან ბუდეზონიდის აეროზოლით. უპირატესობა ენიჭება კორტიკოსტეროიდის პერ ოს მიღების გზას (დალევა) ან ნებულაიზერთერაპიას, რადგან ნაკლებად სტრესულია ბავშვისთვის, თუმცა პარენტერული შეყვანა (ინექცია) ასევე ეფექტურია, მით უმეტეს იმ პაციენტებთან, რომლებსაც ღებინება აქვთ ან ვერ იღებენ წამალს.

კრუპის შემთხვევაში ორთქლით თერაპია არ არის ეფექტური, არც ცივი ჰაერის ეფექტიანობაა დადასტურებული. ვირუსული კრუპის დროს არ გამოიყენება ანტიჰისტამინური და ხველის დამთრგუნველი საშუალებები. თუ ბავშვს ნახველი აქვს, ხველის დათრგუნვა არამც და არამც არ შეიძლება. ამიტომაც არის, რომ ხველის დამთრგუნველი მედიკამენტები გაცილებით იშვიათად ინიშნება, ვიდრე ამოსახველებელი. მისი მიღება გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ ბავშვი რამდენიმე დღეა მშრალად ახველებს და ხველამ დააუძლურა (ასეთი რამ ხდება ყივანახველისა და ალერგიული წარმოშობის სპაზმური ხველის დროს).

უნდა გვახსოვდეს, რომ პედიატრთან ვიზიტი აუცილებელია:

  • როცა ბავშვს უჭირს სუნთქვა;
  • სუნთქავს სწრაფად;
  • ტუჩები აქვს ციანოზური;
  • თან ახლავს მაღალი ტემპერატურა (განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ დროს ერთადერთი სიმპტომი ხველაა – ბავშვი არც სურდოს უჩივის და არც ცხვირი აქვს გაჭედილი);
  • ბავშვი ძალიან პატარაა (სამ თვემდე ასაკისა) და რამდენიმე საათია ახველებს;
  • აქვს ყივანახველისთვის დამახასიათებელი სიმპტომები;
  • ნახველს სისხლი მოჰყვება;
  • ბავშვი ძალიან მოთენთილი და მივარდნილია.